ვიცით კი ყველამ, რას მეტყველებს თითოეული ჩვენგანის გვარი?
ივანე ჯავახიშვილი წერდა: "გსურს გაიგო, "ვინა ხარ", უნდა შეიგნო, "ვინ იყავ"; გინდა იქცე "რამედ", უნდა შეიტყო, "რა განვლე"; "საითკენ?" - მიზანმხვედრია მაშინ, თუ ესეც იცი: "საიდან?"...
ისტორია არის არა მარტო ხსოვნა წარსულისა, არამედ იგი ქმედითი მონაწილეცაა მომავლისა". ერი გვარებისგან შედგება. ჯიშის შეგნება, საკუთარი გვარიშვილობისა და წარმომავლობის გაცნობიერება - ადამიანს სხვაგვარ პასუხისმგებლობას აკისრებს ღვთისა და ერის წინაშე. "ნუ ყოს ესე ღმერთმან, რამეთუ ამით წარხდების გუარი ჩემი", - ეუბნება ბექა ჯაყელი დავით ულუს, როდესაც ყაენთან მიმავალს მეფე უკან აბრუნებდა; იქ ორივეს უეჭველი სიკვდილი ელოდა. ეს მაინც გადარჩეს, - იყო მეფის სურვილი. გვარის წარხდენას ღირსეული სიკვდილი ამჯობინა ბექა ჯაყელმა. გვარს გაფრთხილება უნდა. ვისი გორისა ხარ? - ჰკითხავენ კაცს და მისი პასუხით უცნობ ადამიანზე შეიტყობენ მთავარს. გვარმოდენილობა ფესვია, ჯიშის, ძირის, გენის ამონაყარი. ვისი გორისაა? - იკითხავენ სასძლოზე ან სასიძოზე და ამ ერთი ინფორმაციით ან მოიწონებენ, ან დაიწუნებენ...
ჩვენმა გვარებმა შემოგვინახეს საქართველოს ისტორია, მისი ჭირ-ვარამი, იღბალი და უბედობა. ვიცით კი ყველამ, რას მეტყველებს თითოეული ჩვენგანის გვარი, რა ინფორმაციას გვინახავს და რას გვიყვება, ერთი სიტყვით, ვისი გორისანი ვართ?
შემდეგი ნომრიდან ჟურნალ "კარიბჭის" ფურცლებზე დაიბეჭდება ინფორმაცია საქართველოში არსებული გვარების შესახებ, რითაც მკითხველს საშუალება მიეცემა, უკეთ გაეცნოს თავისი გვარ-ჩამომავლობის ისტორიას. ინფორმაციას გვარების შესახებ მოგვაწვდის ეთნოლოგი ლექსო ნაზღაიძე, რომელიც 23 წელია ქართული გვარების ისტორიას იკვლევს. გამოქვეყნებული აქვს სტატიები პერიოდულ გამოცემებში, სამეცნიერო კრებულებში. გამოცემული აქვს ბროშურები რამდენიმე გვარის შესახებ. ბატონი ლექსოს კოლოსალური შრომის შედეგია კატალოგი, რომელშიც ოცი ათასმა გვარ-სახელმა მოიყარა თავი. ნაშრომის გამოქვეყნება ფრიად საშური საქმეა, რასაც ქართული საზოგადოება დიდი ინტერესით ელის.
- ბატონო ლექსო, ქართული გვარების შესახებ სად მოიძიეთ ამდენი ინფორმაცია?
