მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).
აფციაურთა გვარი
ძველთაგან გუდამაყარში ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი აფციაურთა.
ეგრე უბნობენ, თითქოს ქისტეთით გუდამაყარში გადმოხვეწილან ძმანი აფი და ჩაღი. აფი ათნოხს დამდგარა, ჩაღი - ჩოხს. ძმათაშვილნი ყოფილან თურმე აფციაურნი და ჩოხელნი.
მერმე ხევსური - შატილიონი ჯალაბაური გადმოიხვეწა გუდამაყარში და ძველ აფციაურთა გვარზე შემოდგა ფიცით.
მერმე მახევე - გორისციხელი ავშაჯანიაური მოსისხლეთ გამოერიდა გუდამაყარში და ესეც აფციაურთა გვარს შემოეყარა ფიცით.
ერთიც მოდგა ჟამი განსაცდელი, ჟამი ვაჟობისა და სწორთა მჯობინობისა. ჯალაბაურთ აფციაურნი ზურაბ ერისთვისშვილს გაჰყვნენ კახეთს, თუშთა და ფშაველ-ხევსურთა ლაშქარში გაერივნენ, ბახტრიონს ციხის გალავანს გადაევლნენ, ხმლითა სცეს ყიზილბაშთ და სახელი და გუდამაყრის ნაცვლობა მოიპოვეს. წელი იყო 1659.
ხსოვნაში შემორჩნენ პაპი და გივი ჯალაბაურთ აფციაურნი - ნაცვალნი გუდამაყრისა, დუმაცხოს მამასახლისი აფციაური შიო და წინამხრის მამასახლისი აფციაური ჯალაბა.
1795 წლის 11 სექტემბერს, გამთენიისას, აფციაურნი კრწანისის ველზე იდგნენ არაგველთა შორის.
დუმაცხოს ჯალაბაურთა ძირის აფციაურთ ციხე სდგმიათ "შორით მზარავი მტერთა".
ვერ იტევდა გუდამაყარი აფციაურთა სიმრავლეს, ბარად მოედინებოდნენ ჟამითი-ჟამად. ახალ სამოსახლოზე ახალი გვარის სახელნი დაერქმიათ ახალმოსახლეთ ადგილ-ადგილ.
ეგრე, ფსუტურნი და ჯაბაურნი - ქსანზე და ჯავარაშვილნი - ერწოს აფციაურთა შტონაყარნი გვარნი არიან.
ძირად აფციაურთა და აფციაურთა გვარზე შემომდგარ-შემოფიცულთა და აფციაურთა შტონაყარ გვართა საერთო სალოცავებია: ზეგარდის წმინდა გიორგი, დუმაცხოს სახმთო მაღალი და ათნოხს წვერის ანგელოზი.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის აფციაურნი გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში, თავად ბაგრატიონ-მუხრანბატონთა დროშის ქვეშ.
ამჟამად აფციაურნი ცხოვრობენ: გუდამაყარში, შიდა ქართლში, ალგეთზე და თრიალეთში, სამცხეში, გურიაში, ერწო-თიანეთში, გარე და შიგნით კახეთში, ქიზიყში, შირაქში და ჰერეთში, ეგრეთვე ჩრდილოის მხარეს, კავკასს გადაღმა: ვლადიკავკაზში, სტავროპოლის და დიდი ნოღაის ველებზე.
საქართველოში აფციაურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5000-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი აფციაურთა!
ლაბაძეთა გვარი
ლაბა - ერთგვარი ბუჩქი, მთის მოცხარი იგივე.
ლაბა - ხარი რქებდაგრეხილი.
ლაბა - ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო: ლაბია, ლაბო, ლაბაკა, ლაბახა, ლაბუჩი - იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.
გვარის სახელით "ლაბ"-ფუძისანი არიან: ლაბაურნი, ლაბაიძენი, ლაბახუანი, ლაბაშიანი, ლაბუჩიძენი და ლაბაძენი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა ძველი და რიცხვმრავალი გვარი ლაბაძეთა.
სიძველის მიხედვით, ლაბაძეთა გვარი ერთ-ერთი იშვიათ გვართაგანია იმერესა და მთელ საქართველოში.
XI საუკუნის კაცხის ტაძრის წარწერაში იხსენიება ლაბაძეთა გვარის ერთი უძველესი წინაპართაგანი ლაბაძე სვიმონ.
1690 წლის ფალავანდიშვილთა და წერეთელთა ნასყიდობის წიგნში სხვა გლეხებთან ერთად იხსენიება სოფელ სარეკში მცხოვრები ლაბაძე დათუა.
ადრევე დაწყებულა ზემოიმერელ ლაბაძეთა გადმოსვლა შიდა ქართლში.
1662-1692 წლების ნასყიდობის საბუთების მიხედვით, ლაბაძენი მამუკა, გიორგი, ბეჟან და იასე მამულებს ყიდულობენ საამილახვროში.
1709-1744 წლების ზურაბ აბაშიძის მიერ ბერი წერეთლისადმი ბოძებულ წყალობის წიგნში იხსენებიან სააბაშიოს მცხოვრებნი, ძმანი ბერი და ივანე ლაბაძენი.
