ჩამოთვლილ სინონიმთაგან თავდაპირველად განვიხილოთ სიტყვა "განათლებული". ცხადია, "განათლების" ძირი და არსი ნათელია, სწორედ ის ნათელი უფლისა, რომელიც ღვთისგან ენიჭება ადამიანს და აძლევს შესაძლებლობას, დაინახოს სამყარო, რომელშიც არსებობს, და ამ სამყაროში მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტი არსი.
სიტყვაში "ბრძენი" გამოხატულია სიბრძნე, რომელიც ასევე ღვთიურ სიბრძნეს ნიშნავს. "ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და მესამედი ღამისა... ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათაAშევიძინოთ სიბრძნე გულისა", - სთხოვს წმინდა დავით მეფსალმუნე უფალს. აქედან ნათლად ჩანს, რომ სიბრძნეში იგულისხმება ჭეშმარიტების ცოდნა, ქრისტიანული მსოფლმხედველობა.
რაც შეეხება სიტყვებს "ნასწავლი" და "მცოდნე", აქ საქმე გვაქვს სწავლასა და ცოდნასთან. ნასწავლია, ვინც ისწავლა, მცოდნედ კი ის იწოდება, ვინც ცოდნა დააგროვა. ორივე სიტყვა იმდენად ზოგადია, რომ მათში არ ჩანს, რა სახის ცოდნაზეა საუბარი.
ამიტომაც ამბობენ წმინდა მამები: მცოდნე კაცი შესაძლოა ბოროტის მსახურიც იყოს, განათლებული ადამიანი კი მხოლოდ სიკეთეს ემსახურება. გავიხსენოთ ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია II-ის ერთ-ერთი ქადაგება, რომელშიც უწმინდესი ბრძანებს: "თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაშია რწმენა და ცოდნა - ეს უძველესი საკითხია. ჯერ კიდევ I-II საუკუნეებში მსჯელობდნენ ამის თაობაზე. ისეთი დიდი ფილოსოფოსი და მეცნიერი, როგორიც იყო კლიმენტი ალექსანდრიელი, დაწვრილებით განიხილავს ამ საკითხს. ის ამბობს, რომ ორივე აუცილებელია: ცოდნაც და რწმენაც, და ასეთ დასკვნას აკეთებს: მხოლოდ მორწმუნე ადამიანია მონა ღვთისა, ხოლო - მორწმუნე და მცოდნე, განათლებული ადამიანი - მეგობარი უფლისა. სწორედ ამ სრულყოფის კიბეზე უნდა ავმაღლდეთ".
როგორც დავინახეთ, კლიმენტი ალექსანდრიელის სწავლებით, განათლებულად იწოდება ისეთი ადამიანი, რომელსაც ერთდროულად რწმენაც აქვს და ცოდნაც. "იყავით სრულ, ვითარცა მამაი ზეცათაი სრულ არს", - მოგვიწოდებს თვით უფალი იესო ქრისტე. ადამიანისთვის, ცხადია, შეუძლებელია ღვთიური სრულყოფილების მიღწევა, მაგრამ მუდმივი სწრაფვა ასეთი სისრულისკენ გაუნელებლად უნდა გვქონდეს თითოეულ ჩვენგანს და ამრიგად აღვასრულებდეთ ღვთის დარიგებას.
აქვე მოვიშველიებ ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) სიტყვებს, რომელიც ბრძანებს, რომ ღვთიური მსოფლმხედველობის უარყოფით ადამიანი საკუთარი აზროვნების იმედად რჩება. ადამიანური აზროვნება კი შეზღუდულია. მეუფე ხაზს უსვამს, რომ აბსოლუტური კატეგორიების უარყოფით ყველაფერი ფარდობითი გახდა - დაიკარგა ზღვარი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. თუ ჭეშმარიტებას არ დავეფუძნეთ, თუ მყარ, აბსოლუტურ კატეგორიებს არ ჩავეჭიდეთ, ჩვენი "მეცნიერული" ძიება მხოლოდ ბნელში ხელებისFფათური იქნება. რაღაცას წავაწყდებით, გვგონია, რამე აღმოვაჩინეთ, მეორე წუთში კი ყველაფერი თავდაყირა დგება.
