წერილი 23. ჯარისკაც იოანე ნ-ს, რომელიც ქრისტეს სარწმუნოებაზე მოიქცა
მაგრამ წიგნი მაინც აიღე და ის მარცხენა გულის ჯიბეში ჩაიდე. და მოხდა ღვთის სასწაული. დიახ, ასეა. შენს გარშემო ეცემოდნენ დაჭრილები, ბოლოს შენც წაიქეცი. ფოლადის ტყვია მოგხვდა. ხელი გულზე იტაცე და გეგონა, სისხლი წაგსკდებოდა. როცა მოგვიანებით სამოსი გაიხადე, ნახე, ტყვია, რომელიც პირდაპირ გულისკენ მიფრინავდა, წიგნის მტკიცე ყდაში გაჭედილიყო. კანკალმა აგიტანა. ღვთის ხელი იგრძენ! წმინდა წიგნმა იხსნა შენი სიცოცხლე სიკვდილის მომტანი ტყვიისგან. იმ დღიდან ღვთისა გეშინია და ყურადღებით გამოიძიებ ქრისტეს მოძღვრებას. ამგვარად, მიხვდი, რომ ქრისტეს რწმენა ძველი სამოსი არ არის, რომელიც კაცობრიობას ტყუილად აცვია.
უფალმა თავისი მოწყალებით თვალი აგიხილა. წერილ არს: "ღმერთს მართალნი უყვარს და ცოდვილთა სწყალობს". ომში ზოგმა სხეული დაღუპა, ზოგმა - სული. პირველებმა ნაკლები დაკარგეს. ზოგიერთებმა საკუთარი სული შეიძინეს, ისინი არიან ჭეშმარიტი გამარჯვებულნი. იყვნენ ისეთებიც, ომში მგლებივით რომ წავიდნენ და ცხვრებად დაბრუნდნენ. ასეთს ბევრს ვიცნობ. მათ სასწაულებრივი შემთხვევის წყალობით იგრძნეს, რომ უხილავი უფალი მათ გვერდით მიაბიჯებს. როგორც ბრძანებს დიდებული მეფსალმუნე: "წინასწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა" (ფს. 15,8).
თუ ჯერ კიდევ ურწმუნომ, შეიგრძენი, თუ როგორ შედის უფალი ადამიანურ ცხოვრებაში, ახლა მორწმუნე რარიგ უნდა გრძნობდე.
მშვიდობა შენდა, სიხარული უფლისა მიერ.
ასე იყო ადრე, ასე რჩება დღესაც. ქრისტე ადამიანებს ორ ბანაკად გაყოფს: ვიღაც მარჯვნივ დგება, ვიღაც - მარცხნივ. ვიღაცისთვის ადამიანი ყველა საგანძურზე ძვირფასია, ვიღაცას კი ღორი ურჩევნია ადამიანს. პირველნი ისმენენ იესოს ხმას, როგორც მწყემსის ხმას, და აჩერებენ, რომ არ წავიდეს მათგან. მეორენი კი არ უსმენენ მას, არ მიჰყვებიან და მრისხანებით განაძევებენ, როგორც საფრთხეს მათი მერკანტილური ინტერესებისას.
ნეტარნი არიან ისინი, ვისაც მაშინ და დღესაც ესმის უფლისა და მიჰყვება მას, რამეთუ მიდიან ღვთის სასუფეველში. ნეტარი ხართ თქვენ, წმინდაო მამაო, და მრევლი თქვენი, რომ გესმით ხმა იესო ქრისტესი და მიჰყვებით დაფარულთმცოდნელ მწყემსს ჭეშმარიტების გზით, ღვთის სასუფეველსა და საუკუნო ცხოვრებაში.
