ნურავინ შეეცდება თავის მართლებას არცოდნის მომიზეზებით
07.02.2008
არსებობს უმეცრება, რომელიც ცოდნის მიღებისა და განსწავლის გზაზე გამუდმებით თან სდევს ადამიანს. ეს ბუნებრივიცაა და აუცილებელიც, რადგან შემართებასა და ინტერესს აცოცხლებს ჩვენში.
მაგრამ არსებობს ისეთი არცოდნა და შემეცნებითი სიმწირეც, რომელიც ცოდვისა და უცოდინარობის სურვილისგან მომდინარეობს და ყველაზე საშიში და დამღუპველია ადამიანისთვის. შემეცნების გზაზე უცდინარობა აღმოიფხვრება და დაუღალავი ღვაწლის შედეგად უდიდეს სიბრძნედ გადაიქცევა, ხოლო ცოდვისა და უმეცრების სურვილის გზაზე დარჩენილი არცოდნა ჯოჯოხეთისა და ბნელეთის კარის შემღებია - როგორც აქ, დედამიწაზე, ისე მომავალ საუკუნო სიცოცხლეში.
უდიდესი წმინდა მამა მარკოზ განშორებული ღვთივშემეცნებითა და სულიერებით გვმოძღვრავს და შეგვაგონებს, რომ "თითოეული ადამიანის უნებლიე ცოდვა მისი განზრახული, წინმსწრები ცოდვის შედეგია, საფასურია. საკუთარი განზრახვითა და ნება-სურვილით აღსრულებული ცოდვები შენში ტოვებენ კვალს სიბინძურისა, რომელიც შემდგომ ნიადაგი ხდება მასზე აღმოცენებული მრავალი ცოდვისა. შესაძლოა გძულდეს ესა თუ ის ცოდვა, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზები კვლავ ძლიერ გიყვარდეს. სწორედ ეს ნებსითი მიზეზებია შენში საძირკველი უნებლიე ცოდვისა. ღვთის წინაშე აღასრულე ის სათნოება, რაც იცი და უთუოდ მიხვალ იმის ცოდნამდეც, რაც არ იცი. ამით კი შენში დაიძლევა და განქარდება სიცარიელე შემეცნებისა".
ნურავინ შეეცდება თავის მართლებას არცოდნის მომიზეზებით, რადგან ეს ცოდვითა და უკეთურებით თავის მართლების ტოლფასია. რომ მოგესმინა, დაგეჯერებინა ღვთის ხმისთვის - სინდისისთვის, ჭეშმარიტებასა და ცოდნას მოიპოვებდი.
ძალზე ხშირად არათუ არ გვსურს, გამოვსწორდეთ და დავძლიოთ ცოდვა, არამედ იქამდეც კი ვკადნიერდებით, რომ ვცდილობთ, საკუთარი უვარგისობა და ნაკლი საღვთო სიტყვის სიწმინდითა და სიბრძნით, წმინდა წერილის სიმართლითა და მეცნიერებით დავფაროთ. სწორედ ეს არის ეშმაკის საქმე, ბოროტის მანქანებაა არსგამოცლილი, უსიყვარულოდ დანახული წმინდა წერილი.
ზოგი მემთვრალეობასა და ნაყროვანებას წმინდა მეფე დავით მეფსალმუნის სიტყვებით ამართლებს: "ღვინო ახარებს გულსა კაცისასა და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს". ამ საოცარ საგალობელში უფლის საყვარელმა წინასწარმეტყველმა ზიარების უდიდესი სიხარული განჭვრიტა, მომავალში ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად გარდაქმნილი, გადაქცეული პური და ღვინო - სიტკბო ვაზისა, რომელიც ჭეშმარიტად ზეციურ სიხარულს ანიჭებს მისით განღმრთობილ ადამიანს.
საშიშია და უბედურებაა ცოდვა, მაგრამ მასზე აღმატებული და დამღუპველია მისი არდანახვა და სიბრმავე, ეშმაკის საქმე ხომ ბოროტებისა და სიბილწის სიწმინდით დაფარვის გზით გამართლებაა.
გონიერი, მოაზროვნე და თვითუფლებრივი ქმნილებისთვის არაფერია შემთხვევითი და უნებლიე. ყოველ ქმედებას, მოვლენასა და საქციელს მისი გამომწვევი მიზეზები აქვს: სიკეთეს სიხარული და მადლი მოჰყვება, ბოროტებასა და სიძულვილს - მწუხარება და ვაება. თითოეული აზრი, განზრახვა და ქმედება ურთიერთისგან გამომდინარეობს და იშვება. საღვთო სიხარულსა და იმედს ჩვენში შესაბამისი მდგომარეობა და განწყობა შემოაქვს. რამდენჯერაც გაგვახსენდება აღსრულებული სიკეთე, იმდენჯერ იფიქრებს მასზე გონება. შესაძლოა, სულაც არ გვინდოდეს ამაზე გონების მიჯაჭვა, მაგრამ ჩვენდა უნებურად ნამოქმედარი თავისკენ გვიზიდავს. მიზეზი საქმეა, შედეგი კი მისთვის გონების მიდევნება.
