შემოქმედი მუდამჟამ მზადაა, თავისი ნათლით, ზეციური სამოსით შეგვმოსოს, მაგრამ ჩვენ ხშირად მიწიერ, ცოდვით დაბინძურებულ სამოსელს ვამჯობინებთ მის სიწმინდეს
07.08.2008
არსებობს დროებითი, ხილული სიბნელე, რომელიც ხორცის კვდომასთან ერთად ილევა და ქრება, მაგრამ არის ისეთი სულიერი, უხილავი სიბნელე, რომელიც ხორცში იწყება
და მისგან გაყრის შემდეგაც მარადიულად განაგრძობს ყოფიერებას. როგორც თვალების გარეშეა შეუძლებელი აღვიქვათ და შევიგრძნოთ გარედან შემოსული ნათელი, გავარჩიოთ ფეროვნება, შევამჩნიოთ ესა თუ ის საგანი, ასევე მოკლებულია სულისმიერი თვალი - გონება ყოველგვარ ნათელსა და ჭეშმარიტ ფასეულობას უფალთან ერთობის გარეშე. "როგორც ყველაზე ჯანმრთელ თვალს არ ძალუძს, ხედავდეს, თუ რაიმე სხივით არ არის განათებული, ვერც ადამიანი შეძლებს, რაც არ უნდა პატიოსანი იყოს გარეგნულად, ღვთის მადლის გარეშე ცხოვრება სათნოდ განვლოს" (ნეტარი ავგუსტინე).
სულის სიფაქიზე, მგრძნობელობა და შორსმჭვრეტელობა შეუძლებელია, თუ იგი დღითი დღე არ იწმინდება ცოდვისმიერი ჭუჭყისა და სიბილწისაგან, რადგან ცოდვა შავი ნიღაბივით ეფარება და აბნელებს გონებას, აუხეშებს და აქვავებს გულისმიერ შემეცნებასა და ლმობიერებას. თვალისმიერი სიბრმავისგან განსხვავებით, გონებით ბრმასა და უმეცარს ჰგონია, რომ ხედავს და თანაც ყველაზე უკეთესად, ამიტომ ხშირად განუკურნებელი რჩება მისი სენი. გააზრებული სულიერი სიბრმავე, მაგრამ სინანულსა და ღვთის სასოებასთან შედუღებული, სჯობს ფუჭი და ლიტონი გონებით თითქოსდა მხედველ სულს. საბრალოა უსინათლო, მხედველობადაკარგული ადამიანი, მაგრამ მასზე გაცილებით საბრალოა ისეთი ბრმა, რომელსაც არ სურს, დაინახოს, რადგან ჰგონია, რომ მასში არსებული სიბნელეა ნათელი.
სული მაშინ იწყებს უფლისკენ სწრაფვასა და წინსვლას, ძიებას მისი გზებისას, როცა საბოლოოდ აღიარებს საკუთარ უძლურებას, მთელი გულითა და სულით მოიძაგებს ბოროტებას, უარყოფს მას საკუთარ "მე"-ში, განარჩევს ღვთისა და ბოროტის ხმას მადლისმიერი შემწეობით, დაუკვირდება და ყურს დაუგდებს კარნახს სინდისისას, მოუსმენს და დაემორჩილება მის კურთხევას. ყოველივე ამას უდიდესი თავგანწირვა და სიყვარულით ნასაზრდოები მოწამეობა სჭირდება, რაც, უპირველესად, საკუთარი ცხოვრების უფლისადმი მიძღვნაში ვლინდება. ხსოვნა უფლისა საწინდარია ყოველი სიკეთისა, რომელიც, როგორც ყველა სხვა დანარჩენი სათნოება, ღვთითვეა შესაძლებელი.
გამუდმებული, დაუღალავი იძულება სჭირდება ჩვენს ცოდვილ "მე"-ს, რათა ცოდვის ჭაობში ჩაფლული, დაცემული ბუნება ღვთიურ დღის ნათელს მიემთხვიოს. ღვთაებრივი მადლის მოხვეჭის გარეშე შეუძლებელია შეიგრძნო ქრისტიანობის არსი, მისი სიღრმე, ძლიერება და სიდიადე. სულიწმინდა მაცხოვნებელი ნიჭებისა და ტკბილი, ზეციური ნაყოფის მომნიჭებელია. ის ყველას თავისკენ იზიდავს, მაგრამ ძალდატანებით არავის იკრავს, "როგორც მაგნიტი, რომელიც ყველაფერს არ იზიდავს, რასაც უახლოვდება, არამედ - მხოლოდ რკინას. უფალიც, თუმცა ყველას უახლოვდება, მაგრამ მხოლოდ იმათ იზიდავს, ვისაც ეს შეუძლია და მადლით ძეობას (ანუ საკუთარი ნებისა და გრძნობების თანხმობას) გრძნობს უფალთან, რომელსაც ყველას ცხონება სურს" ("სულიერი მდელო").
ერთგულება ღვთისა ის უდიდესი ნიჭია, რომელიც შემოქმედის მარადიულ ხსოვნას შობს, მოკვდავს - უკვდავად და ხორციელს ანგელოზად აქცევს მიწაზევე.
უფლის შვილობა, რწმენის სიმტკიცე - ლოცვაში შობილი კეთილი საქმეებითაა შესაძლებელი. რამდენადაც ვლოცულობთ და ამავე დროს გვჯერა ჩვენი ლოცვისა, იმდენად ვაჯერებთ უფალს და ვუხმობთ ჩვენთან ერთობისა და მეგობრობისთვის. შემოქმედი მუდამჟამ მზადაა, თავისი ნათელით, ზეციური სამოსით შეგვმოსოს, მაგრამ ჩვენ ხშირად მიწიერ, ცოდვით დაბინძურებულ სამოსელს ვამჯობინებთ მის სიწმინდეს. ნათელს გავურბივართ და, ღამის ბინადრების მსგავსად, ბნელ სოროებში ვაგრძელებთ ცხოვრებას. მხოლოდ ადამიანს თუ შეუძლია, დაივიწყოს და მიატოვოს უფალი, უფალს კი - არასოდეს! მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, შორს ვიყოთ ღვთის სულისაგან, სულიწმინდას კი - არასოდეს!
მთელი ჩვენი სიცოცხლე ნათელთან მიახლებაა, მისკენ სიარულია. ზოგი მეტ მანძილს გადის, ზოგი კი ნაკლებს - ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გვიყვარს უფალი, რამხელა შემართებას, სიმტკიცეს, მოშურნეობასა და ძალისხმევას გამოვავლენთ და გავიღებთ მისთვის. ცხოვრება დაუსრულებელი გზაა, რომელიც შეუძლებელია წაბორძიკების, დაცემის, ტკივილისა და განსაცდელის გარეშე განვვლოთ, მაგრამ როგორც შორ გზაზე მიმავალი მგზავრი აუცილებლად ჩამოჯდება, დაისვენებს და ძალების მოკრების შემდეგ კვლავ განაგრძობს სიარულს, ვიდრე დასახულ ქალაქს არ მიაღწევს, ჩვენი თითოეული შეფერხებაც სულიერ გზაზე საბაბი და საშუალება უნდა იყოს სულიერი ძალების მოკრებისა და განახლებული, მტკიცე შემართებით კვლავ ღვთისკენ სიარულისა, რადგან ერთია გზა ზეციური იერუსალიმისა, ერთია ჭეშმარიტება განმაბრძნობელი ყოველთა და ერთია სიცოცხლე მომნიჭებელი მარადიულობისა - მამა, ძე და სულიწმინდა, რომლის სუფევასაც არა აქვს დასასრული აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!