- ჯერ კიდევ მოწაფეობისას მაინტერესებდა ჩემი თანაკლასელების წარმომავლობა: ვინ იყვნენ, რომელი სოფლიდან... თავიანთი გვარის შესახებ თვითონაც არ იცოდნენ იმდენი, რამდენიც მე. შემდეგ უკვე უნივერსიტეტშიც ჩემი ჯგუფელების გვარებს ვსწავლობდი, ვიწერდი ინფორმაციას მათ შესახებ... ჩემი სტუდენტობის დროს ლაშქრობები იყო პოპულარული. მოვიარეთ რაჭა, სვანეთი, ხევსურეთი... ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდი, ვიწერდი, ამა თუ იმ სოფელში რა გვარის ხალხი ცხოვრობდა, საიდან იყვნენ წარმოშობით, სად ჰქონდათ სალოცავი და ა.შ. ამ ყველაფერს ძირითადად უფროსი თაობის ხალხისგან ვიწერდი. მერე გავაკეთე საბარათო სისტემა. გვარების მეცნიერულად შესწავლა დავიწყე 1983 წელს. გვარები ანბანის მიხედვით დავალაგე და სისტემაში მოვიყვანე, რათა მოსაძებნად ადვილი გამხდარიყო. შედგა გვარების პირველი ათეული. შემდეგ მეორე, მესამე...
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის რელიგიის განყოფილებაში. 1986 წელი იყო. იგეგმებოდა ტრანსკავკასიის რკინიგზის გაყვანა, რომელსაც ხევსურეთი უნდა გაევლო. მაშინ ამასთან დაკავშირებით ინტელიგენციამ საპროტესტო გამოსვლები მოაწყო. შეიქმნა ექსპედიცია, რომლის მიზანი იყო ზრუნვა ამ კუთხის წეს-ჩვეულებების, ტრადიციების გადასარჩენად. ყველაფერი უნდა აღგვენუსხა, ჩაგვეწერა, ფოტოები გადაგვეღო. რაიმე სახით დაგვემახსოვრებინა, რა ხალხი ცხოვრობდა აქ, რა სალოცავები ჰქონდათ... 4 წელი ვიმუშავეთ. მე გახლდით კარტოგრაფი, ვადგენდი ფშავ-ხევსურეთის სალოცავების რუკებს. ვიწერდი მასალებს იმ ხალხის შესახებ, ვინც ამ სალოცავებში ლოცულობდა. მერე უამრავი სამეცნიერო ლიტერატურა მოვიძიე არქივში, ხელნაწერთა ინსტიტუტში... ამგვარად შედგა უზარმაზარი კატალოგი, რომელიც, სასურველია, დაიბეჭდოს.
- ბარათებით რა ინფორმაციის მიღება შეუძლია მკითხველს თავისი გვარის შესახებ?
- თითოეულ გვარზე მკითხველს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორია ამა თუ იმ გვარ-სახელის ფუძე, გვარმოდენილობის ძირი, საიდან დაიწყო გვარი, სად აქვს ბუდე (პირველსაცხოვრისი). შემდეგ - წარმომავლობა, რომელი გვარის განშტოებაა; რა მოუდის ამ გვარს შთამომავლობით: აზნაურობა, გლეხობა, თავადობა ან რაიმე სამსახური, თანამდებობა; რომელ წყაროებშია ნახსენები ესა თუ ის გვარი. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის ჩამოთვლილი ის წერილობითი საისტორიო საბუთები, სადაც ეს გვარი ამა თუ იმ ფორმით იხსენიება; რა დამსახურება მიუძღვის მას ერის ისტორიაში; რა ეკუთვნოდა ამ გვარს, რა ვიცით მისი მამულების შესახებ (ტყე, სათიბი, ვენახი, ციხე, ეკლესია...); გვარიდან მოხსენიებულია ის ხალხი, ვისაც ღვაწლი მიუძღვის განათლების, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების... დარგში; შემდეგ - რომელ სოფლებში ცხოვრობენ ამ გვარის წარმომადგენლები, სად უნდა მოძებნონ ერთმანეთი; რამდენნი არიან დღეს საქართველოში; მითითებულ წყაროებში ჩამოთვლილია ფონდები, თუ სად ინახება დოკუმენტები, სამეცნიერო ლიტერატურა, რომელშიც ესა თუ ის გვარი არის ნახსენები.