თქვენ გწამთ ქრისტე. მაშინ როგორ შეგიძლიათ გაუთანაბროთ და გაუიგივოთ ჭეშმარიტება სიცრუეს? ნუთუ ქრისტემ ასეთი გზა გვაჩვენა? ნუთუ მან თავისი სწავლება გაუთანაბრა რომაულ კერპთაყვანისმცემლობას, აფრიკულ ფეტიშიზმს, ინდურ ნიჰილიზმს და მკვდარ იუდეურ ფარისევლობას? რა თქმა უნდა, არა. ქრისტეს მოციქულიც მტკიცედ შეგეწინააღმდეგება, გეტყვის: "რაი მოყუსება არს სიმართლისა და უშჯულოებისაი? - ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარისა თანა" (2 კორ. 6,14-15). იცოდეთ, რომ სოფელი ჯვარზე არ აკრავს ჭეშმარიტების სიცრუესთან, ნათლის ბნელთან და სიკეთის ბოროტებასთან შემრიგებელს. სოფელმა ჯვარს აცვა ქრისტე, რამეთუ მან არ გაუთანასწორა, არ შეურია ერთმანეთს სიცრუე და ჭეშმარიტება, არ შეეკამათა ჭეშმარიტებას. ამისდა კვალად, აშკარაა, რომ თქვენ არ გწამთ ქრისტესი.
შეეცადეთ, რომელიმე თანამედროვე მეცნიერებაში დაუზავოთ და გაუთანაბროთ ჭეშმარიტება ნახევრად ჭეშმარიტებას და ნახავთ, რა წინააღმდეგობას შეხვდებით. ვთქვათ, ელექტრონათურის სინათლე გაუთანაბრდა სანთლის სინათლეს, დედამიწის სიმრგვალე კი სიბრტყეს. ანდა ვთქვათ, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მაგალითი. ვთქვათ, კამათობს ორი ადამიანი. ერთი, რომელსაც კარგი მხედველობა აქვს, ამბობს, მაღლა ცაში მოფარფატე სამი არწივი დავინახეო, მეორე კი, სუსტად მხედი, ამბობს, არც ერთი არ დამინახავსო. თუ გონიერი ადამიანი ხართ, ორივეს შეამოწმებთ და იმას დაუჯერებთ, ვინც კარგად ხედავს. მაგრამ რადგანაც თქვენს სექტაში მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება კი არა, არამედ თანასწორობაა, ამ ორს ალბათ ეტყოდით: "მე არ მცალია ზევით ასახედად და თქვენს შესამოწმებლად, აჯობებს, შერიგდეთ და შეთანხმდეთ იმაზე, რომ ორივემ ცაში ერთი არწივი დაინახეთ".
ასეთია თქვენი გზა, თქვენი მოძღვრება, თქვენი პოლიტიკა. ადამიანები არ მოვიდნენ თქვენს სექტაში, მიუხედავად მის შემოქმედთა იმედისა. თქვენ დარჩით მცირერიცხოვან, ნაკლებად ცნობილ სექტად, რადგანაც ადამიანები ისწრაფვიან მშვიდობისკენ და უფრო მეტად - ჭეშმარიტებისკენ.
ჭეშმარიტება კი ერთ სამპიროვან ღმერთშია, რომელიც ამ სოფელს ღვთის ძის, იესო ქრისტეს მიერ გამოეცხადა, სამი სახე ნიღბის გარეშე. სამი სახე - ეს ერთი პიროვნებაა. ეს მშვენიერი, ამაღლებული რეალობა შეუძლებელია გაუთანაბრო უხეშ და მდაბალ მოჩვენებებს.
დაე, განგანათლოთ ჭეშმარიტების სულმა.
ღმერთი არ ემალება ადამიანს. ცოდვილი კაცი იმალება ღვთისგან, მიდის და იმალება, ვიდრე სულ არ დაკარგავს მას თვალთახედვიდან. შემცოდე ადამი და ევა ღვთის პირისაგან, სამოთხის ხეებს შორის დაიმალნენ (შეადარე შესაქმე 3,8). ასეა ახლაც. როცა კაცი მძიმე ცოდვას ჩაიდენს, ღმერთს ბუნების უკან ემალება, იკარგება ქმნილებათა შორის, ქვებს შორის, ხეებსა და ცხოველებს შორის, როგორც წარმოსახვით ნათესავებს შორის, და ბუნების ჩრდილში იფლობა. როგორც თქმულა მზის დაბნელებაზე, როცა მთვარე ჩამოეფარება ხოლმე ბუნების ამ ბრწყინვალე მეფეს, ასევე შეიძლება ითქვას "ღვთის დაბნელებაზე" - სიმართლის მზის დაბნელებაზე, მათთვის, ვინც ბუნებით დაიფარავს თვალთაგან შემოქმედს ბუნებისა.
