მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).
ცინცაძეთა გვარი
ცინი, ცინა - ძველქართული, წარმართული საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო ცინარ, ცინცა და ცინცაბა - იგივე სახელია კნინობით თქმული.
გვარის სახელით "ცინ"-ფუძისანი არიან: ცინაძენი, ცინარიძენი, ცინაურნი, ცინცაძენი და ცინცაბაძენი - გვარსახელით ერთი ფუძისანი და არა გვარმოდენილობით.
ძველთაგან გურია-აჭარის მხარეს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ცინცაძეთა. ეგრე უბნობენ, სადღაც სამხრეთიდან მოსულანო ცინცაძეთა წინაპარნი, აჭარაში დიდი მამულები ჰქონდათო, ღვთის სამსახურში მდგარანო, - ამასაც უბნობენ.
ქართულ წერილობით წყაროებში ცინცაძეთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება "ციმცაძე" ფორმით.
1560-1578 წლების მოქველი მთავარეპისკოპოსის ექვთიმეს ბრძანებით გადაწერილი მეტაფრასის ანდერძ-მინაწერი: "ამა წიგნისა მეტაფრასისა მწერალსა ნავკრატიოზს ციმცაძესა შეუნდვენ, უფალო ღმერთო. ამინ".
XVII საუკუნის წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიის მოძღვართ მოძღვრის ქრისტეფორეს ბრძანებით გადაწერილი ოთხთავის ანდერძ-მინაწერი: "ამისა მწერალსა ფრიად ცოდვილსა ისაკს ციმცაძესა შეუნდვნეს ღმერთმან..."
XVIII საუკუნის ხელნაწერი წიგნის "სწავლანი და ეპისტლენის" ანდერძ-მინაწერი: "წმიდაო იოანე ოქროპირო, რომელი სდგა წინაშე საყდართა ღვთისათა და ხედავ ნათელსა შეუწვდომელსა, მეოხ ეყავ ყოველთა უცოდვილესსა სენთა მწარითა განსჯილსა დიაკონს აბრაჰამს (ციმცაძეს)".
გვიანი შუა საუკუნეების დაუთარიღებელ პირობის წიგნში ქუთათელი მიტროპოლიტის მიმართ იხსენიებიან მღვდლები: გიორგი და იასე ცინცაძენი, აგრეთვე დეკანოზი გიორგი ცინცაძე.
გურიაში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა ცინცაძეთა გვარის სახელი: ცინცაურა - ტყე სილაურსა და ჯუმათში, ცინცაძისსაცივი და ცინცაძნების ნასახლარი - საყვავისტყეში, ცინცაძის ჭალა - ჩოხატაურში, ცინცაძნებისფართი - გურიანთაში...
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ცინცაძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში, აგრეთვე მთავარ გურიელთა და დადიანთა დროშებს ქვეშ.
საზოგადო მოღვაწეობაში გამოჩნდნენ ცინცაძეთა გვარისშვილები: სასულიერო მოღვაწე კალისტრატე ცინცაძე, მწერალი ირაკლი ცინცაძე, ისტორიკოსი იასე ცინცაძე, კომპოზიტორი სულხან ცინცაძე...
ამჟამად ცინცაძენი ცხოვრობენ: გურიაში, აჭარაში, ვაკე იმერეთში, ოდიშში, სამცხეში და სხვაგან. განსაკუთრებით მრავლად არიან ხელვაჩაურის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის და სამტრედიის რაიონებში.
ცინცაძენი არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.
საქართველოში ცინცაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 6400-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ცინცაძეთა!
ფიფიათა გვარი
ფიფი - ქართული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო ფიფა, ფიფულა, ფიფხა და ფიფინა - იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.
გვარის სახელით "ფიფ"-ფუძისანი არიან: ფიფაიშვილები, ფიფიაშვილები, ფიფაშვილები, ფიფინაშვილები, ფიფინავები და ფიფიები, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ეგრე უბნობენ, ერთნი არიანო სვანი ფილფანები და ოდიშარი ფიფიები. ამასაც უბნობენ, სვანეთიდან ჩამოსულაო ზემო სამეგრელოში ფიფიათა წინაპარი, ჯერ ფილფანი ყოფილა და მერმე - ფიფია. ეს მხოლოდ ზეპირი გადმოცემაა და წერილობით არ დასტურდება.
ქართულ საისტორიო საბუთებში ფიფიათა გვარი გვიანი შუა საუკუნეებიდან ჩანს.
XVII-XVIII საუკუნეთა ოდიშის სამთავროს სოციალური შინაარსის საბუთებში ფიფიები იხსენიებიან თავად აფაქიძეთა მამულებში ზემო სამეგრელოს მკვიდრ გლეხებად.