- ისტორიას მომავალი თაობებისთვის აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს. საკუთარი გვარისა და წარმომავლობის გაცნობიერებაც, ალბათ, გარკვეულწილად განსაზღვრავს ადამიანის აწმყოსა და მომავალს.
- ზოგჯერ შემხვედრია საბუთი, რომელიც რომელიმე გვარიდან მოღალატის ვინაობას ამხელს. ასეთ ფაქტებს არ ვაქვეყნებ. როდესაც ამა თუ იმ გვარის წარმომადგენელი წაიკითხავს თავისი გვარის ისტორიას, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, იცოდეს, თუ როგორი სახელოვანი წინაპარი ჰყავდა თუ პირიქით, ვიღაც მოღალატემ როგორ გაუტეხა სახელი გვარსაც და ერსაც? ვფიქრობ, ასეთმა ადამიანებმა დავიწყება დაიმსახურეს და მათი ხსენება აუცილებელი არ არის. გვარის ისტორიამ ადამიანი უნდა წააქეზოს კარგი საქმეებისკენ. ის კი არ უნდა აფიქრებინოს, სამარცხვინო წინაპრები მყოლია და მე რაღა მომეთხოვებაო, არამედ ასეთი სახელოვანი წინაპრების შთამომავალს მეც რაღაც მევალებაო. საქართველოს ისტორიაში ამისი მრავალი მაგალითია. კრწანისის ბრძოლა როდესაც წავაგეთ (1795 წელი) და ერეკლე მეფე გააცილეს ცეცხლმოდებული ქალაქიდან, იმ დროს ნარიყალას ციხეზე გურამიშვილის მეზარბაზნეები იდგნენ, რომლებიც აგრძელებდნენ წინააღმდეგობას. გურამიშვილს უთქვამს მათთვის: "ძმებო, გარდაუვალი სიკვდილი მოწეულა ჩვენზე, მაგრამ უნამუსოდ სიცოცხლეც შეგვიძლია და რომელი ავირჩიოთო". მეზარბაზნეებს უყოყმანოდ მიუგიათ: "ჩვენს წინაპრებს უნამუსობა არ უქმნიათ და ჩვენც იმათი შვილები ვართო". ე.ი. რადგან იმათი შვილები იყვნენ, იცოდნენ, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ და რა ევალებოდათ, მათ შეგნებული ჰქონდათ პასუხისმგებლობა თავიანთი წინაპრების წინაშე. რაც მათთვის იყო შემაკავებელი ფაქტორი დაცემისგან, უღირსი საქციელის ჩადენისგან. გახსოვთ, ხევისბერი გოჩა როგორ შეაგონებს შვილს: "გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ. ვინძლო ქვეყანა არ გააცინოო".
საჭიროა, ახალგაზრდა თაობამ კარგად იცოდეს თავისი გვარის ისტორია, ვინ იყვნენ, რა გადახდენიათ თავს, რა პასუხისმგებლობა აკისრიათ, რა არ ეკადრებათ... ასეთი აზროვნება უნდა ჩავუნერგოთ ბავშვს, განსაკუთრებით იმ ასაკში, როდესაც მას თვითშეგნება უყალიბდება და იწყებს გაცნობიერებას: ვინ ვარ? როგორი ვარ? სხვათა შორის, სიტყვა "როგორი" "რა გვარიდან" მომდინარეობს. ე.ი. კაცს რომ ეკითხები: რა გვარი ხარო, ფაქტობრივად ეკითხები, როგორი ხარო.
მართალია, რუსთაველმა თქვა: "თუ კაცი თვითონ არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობაო", მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, ჯიშიანი გვარის შვილი ვარგა, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს, რა თქმა უნდა.
- სულ რამდენი გვარია ფიქსირებული კატალოგში?