მაგრამ ესენი მხოლოდ ჩვენი ადამიანური სიტყვებია, რამეთუ მზის დაბნელება იმას კი არ ნიშნავს, რომ მზემ სინათლე დაკარგა, არამედ ნათელი დაფარულია ჩვენს თვალთაგან. ასევე "ღვთის დაბნელებაც" იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთი დაიკარგა და აღარ არსებობს, არამედ იმას, რომ ღმერთსა და კაცს შორის ჩადგა რაღაც და მისი გონებისგან ღმერთი დაფარა. ეს რაღაც არის ადამიანური ცოდვა.
ბუნება დამნაშავე არ არის, რომ აღმერთებენ მას უღმერთოები. იგი მთლიანად ეწინააღმდეგება ღვთის უარყოფას და თავის განმაღმერთებლებს. მთელი ბუნება, ვეებერთელა მზიდან უმცირეს ატომამდე, ერთხმად და ჰარმონიულად მოწმობს თავისი შემოქმედის არსებობას და მოქმედებას. მაგალითად, ძველი ეგვიპტელები აღმერთებდნენ ყველა ქმნილებას და ყველაზე მეტად შავ ხარს, რომელსაც აპისს ეძახდნენ. ერთი ლეგენდის თანახმად, ფარაონმა თაყვანი სცა ეგრეთ წოდებულ ღმერთს, ხარმა კი მას რქები ამოჰკრა და მოისროლა. "ახლა კი ვხედავ, რომ ხარი ხარ და არა ღმერთი!" - მრისხანებით წამოიძახა ფარაონმა. ამაზე აპისმა უპასუხა: "სწორედ ეს მსურდა მეჩვენებინა. ამიერიდან თაყვანი მას ეცი, ვინც შენც შეგქმნა და მეც!"
შენ ამბობ: "ძნელია ირწმუნო, სანამ არ დაინახავო!" მაგრამ რითი გინდა დაინახო: თვალებით თუ სულით? თუ ხორციელი თვალებით გსურს მისი დანახვა, მაშინ ის, სამყაროზე აღმატებული, უნდა დაპატარავდეს, რომ დაეტიოს შენი მხედველობის შეზღუდულ ველში. საკუთარ გონებას თუ ხედავ თვალებით? გაბრაზდებოდი, ვინმეს შენთვის რომ ეთქვა, შენს გონიერებას (გონებას) ვერ დავიჯერებ, სანამ მას საკუთარი თვალით არ ვიხილავო. თუ გინდა ღმერთი სულით იხილო, შეგიძლია მისი დანახვა, რამეთუ ადამიანის სული სამყაროზე ვრცელია და "სულ არს ღმერთი" (იოანე 4,24), მაგრამ სული წმინდა უნდა იყოს, რამეთუ მხოლოდ (გულით) წმინდებს აქვთ აღთქმული ღვთის ხილვა (შედრ. მათე 5,8).
სწრაფად გაექეცი სიბნელეს, რომელმაც, როგორც ობობამ, ქსელში გახლართა სული შენი. ცოდვით დაცემის მერე ადამი ღვთისგან გარბოდა. მაგრამ მოწყალე ღმერთი არ გაქცევია თავის ქმნილებას, მიუახლოვდა და დაუძახა: "ადამ, სადა ხარ?" ის შენც გეძახის, ნუთუ არ გესმის? მიაბრუნე პირი ნათლისკენ, ნათლის ძისკენ, რამეთუ მამა ნათლისა მხურვალე სიყვარულით გიხმობს.
ისმინე და იცოდე: შენს მოდგმასა და ხალხში, იმათ გარდა, ვინც ღმერთი განადიდა, არავინ განდიდებულა.
წყალობა შენდა და ჯანმრთელობა უფლისა მიერ!