717 წელს ბიზანტიის იმპერიის სამეფო ტახტზე ანატოლიის სტრატეგოსი ავიდა. ის წარმოშობით სირიის პატარა ქალაქ გერმანიკიდან იყო. ამ დროისთვის ხალიფატი განვითარების ზენიტში იმყოფებოდა, იმპერია კი შინაური შფოთითა და ღალატით იყო დაუძლურებული. ლეონ III-ს მოუხდა ერთდროულად ყოფილიყო მხედარი და დიპლომატი, ემეთაურა
ცხენოსანი ლაშქრისთვის, მსუბუქი ხომალდებით შებმოდა არაბთა ხომალდებს. აღმოსავლეთში გაზრდილი კარგად იცნობდა მტერს, ეტყობა, არაბულიც იცოდა. არაბებთან ბრძოლაში მოკავშირეებად ხაზარების გამოყენება გადაწყვიტა. 732 წელს ბიზანტიელებმა და ხაზარებმა ურთიერთობა დინასტიური ქორწინებით განამტკიცეს: იმპერატორის ვაჟმა კონსტანტინემ ხაკანის ასული შეირთო ცოლად. 737 წელს ხაზარები ისე სასტიკად დამარცხდნენ, რომ იძულებულნი გახდნენ, მუსლიმანობა მიეღოთ და ხალიფატს დამორჩილებოდნენ. მიუხედავად ამისა, 740 წელს აკროინთან ლეონმა არაბებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. აქედან მოყოლებული ბიზანტიელებმა თანდათანობით დაიწყეს დაბრუნება მცირე აზიისა და სირიის იმ ოლქებისა, რომელნიც არაბებს ჰქონდათ დაკავებული. იმპერიის საზღვრები, რომელიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში ფაქტობრივად მოშიშვლებული იყო, ახლა კარგად დაცული აღმოჩნდა. ამ ბრძოლაში გამარჯვებამ მოკავშირე ხაზართა ბედიც გადაწყვიტა: არაბები იძულებულნი გახდნენ, დაკავებული მიწები დაეტოვებინათ, ხოლო ხაზარები მამაპაპეულ სარწმუნოებას დაუბრუნდნენ.
სამწუხაროდ, ბიზანტიური სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების პროცესის პარალელურად მისი საწინააღმდეგო პროცესიც განვითარდა - წარმოიშვა ახალი ერესი, ხატმბრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის განმავლობაში მძვინვარებდა და მრავალი უბედურებაც დაატეხა თავს ქვეყანას.
724 წელს ზოგიერთმა მცირეაზიელმა მღვდელმთავარმა ხატთაყვანისცემისადმი პროტესტი გამოხატა; 726 წელს კი ახალ მწვალებლობას იმპერატორმა ლეონმაც აშკარად დაუჭირა მხარი.
როგორც ცნობილია, IV-VII საუკუნეების ყველა ერესი - ნესტორისა, მონოფიზიტური თუ მონოთელიტური, ხატთა თაყვანისცემას გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა. ხატთაყვანისცემას კერპთაყვანისცემად მიიჩნევდნენ მუსლიმანებიც, რომელნიც ქრისტიანებს აყვედრიდნენ - ძველი ღვთისმოსაობა და თაყვანისცემა ერთი ჭეშმარიტი ღმერთისა დაივიწყეთ და სამი ღმერთის თაყვანისცემა და კერპების გაღმერთება დაიწყეთო. კერპებს ისინი წმინდა ხატებს უწოდებდნენ. ამ ბოლო ბრალდებას იზიარებდნენ იუდეველები, რომელთაც ქრისტიანების ყოველი შეურაცხყოფა ახარებდათ. შესაძლოა სულიერი ცხოვრებისა და განათლების დაცემის ჟამს ხატები, რომელნიც ძველთაგანვე ყოველი ქრისტიანისათვის მოკრძალებული თაყვანისცემის ობიექტები იყვნენ, გაუნათლებელ ხალხს ზოგჯერ მართლაც გაუღმერთებია, მაგრამ ეკლესიის მამები მსგავს შემთხვევებს არასოდეს ტოვებდნენ მხილების გარეშე და ყოველგვარი ცრურწმენისა და გადახრის წინააღმდეგ ხმას იმაღლებდნენ.