- კატალოგში ფიქსირებულია 7000 ქართული ფორმის (დაბოლოების) გვარი, რომლის მატარებელი 20 სული მაინც არსებობს საქართველოში. მაგრამ გვარ-სახელების რაოდენობა კატალოგში 20000-ზე მეტია. გვარ-სახელების რაოდენობის ხელოვნურ გამრავლებას იწვევს ის, რომ ერთი და იგივე გვარი შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს ჩაწერილი. ანუ თითოეულ გვარს შეიძლება ორი ან სამი საძირკველი ფორმა აღმოაჩნდეს და სტატისტიკაში ის შედის როგორც ერთეული. გარდა ამისა, კატალოგში შეტანილია უამრავი გვარი, რომლებიც დღეს აღარ არსებობს (დღემდე ვერ მოაღწია), ისტორიულ საბუთებში კი იხსენიება. გვარის ამოწყვეტის უამრავი მიზეზი არსებობდა: შემოსევები, ეპიდემიები - ხდებოდა ისეც, რომ გვარი დაიშლებოდა ახალ გვარებად და იმ ძველი გვარის მატარებელი არავინ რჩებოდა. რაც შეეხება შემოსევებს, ხუთი მილიონი ვიყავით ქართველები მე-12 საუკუნეში. ის 5 მილიონი 8 საუკუნის განმავლობაში ბუნებრივად რომ გამრავლებულიყო, განა ახლა ჩვენ 3 მილიონი ვიქნებოდით?! ისტორიაში ნახსენები ცნობილი ფეოდალური გვარები დღეს თითქმის აღარ არის, დაიკარგა.
- საინტერესოა, როდიდან გაჩნდა ქართული გვარები და, საერთოდ, გვარები დედამიწაზე?
- ევროპაში ყველაზე მეტად იტალიელი არისტოკრატები ამაყობენ თავიანთი გვარების სიძველით. არისტოკრატს სჭირდებოდა გვარი, მემკვიდრეობის მფლობელობა, გერბი, დროშა, მამულები, ციხესიმაგრე... გლეხს კი - ნაკლებად. ამიტომ გლეხებში გვიან დაიწყო ეს პროცესი. ევროპაში XI საუკუნეში, ლომბარდიის დაბლობზე, იტალიელ არისტოკრატებში დაიწყო გვარების გაჩენა. საუკუნეების შემდეგ გვარები გაჩნდა საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში... რუსეთში XIX საუკუნის 60-იან წლებში, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, გლეხები კანონით დაავალდებულეს, რომ გვარები მიეღოთ. საქართველოში IX საუკუნეში უკვე დაფიქსირებულია გლეხების გვარები. ბევრი გვარი გაჩნდა X-XI საუკუნეებშიც, მაგრამ დღეს არსებული ქართული გვარების უმრავლესობა მომდინარეობს XV-XVI საუკუნეებიდან, თუმცა მერეც ჩნდება გვარები. და, საერთოდ, გვართწარმოქმნის პროცესი მუდმივია: ძველი გვარიდან ჩნდება ახალი განშტოება, ამ ახალი განშტოებიდან - კიდევ ახალი და ა.შ. გვარ-სახელები იცვლება, მაგრამ გვარმოდენილობა უცვლელია. გვარმოდენილობა არის სისხლის მდინარება წინაპრიდან შთამომავლისკენ.
- რა არის იმის მიზეზი, რომ ზოგიერთი გვარის წარმომადგენლები რიცხობრივად ბევრნი არიან, ზოგიერთი გვარის კი - შედარებით ცოტა?
