მინდა გიამბოთ, თუ როგორ მივედი ეკლესიაში, იქნებ სხვებისთვისაც იყოს საგულისხმო, რადგან ჩემს მდგომარეობაში სხვებსაც ვხედავ...
როდესაც სხვადასხვა ჯურის სექტანტებმა თარეში დაიწყეს, მეც დავინტერესდი. მოვიძიე ლიტერატურა და დავრწმუნდი ჩემი მამაპაპისეული სარწმუნოების ჭეშმარიტებაში, დავრწმუნდი, რომ აუცილებელია ეკლესიაში მისვლა, სადაც ხდება მღვდლის ხელით ადამიანების გამოხსნა სიკვდილისაგან... ჩვენ ხომ სიკვდილი გვჭირს, რომელიც თანდაყოლილი სენია.
ურწმუნოდ გაზრდილს გამიჭირდა პირველი ნაბიჯის გადადგმა. მრცხვენოდა და ტაძარში ბოლოს ვდგებოდი (ყოველთვის მახსენდებოდა უფლის სიტყვები: "ვისაც ჩემს გამო შერცხვება..."), მაგრამ თანდათანობით შევიცვალე. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ "ვდგავარ" იქ, სადაც იდგნენ ჩემი გმირი წინაპრები. მინდა ცოტათი მაინც მივემსგავსო მათ, რომელთაც ბევრად მეტი სიყვარული ჰქონდათ.
უფალი თვითონ არის სიყვარული და მისგან მოედინება ეს გრძნობა, ულევი, ზღვა მოწყალება აქვს მას ყველასათვის. "ითხოვდეთ და მოგეცემათო"... მეც ვითხოვ: ღმერთმა აავსოს სიყვარულით ჩემი ქვეყანა.
ზაური
მადლობა ჩვენს მოძღვარს, რომ ასეთია
ამქვეყნიური ცხოვრება მძიმეა, მაგრამ მადლობა უფალს, რომ მოგვმადლა უნარი მასთან გამკლავებისა. საამისოდ მთავარია უფლის გზას შევუდგეთ. სხვაგვარად შეუძლებელია ცდუნებას გავუმკლავდეთ. თუ არა ტაძარი და მოძღვარი, სად უნდა ვპოვოთ სულის სიმშვიდე? ამ მხრივ თქვენი ჟურნალიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, არ შეიძლება თქვენი შთამბეჭდავი სტატიების წაკითხვის შემდეგ ადამიანს ტაძარში მისვლის სურვილი არ გაუჩნდეს.
გვინდა თქვენი ჟურნალის მეშვეობით დაბადების დღე (24 მარტს მას 32 წელი უსრულდება) მივულოცოთ ჩვენს მოძღვარს, არაჩვეულებრივ პიროვნებას, თაბორის მთის მამათა მონასტრის წინამძღვარს მამა ბართლომეს. ის უკვე ოთხი წელია ჩვენთან არ არის, მაგრამ მისი ლოცვა-კურთხევით ვაგრძელებთ ღვთის სადიდებელ საქმიანობას. თითოეული მისი სიტყვა, არა მარტო პირადად საუბრისას, არამედ ტელეეკრანიდანაც კი, შთამბეჭდავი, დამაჯერებელი და სამაგალითოა. სწორედ ასეთი ადამიანების წყალობით შევინარჩუნეთ სარწმუნოება. ღმერთმა განამრავლოს ჩვენს ერში მამა ბართლომეს მსგავსი სასულიერო პირები.
საჩხერის რაიონის სოფ. გორისის ადაურის წმინდა გიორგის
სახელობის ტაძრის მრევლი
სახელობის ტაძრის მრევლი
ჩვენს ერთგულ მეგობარს "კარიბჭეს"
"კარიბჭე" გამოსვლის დღიდან ყოველი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ოჯახის მეგობარი გახდა. დიდი მადლობა. ამ სოფელს, რომელიც შფოთით, ამაოებით, უღვთოდ ცხოვრობს, როგორ შეუძლია, ადამიანს სრული ბედნიერება მიანიჭოს? სამწუხაროდ, ამას საკმაოდ გვიან, 21 წლის ასაკში მივხვდი, როდესაც სასტიკი განსაცდელი დამატყდა თავს. ბავშვობიდანვე სათანადო რწმენა, ეკლესიური ცხოვრების გამოცდილება რომ მქონოდა, ეშმაკის მზაკვრობების შესახებ მცოდნოდა რაიმე, ნამდვილად ამცდებოდა განსაცდელი ან ასეთი მძიმე გადასატანი არ იქნებოდა. მაგრამ მიუხედავად დიდი ტრავმისა, მაინც მადლობელი ვარ ღმერთისა, რომ თავისთან მიმიყვანა. ვინ იცის, რომ არა უფლის მიერ ჩემზე დაშვებული განსაცდელი, არც მივსულიყავი მასთან. ჭეშმარიტ ბედნიერებას მხოლოდ უფალთან უანგარო დამოკიდებულება მოგვანიჭებს, როცა უფალი გიყვარს არა იმიტომ, რომ რაიმე გინდა მისგან - სიმდიდრე, დიდება ან სხვა, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ მას ყველაზე მეტად უყვარხარ. ყველამ რომ მიგატოვოს, ის არასოდეს მიგატოვებს. ჩვენი ტკბილი იესო მზად არის, თავიდან ეცვას ჯვარს ჩვენი თითოეული ცოდვისთვის, ოღონდ კი ვცხონდეთ, გადავრჩეთ, ჭეშმარიტ ბედნიერებას ვეზიაროთ. რა უანგარობა და რა სილამაზეა! უფალთან უანგარო დამოკიდებულებაზე მეტს რას მოგვცემს სიმდიდრე?
