მაგრამ 1901 წელს გამოვიდა სულთნის ფირმანი, რომელიც ხალხს ეკლესიის გარემონტების ნებას რთავდა, ხოლო თავის ჯარს იქაურობის დატოვებას უბრძანებდა. თურქთა ბანაკმა მახლობელ ბორცვზე გადაინაცვლა. შეუდგნენ ტაძრის აღდგენას. მთავარი ხუროთმოძღვარი გახლდათ არქიტექტორი ნინჩინი, მოადგილე - უახლოესი მონასტრის არქიმანდრიტი გედეონ მარიჩი. 1903 წელს, როცა ნინჩინმა გუმბათის აგება დაასრულა, ხალხმა ძღვენი მიართვა. მათ შორის ბოცით ღვინოც იყო. ნინჩინმა მისი დალევა არ მოისურვა, ჯვარი გადასწერა და გუმბათიდან ძირს გადმოაგდო. ჭურჭელი მიწაზე დაეცა, მაგრამ არც კი გაბზარულა და წვეთი ღვინოც არ დაქცეულა. ჭურჭელი მიწაზე თითქოს ვიღაცამ ფრთხილად და ფაქიზად დადო. ბევრი გახდა ამ სასწაულის მოწმე.
ამბავი კალიისა და ნაკურთხი წყლისა. დეკანოზმა ივა კალუჯეროვიჩი მოგვიყვა: 1923 წელს კალიების შემოსევა იყო. მწერი გზად ყველაფერს ჭამდა. კალიის გუნდის მოფრენამდე რიეკის ოლქის მღვდლებმა ხალხთან ერთად მინდვრები შემოიარეს, გადაიხადეს პარაკლისი, ნაკურთხი წყალი ამოჯეჯილებულ ხორბალს ასხურეს. მეორე დღეს ამ ოლქსაც შემოესია კალია, მაგრამ აიაზმანასხურებ მინდვრებს არც გაჰკარებია.
ღვთის დუმილი.
- რატომ დუმს ღმერთი? - იკითხა ერთმა სემინარიელმა.
- როგორ თუ დუმს?
- დიახ, დუმს. ირგვლივ ომებია, რევოლუციები, გაურკვევლობა, შიში, ღმერთი კი დუმს და ყველაფერს მშვიდად უცქერის.
- ღმერთო ჩემო, რანაირ შეკითხვებს აღარ სვამენ ჩვენი ღვთისმეტყველები, - წამოიძახა ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა, - ღმერთმა ადამიანებს ყველა ბოროტების საწინააღმდეგო წამალი გამოუწერა. ახლა, რა თქმა უნდა, მდუმარებას იმარხავს. მაგრამ ექიმია დამნაშავე თუ პაციენტი, რეკომენდებულ წამალზე უარს რომ ამბობს, არაფრად აგდებს და არ იღებს? ღმერთი, რა თქმა უნდა, დუმს და უნდა დუმდეს! დაე, ახლა იშფოთონ და იყვირონ ადამიანებმა, მაგრამ დადგება ჟამი, როცა ისინიც დადუმდებიან, როცა ხალხი დაშოშმინდება და მოსმენა შეეძლება, მაშინ ყოვლისშემძლე უფალი ისევ ალაპარაკდება.
მშობლების ცოდვა. ჩვენმა ქვემოკრუშევიცელმა ძმამ, ველიმირ მარინკოვიჩმა მოგვითხრო ერთი საგულისხმო ამბავი: სოფელ ჟებტავში ჯ.ჩ.-ს და მის მეუღლეს შეეძინათ ვაჟი. ცოლ-ქმარმა მოითათბირა, მეტი შვილი აღარ ვიყოლიოთო. ამიტომაც ქალმა არაერთი ნაყოფი მუცელშივე მოკლა. პირველშობილ შვილზე კი მზე და მთვარე ამოსდიოდა. ბიჭი 16 წლისა შესრულდა. თამაშობისას თანატოლებმა იჩხუბეს და ერთმანეთს ქვები დაუშინეს. ერთი ქვა მასაც მოხვდა და მოკლა. ახლა მშობლები მწარედ ნანობენ, რომ მოწყვიტეს თავიანთი შთამომავლობა.