იმპერატორი ლეონ ისავრიელი იმედოვნებდა, რომ ხატების განადგურებით არა მხოლოდ ეკლესიას გაათავისუფლებდა ცრუ რწმენისაგან, არამედ მუსლიმანებსა და იუდეველებსაც ქრისტიანობაზე მოაქცევდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, წმინდა გერმანემ, რომელსაც იმპერატორმა თავისი გეგმა გაუზიარა, მას ჯერ ხატთაყვანისცემის ჭეშმარიტი არსი განუმარტა, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მეფეს, რომელიც თავის აზრზე ჯიუტად იდგა, გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა. მაშინ იგი იძულებული გახდა ხმამაღლა განეცხადებინა, რომ არც მეფესა და არც პატრიარქს ეკლესიის ადათის შეცვლის უფლება არ ჰქონდათ და რომ თვითონ უსჯულო საქმეში მონაწილეობის მიღებას უმალ სიკვდილს ამჯობინებდა. ლეონზე არც პატრიარქის განცხადებასა და არც რომის პაპის პროტესტს გავლენა არ მოუხდენია. 730 წლის 17 იანვარს, სვინკლიტის სხდომაზე, იმპერატორმა უმაღლეს არისტოკრატიას ბრძანებაზე, რომლითაც ხატთაყვანისცემა იკრძალებოდა, ხელის მოწერა შესთავაზა. კონსტანტინოპოლის მამაცმა პატრიარქმა ამაზე ცივი უარი თქვა. იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და შეურაცხყოფილი ქალაქიდან განდევნეს, მის მაგიერ კი პატრიარქად ხატმბრძოლი ანასტასი აირჩიეს. უკვე ღრმად მოხუცი წმინდა გერმანე დევნილობაში აღესრულა და რამდენიმე შესანიშნავი თხზულება დაგვიტოვა.
ბრძანებას ახალი ბრძანება მოჰყვა; ხატები ტაძრებიდან და სახლებიდან უნდა გამოეტანათ და საჯაროდ დაეწვათ. ამ ბრძანებამ ხალხი აღაშფოთა. დაიწყო ძლიერი მღელვარება. სამეფო სასახლის კარიბჭესთან ჯერ კიდევ კონსტანტინე დიდის დროიდან მაცხოვრის ხატი იყო, რომელიც, ახალი ბრძანებით, უნდა გაენადგურებინათ. მეფისგან გაგზავნილმა სამხედრო მოხელემ ბრძანების აღსასრულებლად კიბე მიადგა. იქ შეკრებილი ხალხი თვალცრემლიანი ევედრებოდა, ხელი არ ეხლო ხატისათვის, მაგრამ ამაოდ. ვედრების პასუხად მეომარმა ხატს ჩაქუჩი დაჰკრა. ქალებმა კიბე გადააყირავეს და ხატის შეურაცხმყოფელი სასიკვდილოდ დაშავდა. იფეთქა ამბოხებამ, რომელიც ძალით ჩაახშეს, უამრავი სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ ხალხი მათ ჭეშმარიტების დაცვისათვის წამებულებად თვლიდა. წინააღმდეგობით გაღიზიანებულმა იმპერატორმა მკაცრ ზომებს - ქონების ჩამორთმევას, დატუსაღებას, წამებას მიმართა; ლეონმა ბრძანა დაენგრიათ სასწავლებლები, რომელთა პედაგოგებიც მის შეხედულებას ხატების შესახებ არ იზიარებდნენ. მან კონსტანტინოპოლში უზარმაზარ ბიბლიოთეკასთან ერთად 12 ბიბლიოთეკარი გამოწვა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთმა მათგანმა ხელნაწერებში ხატმბრძოლობის საწინააღმდეგო ადგილებზე მიუთითა. ამგვარმა სისასტიკემ ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ აამხედრა. მღელვარება იმპერიის ყველა მხარეს მოედო. იმპერატორის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ზოგიერთი ეპისკოპოსი მის ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდა, რაც ყველგან ხალხის აღშფოთებას იწვევდა. ღვთის წყალობით, ისეთი ეპისკოპოსებიც გამოჩნდნენ, რომელნიც ძველ წეს-ჩვეულებას და ეკლესიის უფლებებს მტკიცედ იცავდნენ. პაპმა გრიგოლ II-მ რომში ხატმბრძოლობის ერესი განსაჯა და ლეონს მკაცრი წერილი მისწერა. იმპერატორმა მისი გადაყენება გადაწყვიტა, მაგრამ მღვდელმთავარი ხალხმა დაიცვა. მღელვარება მთელ იტალიას მოედო. ბევრ ქალაქში მეფის გამოსახულებანი გაანადგურეს. ხალხი მზად იყო, ახალი იმპერატორი გამოეცხადებინა და ისავრიელს შებრძოლებოდა. პაპებმა - გრიგოლ II-მ და გრიგოლ III-მ ლეონის ქვეშევრდომი იტალიელებისგან გადასახადების აკრეფა შეაჩერეს.
