მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).
აბუსერიძეთა გვარი
დიდგვაროვანნი და დიდაზნაურნი იყვნენ აბუსერიძენი კლარჯეთ-აჭარაში.
აფხაზთა და ქართველთა მეფის ბაგრატ IV-ის გამეფების უმალ ბიზანტიელნი შემოადგნენ ტაო-კლარჯეთის ციხეებს. ზედიზედ ნებდებოდნენ მესხნი აზნაურნი და ერისთავნი ბერძენთა პარკიმანოზს. მხოლოდ ეპისკოპოსნი მტბევარი საბა და ანჩელი ეზრა შავშეთს გამაგრდნენ და ერისთავი აბუსერისძე ივანე არტანუჯს ჩაიკეტა. და "ქმნეს დიდი ერთგულება ბაგრატ აფხაზთა მეფისათვის". დიდი ბრძოლა და შუღლი და "მი-და-მონი იქმნეს და ვერა წარუღეს ქვეყანა მტერთა".
ერთგულებისა წილ აბუსერისძეთ ებოძათ ერისთავთერისთავობა კლარჯეთისა და აჭარისა და გამგებლობა ციხეთა: არტანუჯისა და ხიხათა და ციხისჯვარისა და აწყვერისა.
შვილი ივანე აბუსერისძისა, აბუსერ, აფხაზთა და ქართველთა მეფეს თან ახლდა შიდაით ლაშქარში, როცა სასირეთის ბოლოს ვარანგთ შეება, ბიზანტიიდან მოსულთ.
შვილი აბუსერ აბუსერისძისა, გრიგოლ, ერისთავი არტანუჯისა, განუდგა ბიზანტიელთ და აფხაზთა და ქართველთა მეფე სამცხეში მიიწვია. მაშინ კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ თრიალელთა და კახთა და ბერძენთა და სომეხთა ლაშქრით უგრძნეულად დაეცა არყის ციხეს და ერთად შეიპყრო მეფის მომხრე ერისთავნი გრიგოლ არტანუჯელი და სულა კალმახელი და მათთანა სხვანიცა აზნაურნი მესხნი. მაშინ აბუსერისძეთ არტანუჯი დაკარგეს, მერმე ციხისჯვარიც, ბოლოს აწყვერიც. ხიხათა ციხე და აჭარის ერისთავობა შემორჩათ მხოლოდ აბუსრისძეთ დიდი თურქობის, მეფე დავითის და თამარის და მერმე ულუსობის ჟამს.
ხიხათის ერისთავთერისთავ ივანეს შვილი იყო დიდი მწიგნობარი ტბელ აბუსერიძე. ულუსობის გადავარდნის შემდგომ აბუსერიძეებმა საქართველოს ამირსპასალარობა მოიპოვეს.
ბოლო ჟამს აბუსერიძენი სამცხე-საათაბაგოს დიდებულთა სიაში იხსენიებიან, ვითარცა თავადნი. თავიანთი ყმა-მამულით, სასაფლაოთი, მონასტრითა და კარის ეკლესით აბუსერიძენი მსახურნი იყვნენ კვართისა საუფლოისა და მირონისა და სუეტისა ღვთივ აღმართებულისა და წმინდისა დედაქალაქისა მცხეთისა.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის აბუსერიძენი გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის წინამბრძოლთა სადროშოში.
ამჟამად აბუსერიძენი ცხოვრობენ ისევ აჭარაში, საზღვარსიქითა საქართველოში და სამცხეში, აგრეთვე გურიაში, ვაკე იმერეთში, ოკრიბასა და ოდიშში. მცირედნი არიან შიდა ქართლში, შიგნით კახეთსა და ჰერეთში.
საქართველოში აბუსერიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი რვას ოცდაათს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი აბუსერიძეთა!
გეგეჭკორთა გვარი
გეგეშ ჭკორი - წმინდა გიორგის ყმა კოლხთა ენაზე.
ეგრე უბნობენ, ოდესღაც მარტვილის წმინდა გიორგის ეკლესიას შემოეფარაო ოდიშში სვანთაგან დევნილი ერთი ვინმე დადეშქელიანი, სახელი მისი - გეგეშ. წმინდა გიორგის ჰყმობია თურმე, ამადაც გაუგვარდაო იმ სვანს გეგეჭკორობა. ამასაც უბნობენ, მამა-პაპით მოუდითო ეკლესიის სამსახური გეგეჭკორებს.
