მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).
მამუკელაშვილთა გვარი
"მამუკელაშვილი" - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე - "მამუკელა" და სუფიქსაცია - "შვილი". მამუკელაშვილთა გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია გვარის წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი - მამუკელა.
მამია - ქართული, არაქრისტიანული საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო: მამისა, მამუჩა, მამულია, მამუკა, მამუკელა და სხვა მისგან ნაწარმოები კნინობით-მოფერებითი ფორმის სახელებია.
ქართულ ანთროპონიმიკაში "მამ" ფუძის დერივატული გვარსახელებია: მამიაური, მამიაშვილი, მამინაიშვილი, მამინაშვილი, მამისაიშვილი, მამისაშვილი, მამიტაშვილი, მამნიაშვილი, მამულაიძე, მამულაშვილი, მამულაძე, მამულია, მამუჩაშვილი, მამუჭაძე, მამუკაძე, მამუკაშვილი, მამუკელაშვილი და სხვა. ლაპარაკია მხოლოდ გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა შორის სისხლით ნათესაობაზე. საერთო ან სხვადასხვა წარმომავლობის შესახებ კატეგორიულად ვერაფერს ვიტყვით თავად მამუკელაშვილთა გვარის წარმომადგენლებს შორისაც, რამდენადაც "მამუკელა" საკმაოდ გავრცელებული სახელი იყო ძველ საქართველოში და არ ვიცით, რამდენ "მამუკელას" შვილს გაუგვარდა მამუკელაშვილობა სხვადასხვა მხარესა და სხვადასხვა საუკუნეში.
ეთნოგრაფიული მონაცემებით, ცნობილია, რომ კახეთში, ახმეტის მხარის სოფელ მატანში, მცხოვრები მამუკელაშვილები თავის დროზე ფშავიდან ჩამოსახლებულან. ისინი ქისტაურთა თემის ფშავლები არიან. როგორც ჩანს, ფშავის ქისტაურთა თემის სოფელ შუაფხოდან მამუკელაშვილთა წინაპრები ჯერ ყვარა-თიანეთის მხარეში დასახლებულან, ერთხანს იქ უცხოვრიათ (იქ უამრავი ნასოფლარია ამჟამად) და მერე ახმეტის მხარეში გადასულან. ამის დასტური უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ახმეტელი მამუკელაშვილები სხვა ფშავლებთან ერთად სალოცავად დღემდე "ივრისკუდებში" (თიანეთის რაიონი, მდ. ივრის სათავეები) დაიარებიან და არა პირდაპირ უკანა ფშავში.
უნდა აღინიშნოს, რომ შიგნით კახეთში ახმეტელ მამუკელაშვილებს რიცხვით სჭარბობენ თელაველი მამუკელაშვილები. შესაძლოა, მათ შორის ნათესაური კავშირი არსებობს და თელაველი მამუკელაშვილებიც ოდესღაც გაკახელებული ფშავლები არიან, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ისინი "სხვა მამუკელას" შთამომავლები იყვნენ.
მამუკელაშვილთა გვარი იხსენიება კახეთის გაღმა მხარეშიც. 1801-1802 წლების კახეთის აღწერაში, სოფელ გრემის გლეხთა სიაში წერია: "ენისელთმოურავისშვილის ზურაბის ყმა, მამუკელაშვილი იესე, სნეული, კომლი (ა)".
ეთნოგრაფიული მონაცემებით, მამუკელაშვილთა კიდევ ერთი შტო შიდა ქართლშიც ცხოვრობს. სოციალური წარმომავლობის მიხედვით, ისინი, კახელი მამუკელაშვილების მსგავსად, ყმა გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ.
საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულია 1794 წლის 11 ივნისით დათარიღებული არზა ზურაბ მამუკელაშვილისა მამულის თაობაზე, რომელშიც ვკითხულობთ:
"ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ძის იულონის ჭირი მოსცეს მამუკელაშვილს ზურაბს.
მერე ამას მოვახსენებთ. ურიების დავაზედ როგორც ოცი თუმანი გადამხდა, ისე ოცდაათი თუმანი გამოვიდა. ახლა რომ ოცდასამ თუმანს კიდევა მთხოვენ, გებრძანებინათ - მამული გაყიდოსო, უჩვენო კაცი ნურავინ იყიდისო.
ახლა ვინცავინ აზნაურშვილი და გლეხი არიან, სულ აქ გახლავან, ყველას უთხარ და ყური არავინ მომიგდო. შვიდი-რვა ურია და იასაული შინ მიდგანან, სხვა ილაჯი კი არა მაქვს და შვილებს არც თქვენ დამასყიდვინებთ ურჯულოში. ახლა ხომ მოგეხსენებათ, ილაჯი არსითა მაქვს, ოცდათხუთმეტი თუმანი ვალი მაქვს.
