მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).
კურტანიძე
ფუძე: "კურტანი" ქართული სიტყვაა.
სულხან-საბას განმარტებით: "ცხენთა და ვირთა ზურგს სადგამი სატვირთლად".
"კურტანი" - ერთ კლდეს და მის მიდამოებში ტყიან ადგილს ჰქვია ზემო იმერეთის სოფელ ბეღლევში.
"კურტანა" - მამაკაცის მეტსახელად გვხვდება ქართველურ სახელთა სიაში. ასე რომ, გვარსახელი კურტანიძე, ფუძის მიხედვით, შესაძლოა ეპონიმური ტიპის იყოს, თუ წინაპრის მეტსახელს უკავშირდება; მაგრამ შესაძლოა ტოპონიმური ტიპისაც იყოს, თუ ადგილის სახელს უკავშირდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კურტანიძეთა გვარსახელის ფუძე არც წინაპრის და არც ადგილის სახელს არ უკავშირდებოდეს, არამედ დაკავშირებული იყოს წინაპრის ხელობა-საქმიანობასთან.
ძირი: კურტანიძე ერთძირიანი გვარია.
ბუდე: ერთძირიან გვარს ერთი ბუდე უნდა ჰქონდეს. კურტანიძეთა გვარის ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთში, ხარაგაულის მხარეში ჩანს.
წარმომავლობა: გვარში არსებული ერთი გადმოცემის მიხედვით, იმერეთში კურტანიძეთა წინაპარი თითქოს რაჭიდან მოსულა. მისი ძველი გვარი ბახჩევანიძე ყოფილა. ეს ბახჩევანიძე კურტნის ხელოსანი ყოფილა ან ახალ ადგილზე დაუწყია ხელოსნობა და თითქოს მის შთამომავლებს ამის გამო გაუგვარდათ კურტანიძეობა. ეს ზეპირი გადმოცემაა და წერილობითი წყაროებით არ დასტურდება.
შთამომავლობა: კურტანიძეები სამეფო, საბატონო და საეკლესიო გლეხები იყვნენ.
ხსენება: კურტანიძეთა გვარი იხსენიება XVII საუკუნის და შემდგომი საუკუნეების მრავალ ქართულ საისტორიო საბუთში.
კურტანიძე ლომინა ჩანს იმერეთში ჩხარის ციხის მეციხოვნედ. კურტანიძე რამაზა თავისი შვილებით იხსენიება ქართლში, აზნაურ ზედგინიძეთა მამულში. ასევე ქართლში, აზნაურ ტატიშვილის საკომლოთა დავთარში, იხსენიება "კურტანიძის მამული".
კურტანიძენი: ძამუკა, მამუკა, ბერი და დათუნა - იხსენიებიან XVII საუკუნის I ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს დავთარში. კურტანიძე სულხანა ჩანს კახეთში ალავერდის ტაძრის საკომლოების ნუსხასი.
ქართლიდან კახეთში გადასული გლეხის ზაქრო კურტანიძის აყრას და ისევ ქართლში, თავის მამულში დაბრუნებას ითხოვს თავადი დავითაშვილი 1761 წლის არზით მეფე ერეკლე II-ისაგან.
თავადი ამირეჯიბის მამულში მცხოვრები გლეხი გოგია კურტანიძე მოწმედ არის დასახელებული 1775 წლის ამირეჯიბ-ბაქრაძეთა სადავო საქმეში.
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის კურტანიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში, ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ - მეფის ალმის მპყრობელთა სადროშოებში.
საკუთვნო: "კურტანიძეების ხულა" - ტყე ზემო იმერეთის სოფელ მეჩხრეთურში, "კურტანიძეების წყარო" - წყარო ზემო იმერეთის სოფელ ბეჟათუბანში, ზვარესა და პერევისაში. ამ უკანასკნელში ერთ უბანს "კურტანიძეების უბანი" ჰქვია. "კურტანიძეების გარემო" - ადგილის სახელი ზემო იმერეთის სოფელ სკინდორში, "კურტანიძეების წყარო" - წყარო შიდა ქართლის სოფელ ბუღაურაში, ჩორჩანასა და რბონაში.
გვარიშვილნი: ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ კურტანიძეთა გვარისშვილნი: დეკანოზი კახაბერ კურტანიძე, მონაზონი მარიამ კურტანიძე, ფალავანი ლუკა კურტანიძე, ფალავანი კობა კურტანიძე, მსახიობი ნინო კურტანიძე, მეცენატი პაატა კურტანიძე და სხვანი.
განსახლება: კურტანიძეები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ იმერეთში: ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის რაიონებში, აგრეთვე ხაშურში, ბორჯომსა და ახალციხეში. ამ რაიონებში კურტანიძეები იმერეთიდან არიან გადმოსულნი. იმერეთიდან არიან ლაგოდეხის კურტანიძებიც. შედარებით მცირე რაოდენობით არიან კურტანიძეები გურიაში - ოზურგეთის რაიონში, ქართლში - ქარელისა და გორის რაიონებში. ქალაქებში: ქუთაისში - დაახლოებით 50 კომლი, რუსთავში - დაახლოებით 100 კომლი, თბილისში დაახლოებით 230 კომლი ცხოვრობს.
ოდენობა: საქართველოში კურტანიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5600-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი კურტანიძეთა!
წიქორიძე
ფუძე: გვარსახელის ფუძეში დევს მამაკაცის მეტსახელი "წიქორ". ამავე ძირისაა კოლხური გვარსახელი წიქორია.
ძირი: წიქორიძე ერთძირიანი გვარია.
ბუდე: გვარის განსახლების არეალის და სიმჭიდროვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი ბუდე-პირველსაცხოვრისი იმერეთში, ბაღდათის მხარეში ჩანს.
შთამომავლობა: წიქორიძე გლეხური გვარია.
ხსენება: XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიებში წიქორიძენი იხსენიებიან იმერეთის შემდეგ სოფლებში: გეგუთში (სასულიერო წოდებისანი), სადემეტრაოში (საეკლესიო გლეხნი) და ჭყვიშში (საეკლესიო გლეხნი). აღსანიშნავია, რომ ჭყვიშელი და სადემეტრაოელი წიქორიძენი იმხანად წიქორაძეებად იწერებოდნენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს იმერეთში მცხოვრები წიქორიძენი და წიქორაძენი საერთო წარმომავლობის ხალხია.
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის წიქორიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში.
საკუთვნო: "წიქორიძეების უბანი" - უბანი ბაღდათის რაიონის სოფელ სადემეტრაოში, ამავე სოფელში არის "წიქორიძეების წისქვილი" და "წიქორიძეების წყარო". "წიქორიძისოული" - ვენახი წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში, "წიქორიძის ვაკე" - მინდორი ბაღდათის რაიონის სოფელ შუბანში, "წიქორიძის მინდორი" - საძოვარი ბაღდათის რაიონის სოფელ წყალთაშუაში.
განსახლება: ამჟამად წიქორიძეები ცხოვრობენ ძირითადად ბაღდათის რაიონის სოფლებში, მცირე რაოდენობით - წყალტუბოს, ზესტაფონის, ოზურგეთის, ხაშურის რაიონის სოფლებში. ქუთაისში - წიქორიძეთა დაახლოებით 100 კომლი, თბილისში კი დაახლოებით 20 კომლი ცხოვრობს.
ოდენობა: საქართველოში წიქორიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 850-ს აჭარბებს. ამას ემატება დაახლოებით 200 სული წიქორაძე.
ღმერთმა ამრავლოს წიქორიძე-წიქორაძეთა გვარი!
მამიაური
ფუძე: "მამია" - საკუთარი სახელი კაცისა.
მამიაური ეპომინური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის სახელი. გვარის სახელით ამავე ფუძისანი არიან: მამიაშვილები, მამაიაშვილები, მამინაშვილები, მამისაშვილები და სხვები. საუბარი ეხება გვარსახელთა ფუძეების მსგავსებას და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობას.
ძირი: ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ მამიაური ორძირიანი გვარია.
