ხშირად გვიკითხავს, სხვისთვის თუ არა, საკუთარი თავისთვის მაინც - როგორია ცათა სასუფეველი? ყველა ერთნაირ მდგომარეობაშია თუ იქაც მამაკაცია უპირატესი? ამ შეკითხვებზე სწორი პასუხის გაცემაში წმინდანთა იერარქიაზე დაკვირვება დაგვეხმარება.
დავიწყოთ ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მოწაფეებით. სახარებისეული სწავლებიდან ვიცით, რომ უფალს ამქვეყნიური მოღვაწეობისას მრავალი მიმდევარი ჰყავდა, თვით მოწაფეთა შორისაც იყვნენ მამაკაცებიც და დედაკაცებიც. მაგალითად, მენელსაცხებლე დედები იესო ქრისტეს მოწაფეები იყვნენ, მაგრამ მათ არ მიუღიათ მოციქულთა წოდება. მაცხოვარმა მოწაფეთა შორის თორმეტი მამაკაცი გამოარჩია, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ღვთაებრივი მადლი შთაბერა, უბრძანა, დალოდებოდნენ მათზე სულიწმინდის გარდამოსვლას ცეცხლის ენების სახით და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყოთ სამოციქულო მღვაწეობა - მთელი დედამიწის ზურგზე ექადაგათ ქრისტეს მოძღვრება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შემდგომში მოციქულებრივი ღვაწლი დედაკაცებმაც იტვირთეს - ასეთნი იყვნენ ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო, რომაელი დედოფალი ელენე, რომელმაც იპოვა ძელი ცხოველი - ჯვარი, რომელზეც გააკრეს იესო ქრისტე... მათ წმინდა სამოციქულო ეკლესია მოციქულთა სწორად მოიხსენიებს.
შემდეგ იერარქიულად მოდიან წმინდა მღვდელმთავრები, რომელთაც უშუალოდ მოციქულთა მიერ ხელდასხმით მიიღეს მღვდელმსახურების მადლი. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მღვდელმოქმედების მადლს მხოლოდ მამაკაცს ანიჭებს; დედაკაცს საკურთხეველში შესვლა ეკრძალება.
წმინდანთა დასში დიდმოწამეთა და მოწამეთა რანგში თანასწორები არიან მამაკაცები და დედაკაცები. თითოეულმა მათგანმა საკუთარი სისხლით დაამოწმა ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტება და უსაზღვრო სიყვარული უფლისა, რაც სისხლის ბოლო წვეთამდე ერთგულებითა და თავგანწირვით გამოხატა. მოწამებრივი ღვაწლი აღასრულეს წმინდა დიდმოწამე გიორგიმ, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარემ, წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულმა, წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალმა და სხვა მრავალთა ქრისტესთვის წამებულთა.
მოწამეთა შემდგომ წმინდა ეკლესია იხსენიებს ღირს და ღმერთშემოსილ მამათა და დედათა. ნეტარად წოდების მადლი თანასწორად მოუპოვებიათ მამაკაცებსა და დედაკაცებს. მართალია, მათ სისხლით არ დაამოწმეს უფლის სიყვარული, მაგრამ სამაგიეროდ მთელი სიცოცხლე შესწირეს უფალს, ეწამნენ ცოდვებთან ბრძოლაში, დაუღალავად იღვაწეს, რათა საბოლოოდ დაეთრგუნათ ხორცი, მიეღწიათ სულიერი სრულყოფილებისთვის, სრულიად განწმენდილიყვნენ და სუფთა ჭურჭელი წარედგინათ შემოქმედისთვის. ასეთი სიწმინდე კი მხოლოდ დიდი ტანჯვის შედეგად მიიღწევა. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელი და ღირსი მამა საბა განწმენდილი.
იერარქიის შემდგომ საფეხურზე დგანან წმინდა უვერცხლო მკურნალნი მამანი და დედანი, რომელთაც სულიერი ღვაწლითა თუ მოწამებრივი აღსასრულით უფლისგან სნეულთა კურნების მადლი მიიღეს.
ქრისტესთვის სალოსობაც თანასწორად შეიძლება იტვირთოს დედაკაცმაც და მამაკაცმაც. სალოსი ანუ, წმინდა პავლე მოციქულის სიტყვით, ქრისტესთვის სულელი, არის ადამიანი, რომელიც შინაგანად წმინდა და ღვთივსათნო ცხოვრებით ცხოვრობს, გარეგნულად კი საზოგადოებაში არსებულ ქცევისა და ურთიერთობის ყოველგვარ ფორმას უგულებელყოფს. ამიტომ ხალხისგან არავითარ თანაგრძნობას, კეთილგანწყობას, პატივისცემასა თუ დაფასებას არ იღებს. ამგვარად ცდილობს თავის დამდაბლებას, ფარულად იქმს სიკეთეს, რომელსაც მისი არაადეკვატური ქცევის გამო ვერავინ ხედავს. ამგვარი უანგარობისა და ჭეშმარიტად დაფარული ღვაწლის გამო სალოსნი უდიდესი მეოხნი არიან ადამიანებისა ღვთის წინაშე.
ბოლოს კი დედაეკლესია მართალ დედებსა და მამებს იხსენიებს. მართალნი მშობელნი ღმრთისანი იოაკიმე და ანა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მიიღწევა სულიერი სიწმინდე ღვთის მცნებების შესაბამისი ცხოვრების წესით.
ჩვენ ვნახეთ, რომ გარდა მღვდელმოქმედებისა, ყველა სხვა ღვაწლში მამაკაცები და დედაკაცები თანასწორნი არიან, ხოლო პავლე მოციქულის სიტყვები: "არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა" - გულისხმობს იმას, რომ საღვთო მადლი ერთნაირად გადმოდის ყოველ ადამიანზე და თითოეულ ჩვენგანს ერთნაირად მოგვეკითხება ცოდვები - ღვთის სამართლიანობის წინაშე თანასწორნი ვართ.
დასასრულ, გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები, რომლებიც წმინდა მათე მოციქულის სახარებაშია გადმოცემული: "აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცათა შინა". წმინდა პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში კი ამოვიკითხავთ: "ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული, არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული".