თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).
გოგოჭურთა გვარი
გოგოთა, გოგოლა, გოგორა, გოგოჩა, გოგოჭა - ქართული წარმართული საკუთარი სახელები კაცისა.
გვარისსახელით "გოგ"-ფუძისანი არიან: გოგოშვილნი - კახნი, გოგოძენი - გურულნი, გოგოლაძენი - რაჭველნი, გოგოლაშვილნი - იმერნი, გოგორიშვილნი - მესხნი, გოგჭაშვილნი - ალგეთელნი და გოგოჭურნი - ხევსურნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ძველთაგან ხევსურეთს ბუდობდა სახელიანი გვარი გოგოჭურთა.
ეგრე უბნობენ, ოდესღაც შუაფხოით გუდანს მოსულანო ძმანი: ჭინჭარა, არაბა და გოგოჭა. გუდანელნი კავკაზაურნი განდევნესო. ჯინჭარაისები - ჭინჭარაულნი გუდანს დარჩნენო, გუდანის ჯვრის მსახურება ინატრესო; არაბაისები - არაბულნი გორშეღმს გადავიდნენ, სიმრავლე ინატრესო; გოგოჭაისები - გოგოჭურნი ჭორმეშავს დადგნენო, სახელი ინატრესო.
ძმათაშვილთა ამ სამ გვარს დღემდე გუდანის ჯვრის მეგანძურობა მოუდით და სამოგანძუროს თემს ქმნიან ხევსურეთში.
ჭორმეშავიდან გოგოჭურები პირიქითს და ბუდეხევსურეთში გურო-გიორგწმინდას, ატაბეს, ბუჩუკურთას და უკანა ფშავში ცაბაურთას გადასულან. იქ ფშავში გოგჭურთ თემი შეუქმნიათ.
ხევსურეთში გოგჭურებთან ფიცით ძმობა აქვთ: ალუდაურებს, ქეთელაურებს, მამიაურებს, ხოსიაურებს, მინდიკაურებს, დაიაურებს და ხახიაურებს.
ერწოელი ყორიაულნი იგივ ჭორმეშიონი გოგოჭურნი არიან მისურაულთ მამისანი.
გოგჭურობას იტყვიან კახნი მატაბელნიც.
ფშავში გოგოჭურთ თემისანი არიან: ბეკურაულნი, მჭედლურნი, გოგნელაშვილნი, პატარაშვილნი, ჩიტოშვილნი, გედეხაურნი, მიგრიაულნი, ცაბაურაშვილნი, მარცვალაშვილნი, მარტიაშვილნი, რაზიკაშვილნი, თიბელაშვილნი, ბაჩიაშვილნი, პირქუშაშვილნი და დულუზაურნი, აქავ რაზიკაშვილებთან ძმად შემოყრილნი ჟამიაშვილნი.
ქართულ საისტორიო საბუთებში გოგოჭურთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება.
1675 წელს კახეთში სოფელ ხოდაშენში ქეთევან დედოფალმა მამული უბოძა მახარებელ გოგოჭურს.
1750 წელს ჭინჭარაულთა და ჩოლოყაშვილთა შერიგების წიგნში ფშაველ ბჭე ხევისბერთა შორის დასახელებულია მამისიმედ გოგოჭური. გოგოჭურთა სალოცავებია ხევსურეთში: გუდანის ჯვარი, ჭორმეშავის გიორგი, ხმელის გორისა და ატაბეს კვირაე ხმელთმოურავი; ფშავში: ლაშარის ჯვარი და ცაბაურთის მთავარანგელოზი.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გოგოჭურთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ - "მეფისა ალმის მპყრობელთა" სადროშოში.
გოგოჭურთა ხმალი ტრიალებდა ბახტრიონის გალავანთან, ასპინძისა და კრწანისის ველებზე. გოგოჭურთ გვარისანი იყვნენ სახალხო გმირები მარტია მისურაული და მამუკა ქალუნდაური.
ამჟამად გოგოჭურნი ცხოვრობენ: ხევსურეთში, ფშავში, არაგვის მთისწინეთში, ერწო-თიანეთში, ალგეთის ხეობაში, სამგორის ველზე, შიგნით კახეთში, გაღმამხარში და შირაქის ველზე.
საქართველოში გოგოჭურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 1000-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი გოგოჭურთა!
მაღრაძეთა გვარი
მაღრანი - ფრინველი ერთგვარი.
მაღრანი - სოფელი არაგვის ხეობაში.
მაღრა, მაღრანა - ქართული წარმართული საკუთარი სახელი კაცისა.
გვარისსახელით "მაღრ"-ფუძისანი არიან: მაღრაშვილნი და მაღრანელნი - შიდაქართლელნი, მაღრიანნი - ლეჩხუმელნი და მაღრაძენი - ძირად მესხნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ძველთაგან მესხეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი მაღრაძეთა.
XV საუკუნეში სამცხიდან შიდა ქართლში გადმოსულ ფანასკერტელ-ციციშვილებს მესხი აზნაურნიც გადმოჰყვნენ. იმ დროს დამკვიდრებულან ქართლში საციციანოს აზნაური მაღრაძენიც.
1486-1488 წლებში ქართლის მეფემ დავით X-მ ივანე მაღრაძეს სასისხლო სიგელი უბოძა. სიგელში დავითი მეფედ წერია, სინამდვილეში კი იმხანად ქართლში კონსტანტინე II მეფობდა, ხოლო მისი ძე დავითი ბატონიშვილი იყო.
საისტორიო საბუთების მიხედვით, აზნაურ მაღრაძეებს შიდა ქართლში ყმა-მამული ეკუთვნოდათ: ყრისის ხევში, ჭომაში, ღართაში, მიწობში, ღუდაში, გარიზმანში, ყარცისში, თაგუეთში და სხვაგან.
XVIII საუკუნის II ნახევრიდან საციციანოს აზნაურ მაღრაძეთა ნაწილი სახასო აზნაურები გახდნენ. 1798 წლიდან დარეჯან დედოფლის გაზრდილი აზნაური ბეჟან მაღრაძე კახეთში სახლდება და ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიის მსახური ხდება.
XVI-XVII საუკუნეებში სამცხეში ოსმალთა მოძალების გამო მესხი მაღრაძენი საქრისტიანო საქართველოს შემოეფარნენ: რომელნიმე - ლიხთიმერეთს და რომელნიმე - ლიხთამერეთს. საბუთებში მრავლად ჩანან გლეხი მაღრაძენიც.
1850 წლის საქართველოს თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში (ხავერდოვან წიგნში) იხსენიება აზნაურ მაღრაძეთა მხოლოდ სამი ოჯახი.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მაღრაძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ "ჟამსა ეთობისასა" ერთიანი ქართული ლაშქრის მოწინავე სადროშოში, "ხოლო შემდგომად განყოფისა" ცალკერძ - ქართლის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში და ცალკერძ - იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.
ამჟამად მაღრაძენი ცხოვრობენ: სამცხე-ჯავახეთში, ქართლში, გარე კახეთში, იმერეთსა და გურიაში. განსაკუთრებით მრავლად არიან ხარაგაულის, ბორჯომის, ასპინძისა და ბოლნისის რაიონებში.
საქართველოში მაღრაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3600-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი მაღრაძეთა!
მაჭარაშვილთა გვარი
მაჭარი - ახალი ღვინო (საბა).
მაჭარა - ძველი ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი კაცისა.
გვარის სახელით "მაჭარ"-ფუძისანი არიან: მაჭარაძენი და მაჭარაშვილნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ქართულ საისტორიო საბუთებში მაჭარაშვილთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება.
1588 წლის ნიკოლოზ ქართლის კათალიკოსის ერთ წყალობის სიგელში სამცხეთო აზნაურის ელიოზისძისადმი სოფელ ბარაუნში იხსენიება გლეხი ბორჯალა მაჭარაშვილი. სოფელი ბარაუნი დღეს აღარ არსებობს. სავარაუდოა, რომ ეს სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობდა. ამჟამად ქართლში, ქსნის ხეობაში შემორჩნენ მაჭარაშვილნი. მათი გვარი ქსანზე ძირძველ, მკვიდრ გვარად ითვლება, ხოლო კასპის რაიონის სოფლებში ჩასახლებულ ქსნისხეველ მაჭარაშვილებს "მთიულებს" უწოდებენ დღესაც.
XVII საუკუნიდან მაჭარაშვილთა გვარი ზემო იმერეთში ჩანს. ამ საუკუნის მიწურულს თავადმა ზაალ წერეთელმა ნასხაშვილისეული მამული უბოძა ლაზარე მაჭარაშვილს. სიგელის ბოლოში წერია: "არიან ამისი მოწამე აზნაურიშვილები: ბედანა გოდაბრელიძე, შოშიტა ციმაკურიძე, მაჭარაშვილი შოშიტა, მკერვალი პაპუნა კაპანაძე". ამავე ზაალ წერეთელმა ლაზარე მაჭარაშვილს თარხნობის წიგნიც დაუწერა.
1722 წლის საბუთებით თავად წერეთელს, ვალდებულს, ლაზარე მაჭარაშვილისთვის ბიჭი (მსახური) მიუცია. იმავე წლის სხვა საბუთით იგივე თავადი დათუა მაჭარაშვილს ვალის სანაცვლოდ მამულს აძლევს.
1747 წლის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, მაჭარაშვილი დათუა ბატონის შვილ ნიკოლოზს მიჰყიდის სისხლში აღებულ ესტატე ღვინიაშვილს მისი ძმით და შვილებით.
1804 წლის ზემო იმერეთის მოსახლეობის რუსთა მეფისადმი ერთგულებაზე მასობრივი ძალდატანებით დაფიცების ერთ საბუთში სოფელ კორბოულში ჩამოთვლილია მაჭარაშვილთა 34 ოჯახი (ისინი მაჭაროვებად ჩაუწერიათ). ამათგან ერთი - გიორგი მაჭარაშვილი მღვდელი ყოფილა და ერთიც - მამუკა მაჭარაშვილი - კორბოულის მამასახლისი.
ადრევე დაწყებულა იმერელ მაჭარაშვილთა დამკვიდრება შიდა ქართლში.
ხაშურ-ქარელის მხარეში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა მაჭარაშვილთა გვარის სახელი: მაჭარაანი - უბანი სოფელ წაღვლში, მაჭარაანთწყარო და მაჭარაშვილების ტყე - სოფელ შაქშაქეთში.
XX საუკუნის დამდეგს ხაშურის მხარის სოფელ ვაყის მამასახლისად ჩანს ნიკოლოზ მაჭარაშვილი, აგრეთვე იმერეთში კორბოულელი მღვდელი ვალდიმერ მაჭარაშვილი და გუნდაეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი სერგი მაჭარაშვილი.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მაჭარაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოებში.
ამჟამად მაჭარაშვილები ცხოვრობენ: ზემო იმერეთში, გურიაში, სამცხეში, შიდა და ქვემო ქართლში, შიგნით კახეთში და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: საჩხერის, ჭიათურის, ლაგოდეხის, ხაშურის, ადიგენისა და კასპის რაიონებში.
თბილისში ამერ-იმერი მაჭარაშვილების დაახლოებით სამასი კომლი ცხოვრობს.
საქართველოში მაჭარაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 8100 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი მაჭარაშვილთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი