ასევე ღრმად სამოძღვრებოა ჩვენთვის უფლის მიერ ბრმებისთვის ნათქვამი: "სარწმუნოებისა თქვენისაებრ გეყავნ თქვენ!" და მათი სნეულებაც განკურნა. ამ სიტყვებით უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტება განგვეცხადება - ყოველი კეთილმოქმედება და ნებისმიერი სრულყოფილი ნიჭი ზეგარდმო მოგვემადლება ნათლის მამისგან და მიიღება ჩვენს მიერ ჩვენი რწმენისაებრ. ღვთის მადლი ყოვლადუხვია, მას მუდამ სურს გადმოგვიღვაროს თავისი ნიჭნი, რამეთუ იგი - სიყვარულია, ყოვლადბრძენი სიყვარული; ამ სიბრძნის ძალით უდროოდ და განურჩევლად არ გადმოუღვრის ადამიანებს ნიჭთ, რათა უაზროდ არ გავფლანგოთ და უფრო არ დავაშავოთ მის წინაშე. სურს, ყველაზე მეტად სწორედ მასთან, ერთთან, ჩვენს შემოქმედ ღმერთთან ვიყოთ რწმენითა და სიყვარულით. ის ჩვენი რწმენის ზომისაებრ და მისდამი სიყვარულში ჩვენი მგზნებარების კვალობაზე გვანიჭებს საბოძვართ. აბა, შეხედეთ ყოველთა მორწმუნეთა მამას - აბრაჰამს: როდის გადმოაღვარა უფალმა ღმერთმა მას ყოველნი კურთხევანი თვისნი? მაშინ, როდესაც მისი რწმენა, მრავალგზისი და ხანგრძლივი შეცდომის შემდეგ, იმდენად დიდი შეიქნა, რომ არ შერყეულა იმ დროსაც კი, ოდეს ებრძანა, მსხვერპლად შეეწირა თავისი მხოლოდშობილი უსაყვარლესი ძე - ისააკი.
უფლის წყალობა საქმით, ქმედითად აღესრულება არა მხოლოდ სულიერ საბოძვართა და ზეციურ სიკეთეებთან დაკავშირებით, არამედ ქვეყნიურ კურთხევათა მიმართაც. საღმრთო წერილში ნათქვამია, რომ მართალი მორწმუნისთვის მთელი ქვეყანა სიმდიდრეა, ხოლო ურწმუნოსთვის - ფულიც, ოქროც სიცარიელეა. მაგრამ საღმრთო წერილის ეს სიტყვა ყოველთვის როდი სრულდება - რამდენი ცხოვრობს რწმენისა და კეთილმსახურების გარეშე, მაგრამ მაინც მდიდარია! ამავე დროს, მრავალი მართალი მორწმუნე და კეთილმსახური მოკლებულია სახსარს. ღმერთის სული არ გვეცრუვების - განა ჭეშმარიტად დატკბებიან თავიანთი სიმდიდრით ურწმუნოთა გულები? განა ძალუძს ქვეყნიურ სიმდიდრეს, განხრწნადსა და წარმავალს წმინდა და მტკიცე სიხარული მოუტანოს უკვდავ სულს, რომლის სურვილებიც იმდენადვე შეუზღუდავია, რამდენადაც დაუსრულებელი და უსაზღვროა მისი არსებობა?! ხოლო განა სიკვდილი საუკუნოდ არ ართმევს ყველას ქვეყნიურ სიკეთეთ?!
და პირიქით, ჭეშმარიტად მორწმუნე და კეთილმსახური ქვეყნიური სიმდიდრის უქონლადაც წმინდა, უზაკველი გულით დატკბება ამა ქვეყნის ყველა იმ სიკეთით, რომელთაც უფალი უხვად გადმოღვრის თავის ქმნილებაზე; ხოლო როცა უფალი სიმდიდრითაც აკურთხებს მის პატიოსან შრომას, მიიღებს და ჯეროვნად გამოიყენებს მას, როგორც მისთვის მინდობილ წინდს მოყვასთა საკეთილდღეოდ, ქველმოქმედებისთვის. ჭეშმარიტად ბედნიერია ის, ვისაც რწმენისა და კეთილმსახურების საუნჯენი მოუხვეჭია.