ბუდე: მამიაურთა ერთი ბუდე-პირველსაცხოვრისი ფშავში ყოფილა, ხოშარის თემში, ხოლო მეორე ბუდე მამიაურთა, სხვა მოდენილობის, ისევ ფშავის არაგვის სათავეებში, უკანაფშავის თემი ყოფილა. აქ მამიაურებს სოფელ ელიაგზაში უცხოვრიათ. როგორც მთხრობელები აღნიშნავენ, ხოშარელი და ელიაგზელი მამიაურები ერთმანეთს არ ენათესავებოდნენ. ამჟამად ფშავში მამიაური აღარავინ დარჩენილა, ბარად წასულან. ნაწილი პირიქითა ხევსურეთში გადასულა - სოფელ ხახაბოში.
წარმომავლობა: ზოგი მთხრობელის თქმით, მამიაურთა გვარი ფშაველ გოგოლაურთა შტო-ნაყარი გვარია. ზოგის თქმით, მამიაურნი გოგოლაურთა თემში შეფიცულნი არიან მხოლოდ, წარმომავლობით კი სხვანი არიან. ეს კი მართალია, რომ ხახაბოელ მამიაურებს ძმობა ჰქონდათ ასევე გოგოლაურთა თემში შეფიცულ ხოსიაურებთან, მინდიკაურებთან და ხახიაურებთან. მამიაურთა ქალის დაიასაგან მომდინარეობს თურმე მიღმახეველი ხევსურების დაიაურების გვარი.
შთამომავლობა: მამიაურები თავისუფალი მთიელი მეთემეები იყვნენ.
ხსენება: 1750 წელს, ივლისში, მეფე ერეკლე "ქართლითა და კახეთით ორსავ საერისთაოთი თუშეთს ამობრძანდა. სულ ფშაველნი და ხევსურნი იქ იყვნენ". მეფე მსაჯულად დაჯდა. მოისმინა სადავო საქმეები. სხვებს შორის გაირჩა ერთი მხრივ ფშაველ-ხევსურთა და მეორე მხრივ ფშავ-ხევსურეთის და თიანეთის მოურავის, მეფის სახლთუხუცესის, თავად გრიგოლ ჩოლოყაშვილის სასისხლო საქმე. მოდავეთა შორის იხსენიება მამიაური შალვა. საქმე შერიგებით და პირობის წიგნის მიცემით დასრულდა.
1873 წლის აღწერით, უკანაფშავის სოფელ ელიაგზაში მამიაურები სხვებთან შედარებით ყველაზე მეტნი ყოფილან.
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის მამიაურთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ - მეფის ალმის მპყრობელთა სადროშოში.
განსახლება: ამჟამად მამიაურთა ერთი კომლი შემორჩა ხევსურეთის სოფელ ხახაბოში. ფშავის ელიაგზიდან არიან ჩამოსახლებულნი ახმეტის სოფელ საკობიანოში და საგარეჯოს სოფლებში კოჭბანსა და გომბორში. ფშავის სოფელ ხოშარიდან მამიაურები შირაქის სოფელ ქვემო ქედში ჩასახლებულან (ესენი თავს გაბიდაურთა თემის ფშავლებად მიიჩნევენ). მამიაურები ცხოვრობენ შირაქის სოფელ გამარჯვებაში, მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარში, თიანეთსა და თბილისში.
ოდენობა: საქართველოში მამიაურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 120 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი მამიაურთა!
ნოზაძე
ფუძე: "ნოზა" - საკუთარი სახელი კაცისა. ნოზაძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში წინაპრის სახელია ფიქსირებული.
ძირი: ნოზაძე ერთძირიანი გვარია.
ბუდე: ნოზაძეთა გვარის ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთში საჩხერის მხარეში ჩანს. ერთი გადმოცემის მიხედვით, ასეთი ბუდე ხარაგაულის რაიონის სოფელი ფონა ყოფილა.
შთამომავლობა: ნოზაძენი სამეფო, საბატონო და საეკლესიო გლეხები იყვნენ. იყვნენ სასულიერონიც.
