მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).
აბალიშვილი
ფუძე: წინაპრის საკუთარი სახელი "აბალა".
ძირი: ერთძირიანი გვარი.
ბუდე: აბალიშვილთა ბუდე-პირველსაცხოვრისი თიანეთის მხარეშია. ივრის კუდებში, ნასოფლარ ბაჩალში დაიარებიან სალოცავად.
წარმომავლობა: აბალიშვილები გაბიდაურთ თემის ფშავლები არიან. ენათესავებიან ამავე თემის ფშავლებს: ღეჩუაშვილებს, ჭამაურებს, ნიბლოშვილებს, კუკელაშვილებს, გაწირულებს, წვეროშვილებს, საყვარელაშვილებს, ნინიაშვილებს, ბალღიაშვილებს, ბებერაშვილებს, ჭიჭოშვილებს, ახალაურებს, ბეწუკელებს, გოძიშვილებს, ბუჭყურაშვილებს, კუდიანაშვილებს, დოჯურიშვილებს, გამახარეშვილებს, ყაყიდაშვილებს, ხარანაულებს, ფხიკლეშვილებს, ნაკვეთაურებს, მამსიკაშვილებს, ჯიმშიტაშვილებს, აქიმიშვილებს, ბადურიშვილებს, ძებნიაურებს, ხახაშვილებს და სხვებს, ძირად გაბიდაურ მთიულებს: ნადიბაიძეებს, უშარიძეებს, ბედოიძეებს, სვიანაიძეებს, ძირად გაბიდაურ ქსნისხეველებს: თინიკაშვილებს, დოჩიაშვილებს, ხოკრიშვილებს, ბალაშვილებს, ახლოურებს. ყველა ესენი ან ძირად გაბიდაურები არიან, ანაც გაბიდაურებთან ნაფიცნი და თემში ხარ-ქვაბით შემოყრილნი. ერთსისხლობით და ერთი ხატის ყმობით ერთურთში ქალს არ ათხოვებენ.
შთამომავლობა: აბალიშვილნი თავისუფალი მთიელი მეთემენი იყვნენ.
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის აბალიშვილთა წინაპრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.
საკუთვნო: თიანეთის რაიონის სოფელ ლიშოსთან ერთ ველს "გაქციას ნაჯაგი" ჰქვია, ტყეში ერთ ახოს კი "საღირის ახო", იქვეა "საღირის წყარო". "საღირნი" აბალიშვილთა კომობაა (განშტოება). გაქციაც აბალიშვილი ყოფილა გვარად.
განსახლება: ამჟამად აბალიშვილები ცხოვრობენ თიანეთში და თიანეთის რაიონის სოფელ ლიშოში.
ოდენობა: საქართველოში აბალიშვილთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 20 სულს შეადგენს.
აბაშვილი
ფუძე: წინაპრის საკუთარი სახელი "აბა".
ბუდე: აბაშვილთა წინაპრების ბუდე-პირველსაცხოვრისი ბუდე-დვალეთის ზახას თემის სოფელი აბაითიყაუ ჩანს, სადაც ისინი თითქოს ქურთაულის თემიდან გადასულან.
შთამომავლობა: აბაშვილები ხიზანი და საბატონო გლეხები იყვნენ.
ხსენება: 1660-1676 წლების თავად ბაადურ მაჩაბლის ერთ არზაში ჩანს ვინმე აბაშვილი, რომელსაც თორმეტი ტყვის სანაცვლოდ მაჩაბლის ქალი უთხოვია.
1792 წლის ასა აბაშვილის არზის მიხედვით, აბაშვილი თერგის ხეობაში სოფელ ალმასიანში დასახლებულა ვახტანგ ბატონიშვილის ბრძანებით. სხვებიც მოუყვანია ასა აბაშვილს, რვა კომლად დასახლებულან. ახლა ალმასიანზე გამავალი ქარავნებისგან წილს ითხოვს ასა აბაშვილი: "თივა გვეხარჯება და ცეცხლი და ერთ საპალნეს არავინ გვანებებსო".
საკუთვნო: შესაძლოა აბაშვილებს უკავშირდებოდეს გორის რაიონის სოფელ ზემო ბოშურში "აბაანთ წყარო" და ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში "აბაანთ ხევი". ეს ორივე სოფელი თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარეობს, შესაბამისად, ტანას და ძამას ხეობებში.
გვარისშვილი: რუსთა სამსახურში, რუსეთის (საბჭოთა) სამხედრო საზღვაო ფლოტში დაწინაურდა ვიცე-ადმირალი გიორგი აბაშვილი.
განსახლება: ამჟამად აბაშვილები ცხოვრობენ: მცხეთაში და მცხეთის რაიონის სოფლებში: გალავანში, საგურამოში, ნატახტარში, წილკანში, ძალისში; დუშეთის რაიონის სოფელ ძველ ოსებში, გარდაბნის რაიონის სოფელ დიდ ლილოში, აგრეთვე რუსთავსა და თბილისში.
ოდენობა: საქართველოში აბაშვილთა საერთო რაოდენობა 300 სულს აჭარბებს.
აბაკელია
ფუძე: აბაკელიათა გვარსახელის ფუძეზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. შესაძლებელია ეს იყოს წინაპრის საკუთარი სახელი "აბა", "აბაგ", "აბაკ", "აბაკელა".
შესაძლოა, წინაპრის საკუთარი სახელი "აბაკელი" "ამბაკოს" ან "აბაკუმის" სახეცვლილი ფორმა იყოს. შესაძლებელია გვარსახელის ფუძეში იდოს ადგილის სახელი "აბაკურა" - ჰაბკვირის ქედის მეორე სახელი სვანეთში. "აბაკელ" ამ შემთხვევაში სადაურობის აღმნიშვნელი სახელი გამოდის. არსებობს აზრი, რომ "აბაკელ" მეგრულ ზმნას "საბაკელს" ანუ დატკეპნილს უკავშირდება.
ძირი: აბაკელია ერთძირიანი გვარი ჩანს. არიან გააფზახებული აბაკელიებიც.
შთამომავლობა: აბაკელიათა უმრავლესობა გლეხები იყვნენ. სენაკის რაიონის სოფელ ხორშის აბაკელიებს აზნაურის წოდება ჰქონდათ.
საკუთვნო: მარტვილის რაიონის სოფელ თარგამეულში ერთ უბანს "ლეაბაკელიე" ჰქვია. ზუგდიდის რაიონის სოფელ დავითიანსა და ხობის რაიონის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში არის უბნები ერთნაირი სახელით - "სააბაკელიო".
გვარისშვილნი: ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იოსებ აბაკელია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო აბაკელია, მოქანდაკე, გრაფიკოსი და სცენოგრაფი თამარ აბაკელია.
განსახლება: ამჟამად აბაკელიები ცხოვრობენ: ხობში და ხობის რაიონის სოფლებში: ზემო ქვალონში, საალანიო-საფაჩულიოში, ხეთაში, ოხვამეკარში, პირველ ხორგაში, გაღმა ქარიატაში, გაღმა საჯიჯაოში; სენაკში და სენაკის რაიონის სოფლებში: საგუგუნაოში, შუა ხორშში, ახალსოფელში, ისულაში; მარტვილის რაიონის სოფლებში: თარგამეულში და თამაკონში; ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონის სოფლებში: დიხაგუძუბაში, დიდ ნეძში, ინგირში, დავითიანში; აბაშის რაიონის სოფელ მარანში, წალენჯიხის რაიონის სოფლებში: ობუჯში და ფახულანში, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში, გალში და გალის რაიონის სოფლებში: ჭუბურხინჯში, მახუნჯიაში, ლეკუხონაში, ზენში, სამქვაში, მეორე ოტობაიაში; ოჩამჩირეში და ოჩამჩირის რაიონის სოფლებში ახალ კინდღში და ბესლახუბაში; გულრიფშში და გულრიფშის რაიონის სოფლებში: ვარჩაში და ყორასში, ტყვარჩელში, სოხუმში, ფოთში, ბათუმში, ქუთაისში და თბილისში.
ოდენობა: საქართველოში აბაკელიათა საერთო რაოდენობა 700 სულს აჭარბებს.
აბაზაშვილი
ფუძე: წინაპრის სახელი "აბაზ", "აბას" არაბულიდან ითარგმნება როგორც "მკაცრი", მოღუშული.
ძირი: მრავალძირიანი გვარი. არიან წარმოშობით ქართლელი, კახელი და მოხევე აბაზაშვილები.
ბუდე: აბაზაშვილთა ერთი პირველსაცხოვრისი ქვემო ქართლში ჩანს, ერთი - შიდა კახეთში და ერთიც - ხევში, თუმცა ესენი აბაზაშვილად დაწერილი მოხევე აბაზაიძეები არიან.
შთამომავლობა: ქვემო ქართლის აბაზაშვილნი სომხითის მელიქ მირიმანიძეთა აზნაურები იყვნენ, მოხევე აბაზაშვილნი (იგივე აბაზაიძენი) - მთიელი მეთემენი, ხოლო კახელი აბაზაშვილნი - სახასო გლეხები.
ხსენება: 1680 წელი. ქვემოქართლელი აზნაური აბაზაშვილი ბერონა მოწმედ იხსენიება აზნაურ ყორღანაშვილთა მიწის ნასყიდობის წიგნში. 1695 წელს მელიქიშვილთა და იაგულაშვილთა ნასყიდობის წიგნში მოწმედ იხსენიება ქვემოქართლელი აზნაური აბაზაშვილი არაზა. იგივე აზნაური არაზა აბაზაშვილი იხსენიება სომხითის მელიქ მირიმანიძეთა და თუმანიშვილთა სოფლის ნასყიდობის 1697 წლის წიგნში. 1783 წლის ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში იხსენიება აზნაური აბაზაშვილი.
1801-1802 წლების კახეთის აღწერაში სოფელ სანადიროში იხსენიება გლეხი აბაზაშვილი სარქისა.
XIX საუკუნის დასაწყისში იოვანე ბატონიშვილი აზნაურ აბაზაშვილთა შესახებ წერდა, რომ მათი წინაპარი აბაზა თითქოს სპასპეტი ყოფილა და თითქოს X საუკუნეში დასახლებულა ქვემო ქართლში. 1850 წლის საქართველოს თავადთა და აზნაურთა ოჯახების რუსულ სიაში აბაზაშვილთა არც ერთი ოჯახი არ შეიყვანეს.
1886 წლის საოჯახო სიებში ხევის სოფელ სტეფანწმინდაში ერთი კომლი აბაზაშვილი იხსენიებოდა (ძირად აბაზაიძენი).
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის აბაზაშვილთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში.
საკუთვნო: აზნაური აბაზაშვილნი მამულებს ფლობდნენ ქვემო ქართლში, მდინარე ხრამის მარჯვენა და მდინარე დებედას მარცხენა სანაპიროებზე.
განსახლება: გურჯაანში და გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში აბაზაშვილთა დაახლოებით 35 კომლი ცხოვრობს. არიან მცირე რაოდენობით საგარეჯოში და საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში.
გორში და გორის რაიონის სოფელ საქაშეთში და სოფელ ხიდისთავში აბაზაშვილთა დაახლოებით 25 კომლი ცხოვრობს.
აბაზაშვილები მცირე რაოდენობით არიან ზემო ავჭალაში, რუსთავსა და თბილისში.
ოდენობა: საქართველოში აბაზაშვილთა საერთო რიცხვი 300 სულს აჭარბებს.
აბაშია
ფუძე: წინაპრის საკუთარი სახელი "აბაშ". თუმცა შესაძლებელია გვარსახელის ფუძეში დევს აკუთარი სახელი "აბა", რომელსაც ერთვის მეგრულ-ჭანური ორმაგი დაბოლოება.
ძირი: ერთფუძიანი გვარი.
წარმომავლობა: ერთი გადმოცემით, აბაშიათა წინაპრები - იმერელი ძმები აბაშიძეები სამეგრელოში გადასულან და მათი გვარი აბაშიძე აბაშიად შეცვლილა. თითქოს ერთი ძმა სამქვარში დასახლებულა, გალის რაიონში, მეორე - ახუთში, ჩხოროწყუს რაიონში და მესამე - ჭალადიდში, ხობის რაიონში.
შთამომავლობა: აბაშიები საბატონო და საეკლესიო გლეხები იყვნენ.
ხსენება: 1616-1621 წლების საცაიშლო გამოსავალი მოსაკრებელი დავთრის მიხედვით ცაიშში მოსახლე საეკლესიო გლეხს, აბაშიას ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: საკლავი, პური, ღომი, ღვინო, თევზი, ყველი...
საკუთვნო: ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში არის აბაშიების უბანი, სახელად "სააბაშიო კუნთხუ". სამურზაყანოში, სოფელ პირველ გალში არის სააბაშიოს უბანი. ამავე სოფელში ერთ ადგილს ჰქვია "აბაშიეფიში სუკი" ანუ აბაშიების ბორცვი.
განსახლება: ამჟამად აბაშიები ცხოვრობენ: გალში და გალის რაიონის სოფლებში: სამქვარში, ჭუბურხინჯში, ფართოღალში, ფუწყურში, ლეკუმხარაში, ფიცარღალში; ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯუყმურში, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში, აგრეთვე ფოთში, ბათუმსა და თბილისში.
ოდენობა: საქართველოში აბაშიათა საერთო რაოდენობა 200 სულს აჭარბებს.
მოამზადა
ლექსო ნაზღაიძემ
ლექსო ნაზღაიძემ