- გვარის სიმცირის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ზოგიერთი გვარი იდევნებოდა. მაგალითად, XX საუკუნის 20-30-იან წლებში არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლებს სასტიკად უსწორდებოდნენ. ამიტომ ზოგიერთმა გვარიც კი გადაიკეთა. არის აგრეთვე გვარები, რომლებიც XIX საუკუნეში გაჩნდა და ვერ მოასწრო გამრავლება. ამით აიხსნება მათი სიმცირე. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. შეიძლება გვარი ძველი იყოს, მაგრამ დღემდე მცირე რაოდენობით მოეღწიოს. ამ შემთხვევაში შესაძლოა მიზეზი ის არის, რომ ეს გვარი სოციალურად აქტიური იყო და მის თავზე მრავალმა ქარტეხილმა გადაიარა. მაგალითად, ასეთია თავადაზნაურული გვარები. საერთოდ, ბრძოლაში აზნაური და თავადი გადიოდა ქუდზე კაცად, ხოლო გლეხი - კომლზე კაცად. აქედან გამომდინარე, თუ ლაშქარი მარცხდებოდა, მსხვერპლი უფრო მეტად ფეოდალურ გვარში იყო. ასე რომ, ზოგიერთი გვარი გადარჩა იმის გამო, რომ ნაკლებად მონაწილეობდა ომებში ან ისეთ ადგილას იყო დასახლებული, სადაც ნაკლები იყო შემოსევები. ზოგი კი განადგურდა იმის გამო, რომ მათ საცხოვრებელ არეალზე გადაიარა ბევრმა ჭირთატეხამ: შემოსევებმა, ეპიდემიამ და ა.შ.
- უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მრავალმხრივ ინიციატივათა შორის ერთ-ერთი გვარების დალოცვის წამოწყებაა. რამდენადაც ვიცი, გვარების შეკრების ტრადიციას დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი. რამდენად მნიშვნელოვანია ეს და რამდენად წაადგება ჩვენს ერს, მომავალს?
- საგვარეულო მოძრაობას უკვე რამდენიმე წელია მოთავეობს ეთნოგრაფი ლევან ფრუიძე. თავიდან ყველაფერი სტიქიურად დაიწყო. 70-იან წლებში გვარები ერთმანეთს ეძებდნენ, პოულობდნენ. ამას მოჰყვებოდა ერთი დიდი ქეიფი, მაგრამ საქმე ამის იქით აღარ მიდიოდა. 90-იან წლებში გვარების შეკრებამ სხვაგვარი ფორმა მიიღო. "ჭირსა შიგან გამაგრება" ოდითგანვე მოგვდგამს ქართველებს. მოგეხსენებათ, ამ წლებში როგორ უჭირდა ჩვენს ქვეყანას: შიმშილი, ემიგრაცია, ძმათა შორის ომი... და სწორედ ამ დროს დაიწყო გვარების შეკრებები. აქა-იქ, კანტიკუნტად, ხან ერთი გვარი შეიკრიბებოდა, ხან - მეორე. მახსოვს, 90-იან წლებში ერთ-ერთი გვარის შეკრებას დავესწარი რუსთაველის თეატრში. მაშინ იქ ითქვა, - ზოგი, ალბათ, იმასაც იტყვის, რა დროს ესაა, ქვეყანა თავზე გვექცევაო, მაგრამ სწორედ ახლა გვმართებს ერთმანეთის მოძებნა, მოკითხვა და დახმარებაო. ადამიანმა ყველაზე უნდა იზრუნო, მაგრამ, პირველ რიგში, შენს სისხლსა და ხორცზე. ამიტომ გვარების შეკრება ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. უკვე 400-მდე გვარია შეკრებილი. ეს ადამიანები იკრიბებიან და იწყებენ ფიქრს, თუ როგორ მოიქცნენ, საით წარმართონ თავიანთი ძალ-ღონე.
90-იან წლებში ამა თუ იმ გვარის წარმომადგენლებმა დაიწყეს უკვე ორგანიზაციების, კავშირების შექმნა, ზოგიერთმა გვარმა შექმნა ფონდი, ვთქვათ, ეკლესიის აღსადგენად. დაიწყეს ერთმანეთის მოკითხვა: ვის რა უჭირს, ქვრივი ჰყავთ, ობოლი ჰყავთ ან, ვთქვათ, ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლისგანაც შეიძლება პერსპექტიული მეცნიერი დადგეს. საჭიროა დახმარება, რათა უცხოეთში წავიდეს, ისწავლოს, ჩამოვიდეს და ქვეყანა, გვარი ასახელოს.