ასევეა ცოდვასა და მისით აღსრულებულ ყოველ ქმედებასთან დაკავშირებით. როდესაც ფესვები ცოდვით გვაქვს მოწამლული, როგორც არ უნდა გვინდოდეს, მწარე ნაყოფს მაინც ვერ ავცდებით, რომელიც გვეზიზღება და გვძულს, უნებლიესა და შეთხვევითს ვუწოდებთ (რაც უმართებულოა), სინამდვილეში კი შედეგია ჩვენი არასწორი, ცოდვილი ცხოვრებისა. გახრწნილ ლეშს ოთახიდან კი გაიტან, მაგრამ მისი უსიამოვნო სუნი დროებით მაინც დარჩება. ან პირიქით: ოთახს გავანიავებთ, მაგრამ ჰაერი კვლავ დაბინძურდება, თუ მოწამვლის გამომწვევ მიზეზს კვლავ ოთახში დავტოვებთ. ცოდვა კვალს ყოველთვის ტოვებს და მხოლოდ მისი აღმოფხვრით არის შესაძლებელი მიზეზის აღმოფხვრა და განქარვება.
"უმეცრება სიზარმაცეს, გულმავიწყობასა და მოწყინებას უკავშირდება. ეს სამი ვნება ერთმანეთთთან არის თანშეზრდილი და ურთიერთისგან ნასაზრდოები. მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გონების სიფხიზლე, ზედამხედველობა და კეთილგონიერებაა აუცილებელი. დაუპირისპირე ცოდვის სამეულს (უმეცრებას, სიზარმაცესა და გულმავიწყობას) კეთილი მეხსიერება - წყარო ყოველგვარი სიკეთისა, გასხივოსნებული, ღვთით განათლებული ცოდნა და გამორჩეული შემართება, სიმხნევე და კეთილმზაობა, რომლებიც ცხონებისკენ წარმართავს სულს" (წმინდა მარკოზ განშორებული).
ქრისტეს განკაცებისა და ამქვეყნად მოსვლის შემდეგ აღარ არსებობს სიბნელე უმეცრებისა, მიზეზი გონების მიძინებისა, რადგან დამარცხებულია საკაცობრიო ძილი, მოდუნება, მოშვებულობა, მიწიერი სიბრძნე და აზროვნება. მაცხოვრის შემდეგ ბრიყვი, უმეცარი ქადაგებს, ამა სოფლის ბრძენი კი დუმს. ცრუა სწავლება, მეცნიერება სოფლისა, რადგან თავად ცრუა მთავარი მისი - ეშმაკი. ჭეშმარიტი სიბრძნე მარადიულია, უკვდავია, მასში არ შეიძლება არსებობდეს წვეთიც კი უმეცრებისა.
როგორც ცოდნა და არცოდნაა ურთიერთსაპირისპირო და ერთიმეორის გამომრიცხველი, ასევე შეუძლებელია სიბნელე და შემეცნების სიმწირე არსებობდეს იქ, სადაც ნათელი, ჭეშმარიტება და ცხონებაა. სახარება სიბრძნისა და სიცოცხლის წყაროა, ვინც გონიერებით ჩაიხედავს მასში, თავისი ცხოვრებით ამოიკითხავს მას, ის დაძლევს და დაამარცხებს უცოდინარობასა და ცოდვით სიბრმავეს. განქარვებულია ჟამი ღამის ბინადრობისა, ღამურობისა და მიწისქვეშა, ქვემძრომი ცხოველების მსგავსი სიცოცხლისა.
ცოდვა მრავალშვილიანი დედაა. მოკალი დედა და მასთან ერთად მისი შვილებიც, მიზეზნი ცოდვისა, განადგურდებიან. როგორც არ არსებობს ნაყოფი მცენარის და შობილი - მშობლის გარეშე, ასევე შეუძლებელია ცოცხლობდეს უმეცრება, თუ ცოდვა მკვდარია ჩვენს სულებში. უმეცრება და სიბრიყვე მხოლოდ ბოროტების აღსასრულებლად არის სასარგებლო. იყავი ბრიყვი ბოროტებაში, სხვათა შეცდომების შემჩნევაში, მეცნიერი და ბრძენი კი სიკეთეში, სათნოებათა მომუშაკებაში. რამდენადაც დავუთმობთ უმეცრებას, იმდენად დავკარგავთ მეცნიერებასა და სიბრძნეს, რადგან დღე ღამის კლებადობის ხარჯზე იზრდება, გულმოდგინება კი სიზარმაცისა. ჩვენი სიკეთეც სრულ იქმნება უმეცრების, უცოდინარობისა და სიბნელის აღმოფხვრის კვალდაკვალ, რათა იდიდოს ქვეყნიერების დაუსაბამო გონი და ნათელი - მამა, მისგან შობილი დაუსაბამო ძე, რომელიც არის სიბრძნე, ძალა და სიტყვა მამისა, და წმინდა სული, ჭეშმარიტი მეცნიერების მადლით აღმავსებელი, მამისგან გამომავალი მარადიული სული, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი - წმინდა სამება, ერთმანეთში მყოფნი და ურთიერთში დავანებულნი, რომელიც მეფობს და მოწმობს ზეცაში, მიწასა და მიწისქვეშეთში და რომლის სუფევასაც არა აქვს დასასრული აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!