25 ქარტია. ერთ ქალაქში ორი ძმა ცხოვრობდა, ორივე დიაკვანი. ერთი მათგანი ქოლერით დაავადდა, მაშინვე მღვდელს მიაშურა აღსარების სათქმელად და საზიარებლად, მაგრამ ვიდრე ხმას ამოიღებდა, გარდაიცვალა. მეორმოცე დღეს გარდაცვლილი ძმასთან ოთახში შევიდა. ძმამ უშიშრად ჰკითხა, - საზვერეები როგორ გაიარეო. გარდაცვლილმა უთხრა: "ეშმაკები მძვინვარედ დაესხნენ ჩემს სულს, ცოდვებით სავსე ოცდახუთ ქარტიას მაჩვენებდნენ, ყაყაჩოს თესლისხელა ასოებით ორივე მხარეს დაწერილს, ჩამოწერილი იყო ყველა მცირეოდენი შეცდომა, გულისთქმებიც კი. როცა მფარველმა ანგელოზმა დახედა, ხუთი მათგანი დახია, რადგან უკვე მონანიებული მქონდა. ძმაო, ევედრე ჩემთვის ღმერთსო, - შეჰღაღადა მიცვალებულმა და გაქრა. ხუთი წლის შემდეგ კიდევ გამოეცხადა ძმას (რომელიც უკვე მღვდელი იყო) და აუწყა, რომ დახეული იყო კიდევ ხუთი ქარტია - იმ ლოცვების გამო, მისთვის დიდ ხუთშაბათს რომ აღავლინეს. კიდევ ხუთი წლის შემდეგ განსვენებული გამოეცხადა ერთ-ერთ მეზობელს და სთხოვა, წასულიყო და მისი ძმისთვის ეთქვა, რომ დიდ ხუთშაბათს აღვლენილი ლოცვისთვის დაუხიეს ხუთი ქარტია. საბოლოოდ, კიდევ ხუთი წლის შემდეგ გამოეცხადა ძმას და სიხარულით აუწყა, დიდ ხუთშაბათს ლოცვის გამო ყველა ქარტია დამიხიესო.
დიდ ხუთშაბათს უფალმა ევქარისტიის წმინდა საიდუმლოება დააწესა.
საოცარი განკურნება. ეპისკოპოს გიორგი ბანატელთან ბაჩკერაკიდან ორი ღვთისმოშიში ქალი მივიდა - დიდეზოიანი სახლის ყიდვა უნდოდათ, რათა დედათა მონასტერი აეშენებინათ. ეპისკოპოსი მთელი გულით დაეხმარა. მათთან დიდხანს ვსაუბრობდი. გული მეუბნებოდა, რომ მათი თითოეული ნათქვამი სიტყვა სიმართლე იყო. ერთმა მათგანმა, დანიცა კ-მ მიამბო თავისი ვაჟის, ცვეტკოს სასწაულებრივ განკურნებაზე:
"ორი ბავშვი გარდამეცვალა, - ჰყვებოდა ქალი, - ამის შემდეგ დიდხანს არ დავფეხმძიმებულვარ. მაშინ ღმერთს დავუწყე ვედრება: - უფალო, მომეცი კიდევ ერთი ბავშვი და თუნდაც ხეიბარი-მეთქი. მართლაც, ღმერთმა მომცა კიდევ ერთი შვილი, მაგრამ ცალი ფეხი მეორეზე მოკლე და წვრილი ჰქონდა. გავიდა ორი წელი. პატარა ცვეტკოს ფეხზე დგომა არ შეეძლო. კვლავ დავიწყე ლოცვა, რომ ღმერთს ჩემი ვაჟი გამოეკეთებინა. ყველაფერი ამაო იყო. ბავშვი ბელგრადის კლინიკაში დავაწვინეთ, სადაც ცხრა თვე ფეხზე თაბაშირი ედო და გაუნძრევლად იწვა. როცა ექიმმა მოხსნა თაბაშირი, ბიჭს ფეხი უარესად დაეგრიხა და უფრო ცუდად შეიქნა. ატირებულმა მოვიყვანე შინ და კვლავ გულმოდგინედ დავიწყე ლოცვა. ამასობაში მეორე ბავშვიც შემეძინა, სრულიად ჯანმრთელი და მშვენიერი, მაგრამ ღმერთმა ისიც წაიყვანა. უფალო, - ვქვითინებდი, - თუკი ჩემგან საღსალამათი ბავშვი წაიყვანე, ეს ავადმყოფი მაინც განმიკურნე-მეთქი. მოხდა სასწაული! - ჩემი ცვეტკო მართლაც გამოჯანმრელდა. ახლა საშუალო სკოლაში სწავლობს. დღეს დილით გამოგვაცილა, მხიარული ხტუნვა-ხტუნვით მოგვყვებოდა".
მსმენელის გულიც ცოცხლად შეიგრძნობდა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში მართლა ასე მოხდა.
მაგალითი ჩვენს (სერბ) მუსულმანთა კეთილშობილებისა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე როცა იუდეველებს მათ ჯიუტ ურწმუნოებას საყვედურობდა, წარმოთქვა მათთვის საშინელი სიტყვები: "ხოლო გეტყვი თქვენ, რამეთუ მზისა აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინახიდგმიან აბრაჰამისა თანა და ისააკისა თანა და იაკობისა თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფევლისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი" (მათე 8,11-12). დაე, ქვემოთ მოყვანილი მაგალითი ჩვენს მუსულმანთა კეთილშობილებისა და მოწყალებისა მამხილებლად ექცეს მრავალ მხოლოდ სახელით ქრისტიანს, რომელნიც შორს არიან პატიოსნებისა და თანაგრძნობისგან. რამეთუ სირცხვილია მხოლოდ იწოდო ქრისტიანად და იყო სასტიკი და უკეთური.