ზემოთ აღნიშნული მეცნიერება კი ყოველთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია ჭეშმარიტების შესაცნობად. გავიხსენოთ თუნდაც მეცნიერთა ის კატეგორია, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა. ამ ერთი ფრაზით სრულიად თავდაყირა დგება ადამიანის აზროვნება, ხედვა სამყაროსი, რომელშიც არსებობს და თვით საკუთრი თავის არსებობის არსი და მიზანიც იკარგება. ადამიანი, რომელიც ღმერთმა უსაზღვრო სიყვარულის გამო შექმნა თავის ხატად და მსგავსად და სამყაროს გვირგვინი უწოდა, საკუთარი არსებობის მიზნად პირველსახესთან დაბრუნებას ისახავს. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი გავიზიარებთ მცდარ შეხედულებებს ადამიანის წარმოშობის შესახებ - მაშინვე გაქრება მიზანი ჩვენი არსებობისა, რადგან თუკი ადამიანის საწყისი ცხოველია, მაშინ რისკენღა უნდა ვისწრაფოდეთ?
ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ მეცნიერულ დასკვნებს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ასეთ შემთხვევაში, რომ არც თვითონ ჩავარდეს განსაცდელში და არც სხვა დააბრკოლოს? ყველაზე ნაკლებად საკუთარ თავს უნდა ენდობოდეს და მთელი სასოება უფალზე დაამყაროს. ყოველი საქმის დაწყების წინ შემწეობა ყოვლის შემოქმედს უნდა ვთხოვოთ, რომ ნებისმიერ საქმეში დაგვიცვას ბოროტი ძალის ზემოქმედებისგან, რათა თუნდაც უნებლიეთ არ გახდეს მსხვერპლი ეშმაკის მანქანებისა.
ადამიანის აზროვნება სწორად რომ ჩამოყალიბდეს, უპირველეს ყოვლისა, ღვთის მცნებებში უნდა განისწავლოს, რათა არ დაკარგოს ნათელი, რომელიც დაბადებისთანავე გვეძლევა თითოეულ ჩვენგანს ღვთისგან. თუკი ადამიანი სწორად ჩამოყალიბდება, მისი მიზანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში უფლის მიერ ნაბოძები ნიჭის, ტალანტის (როგორ წმინდა წერილი მოიხსენიებს) გამრავლება იქნება, რათა სრულიად შეიმოსოს ღვთიური ნათლით და ასე პირნათლად წარდგეს გარდაცვალების შემდეგ ზეციური მამის წინაშე, რათა სამუდამოდ დაბრუნდეს დაკარგულ სამოთხეში.
განვიხილოთ თუნდაც შეხედულება ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულის - სიკვდილის შესახებ. ეკლესიის სწავლებით, ადამიანი კი არ კვდება, არამედ გარდაიცვლება, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის. როგორც ვიცით, ადამიანი ორი - მიწიერი და სულიერი - საწყისისგან შედგება. მიწიერი მოკვდავია, სულიერი კი უკვდავი. გარდაცვალების შემდეგ სწორედ სულიერი საწყისი განაგრძობს არსებობას, ბრუნდება უფალთან, ხოლო იმის მიხედვით, თუ როგორ იცხოვრა ამქყვეყნად, იმკვიდრებს ან ცათა სასუფეველს, ან სამუდამო სატანჯველს ჯოჯოხეთში. ერთ-ერთი მეცნიერული შეხედულებით, ადამიანი კი არ გარდაიცვლება, არამედ კვდება - აქვე ასრულებს არსებობას. ეს შეხედულება მთლიანად ცვლის ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების არსს. "თუკი აქვე მთავრდება ყველაფერი, - ფიქრობს კაცი, - მაშ, რაღატომ მოვიკლო ხორციელი სიამოვნებანი? ისედაც ძალზე მცირე დრო მაქვს მოცემული, დავეწაფები ხორციელ ტკბობას..." ცხოვრების ასეთი წესის შედეგად კი სამუდამო სასჯელისთვის ვწირავთ თავს, მარადიულ სამყოფელს ვიმზადებთ იქ, სადაც ტირილი და კბილთა ღრჭენაა.
ამრიგად, თითოეულს გვმართებს დაფიქრება, რომ ცოდნის შეძენასთან ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენში არსებულ ღვთიურ ნათელს, რათა ეს ცოდნა არ გადაგვექცეს ეშმაკის მახედ, რომელშიც საკუთარ თავთან ერთად სხვებიც შეიძლება გავაბათ ნებსით თუ უნებლიეთ. წინასწარ ხომ არ ვიცით, რა შედეგს გამოიღებს ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვა. ამიტომ ვიფრთხილოთ, რომ ჭეშმარიტი ეკლესიური სწავლების წინააღმდეგ არ წარვმართოთ ჩვენი გონება, რომელიც უფალმა იმისთვის გვიბოძა, რათა გონივრულად ვემსახუროთ ხილული და უხილავი სამყაროს შემოქმედს.