მაღალი ღმერთი მხოლოდ ამაღლებული, მისი დიდების შესაფერი საქმეებით იკურთხება ჩვენ მიერ. "ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე" (ფს. 114,2). რომელ ქებასა და კურთხევაზე ლაპარაკობს წინასწარმეტყველი დავითი? როგორ შეიძლება ჩვენ, მოკვდავებმა, ვაქოთ უფლის წმინდა დაუსაბამო სახელი? მისი სახელი მაშინ იდიდება ადამიანებში, როცა მათში სიყვარული მკვიდრდება, იზრდება და იმარჯვებს. რწმენა, სასოება, სიყვარული სიმართლე და სიჯანსაღეა უფლის ერთგული სულისა. ერთგულ სულთა ერთობა კი მშვიდობის სახლია, რომელშიც მშვიდობის ღმერთია დავანებული. როდესაც რწმენა მწიფდება ადამიანის სულში, შეუძლებელია, იგი არ იშვას, არ ამოქმედდეს საქმეში. რწმენა სათნოებებში ცოცხლდება, საქმეში ცხადდება და მოშურნეობით იკვებება. რწმენა მშობელია სათნოებისა, სათნოება კი აღორძინებს, აფართოებს, ამრავლებს მის ძალასა და მოქმედებას. რწმენა და საქმე ერთი მშობლის ნაშობი ძმები არიან. მიჩვენე ეს ორი სათნო ძმა და გეტყვი, ვინ არის მათი მშობელი - თუ ჭეშმარიტია რწმენა, მაშინ ღირსეული იქნება მისმიერი ცხოვრებაც.
სხვაა უფლის ერთგულება და სხვაა მისი მხოლოდ სიტყვისმიერი დაცვა და დიდება. ღვთის ერთგულება უდიდეს შემართებას, მოშურნეობასა და დაუღალავ შრომას მოითხოვს. კეთილი საქმე ყოველთვის იქცევა კეთილ სიტყვად, რადგან საქმე მუდამ ლაპარაკობს და წარმოაჩენს თავის თავს. განსხვავებით კეთილი სიტყვისგან, რომელიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სიტყვად რჩება. ვინც საქმით ლაპარაკობს, იგი ორმაგად ასწავლის, ხოლო უფლის მხოლოდ სიტყვით მადიდებელს თავისივე ენა განსჯის, რადგან საქმით იცრუა მის წინაშე - თქვა და არ აღასრულა. საუფლო სიტყვის არსი საქმეში ჩნდება, ქმედებაში იკითხება, მისით გადმოიცემა. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი სიბრძნით შეგვაგონებს და გვმოძღვრავს: "უფრო მეტად უფლის ერთგულნი ვიყოთ, ვიდრე მის შესახებ მხოლოდ სიტყვით სწავლების დამცველნი, რადგან სიტყვას სიტყვით შეეპასუხები, შენს ცხოვრებას კი - რითი?" არც სასწაულების, არც წინასწარმეტყველების, არც ქადაგებისა თუ სხვა ნიჭები ისე არ წარმოაჩენს რწმენას, როგორც კეთილი ცხოვრება; იგი ყველაზე აღმატებული ნიჭია, რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეიძლება მხოლოდ ჯილდო იყოს ამგვარი ცხოვრებისა. ქვაკუთხედი და საძირკველი უფლის სიყვარულისა სათნო ცხოვრებაა, ნიადაგია, რომელზეც მრავალი სხვა მადლი აღმოცენდება. ამ ნიადაგის გარეშე ღვთისგან ბოძებული თითოეული ნიჭი სასჯელად გვექცევა, წარსაწყმედელში წარგვიძღვება, რადგან სადაც გზა მთავრდება, იქ უფსკრული იწყება.
უფლის მცნებები სანთელია, ნათელია, რომელიც ცოდვებით სავსე ყოფიერებას გვინათებს. სათნო საქმე უფლის მცნებებში შესასვლელი კარია, გასაღებია, რომლითაც მასში შევდივართ, ვმკვიდრდებით და მის არსს შევიმეცნებთ. სათნო საქმე მცნებებით კვებაა, საზრდოობაა. მისით სულიერად ვიზრდებით და სიმწიფისკენ მივემართებით. სწორედ მცნების აღსრულებით ვაღწევთ ამ მცნებებში და ვიმეცნებთ მათ; ამის გარეშე კი მხოლოდ ვხედავთ, გარს ვუვლით, სიღრმეში კი ვერასდროს შევალთ.
ვინ არის უფლის ერთგული სული? იგი, რომელიც დღითი დღე ოქროს სამოსით, სიკეთითა და სათნოებით მოსავს სიტყვას უფლისას, საკუთარი ცხოვრებით ხორცს ასხამს ღვთის ცოცხალ სიტყვას და თავადაც შემოსილია საღვთო წყალობითა და მფარველობით. უფლის სიტყვა სიცოცხლის სიტყვაა, ცოცხალი სიტყვაა, სიტყვაში - სიცოცხლე და სიტყვა - სიცოცხლეში. ორივე კი წმინდა სამებაში ჰგიებს სამარადისოდ. ნეტარია ის, ვინც ამ უკვდავებაში ხედავს და მასში ამკვიდრებს საკუთარ ცხოვრებასა და ყოფიერებას.
სად და რაშია დიდება, ნეტარება და სიმდიდრე? იქ, სადაც ქრისტეა თავისი კაცთმოყვარებითა და მადლმოსილებით, სადაც მაცხოვარი დაივანებს თავისი მშვიდობით, სიმდაბლით, სიყვარულითა და სულგრძელობით. ვისაც ქრისტე უყვარს, ის მის ნაკვალევს ეძებს და მის ნაფეხურებს მიჰყვება. სახარება ნაკვალევია ქრისტესი, სათნოებებში გამოსახული, დანახული და აღსრულებული ნაკვალევი, რომელსაც ვერ წაშლის ვერაფერი უკუნისამდე და რომლის მძებნელს, მოყვარულსა და მიმყოლს არ მოაკლდება კურთხევა მხოლოდშობილი ძისა, რომელიც არის სიბრძნე და ძალა მამისა თანა სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!