მისიონერული ღვაწლი არ უნდა იყოს მტრული, რაც სავსებით უპირისპირდება ქრისტიანულ სიყვარულსა და გულღიაობას. მსგავსი მიდგომა ცდომილთა მიმართ ნეოფიტებს ახასიათებთ, რომელთაც ეკლესიაში შესვლის მიუხედავად "ოპოზიციონერებთან" ბრძოლის ყველაზე ველური და უგულო პოსტკომუნისტური მეთოდები ვერ უგულებელყვეს. მათი "მისიონერული" ღვაწლი გზასაცდენილთა წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვებაა მხოლოდ.
წმინდა იოანე ოქროპირი მართლმადიდებლებისა და სექტანტების შესახებ გვმოძღვრავს: "არ წამოგცდეს: "რატომ ვიზრუნო? რა მაქვს მასთან საერთო?" საერთო არ გვაქვს მხოლოდ ეშმაკთან, ადამიანებს კი ერთმანეთთან მრავალი რამ გვაკავშირებს. ჩვენ და მათ საერთო ბუნება გვაქვს: იმავე მიწაზე ცხოვრობენ, იმავეთი იკვებებიან, იგივე მეუფე ჰყავთ, ისევე არიან მონდომებულნი სიკეთისთვის, როგორც ჩვენ, ამიტომ ნუ ვიტყვით, რომ არაფერი გვაქვს მათთან საერთო, რადგან ეს სატანის ხმაა. თუ სახედარი წაგვექცა, სასწრაფოდ გავუწვდით ხელს ასაყენებლად, განსაცდელში ჩავარდნილ ძმათათვის კი არ ვზრუნავთ?! რწმენის უარმყოფელი დაცემულ სახედარს შეიძლება შევადაროთ; მიუახლოვდი, წამოაყენე, - სიტყვით და საქმით, სიმშვიდით და ძლიერებით".
მოციქული პეტრე თავის ღვთაებრივ მასწავლებელზე ასე წერს: "და იჩინენითცა მებრ ამისთვისვე, რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთვის და თქუენ დაგიტევა ხელით წერილი, რაითა უდგეთ კვალთა მისთა" (1 პეტ. 2,21).
ბიბლიური სწავლებანი სამარიტელთა შესახებ (ზემოთ განხილულ პრობლემებთან დაკავშირებით) ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სამარიტელები ეთნიკურ-რელიგიურ ჯგუფსა და კლასიკურ სექტას წარმოადგენდნენ იუდაიზმის სივრცეში. ეს ეთნიკური ჯგუფი წარმოიშვა ჩრდილოეთ (ისრაელის) სამეფოში დასახლებული ებრაელებისა და სირიის იმპერიის სხვადასხვა ნაწილიდან გადმოსახლებულ ადამიანთა აღრევით (4 მეფ. 17,24; 1 ეზრ. 9-10), რომლებიც დაცარიელებულ (ებრაელთა ბაბილონში გადასახლების მერე) ქალაქ სამარიაში დასახლდნენ. თავდაპირველად სამარიტელები იუდეველთა მღვდლებით სარგებლობდნენ (ლევიტელებით - 4 მეფ. 17,27), მაგრამ მოგვიანებით მათ საკუთარი სამღვდელოება ჩამოაყალიბეს. მათ თორის (მოსეს ხუთწიგნეულის) საკუთარი (ალტერნატიული) ტექსტიც აქვთ, ის "სამარიტელთა ხუთწიგნეულად" არის ცნობილი. ეს ტექსტი გარკვეულ მონაკვეთებში განსხვავდება ხუთწიგნეულის მასორეტული (ებრაული) ტექსტისგან.
ქრისტე სამარიტელებს ჭეშმარიტი რწმენიდან გადაცდენილებად მიიჩნევდა. მოწაფეებს დარიგებაც მისცა: "...გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ" (მთ. 10,5). ამგვარი გატოლება სამარიტელი მწვალებლებისა კერპთაყვანისმცემლებთან ააშკარავებს მათი ცდომილების სიღრმეს. სამარიტელი ქალის შეკითხვას, თუ რომელი რწმენაა ჭეშმარიტი, უფალი პასუხობს: "თქუენ თაყუანის სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყვანის ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაი ჰურიათაგან არს" (იოან. 4,22); სიტყვებით "ჩვენ ვიცით" მაცხოვარი საკუთარ თავს ძველაღთქმისეულ რწმენასთან აიგივებს და უპირისპირებს მას სამარიტელთა ცდომილებებს. რადგანაც ღვთის ძეში მართლმორწმუნე იუდეველს ხედავენ, სამარიტელებიც ამჟღავნებენ აგრესიას მის მიმართ. სახარებაში წერია: "და არა შეიწყნარეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მისლვად იერუსალემდ" (ლუკ. 9,53). ეს მონაკვეთი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სამარიტელების წინააღმდეგობამ, არ მიეღოთ ქრისტე თავიანთ დასახლებაში, რადგან "პირი მისი იყო მისლვად იერუსალემდ", მოციქულების იაკობისა და იოანეს პროტესტი გამოიწვია. "ქუხილის ძეებმა" სამარიტელთა თავზე ცეცხლის გადმოსვლა მოინდომეს: "უფალო, გნებავსა, რაითა ვთქუათ, და ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით და ახოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო? მიექცა იესუ და შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: არა იცით, რომლისა სულისანი ხართ თქუენ? (ლკ. 9,54-55); ხანდახან ჩვენ, ქრისტიანებს, მართლაც არ გვახსოვს, რა დროში ვცხოვრობთ და რომელი სულისანი ვართ.