ორგანიზებული სახე გვარების შეკრებებს გაზეთ "რაეოს" რედაქციამ მისცა. 2000 წელს შემომთავაზა ბატონმა ლევან ფრუიძემ, რომ მივსულიყავი ამ შეკრებებზე და ამა თუ იმ გვარის ისტორიაზე პატარა მოხსენება წამეკითხა. გვარების შეკრების წამოწყება უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ძალიან მოიწონა. მანვე დალოცა და აკურთხა ეს საქმე.
ერი გვარებისგან შედგება. საქართველოში სულ 4500 სოფელია. ყველა გვარს თავისი ბუდე აქვს, საიდანაც იწყება. ყველა გვარმა რომ ივარგოს, გაიხსენოს თავისი ადგილის დედა, მიხედოს თავის ბუდეს და მოუაროს, მაშინ საქართველო მოვლილი და ნაპატრონები ქვეყანა იქნება. "ძალა ერთობაშიაო", - ნათქვამია. თუკი შეკავშირებული ერი ვიქნებით, ვერანაირი ძალა ვერ მოგვერევა. გვარის ერთობა, შეკრულობა ოდითგანვე იმედს აძლევდა კაცს, ზურგს უმაგრებდა. გვარი არავის დააჩაგვრინებდა თავის წარმომადგენელს და კაციც უფრო ლაღი და მხარგაშლილი იყო ცხოვრებაში. მართალია, თემური ცხოვრების წესს ვერ დავიბრუნებთ და არცაა საჭირო, მაგრამ ტრადიციული, ნათესაური კავშირები, ჭირსა თუ ლხინში თანადგომის, მხრის გამაგრების ქართული ადათ-წესი უნდა შევინარჩუნოთ, რამდენადაც შესაძლებელი იქნება.
გვარი, რომელიც პერიოდულად შეიკრიბება, საგვარეულო კავშირს შექმნის და რეალურად ამოქმედდება, მიგვყავს საპატრიარქოში. პატრიარქი ყოველთვის სიხარულით ლოცავს გვარს. ეს, ფაქტობრივად, ერის დალოცვაა.
- არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენს სახელმწიფოში შემოიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ნებისმიერ ადამიანს მცირე თანხის (30 ლარის) გადახდის შემთხვევაში შეუძლია გვარი გამოიცვალოს. ამან ქართულ საზოგადოებაში (ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვან ნაწილში) საშინელი რეაქცია გამოიწვია...
- სხვათა შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით ადრე უფრო რთულად იყო საქმე. წლების წინ გვარის შეცვლის მსურველს უნდა დაესაბუთებინა, რომ ოდესღაც რაღაც კავშირი ჰქონია ამ გვართან. ისტორიის ინსტიტუტიდან უნდა აეღო ცნობა და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევდა კანონი უფლებას, ახალი გვარი მიეღო (ძირითადად არისტოკრატიულ გვარებს ირჩევდნენ). ახლანდელი კანონით კი არანაირი არგუმენტირება არ არის საჭირო. საკმარისია მხოლოდ სურვილი გვარის შეცვლისა. თუკი, ვთქვათ, ძებნილი არ ვარ და რაღაცის გამო გვარის დამალვას არ ვცდილობ, შემიძლია დავწერო განცხადება და გავხდე ბაგრატიონი, დადეშქელიანი, რადგანაც ასე მსურს და მომწონს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არც ისე საშიშადაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. განა რამდენი ქართველი მოისურვებს ამას?! ჩემი აზრით, იშვიათად მოიძებნება კაცი, რომელიც ამაზე დათანხმდება. უმრავლესობას ურჩევნია, თავის გვარზე დარჩეს. ქართველ კაცს თავისი წინაპრებისგან გადმოცემული გვარი უფრო ემშობლიურება. არ სურს ყალბი გვარის ტარება. ასე რომ, ეს კანონი კატასტროფად არ მეჩვენება, გამომდინარე იქიდან, რომ დარწმუნებული ვარ, ამ კანონით ბევრი არ ისარგებლებს.