მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).
გოგორიშვილთა გვარი
"გოგრიშვილი" - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი ნაწილებია: ფუძე - "გოგორ" და დაბოლოება - "შვილი".
"გოგორა" - ძველი ქართული სიტყვაა. სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში ამ სიტყვას შემდეგნაირად განმარტავს: "გოგორა - ერქვანთ თვალი საბრუნავი". სიტყვა გოგორადან არის ნაწარმოები მამაკაცის საკუთარი სახელი "გოგორი". ამრიგად, გოგორიშვილთა გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია გვარის წინაპრის სახელი, ეპონიმი - "გოგორი".
გვარსახელ გოგორიშვილის გარდა "გოგორ" ფუძიდან არის მიღებული: რაჭაში გავრცელებული გვარი - გოგორელიანი, შიდა ქართლში - გოგორიძე და გურიაში - გოგორიკიძე. ლაპარაკია გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობაზე.
გოგორიშვილთა გვარის პირველსაცხოვრისი მესხეთში ყოფილა. სოციალური მდგომარეობით, ისინი მესხეთის ერთ-ერთი ცნობილი და ძლიერი ფეოდალები იყვნენ, რომლებიც მესხეთში ყმა-მამულსა და ციხესიმაგრეებს ფლობდნენ.
ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, გოგორიშვილთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.
1578 წელს ოსმალთა უზარმაზარი მხედრობა, მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით, ირანის კავკასიური სამფლობელოებისკენ დაიძრა. გზად სამცხე-საათაბაგო გაიარეს. ერთიმეორეს მიყოლებით ეცემოდა ქართული ციხეები. ამ წლის 7 აგვისტოს ოსმალები მგელციხეს შემოადგნენ (ციხის ნანგრევები ამჟამად თურქეთ-საქართველოს საზღვართან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თურქეთის მხარეს მდებარეობს), ციხეს როინ და ბერი გოგორიშვილები იცავდნენ მეციხოვნეთა მცირერიცხოვან რაზმთან ერთად. "ამასვე ქორონიკონსა, მარიამობისა თვეს ზ(7), ხუთშაბათს დღესა, ხვანთქრის ლაშქარი და ლალა-ფაშა მგელციხეს მოადგეს, შეიბნეს. სამშაბათამდის ყოველ დღეს ომში იყვნეს ციხოვანნი. გოგორიშვილი როინ და მისი ძმა ბერი ერუშნელი და მისი ძმისწული ზურაბ იყუნეს მათის ყმითა და ღთის შეწევნითა უკუყარეს და ციხე ჩვენვე დაგვრჩა და ჩვენს ჯარს გაემარჯვა", - მოგვითხრობს მესხური მატიანე.
ხელნაწერთა ინსტიტუტის კოლექციაში დაცულია XVI საუკუნის ერთი მესხური დავითნი, რომლის ვრცელ მინაწერში იკითხება: "და გოგორიშვილმა ბეჟან ციხისჯვარი უკუიჭირა და მისცა ფაშასა". როგორც ვხედავთ, XVI საუკუნეში გოგორიშვილები ტიპური ფეოდალები იყვნენ. ისინი ციხეებს ფლობდნენ და დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.
XVII საუკუნიდან მესხი გოგორიშვილების ნაწილი იძულებულია გამაჰმადიანდეს, ხოლო ნაწილი ტოვებს მამულს და გურიას, იმერეთსა და ქართლს შეაფარებს თავს.
1626 წლის ბრძოლაში ბაზალეთის ტბასთან დაიღუპა დიდი მოურავის გიორგი სააკაძის საშველად მესხეთიდან ჩამოსული დავით ბეგ გოგორიშვილი. "არჩილიანის" მიხედვით, ეს დავით ბეგ გოგორიშვილი ბრძოლის ველზე გასულა, როგორც გიორგი სააკაძე - მისი ჯაჭვ-მუზარადით და მისივე ცხენზე ამხედრებული.
საბუთების მიხედვით, მესხეთიდან ქართლში გადმოხვეწილი გოგორიშვილები საბარათიანო, საამილახვრო და საეკლესიო მამულებში ჩანან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი აზნაურები იყვნენ.
1659 წლის ზედგინიძეთა და ამილახვართა ერთ-ერთ ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებულია ხუცია გოგორიშვილი. 1690 წლის ბარათაშვილთა და ლარაძეთა ნასყიდობის წიგნი ბერი გოგორიშვილს დაუმოწმებია. ეს ხუცია და ბერი გოგორიშვილები გლეხებს არ ჰგვანან, თუმცა წოდების გარეშე იხსენიებიან.
XVII საუკუნეში მესხი გოგორიშვილების ერთი შტო გურიაში გადასულა. მათი შთამომავალნი ამჟამად გურიაში ცხოვრობენ და ზოგი ისევ გოგორიშვილია, ზოგი კი გოგოლიშვილად იწერება. ისინი აზნაურის ხარისხით იყვნენ მიღებულნი და გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში იხსენიებიან.
გურულ გოგოლიშვილთა უწინდელ გოგორიშვილობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გურიაში, ლანჩხუთის რაიონში სოფელ წყალწმინდას მახლობლად, არსებობს ადგილის სახელი - "გოგორიშვილების გორი", ხოლო ეს გორი ამავსოფლელ გოგოლიშვილებს ეკუთვნოდათ.
იმერეთის სამეფოშიც დაახლოებით ამავე პერიოდიდან ჩანან აზნაური გოგორიშვილები. იმერეთის საისტორიო საბუთებში ისინი თავად ჩიჯავაძეთა და ჩხეიძეთა საბატონო აზნაურებად იხსენიებიან.
1812 წლის თავად ლორთქიფანიძეთა "ერთობის წიგნში" იხსენიება მოძღვარ-მღვდელი ლაზარე გოგორიშვილი.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გოგორიშვილთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ: "ჟამსა ერთობისასა" - ერთიანი ქართული ლაშქრის მოწინავე ("წინამბრძოლთა") სადროშოში, ხოლო "შემდგომად განყოფისა" ცალკერძ - მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ, ცალკერძ - იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში და ცალკერძ - ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში.
ამჟამად გოგორიშვილები ცხოვრობენ იმერეთში: ქუთაისში (12-14 კომლი) და ვანის რაიონის სოფლებში (18-20 კომლი). მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ბაღდათის, ჭიათურისა და წყალტუბოს რაიონებშიც. მცირერიცხოვანნი არიან გურიაში - ლანჩხუთის რაიონში და ქართლში - კასპის რაიონში. თბილისში გოგორიშვილთა დაახლოებით 50 კომლი ცხოვრობს.
საქართველოში გოგორიშვილთა საერთო რაოდენობა 350 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი გოგორიშვილთა!
ბურჯანაძეთა გვარი
"ბურჯანაძე" ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში, ისევე როგორც ქართულ გვარსახელთა უმრავლესობაში, ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი.
როგორც ჩანს, სიტყვა ბურჯიდან, რაც, სულხან-საბას განმარტებით, "ზღუდეთა ციხისათა სიზრქედ სიმაგრისათვის მგრგვლად შედგმულ საყრდენს" ნიშნავს, არის ნაწარმოები ქართული საკუთარი სახელები: ბურჯა, ბურჯალა, ბურჯანა.
გვარის სახელით "ბურჯ"-ფუძისანი არიან: ბურჯულები, ბურჯანიანები, ბურჯალიანები, ბურჯაძეები და ბურჯანაძეები. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი. ბურჯანაძეთა გვარი ერთძირიანია. მისი ბუდე-პირველსაცხოვრისი იმერეთში, ბაღდათის მხარეში ჩანს.
სოციალური მდგომარეობით, ბურჯანაძეები გლეხკაცთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ.
ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ბურჯანაძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.
1557-1578 წლების ბიჭვინთის იადგარში იხსენიება იმერეთში სოფელ ოფჩას მცხოვრები 8 კომლი ბურჯანაძე. ისინი საეკლესიო გლეხები იყვნენ.
XVII-XVIII საუკუნეების სოციალური შინაარსის საბუთებში ბურჯანაძეები იხსენიებიან თავად აგიაშვილთა მამულებში. ცნობილია, რომ სხვა სამსახურთან ერტად აგიაშვილებს იმერეთში ცუცხვატის ციხისთავობა მოუდიოდათ. XVIII საუკუნის ცუცხვატის წმინდა გიორგის ხატის ასომთავრულ წარწერაში იხსენიება დეკანოზი ზოსიმე ბურჯანაძე: "...მოიჭედა დეკანოზობასა შინა ზოსიმესსა ბურჯანაზისასა".
1750-იანი წლების იმერთა მეფის სოლომონ I-ის ერთ ბრძანებაში ვკითხულობთ: "მეფე სოლომონ გიბრძანებ... ეს ბურჯანაძე შემომეხვეწა: თეთრი გისესხებია ამისგან და უთხოვნია და არ მიგიცია. ახლავე მიეცი ამისი თეთრი, მთავნი და სარგებელი, თვარემ ბოქაულს გამოგიგზავნი..."