რადგან ეს წყალობა მოიღევით, ეს წყალობა დამემართოს, რომ ვინც შეიძლოს, ის მამული იყიდონ და ამათ პასუხი გავცე, უთქვენოქმოთ არავინ ყიდულობს და ამათი კი ვერავინ იყიდოს.
ღმერთი გაგიმარჯვებს, თუ ამის წყალობა არ მიყავით, იასაულები ცემისა და დაწიოკების მეტს ვერას გამომრჩევვენ. ამ შეჭირებიდან დამიხსენ.
თიბათვის თ, ქორონიკონ უპბ".
ამ არზას თავში იულონ ბატონიშვილის ოქმი აწერია:
"ბატონისშვილი იულონ გიბრძანებ, თულაშვილო ნინიავ. მერე ეს მამუკელაშვილები, თუ გინდოდეს, შენ დაიხსენ; და რაც ამ ურიების საქმეზე ვალი დასდებოდეს, შენ გადაწყვიტე და შენი ყმა იქნება. და თუ არადა, ვისაც უნდა, თავი მიყიდოს თავის მამულითა.
მაჩაბელო ლუარსაბ, თუ თულაშვილმა ვერ შეიძლოს, ვინც ამან ვაჭარი იშოვნოს, იმასთვის მიაყიდვინე მამული.
თიბათვის ია, ქორონიკონს უპბ".
მოგვიანებით ამ არზაზე ვინმე ლუარსაბ ამილახვარს მიუწერია: "ნინია თულაშვილისაგან მამებარა მამუკელაშვილის ვალში ოცდასამნი თუმანი და ისევ თითონ დაიხსნა თავისი კაცი. ბატონის ბრძანებაც ასე იყო".
როგორც არზიდან ირკვევა, თულაშვილის ყმა მამუკელაშვილს ურიის ვალი დასდებია, ეს ვალი თულაშვილს გადაუხდია და ბატონს ყმა დაუხსნია. აზნაური თულაშვილები ყმა-მამულს ძირითადად ვერა-ალგეთის ხეობებში ფლობდნენ და თვითონაც ქვემო ქართლში ცხოვრობდნენ, მაგრამ მათი ერთი შტო შიდა ქართლში იყო გადმოსული.
მამუკელაშვილის არზაში არც ერთი ტოპონიმი არ არის დასახელებული, მაგრამ იულონ ბატონიშვილის ოქმში თულაშვილთან ერთად მაჩაბლის ხსენება და თვითონ ის ფაქტი, რომ არზა იულონ ბატონიშვილის სახელზეა დაწერილი, გვაფიქრებინებს, რომ არზის დამწერი მამუკელაშვილი სწორედ შიდაქართლელი უნდა ყოფილიყო.
ასევე შიდაქართლელი მამუკელაშვილების ორი დღის სახნავი მამული იხსენიება უფრო ადრეულ, 1700-1719 წლებით დათარიღებულ საბუთში, რომელიც ამჟამად ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. საბუთი წარმოადგენს გორის მხარეში თავად თუმანიშვილთა ყმა-მამულის ნუსხას.
წყაროთა უქონლობის გამო შიდა ქართლისა და შიგნით კახეთის მამუკელაშვილთა შორის სისხლით ნათესაობას ვერ ვადასტურებთ, თუმცა ვერც უარვყოფთ. "ოსმალობის", "ყიზილბაშობის", "ოსიანობის", "ლეკიანობის", "შიშიანობის", "ჟამიანობის" და მიზეზთა და მიზეზთა გამო ქართლიდან კახეთში და კახეთიდან ქართლში მოსახლეობის მიგრაცია ჩვეულებრივი და მუდმივი პროცესი იყო.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მამუკელაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოებში, თავად ამილახვართა და ალავერდელ ეპისკოპოსთა დროშების ქვეშ.
ამჟამად მამუკელაშვილები ცხოვრობენ თელავის რაიონის სოფლებში (დაახლოებით 60 კომლი) და ახმეტის რაიონის სოფლებში (დაახლოებით 40 კომლი), უფრო მცირე რაოდენობით არიან გორის, მცხეთის, ლაგოდეხისა და სხვა რაიონებში.
თბილისში მამუკელაშვილთა დაახლოებით 30 კომლი ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა დროს ქართლიდან და კახეთ-ჰერეთიდან არიან ჩამოსახლებულნი. საქართველოში მამუკელაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 760 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი მამუკელაშვილთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ალექსანდრე ნაზღაიძემ