განრღვეულის განკურნების ამბავი იმასაც გვასწავლის, რომ ცოდვათა მისატევებლად აუცილებელია გულწრფელად, შეგნებით გვწამდეს ქრისტე-მაცხოვარი. მისი ყოვლისგანმკურნავი საღვთო ძალა და მტკიცე სასოებაც გვქონდეს მისი მოწყალებისა (მუხლი 2). იესო ქრისტე ცოდვილთა დასახსნელად მოვიდა ამქვეყნად, თუკი ისინი გულწრფელად მოინანიებდნენ, შეიცნობდნენ ცოდვათა სიმძიმეს, იურვებდნენ მათ გამო და ისე აღიარებდნენ სულიერი მოძღვრის წინაშე, როგორც უფალი ღმერთის წინაშე და ნამდვილი განზრახვაც გაუჩნდებათ გამოსწორებისა და უცოდველობისა.
სამოძღვრებოა ჩვენთვის ისიც, რომ იესო ქრისტე ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ განრღვეულის, არამედ მისი ახლობლების რწმენასაც, რომელთაც იგი საკაცით მიიყვანეს იესოსთან. სწორედ მათმა რწმენამ განაწყო მაცხოვარი იმისთვის, რომ თავისი საკვირველმოქმედი წყალობა აღმოეჩინა ტანჯულისთვის. ამის მსგავსად ჩვენც, თავად აღსავსენი უფალ იესო ქრისტეს რწმენით, შეძლებისდაგვარად უნდა ვზრუნავდეთ ახლობელთა ჭეშმარიტი მორწმუნეობისთვის. ეს დაგვეხმარება, მარადის აღვსილნი ვიყოთ რწმენით და სრულვყოფდეთ ჩვენს არსებაში კეთილმსახურებას, ღვთისმოშიშებას, იმაშიც შეგვეწევა, რომ რწმენის მიერ მოვიპოვებდეთ კეთილმოწლეობასა და მოწყალებას უფლისგან. აკი მაცხოვარი ამბობს: "სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე 18,20). განრღვეულის განკურნების მაგალითშიც ჩვენთვის შთადებულია ის შეგონება, რომ მარადის ვლოცულობდეთ ერთმანეთისთვის, ვლოცულობდეთ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლებისა და მეგობრებისთვის, რომლებიც უკვე მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ამა სოფლად ილოცონ საკუთარი თავისთვის.
ცნობილია, რომ კეთილმსახური დედა მონიკა მხურვალედ ლოცულობდა თავიის ძის ავგუსტინესთვის, რომელიც სიჭაბუკეში მანიქეველთა მწვალებლობაში ჩაფლულიყო; დედის მხურვალე, ცრემლიანი ლოცვები შეისმინა ღმერთმა - ნეტარი ავგუსტინე მოიქცა, მართლმადიდებლობაში დაბრუნდა და ეკლესიის დიდი წმინდა მამა შეიქნა.
ერთ მონასტერში, სადაც, წმინდა მამათა ტიბიკონით, ძმებს არაფერი საკუთარი არ უნდა ჰქონოდათ, მავანი ბერი სიკვდილამდე მალავდა თავის სენაკში ოქროს. როცა მოკვდა, წმინდა გრიგოლ დიოლოგოსმა ბრძანა, მონასტრის სასაფლაოს გარეთ დაემარხათ, ხოლო ოქროს ფული საფლავზე მიმოებნიათ. მაგრამ როცა ჩაუფიქრდა გარდაცვლილის სულის ტანჯვას საიქიო სამყაროში, წმინდა გრიგოლმა ბრძანა, ოცდაათი ლიტურგია აღესრულებინათ მისი სულის საოხად, ხოლო ძმებს უბრძანა, ელოცათ მისთვის. როცა ყოველივე ეს აღასრულეს, გარდაცვლილი თავის ღვიძლს ძმას გამოეცხადა და უთხრა: - აქამდე სასტიკად ვიტანჯებოდი, აწ კი კარგად ვარ და ნათელში ვიმყოფებიო. გარდაცვლილის ძმამ ბერებს აუწყა თავისი ხილვის შესახებ და ყველანი დარწმუნდნენ, რომ შესვენებული გათავისუფლებულ იქნა სატანჯველთაგან მისთვის მოტანილი მაცხოვნებელი მსხვერპლის გამო.
ლევან მათეშვილმა