"ხოლო დღის ამისთვისა და ჟამისა", - გააგრძელა უფალმა საუბარი მოწაფეებთან, - ქვეყნის ბოლო დღესა და ჟამზე "არა ვინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა", რომლებიც, თუმცაღა აღწევენ ღვთის საიდუმლოებებში, მაგრამ არ იციან ის, რაც მათთვის არ არის გახსნილი, არც ძემ იცის, "გარნა მამამან ჩემმან მხოლომან". ეს დღე და საათი დაფარულია ისეთი საიდუმლოთი, რომ თქვენ არა მარტო არ გევალებათ მისი ცოდნა, არამედ ამისი კითხვაც კი. ყოველგვარი ცნობისმოყვარეობა აქ უადგილოა. თქვენთვის საკმარისია ის ნიშნები, რომლებიც ჩემგან მოგეცათ. დროისა და წლების განსაზღვრა თქვენი საქმე არ არის, იგი ჩემმა ზეციურმა მამამ თავის ნებაში მოაქცია. უფალი სამსჯავროს დროზე იმიტომ გაჩუმდა, რომ არ იყო ხალხისთვის სასარგებლო ამისი მოსმენა, რადგან მუდმივი მოლოდინი ადამიანს ხდის უფრო მოშურნეს ღვთისმოსაობაში, იმის ცოდნა კი, სამსჯავრომდე ჯერ კიდევ დიდი დროაო, უფრო გააზარმაცებდა, დააიმედებდა, შემდგომში მონანიებით შეიძლება გადარჩენაო (წმიდა ბასილი დიდი). განა შეიძლება, ყოველივეს წინასწარმხედველს არ ცოდნოდა ის დრო-ჟამი? წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ მოციქულმა იცრუა: "რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი" (კოლ. 2,3). ძემ იცოდა, როგორი სახით უნდა განსჯილიყო, იცოდა საიდუმლო თითოეულისა და ეს არ ეცოდინებოდა? თუკი "ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რა იქმნა, რაოდენი რა იქმნა" (ინ. 1,3), განა შეიძლებოდა, ეს დღე არ სცოდნოდა? რადგან თუ მან შექმნა საუკუნეები, შექმნა დრონიცა; და თუ შექმნა დრონი, უდავოა, რომ შექმნა დღეც. როგორ შეიძლება არ იცოდეს ბოლო დღე ძემ, რომელიც მუდამ იმყოფება მამის სამყოფელში, მით უფრო, რომ შეცნობა არსისა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე შეცნობა დღისა. ყველასათვის ცხადია, - ამბობს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, - რომ ძემ იცის, როგორც ღმერთმა, მაგრამ, როგორც ადამიანი, თავის თავს მიაწერს უცოდინრობას. იესო ქრისტემ ინება და მიაწერა უცოდინრობა თავის ადამიანურ ბუნებას, თორემ თავისთავად მისი ადამიანური ბუნებაც მცოდნეა ამ დღისა, რადგან საღვთო ბუნებით არის გამდიდრებული. ზოგადად, ადამიანური ბუნება უცოდინარია, მაგრამ განკაცების შემდეგ არ შეიძლება ერთმა პიროვნებამ (ჰიპოსტასმა) რაიმე იცოდეს (თუნდაც საღმრთო ბუნებით) და იმავე დროს არც იცოდეს (ადამიანური ბუნებით). იესო ქრისტე ერთი პიროვნებაა - სრული კაცი და სრული ღმერთი და მისთვის რაღაცის ცოდნა და იმავდროულად არცოდნა - შეუძლებელია.
იესო ქრისტე საბოლოო დღეზე გაჩუმდა არა უცოდინრობის გამო; ამის დასტურად იგი გვიხსნის თავისი მოსვლის ახალ ნიშნებს: "ვითარცა იგი დღეთა მათ ნოესთა", ასევე უცაბედად, მოულოდნელად "იყოს მოსლვაი ძისა კაცისა, რამეთუ ვითარცა იგი იყუნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით-რღუნისა", როგორც მაშინ ეწეოდნენ ჩვეულებრივ ცხოვრებას, რომ თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ უნდა მომხდარიყო, ცხოვრობდნენ უზრუნველად, "ჰსჭამდეს და ჰსმიდეს, იქორწინებდეს და განქორწინებდეს, მუნ იმ დღემდე, ვიდრემდე შევიდა ნოე კიდობნად", როგორც მაშინ არავინ ფიქრობდა მომავალზე, არ მოელოდა არავითარ საშიშროებას; თუმცა კი უნდა ეფიქრათ, რადგან ნოე უქადაგებდა მომავალ ღვთის რისხვაზე თვით კიდობნის შენებით, მაგრამ ამას არავინ მიაქცია ყურადღება: "და ვერ ჰსცნეს", ხოლო ზოგიერთები დასცინოდნენ კიდეც კიდობნის კეთებას, "ვიდრემდე მოიწია წყლით რღუნა იგი, და წარიღო ყოველი, ესრეთ იყოს მოსლუაცა ძისა კაცისა", იქნება ისეთივე უზრუნველობა, განცხრომა, ურწმუნოება, გარყვნილება, როგორიც იყო ნოეს დროს: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ და ყიდდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ, მაგრამ როგორც იმ დღეს, როცა ლოთი გამოვიდა სოდომიდან, წამოვიდა ზეციდან ცეცხლის წვიმა და ყველა გაანადგურა, ასევე მოხდება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა მოგვევლინება, - იესო ქრისტემ ეს თქვა იმის დასტურად, რომ იგი მოვა უცაბედად, მოულოდნელად, როცა უმეტესობა ხალხისა ქვეყნიერ სიამეში იქნება ჩაძირული (წმიდა იოანე ოქროპირი). ამ დროს დასრულდება თუ აღესრულება დროც და იქნება სხვა სამყარო, სხვა ადამიანები (თვისობრივად) სხვა დედამიწა და მარადისობა.
ლევან მათეშვილმა