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი მკითხველი. ღმერთმა ყველას დაგვანახოს ჭეშმარიტი ბედნიერების არსი, რაც მხოლოდ და მხოლოდ უფალთან უანგარო დამოკიდებულებაში მდგომარეობს.
დიდი სიყვარულით ცოტნე მამაცაშვილი,
თბილისი
თბილისი
13 წლის გორელ თამთას
ჟურნალ "კარიბჭის" მე-5 ნომერში წავიკითხე 13 წლის თამთას წერილი, რომელიც გულდაწყვეტილია მოძღვრის ერთგვარი უყურადღებობის გამო. ძალიან ჭკვიანი გოგო ჩანს, მაგრამ, ეტყობა, რაღაც ისეთი სიტუაცია აქვს, რომ უჭირს გამოსავლის პოვნა. თუ არ მიწყენს, ქრისტესმიერი დური სიყვარულით მსურს ჩემი აზრი გავუზიარო. ძალიან კარგია, რომ მიუხედავად უყურადღებობისა, მოძღვრის მიმართ პატივისცემა გაქვს, მაგრამ თუ მოძღვარი გყავს და თავს მარტო გრძნობ, ამბობ, ჩავიძირებიო, ე.ი. სათანადო სულიერი მამაშვილური ურთიერთობა არ გაქვთ. საჭიროა ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც შეგეწევა, თორემ ასე გაგრძელება - მოძღვარი გყავდეს და სულიერად გიჭირდეს, ჩემი აზრით, არ შეიძლება. ჩემო საყვარელო თამთა, გიყვარდეს ისევ, პატივი ეცი, მაგრამ როგორც ერთ პიროვნებას ურჩევია შენთვის, მონახე ისეთი მოძღვარი, ვინც სათანადო ყურადღებას და გულისხმიერებას გამოიჩენს შენდამი, ვისთანაც თავს კარგად იგრძნობ. დღეს ხომ, ღვთის მადლით, ბევრი გულისხმიერი მოძღვარი გვყავს, რომლებიც მამაშვილურად დაგარიგებენ, მით უმეტეს, რომ შენს ასაკში აუცილებელია გამოცდილი, გულისხმიერი ადამიანის სულიერი წინამძღვრობა სულიერ ცხოვრებაში.ზუსტად, რა თქმა უნდა, არ ვიცი, რა გაწუხებს, მაგრამ სასოწარკვეთილებას არ უნდა მიეცე, ხომ იცი, რომ ქრისტიანთა ცხოვრება განსაცდელებით არის სავსე. ღმერთს ყველაზე მეტად ვინც უყვარს, ეშმაკი ცდილობს, სწორედ მას წარუკვეთოს სასო და ღმერთს ჩამოაშოროს. მეც ჩავვარდნილვარ თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში, მაგრამ როცა გამიცნობიერებია, რომ ყველაფერი უფლის გამოცდაა და ბოროტი სული უფრო აბუქებს ჩვენს გარშემო შექმნილ სიტუაციას (რაშიც ბევრჯერ დავრწმუნებულვარ), დავმშვიდებულვარ. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ღმერთს უყვარხარ და არ მიგატოვებს, ყველაფერი კარგად იქნება.
ღმერთმა დაგლოცოს, გაგაძლიეროს და გაპოვნინოს ისეთი ადამიანი, ვინც განუგეშებს, გაიზიარებს შენს სულიერ ტკივილებს და სათანადოდ დაგეხმარება.
ქრისტესმიერი სიყვარულით
ნინო, 15 წლის, თბილისი
ნინო, 15 წლის, თბილისი