ხსენება: ქართულ საისტორიო საბუთებში ნოზაძეთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება. 1662 წლის დვანელიშვილის მიერ იორამიშვილისადმი მიცემულ გირავნობის წიგნში მოწმედ დასახელებულია ნოზაძე გიორგი. 1667 წლის ნასყიდობის წიგნში, რომელიც ქართლში თავად ფავნელიშვილს დედოფლის დეკანოზ დავითისთვის მიუცია, ასევე მოწმედ იხსენიება ნოზაძე გასიტა.
ქართლში სოფელ წაბლოვანს მცხოვრები ნოზაძე პაატა და მისი ძმები სტეფანე და გიორგი იხსენიებიან XVII საუკუნის II ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში. ამავე სოფელ წაბლოვანის მკვიდრი ნოზაძე მოწმედ არის დასახელებული XVIII საუკუნის დამდეგის მარტიროზაშვილისა და კოსტადელისშვილის სადავო საქმის გარდაწყვეტილების წიგნში.
1740-იან წლებში საციციანოში ძამის ციხე გატყდა. იქ ამოწყვეტილ და დაკარგულ გლეხთა სიაში ნოზაძეთა გვარიც იხსენიება. 1781 წლის აზნაურ ოქრომჭედლიშვილის ქვრივის საჩივარში აღნიშნულია, რომ ქართლის სოფელ დვანში ფავლენიშვილებს მხოლოდ ერთი კომლი გლეხი ჰაყვდათ, ორად გაყოფილი, გვარად ნოზაძენი.
1794 წელს ფრონესხეველი ნოზაძეები არზით მიმართავენ მეფე ერეკლე II-ს. ძველთაგან სახასო ყმანი ვართ, მეფე ვახტანგს ჩხეიძისთვის მივუბარებივართო. მივუბარებივართ, კი არ ვუბოძებივართო. ჩვენ ჩხეიძეთა სამკვიდრო არა ვართო. ნოზაძის გვარი 65 კომლი ვართო. 10 კომლი ქართლში ვდგევართ, სხვები - იმერეთში და ოსმალოს ქვეყანაშიო. ახლა ჩხეიძეები გვაწუხებენო. თუ თქვენი საფარველი ჩვენ არ დაგვადგა, ჩვენც დავიკაგებითო, - მოახსენებენ ნოზაძეები მეფე ერეკლეს. "დაკარგვა" მაშინდელი ქართველის მეტყველებაში ახალციხის საფაშოში გადასვლას ნიშნავდა. მეფე ერეკლემ ნოზაძეები სახასო გლეხებად გამოაცხადა და თავად ჩხეიძეებს მისწერა, ნოზაძეებთან ხელი არა გაქვთო.
XVIII საუკუნის მოლაშქრეთა ერთ დავთარში იხსენიება სოფელ ტკოცას აზნაურ რიკაძეთა მამულში მცხოვრები ნოზაძე ხოსიტა, თოფით მოლაშქრე, ნოზაძე ბერიკა, შუბით მოლაშქრე, სოფელ წაბლოვანას სახასო გლეხი ნოზაძე პატა, თოფით მოლაშქრე, და სოფელ სატივეს მცხოვრები ნოზაძე პატა, ესეც თოფით მოლაშქრე.
1782 წელს ერთ ბატონყმობის წიგნში მოწმედ იხსენიება სოფელ ოსიაურის მამასახლისი მამუკა ნოზაძე.
XVIII საუკუნის კახეთის მოსახლეობის ერთ-ერთ აღწერაში იხსენიება გარე კახეთის სოფელ კაკაბეთში მოსახლე ალავერდელი ეპისკოპოსის ყმა ნოზაძე, რომლის კომლიდან ერთი მოლაშქრე გამოდიოდა თოფით. XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, ნოზაძეებს უცხოვრიათ იმერეთის სოფლებში: ჯალაურთაში (საბატონო გლეხები), ჩხირაულში (საბატონო გლეხები და სასულიერონი), მოძვში (საბატონო გლეხები და სასულიერონი), დარკვეთში (საბატონო გლეხები), ბერეთისაში (საბატონო გლეხები და სასულიერონი).