ქართულ საისტორიო საბუთებში გეგეჭკორთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება. 1690-იანი წლების შეწირულობის წიგნში, რომლითაც ოდიშარი თავადი ხახუ ჩიჩუა ყმა გლეხს სწირავს ბიჭვინთის ტაძარს, მოწმედ დასახელებულია "დადიანის მაგიერი კაცი მაგუ გეგეჭკორი".
1779 წლის რუხის ბრძოლა ლექსად აღუწერავს დადიანის კარზე მოღვაწე ახალგაზრდა პოეტს ივანე გეგეჭკორს.
1818 წლის განჩინებაში თავზარაშვილსა და ბერიძეს შორის სადავო საქმეზე ნახსენებია გეგეჭკორის ყმა გლეხი, რომელიც დავის მიზეზი გამხდარა.
1844 წლის პირობის წიგნში, ოდიშელ თავადებთან ჩიქოვანთან და დგებუაძესთან ერთად, მოფიცრად დასახელებულია ანტონ გეგეჭკორი.
ივანე ბატონიშვილი გეგეჭკორთა გვარს ოდიშის აზნაურთა შორის იხსენიებს.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გეგეჭკორთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.
ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ გეგეჭკორთა გვარისშვილნი: პოეტი გივი გეგეჭკორი, მწერალი ლადო გეგეჭკორი, ლოტბარი ივანე გეგეჭკორი, ქართული სცენის დიდოსტატი გოგი გეგეჭკორი... გეგეჭკორთა გვარის წარმომადგენლები ჩანან პოლიტიკის, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში.
ამჟამად გეგეჭკორები ცხოვრობენ ძირითადად ოდიშ-სამურზაყანოში, მრავლად იყვნენ აბაზგეთსა და აფშილეთში, არიან მცირე რაოდენობით ვაკე იმერეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და შიგნით კახეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან მარტვილის, აბაშის, ზუგდიდისა და გალის რაიონებში. გეგეჭკორები იყვნენ საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.
საქართველოში გეგეჭკორთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი ათას რვაასს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი გეგეჭკორთა!
ლებანიძეთა გვარი
ლებანი - ნიგვზის გულის ნახევარი (საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული).
ლებანი - ქართული საკუთარი სახელი კაცისა.
შესაძლოა, ლებანი, ლებანა - კნინობითი ფორმა იყოს საკუთარი სახელისა "ლება" (შემორჩენილია ტოპონიმში "ლებაისკარი").
ლებანიძე - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. ოდესღაც ვინმე ლებანის, ლებანას შთამომავალთა ლებანიძეობა გაუგვარდათ. ძველთაგან ზემო რაჭას ბუდობდა გვარი ლებანიძეთა.
ქართულ საისტორიო საბუთებში ლებანიძენი XVI საუკუნიდან ჩანან. მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ტყავის გრაგნილი XVI საუკუნის კონდაკი, რომელსაც მინაწერი აქვს ტექსტისავე ხელით: "ლებანიძესა შიოს და მეუღლეს მის მარგალიტს შეუნდნენ ღმერთმან ცოდვანი მათნი ამინ უკუნისამდი".
ამავე XVI საუკუნის გონიერ ლებანიძის ხელით გადაწერილი ჟამნის ანდერძში იკითხება: "დედასა ამისგან მეტი არა ეწერა. მამაო ღმერთო, შეიწყალე სული გონიერი ლებანიძისა და მისისა დედა-მამისა, ამინ".
1809 წელს აზნაურ გიორგი ბაქრაძეს უდეობის წიგნი მიუცია გელათელი მიტროპოლიტ ეფთვიმესთვის, სადაც მოხსენიებულია გელათელი კაცი სიმონა ლებანიძე. ეს სიმონა ლებანიძე საეკლესიო გლეხი ყოფილა.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ლებანიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნე იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და შუაგულ სადროშოებში.
ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ლებანიძეთა გვარისშვილნი: პოეტი მურმან ლებანიძე, მსახიობი ნიკოლოზ ლებანიძე, მხატვარი ქრისტესია ლებანიძე, მწერალი გიორგი ლებანიძე, პროფესორი ვლადიმერ ლებანიძე...
ამჟამად ლებანიძენი ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. თბილისში ლებანიძეთა დაახლოებით ას ორმოცდაათი კომლი ცხოვრობს.
საქართველოში ლებანიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი რვაას სამოცდაათს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ლებანიძეთა!
ბოლქვაძეთა გვარი
ბოლქვი - "რომ ყვავილს და ბალახს ძირი ჰქონდეს". აქედან ბოლქვა - მეტსახელი და საკუთარი სახელია კაცისა. რომელსამე ბოლქვას შვილთ ბოლქვაძეობა გაუგვარდათ ოდესღაც.
პირველითგანვე გურია-აჭარის მხარეს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბოლქვაძეთა.
ქართულ საისტორიო საბუთებში ბოლქვაძენი XVII საუკუნიდან ჩანან, ვიეთნი - გლეხნი და ვიეთნი - აზნაურნი.
1601-1627 წლების გურიის მთავრის შეწირულობის წიგნით, ჩეხედენას ტაძრის სამსახური მოუდიოდათ აზნაურ ბოლქვაძეთ.
1761 წლის მამია გურიელის წყალობის წიგნით, გადასახადებისგან გათავისუფლებულან ჩეხედენელნი აზნაურნი ბოლქვაძენი, ვითარცა საჯვარისმამო კაცნი და ქრისტეს საფლავის ყმანი.
აზნაურებად ჩანან ბოლქვაძენი ქვემო გურიაშიც, ქობულეთის თემში.
საქართველოში რუსთა ბატონობის ჟამს ბოლქვაძენი გურიის აჯანყებაში აქტიურობდნენ.
1819-1820 წლების აჯანყებაში იოთამ ბოლქვაძემ პირადად მოკლა გურიის დასაწყნარებლად ჩასული იმერეთის მმართველი პოლკოვნიკი პუზირევსკი.
1841 წლის აჯანყებაში გურულებმა აბესა ბოლქვაძის მეთაურობით სასტიკად დაამარცხეს რუსთა ჯარი პოლკოვნიკ ბრუსილოვისა.
ღმრეთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბოლქვაძენი გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი - ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.
ამჟამად ბოლქვაძენი ცხოვრობენ: გურია-აჭარას, ოდიშს, ვაკე იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს, ქვემო და შიდა ქართლს, ქიზიყს და შირაქს. განსაკუთრებით მრავლად არიან: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის, ხულოს, ადიგენის, ვანისა და სამტრედიის მხარეებში, ეგრეთვე საზღვარსმიღმა მესხეთში.
საქართველოში ბოლქვაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი თერთმეტი ათასს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ბოლქვაძეთა!
ხარაძეთა გვარი
ხარა - ძველი ქართული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო: ხარაი, ხარია, ხარანა, ხარიკა, ხარიტა, ხარუა იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.
გვარისსახელით "ხარ" ფუძისანი არიან: ხარიშვილნი, ხარაშვილნი, ხარაიშვილნი, ხარიაშვილნი, ხარუაშვილნი, ხარბედიანი, ხარისთვალაშვილნი, ხარიჭირაშვილნი, ხარანიძენი, ხარანაულნი, ხარაულნი, ხარაიძენი და ხარაძენი, გვარახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა სახელოვანი გვარი ხარაძეთა. გაურკვეველია ქართულ საისტორიო წყაროებში ხარაძეთა გვარის პირველი მოხსენიების თარიღი.
მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია XI საუკუნის სვინაქსარი, რომლის 137-ე გვერდზე იკითხება შედარებით გვიანდელი ხუცური მინაწერი: "სულსა სიბერასა ხარაძისა შეუნდნენ ღმერთმან". ეს სიბერა ხარაძე ქუთათელ მთავარეპისკოპოს სვიმონ ჩხეტიძესთან ერთად იხსენიება და, როგორც ჩანს, თავადაც სასულიერო პირი გახლდათ.
XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება დიაკონ გიორგი ბაკურაძის მიერ გადაწერილი კრებული: თვენი, მარხვანი, ფსალმუნნი და ჟამნი. ამ უკანასკნელის 41-ე გვერდზე შემორჩენილია ანდერძ-მინაწერი: "მოიხსენე, უფალო, სასუფეველსა შენსა გიორგი მღვდელი ხარაძე, ცოდვანი მისნი ღმერთმან შეუნდოს, ამინ".
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ხარაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში.
ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ხარაძეთა გვარისშვილნი: საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი ნადეჟდა ხარაძე, აკადემიკოსები ევგენი და გიორგი ხარაძე ები, პროფესორები რუსუდან და არჩილ ხარაძეები...
ამჟამად ხარაძენი ცხოვრობენ იმერეთში, გურიაში, აჭარაში, ქართლსა და კახეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან ხარაგაულისა და ქედის რაიონებში.
თბილისში სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსახლებულ ხარაძეთა დაახლოებით ოთხმოცი კომლი ცხოვრობს.
საქართველოში ხარაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი რვაასს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ხარაძეთა!
სისაურთა გვარი
სისვი - ლეგა, რუხი ძველქართულად.
სისა, სისო, სისუა, სისვა - ქართული საკუთარი სახელი კაცისა.
გვარისსახელით "სის" ფუძისანი არიან: სისოშვილნი, სისუაშვილნი, სისვაძენი, სისაურიშვილნი, სისვაურნი, სისოურნი და სისაურნი. ამათგან სისოშვილ-სისუაშვილებს მხოლოდ გვარსახელის ფუძე აკავშირებთ სისაურებთან და არა სისხლის ერთობა.
ძველთაგან ხევსურეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი სისაურთა.
პირიქითა ხევსურეთში არის ანატორელ სისაურთა შტო, ბუდე ხევსურეთში კი ლიქოკელ სისაურთა.
ეგრე უბნობენ, სისაურებს შატილისა და აკუშოს მიწების გამო მტრობა ჰქონდათო ხევსურ ჭინჭარაულებთან და ფშაველ უძილაურებთან. ამასაც უბნობენ, სისაურებს ძმობა ჰქონდათო ხევსურ გიგაურებთან, ხორნაულებთან, ბასხაჯაურებთან და თუშ ოჩიაურებთან. ამათგან ბასხაჯაურ-ოჩიაურნი ლიქოკის ხევის სისაურებთან ერთ გვარად შეყრილად და მასუკან ლიქოკელებად დაწერილან.
ხევსურეთიდან სისაურები გადასულან მთიულეთში, თიანეთსა და თუშეთში, მთიულეთიდან - ხევში, ქსნის ხეობასა და ქართლის ბარში, თიანეთიდან - კახეთის ბარსა და შირაქის ველზე, ხოლო თუშეთიდან ალვანის ველზე დამკვიდრებულან.
სისაურთა გვარის შტონაყარი გვარებია: არაგველი ქვიცურები, გომურები და ჭიკაიძეები; ქსნელი დორეულები, წითურაულები და მწითურები; თიანელი უშიკიშვილები, გონჯილაშვილები, სულხანიშვილები, კახოშვილები, მგელიაშვილები, მოსიაშვილები და პატურაშვილები; თუში იჭირაულები და თათრულაიძეები; კახი სამნიაშვილები და იმერი სისვაძეები.
ქართულ საისტორიო საბუთებში სისაურთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება.
ქართლსა და კახეთში ჩამოსახლებული მთიელი სისაურები ჩანან: ამილახვართა, ციციშვილთა, მაღალაშვილთა და საეკლესიო მამულებში.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის სისაურთა გვარის მეომრები მთიელნი - ქუდზე კაცად და ბარელნი - კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის შუაგულ, მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, აგრეთვე კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.
ამჟამად სისაურები ცხოვრობენ: ხევსურეთში, ფშავში, მთიულეთში, ხევში, თუშეთში, თიანეთში, ქართლსა და კახეთში. არიან ჩრდილო კავკასიაშიც.
საქართველოში სისაურთა დიდ-პატარის ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 1400-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი სისაურთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ალექსანდრე ნაზღაიძემ