სამეგრელოდან აფხაზეთში მოსახლეობის ინტენსიური მიგრაცია ცნობილი ფაქტია. ეს მიგრაცია შეეხო ფიფიების რიცხვმრავალ გვარსაც.
XIX საუკუნეში აფხაზეთში ფიფიები ფინფიების გვარით ჩაუწერიათ. როგორც ჩანს, აფხაზეთში ოსმალთა მომძლავრების შემდეგ ფიფიები გამაჰმადიანებულან და გარკვეული სოციალური მდგომარეობა მოუპოვებიათ.
1834 წლის ერთ რუსულ საბუთში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის სოფელ კვიტოულში მცხოვრები ფინფიები გაქრისტიანდნენ. ისინი ჩაწერილნი არიან როგორც კეთილშობილნი. ფიფიების გვარი დასტურდება აფხაზეთის სოფელ ლიხნში და ტამიშშიც.
საქართველოში ადგილს და ადგილს შემორჩა ფიფიათა გვარის სახელი: ლეფიფიე - უბანი წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალურში; ფიფულა - უბანი ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხასკარში; ფიფიასნასახლევი - ადგილი ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვარში.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ფიფიათა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.
ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ფიფიათა გვარისშვილნი: რუსთა ბატონობის წინააღმდეგ 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური, პოეტი დანიელ ფიფია, აკადემიკოსი ეგნატე ფიფია, პროფესორი ვახტანგ ფიფია...
ამჟამად ფიფიები ცხოვრობენ ოდიშ-სამურზაყანოში, მცირე რაოდენობით - იმერეთსა და გურიაში, მრავლად იყვნენ აფშილეთსა და აბაზგეთში, განსაკუთრებით მრავლად არიან წალენჯიხისა და ზუგდიდის რაიონებში. ფიფიები არიან მესხეთიდან გასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა შორისაც.
თბილისში ფიფიების დაახლოებით ორასი კომლი ცხოვრობს.
საქართველოში ფიფიათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 7200-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ფიფიათა!
რაზმაძეთა გვარი
რაზმი - მწყობრი ჯართა (საბა).
რაზმა - ქართული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო რაზმია, რაზმაზა და რაზმანა - იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.
გვარის სახელით "რაზმ"-ფუძისანი არიან: რაზმაზიშვილნი, რაზმიაშვილნი, რაზმანაშვილნი, რაზმაშვილნი და რაზმაძენი. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ძველთაგან რაჭას ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი რაზმაძეთა. რაჭიდან დაწყებულა რაზმაძეთა განსახლება მთელ იმერ-ამერში.
ქართულ საისტორიო საბუთებში რაზმაძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.
1578 წლის ქუთაისის საყდრის მებეგრეთა გამოსაღების დავთარში იხსენიებიან იმერეთის სოფელ ფერსათს მცხოვრები გლეხები: სიხარულა, არღუნა, მახარა, კიდევ მახარა, გოგნია და როსტევან რაზმაძენი.
1621 წლის მაჩაბელთა და გაგნიძეთა ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებულია რაზმაძე პაატა.
1644 წლის როსტომ-ხანის სიგელში იხსენიება თავად მაჩაბელთა მამულში, სოფელ ლელში მცხოვრები გლეხი ზაქარია რაზმაძე.
1648 წლის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, გლეხ შალვა რაზმაძეს მამული უყიდია შიდა ქართლის სოფელ რუისში.
1661 წლის ვამეყ დადიანის შეწირულობის სიგელით, სეხნია და მამისთვალა რაზმაძეები მთის წმინდა გიორგის ეკლესიის მსახურნი გამხდარან.
1664 წელს შიდა ქართლიდან შიგნით კახეთში გადასულ მჭედელს პაატა რაზმაძეს ძველმა ბატონებმა გიორგი და ზაქარია თუმანიშვილებმა აზატობის წიგნი დაუწერეს: "ღმერთია თავდები, ჩვენ არას მოგედავებით და აზატიც გვიქნიაო".
1781 წელს ქვემო ქართლში, სოფელ მარაბდის მცხოვრები რაზმაძე იხსენიება თავად გემანოზიშვილთა მამულში.
1819-1820 წლების აჯანყებაში რუსთა წინააღმდეგ იბრძოდნენ რაჭველი გლეხები: მიქელა რაზმაძე (სომიწოელი) და მიქელა რაზმაძე (შავრელი).
ზეპირი გადმოცემით, რაზმაძეთა გვარს ენათესავება შიდაქართლელი აწკარუნაშვილების და გარეკახელი შავლიაშვილების გვარები.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის რაზმაძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარცხენე სადროშოებში, კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ და ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში.