1888 წლის ასანიძე-ციცქიშვილთა თამასუქი დაამოწმა მერევის სასოფლო საზოგადოების "სელსკი სუდია" ნოზაძემ.
1915 წლის პირობის წიგნი კნეინა მარიამ მაღალოვსა და პეტრე ელიავას შორის დაუმოწმებია ახალქალაქის მამასახლისს ივანე ნოზაძეს.
განშტოებანი: ეთნოგრაფიული მონაცემებით, ნოზაძეთა გვარის განშტოებას წარმოადგენს ქართლში სოფელ რუისში მცხოვრები ცაცანაშვილების გვარი და მესხეთში ახალციხეში მცხოვრები ალელიშვილების გვარი.
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის ნოზაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში, ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და შუაგულ სადროშოებში და კახეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში.
საკუთვნო: "ნოზაძეების უბანი" - უბანი ზემო იმერეთის სოფლებში: გრიგალათში, დარკვეთში, მეჩხეთურში, პერევისაში, ქვედა ბერეთისაში, სისვაძეებში, ურუნაში; "ნოზაძეების კლდე" - კლდე ქვედა ბერეთისაში, "ნოზაძეების ჭალა" - ჭალა სოფელ ურუნაში, "ნოზაძის გორა" - სოფელ დარკვეთში, "ნოზაძის მიწა" - ადგილის სახელი სოფელ ჯვარში (ყველა ეს სოფელ ზემო იმერეთშია). "ნოზაძეების წყარო" - წყარო შიდა ქართლის სოფელ ღუდაში, "ნოზაძეების ბჭა" - ჭა შიდა ქართლის სოფელ ვაყაში.
გვარიშვილნი: ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ნოზაძეთა გვარისშვილნი: ფილოლოგი, რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე, ისტორიკოსი შოთა ნოზაძე, მღვდელმონაზონი საბა ნოზაძე, პროფესორი ალექსანდრე ნოზაძე, პროფესორი გაიოზ ნოზაძე, მსახიობი და რეჟისორი შოთა ნოზაძე, მსახიობი პავლე ნოზაძე, დრამატურგი და რეჟისორი ლაშა ნოზაძე, ქართული ჯარის გენერალი სიმონ ნოზაძე, ფალავანი რამაზ ნოზაძე, ფალავანი და ფალავანთა აღმზრდელი შალვა ნოზაძე და სხვანი.
ნოზაძეებმა შექმნეს ნოზაძეთა საგვარეულო ორგანიზაცია, რომელიც უკვე წლების განმავლობაში გამოსცემს დიდი ქართველი ემიგრანტი მეცნიერის ვიქტორ ნოზაძის შრომების მრავალტომეულს.
განსახლება: ადრევე დაწყებულა ნოზაძეთა მრავალრიცხოვანი გვარის განსახლება ზემო იმერეთიდან შიდა ქართლში, სამცხესა და კახეთში. უფრო გვიან გამოჩნდნენ ნოზაძეები ჰერეთში, ქვემო ქართლში, ვაკე იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში. მესხეთში მცხოვრები ნოზაძეების ნაწილი გამაჰმადიანდა იმ დროს, როცა ახალციხის მხარე ჯერ კიდევ საფაშო იყო. ახლა მათი შთამომავალნი აზერბაიჯანსა და ჩრდილო კავკასიაში არიან ეგრეთ წოდებულ "მესხეთელ თურქთა" შორის. ნოზაძეები არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.
საქართველოში ნოზაძეები ყველაზე მრავლად არიან ხაშურის, საჩხერის, ჭიათურის, ლაგოდეხის, ქარელის რაიონებში; ქალაქებში: ქუთაისში - დაახლოებით 70 კომლი, რუსთავში - 200 კომლი, თბილისში 600 კომლი.
ამჟამად შიდა ქართლში ნოზაძეები თითქმის ორჯერ მეტნი არიან, ვიდრე გვარის პირვანდელ საცხოვრისში - იმერეთში.
ოდენობა: საქართველოში ნოზაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 11000-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს ნოზაძეთა გვარი!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ალექსანდრე ნაზღაიძემ