მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).
სვანიძე
ფუძე: სატომო სახელი სვანი. სვანიძე ეთნონიმური ტიპის გვარსახელია.
ძირი: მრავალძირიანი გვარი. სვანეთიდან ბარად ჩასახლებულ სხვადასხვა წარმოშობის სვანებს სხვადასხვა დროს სვანიძეობა გაუგვარდათ.
ბუდე: სვანიძეთა მრავალძირიან გვარს ბუდე-პირველსაცხოვრისიც მრავალი აქვს. ყველაზე მეტნი რაჭის და ლეჩხუმის სვანიძეები არიან.
წარმომავლობა: სვანიძეთა ერთ-ერთი გამრავლებული შტო წარმოშობით სვანეთის სოფელ კალადან ყოფილა. გადმოცემით, ამ შტოს წინაპარი გვარად ხარძიანი ყოფილა.
შთამომავლობა: სვანიძეების უმრავლესობა გლეხები იყვნენ: საბატონონი, საეკლესიონი, სახასონი. იმერეთის და რაჭის სვანიძეთა რამდენიმე ოჯახს აზნაურის წოდება ჰქონდა.
ხსენება: 1568 წლის იმერთა მეფის გიორგი II-ის გელათისადმი შეწირულობის სიგელში იხსენიება იმერეთის სოფელ ცხუკურში მცხოვრები სახასო გლეხი სვანიძე ხუტუნაი, რომელიც საეკლესიო გლეხი გამხდარა.
1578 წლის ქუთაისის საყდრის მებეგრეთა დავთარში იხსენიებიან: სოფელ ბაშს მცხოვრები ქრისტესია და მაშუტია სვანიძეები და სოფელ ჭყვიშს მცხოვრები გოგნია სვანიძე. ესენი საეკლესიო გლეხები ყოფილან.
XVII-XVIII საუკუნეთა სოციალური შინაარსის საბუთებში სვანიძეები ჩანან: ლეჩხუმში თავად ასათიანთა და ახვლედიანთა მამულებში, რაჭაში თავად ერისთავთა მამულში, იმერეთში თავად ნიჟარაძეთა, ამირეჯიბთა და საეკლესიო მამულებში, ზემო სამეგრელოში დადიანთა მამულში, გურიაში თავად ნაკაშიძეთა მამულში.
ამავე პერიოდის საბუთებში გვხვდებიან აზნაური სვანიძეები იმერეთში და რაჭაში თავად წულიკიძეთა მამულებში.
მსახურება: ღმერთისა და საქართველოსთვის სვანიძეთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი - ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ, მემარცხენე და მემარჯვენე სადროშოებში, აგრეთვე მთავარ გურიელთა და დადიანთა დროშებს ქვეშ.
განსახლება: სვანიძეები ცხოვრობენ: ლეჩხუმში, რაჭაში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, ქართლში, კახეთში, ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან ცაგერის და წყალტუბოს რაიონებში.
ოდენობა: ამჟამად სვანიძეთა საერთო რაოდენობა 6000 სულს აჭარბებს.
ზვიადაური
ფუძე: წინაპრის საკუთარ სახელად ქცეული ქართული სიტყვა "ზვიადი" - "თავისა თვისისა განმადიდებელი".
ძირი: ერთძირიანი გვარი.
ბუდე: ზვიადაურთა ბუდე-პირველსაცხოვრისი პირიქითა ხევსურეთში, მიღმახევის ნასოფლარი ბისო ყოფილა. იქიდან გადასულან ამავე ხეობის სოფელ არდოტში. არდოტიდან ძველი მკვიდრი გვარი სალუქაური გაუძევებიათ. მათი მამული ზვიადაურებს დარჩენიათ. არდოტელ ზვიადაურებს შეუქმნიათ სოფლები: არჭილო და ანდაკი მიღმახევის სათავეებში.
წარმომავლობა: გადმოცემით, ხევსურეთის სოფელ ბლოში სამი ძმა მოსულა: გიგა, ზვიადა და წოწკურა. ამათგან სამი გვარი გაჩენილა. ბლოელი ხევსური გიგაურები, არდოტელი ხევსური ზვიადაურები და მექოელე ფშაველი წოწკოლაურები ძმათა შვილები არიან.
შთამომავლობა: ზვიადაურები თავისუფალი მთიელი მეთემეები იყვნენ.
ხსენება: 1787 წლის განჩინებაში, თავად ჩოლოყაშვილთა გაყრის საქმეზე, იხსენიება ხევსურეთიდან თიანეთის მხარეში ჩამოსახლებული ბესო ზვიადაური. ეს ბესო ზვიადაური დიდი ხნის წინ აყრილა და კახეთს გადასულა, თიანეთში მისი მამული წილში რგებია თუშთმოურავს დურმიშხან ჩოლოყაშვილს, რომელსაც ზვიადაური მოუძებნია და ისევ თავის მამულზე დაუბრუნებია.
ნიკო ხიზანიშვილის XIX საუკუნის ხევსურულ ჩანაწერებში რამდენიმე ხალხური ლექსის მთხრობელად იხსენიება არდოტელი ხირჩლათ ალუდა ზვიადაური.
XX საუკუნის დასაწყისში არდოტის მამასახლისად იხსენიება ურჯუკათ წიკა ზვიადაური.