ერის სამსახურში მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ რაზმაძეთა გვარისშვილნი: ერთ-ერთი პირველი ქართველი მესტამბე რომანოზ რაზმაძე; 1832 წლის შეთქმულების მონაწილე, პოეტი და მთარგმნელი სოლომონ რაზმაზე (აზნაურობის მაძიებელი); თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დაამარსებელი, ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებელი პროფესორი ანდრია რაზმაძე; სამხედრო მოღვაწე, გენერალი ილია რაზმაძე...
ამჟამად რაზმაძენი ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, გურიაში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: გორის, ბორჯომის, მცხეთისა და თელავის რაიონებში.
რაჭაში რაზმაძეთა გვარის ორმოცამდე კომლი დარჩა. თბილისში ამ გვარის ხუთასზე მეტი კომლია.
საქართველოში რაზმაძეთა დიდ-პატარის, ქუდსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5600-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი რაზმაძეთა!
არეშიძეთა გვარი
მთის რაჭას ბუდობდა ძველთაგან გვარი არეშიძეთა. ღების მახლობლად, მუხამეშის ხევში, დეგციხის მფლობელნი იყვნენ თავადი არეშიძენი.
მთა ვერ ჰგუობდა ფეოდალთა ბუდეს. ეგრე უბნობენ, ღებელთ უხოცავთო არეშიძენი. ვინცა ვინ არეშიძეთაგან გადარჩენილა, რაჭის ქედს აქეთ გადმოსულან, ზემო იმერეთს. სიგელ-გუჯრებში ესენი იხსენიებიან ვითარცა აზნაურნი არიშიძენი. ვიეთნი არეშიძენი ლიხის ქედს აქეთ გადმოსულან, ქვემო ქართლს. სიგელ-გუჯრებში ესენი აზნაურ არეშიშვილებად იხსენიებიან.
ბატონიშვილი იოვანეც ეგრე გვამცნობს, ვითარმედ არეშიშვილნი და არებაშვილნი ლიხთიმერეთითგან გადმოსული არეშიძენი არიანო.
XV საუკუნიდან ჩანან ზემოიმერელი არიშიძენი.
1500 წელს იმერთა მეფემ ალექსანდრემ, ძველი სიგელის მიხედვით, 120 ათასი ძველი კირმანეული თეთრი გაუჩინა ბეჟან არიშიძეს სისხლის ფასად.
1503 წლის საბუთში ხსენდება არიშიძე ლომი, რომელიც თვისის ციხითა და თვისის ყმა-მამულით თავად ჯაფარიძეთა სამსახურში მდგარა.
XVI საუკუნიდან ჩანან ქვემოქართლელი არეშიშვილნი - სახასო და საბარათიანო აზნაურნი.
1583 წელს ქართლის მეფემ სვიმონ I-მა არეშიშვილთ ხრამის ხეობაში სოფელი ვარხონა უბოძა ერთგულებისა წილ.
1646 წელს როსტომ მეფემ არეშიშვილთ დაუბრუნა ბარათიანთაგან წართმეული არეშიანთ მამულები.
1652 წელს ამავე მეფემ არეშიშვილთ უბოძა ერთი ამოვარდნილი ბარათაშვილის მამული სოფელ ვეძას. ამათ გარდა, აზნაურ არეშიშვილთ ქვემო ქართლს მამული აქვნდათ: ენაგეთს, დურნუკს, ეცოს, ლიპს, იფნარს, ახალშენს, გენაურს, სამღერეთს, ჩხიკვთას, შავსაყდარს, ხატისთელეთს...
აზნაური არეშიშვილნი მეფე გიორგი XI-ს ახლდნენ სპარსეთ-ავღანეთში და დიდად ერთგულად და თავგადადებით მსახურებდნენ თურმე.
ჟამითი-ჟამად სამეფო კარზე სალაროს მოლარედ და საწოლის მწიგნობრად ჩანან არეშიძე-არეშიშვილნი.
XVII საუკუნის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში იხსენიებიან იმერეთიდან გადმოყვანილი რაჭველი არეშიძენი.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის არეშიძენი გამოდიოდნენ ცალკე - იმერეთის სამეფო ლაშქარში და ცალკე - ქართლის სამეფო ლაშქარში, მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში.
ამჟამად არეშიძენი ცხოვრობენ ისევ ზემო იმერეთს, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლს და კიდევ - ოდიშს, ოკრიბას, გარე კახეთსა და ჰერეთს.
საქართველოში არეშიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 960-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი არეშიძეთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ალექსანდრე ნაზღაიძემ