25.04.2013
ქრისტეს მიწიერი ცხოვრება გამომხსნელი შინაარსის მატარებელია, ის ემსახურება ადამიანის ღმერთთან შერიგებას და მთელ ამ პროცესში ჯვარცმას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
ჯვარზე სიკვდილის პროტოტიპი ძველ აღთქმაში კრავის მსხვერპლშეწირვა იყო. თავის მოწმობაში იოანე ნათლისმცემელი ქრისტეს ღმერთის კრავს უწოდებს: "აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს" (ინ. 1:29).
ქრისტესათვის ჯვარზე სიკვდილი აბსოლუტურად ნებაყოფლობითია, მას არაფერი ავალდებულებს ამ ნაბიჯის გადადგმას: "დავდებ ჩემს სულს, ვერავინ წამართმევს მას არამედ დავდებ მას ჩემით" (ინ.10:17-18), - ბრძანებს უფალი.
სრულიად უცოდველ ქრისტესთან, სიკვდილს არაფერი აკავშირებს. ქრისტე ჯვარზე ჩვენი სიკვდილით მოკვდა და მოკვდა არა იმიტომ, რომ სიკვდილისგან თავის დაღწევა არ შეეძლო, არამედ მან ასეთი სიკვდილის განხორციელება თავად მოისურვა. მან სრულიად თავისუფალმა, ჩვენი დაცემული ბუნების სანაცვლოდ, საკუთარი სიცოცხლე სიკვდილს დაუმორჩილა და ჩვენ ცოდვის ტყვეობიდან გამოგვიხსნა.
ამრიგად, ჯვარზე სიკვდილი გამოხსნის ცენტრალური მოვლენა და იესო ქრისტეს მოღვაწეობის კულმინაციური მომენტია, ის თავად ამბობს: "სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს" (ინ. 12:27).
უდიდესი საიდუმლოა ის, თუ რატომ არის ძის ჯვარცმა გამოხსნის ცენტრალური მოვლენა. ამ საიდუმლოს რაციონალურად გამოკვლევა შეუძლებელია. თუმცა, რამდენიმე შენიშვნას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს დეტალები ადამიანის ცოდვიდან გამოხსნის მნიშვნელობის გაგებაში დაგვეხმარება.
1. ადამიანების მიმართ ღვთის სიყვარული ჯვარცმაში მთელი თავისი სისრულით გამოვლინდა: "ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა" (რომ. 5:8).
2. ჯვარცმაში გამოვლინდა ღმერთის ძის განუზომელი სიმდაბლე: "რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე" (ფილ. 2: 6-8).
სწორედ ჯვარცმაში ჩანს მამისადმი ძის სრული მორჩილება და სწორედ ჯვარცმაშია შედეგი ძის ადამიანური ბუნების მამასთან შერწყმისა. ამ შინაარსს ჯვარზე გაკრული იესოს სიტყვები გამოხატავს: "მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული" (ლკ. 23:46).
ჯვარზე სიკვდილი ის საშუალება იყო, რომლითაც ადამიანის გაუკუღმართებული ბუნება აღდგა. მაგრამ ამასთან, სწორედ ღმერთის ძის სიკვდილი გახდა დასაბამი მისი ადამიანური დიდების, ანუ ადამიანის დიდების დასაწყისისა. დიდება, რომელიც ძეს "ქვეყნის შექმნამდე" ჰქონდა (ინ. 17:5), ახლა უკვე მასში, როგორც ადამიანში, უნდა დამკვიდრებულიყო, მაგრამ ამ დიდების გზას მამის სრულ მორჩილებაზე, ჯვარცმასა და სიკვდილზე უნდა გაევლო.
"ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთისა და მამისა" (ფილ.2:9-11), სწორედ ეს არის სიკვდილამდე მორჩილების შედეგი.
3. თუკი ქრისტეს განსხეულება არის ცოდვაზე გამარჯვებით ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირის აღდგენის წინაპირობა, მაშინ ჯვარზე სიკვდილი იმ დაწყევლილობისაგან გათავისუფლებაა, რომელიც ცოდვის შედეგად მიიღო ადამიანმა. მოციქულ პავლე (2 რჯლ. 21:23), შესახებ, სადაც წერია "ღვთის მიერ არის დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული" ბრძანებს: "ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის" (გალ.3:13).
წყევლა, რაც არის ცოდვის ღვთაებრივი სამართლით განკითხვა, უწინარეს ყოვლისა, ადამიანის ღმერთამდე, როგორც მარადიული სიცოცხლის წყარომდე მიუწვდომლობაში ვლინდება. მხოლოდ ჯვარზე სიკვდილში გამოვლინებული სრული მორჩილების შემდეგ გახდა შესაძლებელი ადამიანის ღმერთთან პირდაპირი ურთიერთობა.
ჯვარცმის შემდეგ ადამიანს ღვთის სასუფეველში შესვლის საშუალება ეძლევა: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში" (ლკ.23:43), ბრძანებს უფალი.
4. იესო ქრისტეს საკუთარი ნებით ჯვარზე სიკვდილი, სიკვდილზე გამარჯვების აუცილებელი პირობაა: "და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარვებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი" (ებრ. 2:14)
მაცხოვრის სიკვდილის მიუხედავად ბოროტი ძალები მას ვერ დაეუფლნენ, რადგან მასში არაფერი იყო ისეთი, რაზეც ბოროტებას კანონიერად ბატონობის უფლება ექნებოდა: "მოდის ამ ქვეყნის მთავარი და არაფერი აქვს ჩემში" (ინ.14:30), - ბრძანებს უფალი.
ამ სიკვდილით მაცხოვარი შეიქნა სიკვდილზე გამარჯვებული, ეს გამარჯვება უფალმა განახორციელა და "სიკვდილითა სიკვდილის დამრთგუნველი" გახდა.
ეს გამარჯვება უფალმა იესო ქრისტემ თავისი აღდგომით დააგვირგვინა.
სტატიის ავტორი:
სანდრო ჩხეიძე