უფალმა "ძენი ქუხილისანი" ასეთი სიტყვებით დამოძღვრა: "რამეთუ ძე კაცისაი არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხორებად" (ლუკ. 9,56). წმინდა მამები განმარტავენ: "როდესაც უფალმა მათ აუხსნა, რომ მისი წესი ელიას ცხოვრებაზე მაღლა დგას, წყენის მორჩილად ატანისკენაც მოუწოდა".
უფლის საუბარი სამარიტელ ქალთან უფრო დიდი შედეგის მომტანი აღმოჩნდა: "ხოლო ქალაქისა მისგანთა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, სამარიტელთა მათ, სიტყვითა მის დედაკაცისაითა, რამეთუ წამებდა, ვითარმედ: ყოველივე მითხრა მე, რაოდენი ვქმენ. და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს მას, რაითა დაადგრეს მათ თანა და დაადგრა მუნ ორ დღე. და უფროისსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაი" (იოან. 4,39-41).
ცნობილი იგავი კეთილი სამარიტელის შესახებ (ლუკ. 10,30-37) სხვა არაფერია, თუ არა ამბავი "კეთილ მწვალებლებზე". ზუსტად ასე აღიქმებოდა ეს იგავი იესო ქრისტეს თანამედროვეთა მიერაც. უფალი, ზნეობრივი თვალსაზრისით, სექტანტ სამარიტელს მართლმორწმუნე მღვდელზე მაღლა აყენებს. სწორედ "კეთილი სამარიტელი" აღმოჩნდა ნამდვილი ახლობელი დაზარალებულისთვის. ვაი, რომ ჩვენს დროშიც მრავალი სექტანტი ზნეობრივად თავის ღვთისმეტყველ მოწინააღმდეგეზე მაღლა დგას. ხშირად მართლმადიდებელ რელიგიათმცოდნეთა მიერ სექტანტების მიმართ წაყენებული ბრალდებები მათვე უფრო ეკუთვნით.
სახარებაში სამარიტელები გაცილებით მადლიერ ადამიანებად წარმოგვიდგებიან ქრისტეს მიმართ. ათი განკურნებული კეთროვანიდან მხოლოდ ერთი დაბრუნდა მაცხოვართან "და დავარდა წინაშე ფერხთა იესუისთა და ჰმადლობდა. და ესე იყო სამარიტელ" (ლუკ. 17,16).
მიუხედავად იმისა, რომ ძე ღვთისა სამარიტელებს რწმენის საკითხებში არასდროს უთმობს, მართლმორწმუნეთათვის ისინი ხშირად მოჰყავს მაგალითად და ამგვარი თბილი მოპყრობით მისიონერულ საქმიანობასაც ეწევა. შესაძლოა, ასეთი ქცევის გამო თვით ქრისტეც ზოგიერთი იუდეველისთვის "სამარიტელს" ჰგავდა: "მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ სამარიტელ ხარ შენ?" (იოან. 8,48).
მხოლოდ ის ქადაგება იქნება შესმენილი, რომელიც ყველაფერს ითვალისწინებს, თვით ქადაგების ობიექტის სუბიექტურ თავისებურებებსაც. ნათქვამია: "რამეთუ თავისუფალ ვიყავ ყოველთაგან და ყოველთა თავი ჩემი დავამონე, რაითა უმრავლესნი შევიძინნე. ვიქმენ ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაი, რაითა ჰურიანი შევიძინნე; სჯულსა ქვეშე მყოფთა თანა, ვითარცა სჯულსა ქვეშე მყოფი, რაითა სჯულსა ქვეშე მყოფნი შევიძინნე; უსჯულოთა თანა, ვითარცა უსჯულოი, - არა უსჯულოი ვიყავ ღმრთისა, არამედ სჯულიერი ქრისტესი, - რაითა უსჯულონი შევიძინნე" (1 კორ. 9,19-21). მოციქული პავლე თავს ფარისევლებთანაც კი აიგივებდა. ერთხელ მან თავის შესახებ დაწერა: "წინადაცუეთილებაი მივიღე რვა დღისამან, ნათესავით ისრაელისა, ტომისაგან ბენიამინისი, ებრაელი ებრაელთაგან, სჯულითა ფარისეველი" (ფილ. 3,5).