როგორც ჩანს, ვინმე ბურჯანაძეს ფული სარგებლით გაუსესხებია, თუმცა ასეთ რამეს ქართველები უკადრებელ საქმედ მიიჩნევდნენ და ერიდებოდნენ. ასეთი რამ ჩვენს ებრაელებში იყო დაშვებული დ ამიტომაც არსებობდა გამოთქმა "ურიის ვალი". ქართველი გლეხის ეს მევახშეობა უცნაური გამონაკლისია.
1889 წლის მაცაბერიძეთა და ჩხეიძეთა პირობის ხელწერილი დაუმოწმებია სოფელ დიმის საზოგადოების მამასახლისს დიმიტრი ბურჯანაძეს. ზეპირი გადმოცემით, იმერეთის სოფელ ობჩაში ხობის წმინდა გიორგის ეკლესიის სამწირველო მიუშენებია ადგილობრივ მღვდელს ბურჯანაძეს XIX საუკუნეში.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბურჯანაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში.
ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ბურჯანაძეთა გვარისშვილნი: ისტორიკოსი შოთა ბურჯანაძე, აღმოსავლეთმცოდნე გია ბურჯანაძე, რეჟისორი მორის ბურჯანაძე, მსახიობი გია ბურჯანაძე. ამჟამად ბურჯანაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში.
საქართველოში ბურჯანაძეთა საერთო რაოდენობა 2300 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ბურჯანაძეთა!
ავსაჯანიშვილთა გვარი
"ავსაჯან" - საკუთარი სახელია კაცისა.
გვარსახელი "ავსაჯანიშვილი" წინაპრის სახელიდან მომდინარეობს. გვარსახელითა და გვარმოდენილობით ერთფუძენი და ერთსისხლნი არიან ავსაჯანაშვილები და ავსაჯანიშვილები. ავსაჯანაშვილები სულ 10-12 კომლად ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში, გორში, ყაზბეგსა და მარნეულში. მათი ძველი და ნამდვილი გვარი ავსაჯანიშვილია.
ავსაჯანიშვილთა გვარი ერთძირიანია. მისი ბუდე-პირველსაცხოვრისი ყაზბეგის რაიონია.
სოციალური მდგომარეობით ავსაჯანიშვილები თავისუფალი მთიელი მეთემეები იყვნენ.
ავსაჯანიშვილთა წინაპარი ხევში ფშავიდან მოსულა, ძირად გოგოლაური ყოფილა. უკანა ფშავის გოგოლაურთ თემიდან გადმოხვეწილა ავსაჯან გოგოლაური და ხევში, სოფელ გორისციხეში, დასახლებულა. მისი შთამომავალნი 1774 წლის არაგვის საერისთავოს აღწერაში ავშაჯანიაურის გვარით იხსენიებიან. 6 კომლი ავშაჯანიაური გორისციხეში მდგარა იმხანად და 1 კომლი - ტყარშეთში. ტყარშეთიდან გამრავლებული ავსაჯანიშვილები არშაში გადასულან.
1886 წლის აღწერის მიხედვით, ხევის სოფელ გორისციხეში უკვე 31 კომლი ავსაჯანიშვილი სახლობდა. მათი განაყრები მეზობელ სოფლებში სიონსა და ვარდისუბანში დამკვიდრებულან.
მოხევე ავსაჯანიშვილებს ენათესავება გუდამაყრელი აფციაურების ავსაჯანიანთ კომობა. ზეპირი გადმოცემით, ავსაჯანიანთ კომობის აფციაურთა წინაპარი ხევიდან, გორისციხიდან, მოსისხლეებს გამორიდებია გუდამაყრის სოფელ ათნოხში და იქ დამხვდურ აფციაურებს შეჰყრია, აფციაურთა გვარზე შემომდგარა. ათნოხში ერთ წყაროს "ავსაჯანის წყალი" ჰქვია დღესაც.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ავსაჯანიშვილთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში.
მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში მოხევე ავსაჯანიაურთაგან 20 ხმლიანი მსახურობდა.
ამჟამად ავსაჯანიშვილები ცხოვრობენ: ხევში, შიდა ქართლში, შიგნით კახეთში, ჰერეთში, ქიზიყში და შირაქის ველზე. არიან ჩრდილო კავკასიაშიც: ვლადიკავკაზში, სტავროპოლის მხარეში და ნოღაის ველზე. თბილისში ავსაჯანიშვილების დაახლოებით 100 კომლი ცხოვრობს. საქართველოში ავსაჯანიშვილთა საერთო რაოდენობა 900 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ავსაჯანიშვილთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ალექსანდრე ნაზღაიძემ