"სხვა რა უნდა იყოს, თუ არა უფლის სახლი? ეს ცათა კარიბჭეა!"
07.08.2008
ძველი აღთქმის მამამთავრებს უფალი გამოცხადებით განსწავლიდა. თითოეული ასეთი გამოცხადებით შემოქმედი განამტკიცებდა მათ რწმენაში, ერთი ღმერთის არსებობაში, რომელიც დამბადებელია ყოველივესი, ხილული თუ უხილავი სამყაროსი.
ძველ აღთქმაში აღწერილი პირველი გამოცხადება იაკობს უკავშირდება. მის წინამორბედ მამამთავართათვის ღვთის გამოცხადების შესახებ წმინდა წერილი არ მოგვითხრობს. ეს ღამეული ხილვა, ცოლის სათხოვნელად ხარანისკენ მიმავალ იაკობს რომ ჰქონდა, უფლის მფარველობის ნიშანი იყო. მას, როგორც მწირს, უცხო გზაზე, უცხო მხარეში მიმავალს, გამხნევება სჭირდებოდა. უფალი მას ასე ეცხადება:
"და, აჰა, მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება. და უფლის ანგელოზები ადიან და ჩამოდიან კიბეზე. და, აჰა, უფალი დგას მასზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისააკისა. ეს ქვეყანა, სადაც შენ წევხარ, შენთვის და შენი თესლისთვის მომიცია. შენი თესლი ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივრცობა დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისაკენ. და იკურთხება შენით და შენი თესლით მიწის ყველა მოდგმა. აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ. და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, რომ არ მიგატოვო, ვიდრე არ აგისრულებ, რაც გითხარი".
იაკობმა ანგელოზთა მთელი იერარქია იხილა - უმდაბლესი საფეხურიდან უმაღლესამდე და თავად უფალი კიბის თავში.
ამ სიზმარეული ხილვის შემდეგ მამამთავარი ოთხ მნიშვნელოვან ქმედებას ახორციელებს: "ნამდვილად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი!.. რა საშიში ყოფილა ეს ადგილი! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა უფლის სახლი? ეს ცათა კარიბჭეა!" - წარმოთქვა გამოფხიზლებისთანავე. ეს სიტყვები ცხადყოფს, რომ იაკობს გული გაეღო საკრალური სინამდვილის აღსაქმელად. იგი საღვთო შიშს გრძნობს ერთ კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებით, განიცდის უხილავ ტაძარს, როგორც "სახლს" და "კარიბჭეს" ცათა სასუფეველში შესასვლელს.
ამ განცდის მატერიალურ გამოხატულებად იაკობმა "აიღო ლოდი, სასთუმლად რომ ედო, აღმართა სვეტად და ზეთი დაღვარა მის თავზე". აღსანიშნავია, რომ წმინდა ადგილის მისანიშნებლად სვეტის აღმართვა იმ დროისთვის მთელ ძველ აღმოსავლეთში იყო გავრცელებული. მოგვიანებით კი მოსეს რჯულმა აკრძალა სვეტები, რადგან ადამიანები მათ კერპებივით ეთაყვანებოდნენ. ზეთი კი, რომელიც იაკობმა სვეტს სცხო, წმინდა სარიტუალო არ იყო, რადგან მისი დამზადება ისრაელში მოსეს დროიდან დაიწყეს - ჯერ მღვდელმთავართა, შემდეგ კი მეფეთა საცხებლად. იაკობი ზეთით, უდაბნოში მიმავალი ყოველი მგზავრის აუცილებელი საგზლით, პატივს მიაგებს არა თავის მიერ აღმართულ ქვის სვეტს, არამედ თავად უფალს, რომლის მყოფობა მან მთელი არსებით განიცადა.
იაკობმა ამ ადგილს "ბეთელი" - "სახლი ღვთისა" უწოდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა რჩეული ერის მამამთავარი სახელს არქმევს, უფრო სწორად, უცვლის აღთქმული ქვეყნის ადგილს. სვეტის აღმართვითა და სახელდებით იაკობმა ნიშანი დაადო მიწას, რომელიც მისი წიაღიდან გამომავალ თორმეტტომოვან ხალხს უნდა დაემკვიდრებინა. ეს ნიშანი მიუთითებს, რომ ეს ადგილი კულტის დასაბამი იქნება. იაკობი აღთქმას დებს: თუ ღმერთი მშვიდობით დამაბრუნებს მამის სახლში და უფალი, რომელიც გამოცხადებაში ვიხილე, ჩემი ღმერთი იქნება, "ეს ლოდი, სვეტად რომ დავდგი, ღვთის სახლი იყოს და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნიო".
წმინდა წერილის მეორე ეპიზოდი, სადაც უფალი ცეცხლის სახით წარმოჩინდება, მოსეს, კერძოდ კი რჩეული ერის ეგვიპტელთა მონობიდან გამოსვლის დასაწყისს უკავშირდება.
მოსეს, რომელიც ფარას მწყემსავდა, ქორების - ღვთის მთაზე საკვირველი გამოცხადება ჰქონდა. ქორები საერთო სახელწოდებაა იმ მთაგრეხილისა, რომლის ერთ-ერთი მწვერვალია სინაი. სწორედ ამ მთაზე იხილა მოსემ ცეცხლწაკიდებული, მაგრამ შეუწველი მაყვალი. ის მწყემსი იყო, სინაზეც ცხვარს ამოჰყვა და ეს საკვირველი სანახაობაც ბუნების უცნაურ მოვლენად მიიჩნია. "მივალ და ვნახავ ამ დიდ სახილველს. რატომ არ იწვის მაყვალი?" - იკითხა გაკვირვებულმა. აალებული მაყვლის ბუჩქიდან კი ხმა ესმა: "მოსე, მოსე! ახლოს ნუ მოხვალ! გაიძრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმინდა მიწაა".
ვისია ეს ხმა? იგი ოთხასი წლის განმავლობაში არც ერთი ისრაელიანის ყურს არ სმენია. ეს ის ხმაა, რომელმაც აღუთქვა იაკობს, რომ არ მიატოვებდა, ეგვიპტეში მასთან ერთად იქნებოდა და მონობიდან გამოიყვანდა. მაგრამ ამდენ ხანს რატომ დუმდა იგი? დუმდა, რადგან რჩეული ერის შვილებმა ეგვიპტეში ცხოვრებისას მამა-პაპის ღმერთი დაივიწყეს. უკიდურესმა გაჭირვებამ მათ უფალი გაახსენა. და "მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს და მოესმა მათი კვნესა და დაინახა ღმერთმა ისრაელიანები და იცნო ღმერთმა ისინი", - მოგვითხრობს წმინდა წერილი. ამ ღაღადისის პასუხად უფალმა შეიწყალა ისრაელიანები, და ეს პასუხი მოისმინა მოსემ ქორების მთაზე: "მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისააკის ღმერთი, იაკობის ღმერთი".
ამ ხმის გაგონებამდე შეუწველი მაყვლის მხილველმა მამამთავარმა ვერ იგრძნო ამ მიწის სიწმინდე. თუ ქორები "ღვთის მთაა" და მთელი მთა წმინდაა, აალებული მაყვლოვანის ადგილი წმინდათა წმინდა ყოფილა, ის ერთი საფეხურით მაღლა დგას სიწმინდის ხარისხში. ეს არის აბსოლუტური სიწმინდე, თუკი შეიძლება ამგვარი რეალობა არსებობდეს ნივთიერ სამყაროში. ეს ის ადგილია, სადაც ღმერთმა ინება, კონკრეტულ სახეში სჩვენებოდა თავის რჩეულს.
შეუწველ მაყვალს წმინდა კირილე ალექსანდრიელი ასე განმარტავს: მაყვლოვანი, შეუხედავი ველური ბუჩქი, სიმბოლოა ეგვიპტეში, ველურ გარემოში,
მყოფი რჩეული ერისა. ცეცხლი გამოხატავს ჩაგვრას, რომელსაც ისრაელიანები ეგვიპტელთაგან განიცდიდნენ. და როგორც ცეცხლი ვერ წვავდა მაყვალს, ეგვიპტელთა უღელიც ვერაფერს აკლებდა რჩეულ ერს. ხოლო ალმოდებული მაყვალი სიმბოლოა აღთქმულ ქვეყანაში შესული ისრაელისა, რომლის წიაღში იშვა ღვთაებრივი ცეცხლი - მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, მაგრამ ისრაელიანებმა არ მიიღეს, არ გააღვივეს ღვთაებრივი ნაკვერცხალი თავიანთ გულებში და ველურ ბუჩქად დარჩნენ.
წმინდა გრიგოლ ნოსელის განმარტებით კი შეუწველი მაყვალი სიმბოლოა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომლის წიაღშიც დაემკვიდრა ღვთაებრივი ცეცხლი, განკაცებული ღმერთი, და ამ ცეცხლმა არ დაწვა ყოვლადწმინდა მარიამი, შვა მაცხოვარი და კვლავ ქალწულად დარჩა.