მოციქულთა სწავლებით, "მწუალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" (ტიტ. 3,10), - რაც ნიშნავს, რომ მაქსიმალური ძალისხმევაა აუცილებელი. თუმცა მოციქულები იმასაც მოგვიწოდებენ, რომ მეტისმეტი შუღლი არ გამოვიჩინოთ დაცემულის მიმართ: "და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაითა შეიკდიმოს. და ნუ ვითარცა მტერსა შეჰრაცხთ მას, არამედ ასწავებდით ვითარცა ძმასა" (2 თეს. 3,14-15).
რელიგიური საუბრების ტონი (თვით მამხილებლებისაც კი) უხეში არ უნდა იყოს. ნათქვამია: "არამედ უფალი ღმერთი წმიდა ჰყავთ გულთა შინა თქუენთა; განზმადებულ იყვნენით მარადის სიტყვის მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქვენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთვის, სიმშვიდით და შიშით" (1 პეტ. 3,15). მაგრამ ასეთი შინაგანად მსუბუქი მიდგომა მწვალებელთა მიმართ არასდროს გადადიოდა ნებადართულის ზღვარს.
სიყვარულის მოციქული იოანე ღვთისმეტყველი გვასწავლის: "რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღვრებაი არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და "გიხაროდენ" ნუ ეტყვით მას. რამეთუ, რომელმან ჰრქუას მას "გიხაროდენ", ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა" (2 იოან. 1,10-11). მოციქული იუდა კი ასე მოუწოდებდა: "და რომელთამე იხსნიდით შიშითა და ვითარცა ცეცხლისაგან გამოიტაცებდით. გძულდით ხორცთაგანცა შეგინებული იგი სამოსელი" (იუდ. 1,23). ცხადია, აქ გაკიცხვა იგულისხმება: "რამეთუ გეტყოდეს თქუენ, ვითარმედ უკანაისკნელთა ჟამთა იყვნენ მოკიცხარნი გულის თქუმისაებრ თვისისა მავალნი უღმრთოისა" (იუდ. 1,18). მაგრამ თვით იუდას მკაცრი ტონიც კი დაცემულთა მიმართ შემწყნარებლობითაა გაჟღენთილი: "რომელიმე სწყალობდით შეუორგულებლად" (იუდ. 1,22).
მწვალებელთა მიმართ აღვლენილი ქადაგების თვალსაჩინო მაგალითად ერთი ამბავი გამოდგება ძველი პატერიკიდან: ერთხელ ამბა მაკარი მეგვიპტელი თავისი სავანიდან ნუტრიის მთაზე მიემართებოდა. წინ მოწაფე გაუშვა, რომელსაც გზად ელინი შეხვდა. ეს იყო ქურუმი, რომელსაც მსხვერპლშეწირვისთვის საჭირო შეშის შეკვრა ეჭირა და მირბოდა. ბერმა გასძახა: "ჰოი, შე დემონო! სად მირბიხარ?" ქურუმი შეჩერდა, ბერს მიუახლოვდა, საშინლად სცემა და მომაკვდავი მიატოვა. გზად ამბა მაკარი შემოხვდა, რომელმაც ასე მიმართა: "მშვიდობა შრომისმოყვარევ!" გაოცებული ქურუმი მიუახლოვდა: "რა დაინახე ჩემში ისეთი, რომ გამარჯობის ღირსად ჩამთვალე?" წმინდა მამამ მიუგო: "დავინახე, რომ იღვწი, თუმცა ფუჭი ხომ არ არის შენი ღვაწლი?" ქურუმმა უპასუხა: "გული ამიჩუყდა მოსალმებაზე და რომ მოგიახლოვდი, შევიცანი, ჭეშმარიტი ღვთის მსახური ხარ; მეორე ბერის გული ბოროტებითაა სავსე, მან შეურაცხმყო, მე კი სასტიკად ვცემე". წმინდა მამა მიხვდა, რომ მის თანამგზავრზე იყო საუბარი. ქურუმი მუხლებში ჩაუვარდა და სთხოვა: "არ გაგიშვებ, სანამ ბერად არ აღმკვეცო". ისინი ერთად გაემართნენ ნაცემი ბერისკენ და მთაზე მდგარ ეკლესიაში მიიყვანეს. ყველა გაოცებული შეჰყურებდა ქურუმს. მონათლეს, ბერად აღკვეცეს და მისი წყალობით შემდგომ მრავალი ელინი გაქრისტიანდა. ამბა მაკარი ამბობდა: "ავი სიტყვა კეთილს აბოროტებს, ტკბილი სიტყვა კი ბოროტს აკეთილშობილებსო".