სწორედ ასეთი ადამიანია ბატონი თამაზ ჭილაძე და თუკი წინააღმდეგი არ იქნებით, მადლობას ვეტყვი თქვენი ჟურნალის მეშვეობით მას ამ ღვაწლისთვის, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს და ნამდვილ ქართველს. თან მივულოცავ დაბადების დღეს (ხუთ მარტს ოთხმოცდაერთი წელი შეუსრულდა).
შეიცან თავი შენი
ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე - თამაზ ჭილაძე იუბილარია. მთელი გულით ვულოცავთ მას ამ შესანიშნავ დღეს და ვუსურვებთ ჯანის სიმრთელესა და მხნეობას, რათა კიდევ დიდხანს ემსახუროს თავის ქვეყანასა და ხალხს. ოთხმოცდაერთი წელი ცოტა არ არის, მაგრამ არც ბევრია მისთვის, ვინც დაუღალავად იღვწის და ცდილობს, ბევრი მოასწროს და გააკეთოს ხალხისთვის.
ალბათ ყველანი დავრჩენილვართ ჩვენს თავთან მარტო, თუნდაც ერთი წუთით, და გვიფიქრია ცხოვრებაზე, წარსულზე... თუ ვინ ვართ ან საიდან მოვსულვართ, მაგრამ დაღლილებს ისევ დაგვინებებია თავი ფიქრისთვის. სამწუხაროდ, ისე სწრაფად გადის ჩვენი ცხოვრების წუთები, რომ გვავიწყდება მთავარი - შევიცნოთ თავი ჩვენი. თუმცა უფალი მაინც არ გვტოვებს და გვიგზავნის ისეთ ადამიანებს, რომლებიც გვეხმარებიან და საკუთარი ტანჯვის, წამების ფასად გვამხნევებენ, დაგვანახებენ ჩვენს მანკიერებებს, რომლებიც ისე შეგვისისხლხორცებია, რომ ვეღარც კი ვამჩნევთ.
ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან და იმდენად ჩუმად, უხმაუროდ იღვწიან, რომ არც ითხოვენ სახელს და დიდებას. განა ქრისტე უბრალოებით არ მოვიდა დედამიწაზე? ამიტომაც არის, რომ დიდი ადამიანებიც ფარულ ღვაწლს ამჯობინებენ ხმაურიან ცხოვრებას.
სწორედ ასეთი პიროვნებაა მწერალი თამაზ ჭილაძე. ადამიანი, რომელმაც ისე განვლო რვა ათეული წელი, - და კიდევ ბევრი ატაროს ღმერთმა, - რომ არავისთვის არ დაუყვედრებია თავისი საქმიანობა და თავგანწირვა.
ყველაფერი ბათუმის ერთ პატარა ბინაში დაიწყო, სადაც დაიბადა. ზღვისპირა ქალაქის ერთ ოჯახში, ომისა და სიდუხჭირის მიუხედავად, ყოველთვის შემოქმედებითი ატმოსფერო სუფევდა. ყოველ დილით თვალის გახელისთანავე ეგებებოდნენ დიდი ქართველების ილიას, აკაკის და ვაჟას პორტრეტები.
ლექსების წერა თხუთმეტი წლისამ დაიწყო, შემდეგ პროზაში განაბნია ღვთისგან ნაბოძები ტალანტები, ბოლოს კი დრამატურგიაში მოვიდა და დიდი ოსტატობით თქვა სათქმელი.
თამაზ ჭილაძის პროზა ილიათია ნასაზრდოები, პოეზიაში გალაკტიონმა აკურთხა. მთელი შემოქმედება კი ერთი მთლიანი გამოძახილია ქართველი კაცის სულისა, რომლის ფესვები მხოლოდ და მხოლოდ სახარებასა და მის წმინდა სიტყვებში შეგვიძლია ვიპოვოთ.
ერთხელ ბავშვობაში ბატონ თამაზს მამასთვის უკითხავს, ვინ მიაჩნდა პოეტად. მას კი უთქვამს: "ის, ვინც საკუთარი თავი შეიცნოო". ეს სიტყვები იმდენად აისახა მის შემდგომ ცხოვრებაზე, რომ, შეიძლება ითქვას, შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ სათქმელად აქცია.
მართლაც, საკუთარი თავის შეცნობა გაგიადვილდება, თუკი მის შემოქმედებას გაეცნობი. კითხულობ ნაწარმოებებს და თითქოს აგერ, შენს თვალწინ იხატება შენივე სილუეტი. კითხულობ და თვალებს არ უჯერებ, უყურებ სცენაზე და ძალიან გეცნობა ის ვიღაც, რომელიც ისე ცოცხლობს შენში, რომ თურმე ვერც კი ამჩნევ. ვინ იცის, რამდენჯერ გაგვაფრთხილა, რამდენჯერ ეცადა გამოვეფხიზლებინეთ, როგორ სთხოვდა უფალს: "ისეთები გაგვაღვიძე, დიდგორთან რომ ვიყავით".
მან, როგორც შემოქმედმა, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ჩვენგან ხოტბა-დიდება არ სჭირდება, რადგან ჭეშმარიტმა შემფასებლებმა მისი ღვაწლი ივ. ჯავახიშვილის მედლით, რუსთაველის, ალ. ყაზბეგის, აკ. წერეთლის, გ. შარვაძის სახელობის პრემიებით შეაფასეს. მაგრამ თუკი შენ განსაკუთრებულად გინდა პატივი მიაგო, მაშინ შეიცანი შენი თავი და ეს ყველაზე დიდი ჯილდო იქნება, რადგან ზუსტად ამისათვის წერს, წვალობს, შრომობს, რომ ჩვენ არ დავივიწყოთ ადამიანობა და ყოველთვის გვახსოვდეს ქრისტეს სიტყვები - გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი შენი.
მას საერთოდ არაფერი რომ არ დაეწერა, შეექმნა, ყველაზე დიდი ჯილდო რაც კი არსებობს, მარტო იმისთვის ეკუთვნის, რომ უსაზღვროდ თავმდაბალია და უდიდესი პატრიოტი.
ყველაფრის მიუხედავად, უკმარისობის გრძნობა აქვს, რადგან კიდევ ბევრი უნდა გააკეთოს ქვეყნისათვის, ხალხისთვის და უსაზღვრო თავმდაბლობით ეზიდება მის მძიმე ჯვარს. მაინც ძალიან ძნელია შეიცნო ნამდვილი შემოქმედი, თუმც კი ის გეხმარება შენი თავის შეცნობაში და ალბათ სწორედ ამაზე წერს:
"არავინ მიცნობს,
მიცნობს მხოლოდ ჩემი არტელი,
ჩემი სინდისი და ჩემი ღმერთი".