1889 წლის იმერეთის სოფელ სვერში მცხოვრებ ცუცქირიძეთა ნასყიდობის ხელწერილს ამოწმებს სოფელ მერევის მოსამართლე "სელსკი სუდია" ბესო ლაბაძე.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ლაბაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.
ამჟამად ლაბაძენი ცხოვრობენ: იმერეთში, რაჭაში, გურიაში, აჭარაში, სამცხეში, ქართლსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, ხაშურის, ოზურგეთის, ახალციხისა და ლაგოდეხის რაიონებში.
თბილისში სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსახლებულ ლაბაძეთა 400-მდე კომლი ცხოვრობს.
საქართველოში ლაბაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნი საერთო რიცხვი 4700-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ლაბაძეთა!
სანიკიძეთა გვარი
სანი, სანიგი, სანიკი - ძველი კოლხური ტომი.
სანი - "მეორე" არაბთა ენაზე.
სანი - საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო: სანო, სანანო, სანალა, სანაგა და სანიკი - იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.
გვარის სახელით "სან"-ფუძისანი არიან: სანაშვილები, სანიშვილები, სანაძეები, სანაიები, სანოძეები, სანიკიანები და სანიკიძეები, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ძველთაგან ლიხთ იქით, გურიას ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი სანიკიძეთა.
გურიაში, სოფელ ზემო სურებში, სანიკიძეთ აზნაურობა მოუდიოდათ.
ქართულ საისტორიო საბუთებში სანიკიძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს. ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული კონდაკი, რომლის გადამწერად იხსენიება მღვდელი სერაპიონ სანიკიძე.
1578 წლის ქუთაისის საყდრის გამოსავლის დავთარში იხსენიება იმერეთის სოფელ როკითში მცხოვრები გიორგი სანიკიძე.
XVII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული, შოშიტა რაჭის ერისთავის ბრძანებით გადაწერილი გულანის 357-ე გვერდზე შემორჩენილია ანდერძ-მინაწერი: "სრულ იქმნა წმიდაი ესე თვე ნახევარი ხელითა ჩემ ცოდვილისა სვიმონ მგალობელისა სანიგიძისათა. ავის წერისათვის წყევას ნუ თანამდებ მყოფთ, რომ ამის მეტი წერა არ ვიცოდი, ერთს ალაგს შემცდა, სხუას მწერალს ქაღალდი დავაკურევინე და ცოტა შეიბღალა, იმისთვის ნუ დამწყევ, ძმანო ჩემნო, და ვინცა შენდობაი ბრძანოთ, თქუენცა შეგინდოს ღმერთმან, ამინ".
იგივე პიროვნება - მგალობელი სვიმონ სანიკიძე იხსენიება კაცხის მონასტრის გულანში.
XVIII საუკუნის კონდაკის ანდერძ-მინაწერში იხსენიებიან: ხოსიე სანიკიძე და მისი მეუღლე თეთურვა, ასია სანიკიძე და მისი მეუღლე მარიამი. იმავე კონდაკის სხვა მინაწერში იკითხება: "ღმერთო და წმინდა ბასილ, შეიწყალე მამუკა სანიკიძე".
1822 წლის გურიის მდივანბეგთა განჩინებაში, რომელიც რამიშვილთა და შათირიშვილთა დავას შეეხება, იხსენიება "თათარში გადავარდნილი" სიკო სანიკიძე, რომელსაც რამიშვილის გოგო გაუტაცია.
1850 წლის იმერეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში იხსენიება აზნაურ სანიკიძეთა ერთი ოჯახი.
ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა სანიკიძეთა გვარის სახელი: "სანიკიძე" - სახნავი ადგილი გურიის სოფელ ჩოლობარგში, "სანიკიძნები" - უბანი გურიის სოფელ გომმუხაყრუაში და სოფელ შველაურში, "ესაინგიე" - უბანი სამეგრელოს სოფელ ზემო ნოქალაქევში.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის სანიკიძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარცხენე სადროშოებში, აგრეთვე მთავარ გურიელთა და დადიანთა დროშების ქვეშ.
ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ სანიკიძეთა გვარისშვილნი, ცნობილი მეცნიერები: მედიცინის დარგში - შოთა სანიკიძე, ლიტერატურის ისტორიის დარგში - ქეთევან სანიკიძე, ხელოვნებათმცოდნე თამაზ სანიკიძე, ლიტერატურათმცოდნე თენგიზ სანიკიძე, მწერალი და ისტორიკოსი ლევან სანიკიძე, პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე...
ამჟამად სანიკიძეები ცხოვრობენ: გურიაში, იმერეთში, რაჭაში, სამეგრელოში, აჭარაში, კახეთში, იყვნენ აფხაზეთშიც. განსაკუთრებით მრავლად არიან: სამტრედიის, ვანის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, სენაკის რაიონებში. სანიკიძეები არიან მესხეთიდან გასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა შორისაც.
საქართველოში სანიკიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 3100 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი სანიკიძეთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ალექსანდრე ნაზღაიძემ