ალმოდებული მაყვლიდან ესაუბრება უფალი მოსეს და ავალებს, დაბრუნდეს ეგვიპტეში და რჩეული ერი გამოიყვანოს. მაგრამ მამამთავარი თავის თავში ვერ გრძნობს ძალას ამ მისიის განსახორციელებლად. მაშინ უფალი ანუგეშებს: "მე ვიქნები შენთან". მოსეს უფრო მეტის ცოდნა სურს - ცოდნა არა ცოდნისთვის, არამედ თვისტომთა დასარწმუნებლად, რომ მან ნამდვილად მათი მამა-პაპის ღმერთი იხილა. მოსე ხომ ორმოცი წელი განშორებოდა ისრაელიანებს. სურს, იცოდეს სახელი უფლისა, რომელმაც თავი აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთად გააცნო. პიროვნულ ღმერთს, რომელმაც მოხედა თავის ერს და მისი ხსნისთვის მოსე აირჩია, უნდა ჰქონდეს სახელი, რომ ხალხმა ახსენოს, როგორც ეგვიპტელები ახსენებენ თავიანთ ღმერთებს. მაშინ უფალი უცხადებს თავის სახელს: "მე ვარ, რომელიც ვარ" და ეუბნება: "ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც არის, მგზავნის თქვენთან".
"მე ვარ" - ეს უფლის არსობრივი სახელია. შემოქმედი აცხადებს თავის უპირველეს ატრიბუტს - არსებობას. ის არსებობს, როგორც აბსოლუტური არსი, რომლის არსებობის მიზეზი თავად მასშია. ის არსებობს - ღვთის არსებობის მარადიულობაზე მიუთითებს. რაკი ეს ღვთის საკუთარი სახელი იყო და მისი გამოთქმა ადრიდანვე აიკრძალა, ამიტომ მის ნაცვლად ბერძნულ თარგმანში ყველგან იკითხება "კვირიოს" - უფალი. ასევეა გადმოსული ქართულ ენაშიც. უფალი ღვთის სახელად არის დამკვიდრებული, მაგრამ მასში ვეღარ ამოვიკითხავთ "არსებობის" სემანტიკას.
მოსე ცდილობს, თავიდან აირიდოს ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოყვანის უმძიმესი მისია, რადგან იცნობს თვისტომთა ხასიათს - ისინი ჯიუტები და ურწმუნოები არიან. მაშინ უფალი სამ სასწაულს აძლევს.
კვერთხი მოსეს ხელში გველად იქცევა, რაც, წმინდა კირილე ალექსანდრიელის განმარტებით, სიმბოლოა ადამის სამოთხიდან განდევნისა. კვერთხის მიწაზე დაგდება სწორედ ადამის დაცემას გამოხატავს. მოსე გველს კუდით იყვანს. ეს ნიშნავს, რომ კაცთმოყვარე უფალმა არ მიატოვა დაცემული ადამი - საკუთარი ჯვარცმით გამოისყიდა მისი ცოდვა და სამოთხეში დააბრუნა. გველის კუდით აყვანა კი მოასწავებს ღვთის განგებულებას, ბოლოდან თავამდე - მთლიანად განწმინდოს კაცობრიობა.
მეორე სასწაულიც ადამის ედემის ბაღიდან განდევნას და უფლის მიერ უკანვე დაბრუნებას გამოხატავს - მოსეს ხელს უცაბედად კეთრი შეეყრება და ასევე უცაბედად განეშორება.
მესამე სასწაული უფალმა ნილოსის წყალზე აღასრულა, რომელიც ხმელეთზე დაღვრისას სისხლად იქცა. მიწა სიმბოლოა განკაცებული მაცხოვრის სხეულისა, რომლის გვერდიდან ჯვარცმის შემდეგ სისხლი და წყალი გარდმოედინა.
ამ სასწაულებით გამხნევებული მოსე უფლის ბრძანების აღსრულებას შეუდგება. ეგვიპტეში მისი ხელით ღმერთი მრავალ სასწაულს აღასრულებს, რათა დაარწმუნოს რჩეული ერი, რომ ის ყოვლადძლიერი ღმერთია და გაჰყვნენ მის მიერ გამოგზავნილ წინამძღოლს - მოსეს. მეწამული ზღვა სასწაულებრივად განვლო ისრაელმა - უფალმა შუაზე გააპო წყალი და რჩეული ერი უვნებლად გაიყვანა.