1916 წელს გლეხი კოსტა ბორენოვიჩი ფრონტზე წავიდა. როცა მშობლიურ სოფელს ტოვებდა, მეზობელს, ბეგო მუიჩს, დღეს ძველ მაიდანზე ცნობილ ვაჭარს, შესანახად გადასცა ხელსახოცში გახვეული 164 ოქროს დუკატი და სთხოვა, მისი ქალიშვილის, მარიამისთვის ჯვრისწერის დღეს გადაეცა. ხოლო თუ ომის დროს ბეგოს მთელი ქონება განადგურდებოდა, ის ვალდებული არ იყო, რაიმე აენაზღაურებინა კოსტასთვის ან მისი ქალიშვილისთვის.
მარიამი მაშინ ორი წლის იყო. მამის ფრონტზე წასვლისთანავე გოგონა პაპასთან სხვა სოფელში წაიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ პაპა გარდაიცვალა. კოსტა იტალიის ფრონტზე, მდინარე პიავასთან დაიღუპა. მარიამს არც კი ახსოვდა მამის სახე, ასევე არ ახსოვდა დედაც.
გავიდა მას შემდეგ ათ წელზე მეტი. ამასობაში ბეგოს ხელი მოემართა, გამდიდრდა. ახლა უკვე 70 წლისაა. საქმეში თავისი ოთხი ვაჟი ეხმარება. დუკატებზე არასოდეს არავისთვის სიტყვაც არ დაუძრავს. მაგრამ როცა კი შეიტყო, მარიამი თხოვდებაო, სკივრიდან ამოიღო სათუთად შენახული მონეტები, რომლებსაც ახლა დიდი ფასი აქვს და მარიამს ქორწილის დღეს გადასცა იმავე ხელსახოცში გახვეული, როგორც მამამისმა ჩააბარა. მარიამმა, რა თქმა უნდა, გაიხარა, მას ხომ მამისგან ერგო ქონება, რომლის შესახებაც ეჭვადაც არავინ არაფერი იცოდა.
როცა ამ ამბავს მოჰყვა, ყოველთვის მომღიმარი ბეგო მუიჩი სიხარულით ატირდა, - ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღეო.
ამბავი იანკო სიბინიანელისა. სულთანმა ბაიაზეთმა ზავი დადო ჯურჯე სმედერეველთან და იანკო სიბინიანელთან (სერბულ ფოლკლორში იანკოს უწოდებენ უნგრელ მხედართმთავარ იანოშ ხუნიადის (დაახლ. 1407-1456), რომელმაც თურქები გაანადგურა ბელგრადთან ბრძოლაში, - კ.კ.) და თვითონ ჰაჯიში (ქააბის მოსალოცად) წავიდა. იანკომ ჯურჯეს შესთავაზა, გაერთიანებული ძალებით თურქებს თავს დასხმოდნენ. ჯურჯემ უარი უთხრა და იანკო თავის რაზმთან ერთად მარტოდმარტო გაემართა კოსოვოს ველზე. ეს რომ შეიტყო, ბაიაზეთი ელვისებურად მობრუნდა ჰაჯიდან და კოსოვოს ველზე დიდი ჯარით მივიდა. აიღო ხელში სულთანმა ქრისტეს ხატი, აღმართა მთელი თურქეთის ჯარის დასანახავად და შესძახა: - თუ შენ ღმერთი ხარ, დასაჯე ფიცის გამტეხებიო.
იანკო დამარცხდა და გაიქცა. გზად ღამის გასათევად სოფელ ვლასტელნიცაში ჩამოხდა ცხენიდან. ეს იყო წმინდა უვერცხლო მკურნალთა და სასწაულმოქმედთა - კოზმასა და დამიანეს ხსენების წინა საღამოს (1 ნოემბერს). სახლის პატრონი დიდებულად აღნიშნავდა ამ დღესასწაულს. ის იანკოს არ იცნობდა (მხოლოდ გაეგონა მის შესახებ). მან ვახშამზე ასეთი სადღეგრძელო წარმოთქვა: - დაე, შემატოს ღმერთმა დღენი ცხოვრებისა იანკო სიბინიანელს, რომელიც ახლა კოსოვოს ველზე იბრძვის პატიოსანი ჯვრისა და ბაჯაღლო თავისუფლებისთვისო.
ეს რომ მოისმინა, იანკო ატირდა. ამ დროს ვლასტელიცაში თავად ვუკოვოს რაღაც მანქანებით შეეტყო, იანკო სიმინიანელი აქვე, ამ სოფელშიაო და ეს ამბავი შეატყობინა ჯურჯე სმედერეველს. მან თავადს იანკოს შეპყრობა და სმედერევოში მიყვანა უბრძანა. თავადმა შეასრულა ბრძანება. ჯურჯემ უსაყვედურა იანკოს იმ ზარალისთვის, რომელიც მისმა რაზმმა სერბეთს მიაყენა ომის წინდაუხედავად წამოწყებით, მერე კი შინ გაუშვა.