აღმოსავლეთში ხატთაყვანისმცემლობას ძლიერი დამცველი იოანე დამასკელის სახით გამოუჩნდა, რომელიც მთელ ქრისტიანულ სამყაროში ღვთისმოსაობით, განსწავლულობითა და მჭევრმეტყველებით იყო განთქმული. დამასკო, სადაც ხალიფას ქრისტიანი დიდმოხელე იოანე მანსური მოღვაწეობდა, რომთან ერთად ხატთაყვანისცემის ცენტრი გახდა. ხატმბრძოლთა ძირითადი ბრალდება, რომელსაც ისინი ქრისტიანებს უყენებდნენ, კერპთაყვანისმცემლობა იყო. ისინი ასეთ კითხვას სვამდნენ: რას გამოხატავენ ხატები? თუ თავად ღმერთს, ეს წმინდა წერილს ეწინააღმდეგება, რადგან ღმერთი სულია, რომლის გამოსახვა და შეცნობა შეუძლებელია. მაშასადამე, ხატი ღმრთის გამოსახულება კი არ არის, არამედ კერპი. უკეთუ ხატები ქრისტეს, როგორც ღმერთსა და როგორც კაცს, ერთ ხატად გამოსახავენ, ეს მონოფიზიტობაა, რომელიც მაცხოვრის ორ ბუნებას ერთში აერთიანებს, ხოლო უკეთუ ხატები განხორციელებულ ქრისტეს მისი ერთი, მხოლოდ კაცობრივი ბუნებით გამოსახავენ, ეს ნესტორის ერესია, რომელიც ქრისტეს, როგორც კაცს, ღმრთეებრივი ლოგოსისაგან სრულიად აცალკევებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ღვთის ყველა გამოსახულება ერესი და ღვთისგმობაა.
ერეტიკული სწავლების საპირისპიროდ იოანე დამასკელმა ხატსა და მის თაყვანისცემაზე მართლმადიდებლური სწავლება ჩამოაყალიბა, რომლის გადმოცემაც მოკლედ ასე შეიძლება: სამყაროში ყოველივე ხატია, გამოსახულება (ეიკონ); თავად კაცი ხატი და მსგავსია ღმერთისა, ყოველი საგანი კი ხატია იდეისა. ხატსა და პროტოტიპს შორის, მატერიასა და სულს შორის კავშირი არსებობს. უკეთუ ხატმბრძოლნი ამ კავშირს სრულიად უარყოფენ, მაშინ ისინი მანიქეველები ყოფილან, რომელნიც მატერიალური სამყაროს ყოველგვარ ზიარებას ღმერთთან გამორიცხავენ.
ხატმბრძოლობის აზრით, ხატთაყვანისმცემელთა სწავლებით გამოდიოდა, რომ ხატებსა და პროტოტიპებს ერთი არსი უნდა ჰქონოდათ, რაზეც მართლმადიდებლები პასუხობდნენ, რომ ხატსა და პროტოტიპს შორის შინაგანი ერთობაა. მაგალითად, გამოსახულება მეფისა ამავე დროს გამოსახულებაა სამეფო ხელისუფლების იდეისა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მეფის გამოსახულებასა და მეფეს შინაგანი ერთობა აქვთ. ამგვარად, ხატი არის მატერიალიზაცია რეალობისა - ღმრთისა, მატერიალური ასახვა ზეგრძნობადი სამყაროსი. ეს აზრია გამოხატული თეოდორე სტუდიელის დისტიქში:
უმზერ რა ხატებს, შენ სწვდები
გამოუთქმელ სანახაობას ზეცისა.
ამასთან, მართლმადიდებლები ამტკიცებენ, რომ ხატის კავშირი პროტოტიპთან არა ბუნებით (ფიუსის), არამედ ღმრთეებრივი ენერგიის წყალობით ხორციელდება. ხატები აადვილებენ კავშირს ღმერთთან. როგორც ღმერთი მოვიდა ადამიანებთან ქრისტეს განკაცებით, ასევე ადამიანი ხატის ცქერით ღვთაებრივ ენერგიას შეიგრძნობს და ღმერთთან მისტიკურ ერთობას ეზიარება (დეიფიკაცია). ხატმბრძოლნი კი ამტკიცებდნენ, რომ ამგვარი ერთობის მიღწევა მხოლოდ ზიარების საიდუმლოთი შეიძლება, რის გამოც ქრისტეს ჭეშმარიტი სახე არა ხატი, არამედ ევქარისტიაა. იმის საფუძველზე, რომ ქრისტეს მისიაში მის ამქვეყნიურ ცხოვრებასა და აღსრულებულ სასწაულებზე უფრო მნიშვნელოვანი ჯვარზე ვნებითა და სიკვდილით კაცობრიობის გამოსყიდვა იყო, ხატმბრძოლნი ჯვარსა და მის თაყვანისცემას არ უარყოფდნენ.
ლევან დავითაშვილმა