უფალი ისრაელს კვლავ სინას მთაზე ეცხადება, სადაც მოსემ შეუწველი მაყვალი იხილა. ამჯერად მასშტაბი გამოცხადებისა გრანდიოზულია - თითქოს იწვის მთელი მთა, რომლის ძირშიც რჩეული ერი შეკრებილა. ხალხს ხმაც ესმა, მაგრამ ეს იყო "გრგვინვა და მეხისტეხა", "საყვირის ხმა ძალზე ძლიერი". მთა, რომელზეც უფალი ჩამობრძანდა, ჰგავდა ვულკანს ამოფრქვევის შემდეგ: "ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან მასზე იყო ჩამოსული უფალი ცეცხლის ალში. როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი, და ძლიერად ირყეოდა მთა". მოსე ადის მთის წვერზე, შედის ნისლში და დგას უფლის პირისპირ.
წმინდა გრიგოლ ნოსელის განმარტებით, სინას მთაზე ასვლისას მოსე ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევდა სულიერ სრულყოფილებას, სანამ მწვერვალზე ღვთის პირისპირ არ მოექცა. ყოველი ნაბიჯი მოსეს თანდათან აღამაღლებდა საკუთარ თავზე. ნისლი კი ღვთის შეუცნობლობის სახეა.
ღრუბელს ორგვარი სახე აქვს ძველი აღთქმის სიმბოლიკაში: ის ფარავს ღვთის საიდუმლოს, მაგრამ ამავე დროს ამხელს ღვთის მყოფობას. ღრუბელი, რომელშიც მოსე შევიდა, უფლის საიდუმლო სახეა. იგი ხალხის წინამძღოლიცაა - ეგვიპტიდან გამოსვლის დღიდან სვეტის სახედ გზას უჩვენებდა ებრაელ ხალხს. ის თავიდანვე "ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკებს შორის. და იყო ღრუბლად და წყვდიადად ეგვიპტელთათვის, ისრაელს კი ღამეს უნათებდა". აქედან ნათლად ჩანს, რომ ღრუბლის სვეტი და ცეცხლის სვეტი ერთი და იმავე მეტაფიზიკური არსის სხვადასხვა გამოვლენაა რეალობაში. ღამით უხილავი ღრუბლის სვეტი დღისით ხილულია, ხოლო დღისით უხილავი ცეცხლის სვეტი ღამით ხილული ხდება.
სინას მთაზე უფალი მოსეს ქვის ორ ფილაზე დაწერილ ათ მცნებას გადასცემს - მათ მიხედვით უნდა იცხოვროს რჩეულმა ერმა, რომ მომზადდეს წიაღი, საიდანაც იშვება ძე ღვთისა, რათა გამოისყიდოს კაცობრიობა სიკვდილის მეუფებიდან და დააბრუნოს მამის წიაღში - ცათა სასუფეველში.
რჯულის მიღების შემდეგ კვლავ ღრუბლის სახით ეცხადება უფალი ისრაელს. ახალაგებული კარავი, რომელიც ისრაელიანთა პირველ დაძვრას უკავშირდება, ღრუბელში ეხვევა. უფლის მყოფობის ნიშნად სავანე ღრუბლით ივსება და მოსეც, როგორც სინას მთაზე ათი მცნების მისაღებად, ახლაც შედის ღრუბლით დაფარულ კარავში.
ღრუბელი, გარდა უფლის მყოფობისა და დიდებისა, ღვთის ნებასაც გამოხატავს. თუკი კაცობრიობის ისტორიაში ოდესმე დამყარებულა თეოკრატია, როცა ადამიანი უსიტყვოდ ემორჩილება ღვთის აბსოლუტურ ნებას, - ეს ისრაელის აღთქმული ქვეყნისკენ სვლისას მოხდა, როცა თვით უფალი ღრუბლის სვეტით უჩვენებდა მათ გზას თვალუწვდენელ უდაბნოში. ამრიგად, ისრაელის ბანაკის მოძრაობა მთლიანად ღრუბლის სვეტის მოძრაობაზე იყო დამოკიდებული.
წმინდა წერილიდან ნათლად ჩანს, რომ ღრუბლისა თუ ცეცხლის სვეტი, ისევე, როგორც მთა და კიბე, ანუ ყოველი ვერტიკალური საგანი - ზეციურ და მიწიერ სამყაროთა კავშირის გამოხატულებაა.
სტატიის ავტორი:
თინათინ მაჭარაშვილი