მსახურება: ღმერთისა და საქართველოსთვის ზვიადაურთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში. ზვიადაურთა ხმალი ტრიალებდა ბახტრიონის გალავანთან, ასპინძისა და კრწანისის ბრძოლებში.
ქისტებთან ბრძოლაში სახელიანი ერთ-ერთი ზვიადაურის გაუტეხლობის მაგალითი საფუძვლად დაედო ვაჟა-ფშაველას პოემას "სტუმარ-მასპინძელი".
საკუთვნო: ზვიადაურებს ეკუთვნოდათ პირიქითა ხევსურეთში მიღმახევის ზემო მხარე ხახაბოს თემის გამოკლებით. არდოტში ზვიადაურთა ცამდე მაღალი ციხე მდგარა.
განსახლება: ზვიადაურები ცხოვრობენ: არდოტში, ანდაქში, არჭილოში, თიანეთის სოფლებში: ხაიშოში, ჭიათურაში, ალოტში, ახმეტის სოფელ მატანში, თელავის სოფელ თეთრწყლებში, თბილისის მახლობლად ლილოში და გამარჯვებაში, დუშეთში, რუსთავში და თბილისში.
ოდენობა: ზვიადაურთა საერთო რაოდენობა 800 სულს აჭარბებს.
კაპანაძე
ფუძე: ეპონიმური ტიპის გვარსახელი. "კაპანა" გახლავთ საკუთარი სახელი.
ძირი: ერთძირიანი გვარი. საქართველოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები კაპანაძენი ერთმანეთს ენათესავებიან, მათ საერთო წარმომავლობა აქვთ.
ბუდე: კაპანაძეთა ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთშია, სოფელ კორბოულში.
შთამომავლობა: კაპანაძენი იმერეთში საბატონო და საეკლესიო გლეხები იყვნენ. ქართლში კაპანაძეთა ერთი შტო აზნაურის წოდებას ფლობდა.
ხსენება: 1429-1452 წლებში დემეტრე მეფემ სასისხლო სიგელი უბოძა დავით კაპანაძეს. სიგელი ნაყალბევი უნდა იყოს. ქართველი მეფეები გლეხებს სასისხლო სიგელებს არ აძლევდნენ, არც მეფე დემეტრეს იცნობს ისტორია XV საუკუნეში.
1558 წელს იმერეთის სოფელ მუჯისეთუბანში იხსენიება კაპანაძის მამული, რომელსაც იმხანად ქუთაისის საყდრის ბეგარა სდებია.
XVII-XVIII საუკუნეთა საბუთებში იხსენიებიან ჩხარის ციხის მეციხოვნენი დათვია და სეტია კაპანაძეები, სვერის ციხის მეციხოვნე დათია კაპანაძე, ხუცესი მაჩაბელ კაპანაძე და ხუცესი გიორგი კაპანაძე.
XVII საუკუნიდან იმერელი კაპანაძენი შიდა ქართლში იწყებენ გადმოსვლას. ისინი სახლდებიან თავად ფალავანდიშვილთა, ამირეჯიბთა, ამილახვართა მამულებში. საამილახვროს კაპანაძეებმა აზნაურობა მოიპოვეს.
XVIII საუკუნეში ამილახვრებმა აზნაურ კაპანაძეებს საამილახვროს ამოწყვეტილი აზნაურების იალღუზიშვილების მამული უბოძეს "ყოვლითა გულისსავსებითა".
მსახურება: ღმერთისა და საქართველოსთვის კაპანაძეთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი - ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ცალკერძ იმერეთის სამეუფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში და ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოებში.
საკუთვნო: იმერეთის სოფელ კორბოულში ერთ უბანს "კაპანაძეები" ჰქვია, ასეთივე სახელწოდების უბნებია სოფელ თაბაგრებში და სოფელ ითხვისში, "კაპანაძეების კარი" ჰქვია საძოვარს სოფელ სკინდორში, იმერეთის სოფელ ტყემლოვანაში ტყეს უწოდებენ "კაპანაძეების საჭურეებს", "კაპანაძის სერი" ჰქვია მთას სოფ. საღანძილეში. "კაპანაძის ყანები" - სახნავი ადგილი სოფელ სისვაძეებში, "კაპანაძის წყარო" არსებობს სოფლებში: გუნდაეთში, ტყლაპივაკეში, მერჯევში, ტყემლოვანაში. "კაპანაძისეული" - ვენახის სახელწოდება იმერეთის სოფელ კალვათაში და არგვეთში. "კაპანაძის ტყე" - სოფელ სპეთში, "კაპანაძის ტბა" - იმერეთის სოფელ ითხვისში, "კაპანაანთ სახნავი" - ქართლის სოფელ თერეგვანში, "კაპანაძის წყარო" - გურიის სოფელ წყალწმინდაში.
განსახლება: ამჟამად კაპანაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, სამცხეში, ქართლში, კახეთში და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ხაშურის და ლაგოდეხის მხარეში.
ოდენობა: საქართველოში კაპანაძეთა გვარი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია. მათი რაოდენობა ცხრამეტიათასს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი კაპანაძეთა!
მოამზადა
ლექსო ნაზღაიძემ
ლექსო ნაზღაიძემ