სამი სიხარული
ამ პატარა სამადლობელ წერილს საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ბავშვთა განყოფილების პაციენტი ბავშვები და მათი მშობლები ვწერთ.
ჩვენს შესახებ ბევრმა არც კი იცის, არ იციან, როგორ გვტკივა, როგორ ვცხოვრობთ, როგორ ვარსებობთ, რას განვიცდით და რაზე ვოცნებობთ.საერთო სატკივარმა ჩვენ ერთმანეთის და-ძმად გვაქცია, გაგვაერთიანა და დაგვაახლოვა. აქ ვისწავლეთ ერთმანეთის სიყვარული და ნუგეში. აქ განვმტკიცდით უფლის მორჩილებასა და სიყვარულში, ვირწმუნეთ, რომ მხოლოდ მისი ნებით ცხოვრებას აქვს აზრი, რადგან ის არის ჩვენი შემწე და დამხმარე.
მთელი ეს განყოფილება სათნოებითა და სიკეთით გამოირჩევა, თუმცა ბავშვებს მამუკა ექიმი (ჩუთლაშვილი) განსაკუთრებულად უყვართ. ის ხომ მათი დაუვიწყარი მეგობრის და ძმის, მათთვის საიქიოდან მლოცველი, მარტყოფის ღვთაების სავანეში დაფლული ბერი ანდრიას (ერში ნუგზარ მილორავას), საყვარელი მკურნალი და მეგობარი იყო.
თავისი საქმის უზადოდ შემსრულებელ, ღვთივკურთხეულ ექიმზე წერდა ბერი ანდრია: "მე ვარ სიმსივნით დაავადებული 17 წლის ბავშვი. ჩემისთანა აქ ბევრი წევს. ყველას სჭირდება შველა, ყველას უნდა ნუგეში, დახმარება. დამიჯერეთ, არასდროს ასე არავის არ გაუჭირდება, როგორც ჩვენ და ჩვენს მშობლებს, ვერავინ მიხვდება ამ ტანჯვას, რასაც ჩვენ განვიცდით. ღმერთმა აშოროს ყველას ის საზარელი ტკივილები, რომელსაც აქ მყოფნი ვგრძნობთ.
ჩემთვის ყველაზე დიდი ნუგეში, უფლის წყალობის შემდეგ, არის ჩემი ექიმი, მამუკა. მისი იმედით ვცოცხლობ, მისდამი რწმენა და სიყვარული ძალიან მეხმარება ჩემს რთულ ცხოვრებაში. ის სულ მივლის, სულ ჩემს გვერდითაა. მარტო მისი სიახლოვეც დიდად მანუგეშებს და მამხნევებს. ეს არ გეგონოთ ცარიელი გულით ნათქვამი. უფალმა იცის, რომ სიმართლეს ვამბობ. ვინ იცის, ჩემს გარდა კიდევ რამდენს უთბობს ეს ადამიანი გულს, რამდენს ანუგეშებს, რამდენს ეხმარება, რამდენს არჩენს..."
მამა ანდრიას მადლი ახლა მის მშობლებს, მილედი ჩხვიმიანს და ემზარ მილორავას გადმოაქვთ ჩვენზე, ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი შექმნეს და კეთილი ადამიანების შეწევნით, საჩუქრებით გვილამაზებენ ჩვენს უღიმღამო, ერთფეროვან ცხოვრებას. მილედი დეიდა მოდისო, - შემოგვძახებს მისი დამნახველი და გავრბივართ მის შესახვედრად. შემოაქვს მადლი და სითბო, უიმედო დედებს იმედის სხივს გვინერგავს, გვამხნევებს და გვანუგეშებს.
ამ განყოფილებაში მოხვედრილები, უფლის ნებით, დღედაღამ მლოცველმა, სათნო, კეთილი სახის მქონე ადამიანმა, მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის იღუმენმა, მამა შალვამ გვაქცია სულიერ და-ძმად. დიდი შვების მომგვრელია მისი ჩვეული სიდინჯით შემოსვლა ჩვენთან. ის ხომ მარტო მამაო კი არა, ჩვენი მაცოცხლებელია. ყველასთვის აქვს დრო, სითბო და სანუგეშო სიტყვა. მან ხელმეორედ შეგვაყვარა სიცოცხლე, გვასწავლა ღვთის შიში და სიყვარული, სწორი ლოცვა, დღეს თუ იმედიანად გვითენდება, მისი დამსახურებაა. დიდება და მადლობა უფალს ასეთი თავმდაბალი, სათნო და კეთილი ადამიანის ამქვეყნად მოვლენისათვის.
გვჯერა, რომ ასეთი ადამიანები განგვიმტკიცებენ რწმენას და სიცოცხლის ხალისს დაგვიბრუნებენ, ჩვენ ხომ ამ ქვეყნის სრულფასოვანი წევრები უნდა ვიყოთ.
არ მოუშალოს უფალმა ჩვენს ქვეყანას ასეთი ადამიანები.
23 თებერვალს ბერი ანდრია 18 წლის გახდებოდა. ვგრძნობთ მის შეწევნას, მის სიახლოვეს, უბრალოდ, ჩვენ სხვა განზომილებაში ვართ, თორემ სულიერად ისევ ერთად ვართ. როცა უსაშველოდ გვენატრება ან დარდი მოგვეძალება, მის ბალიშს ვეფერებით სამლოცველოდ ქცეულ მის პალატა-კელიაში, სადაც კედლიდან უფლის ერთგული, შეუდრეკელი მხედრის საოცარი, ფართოდ გახელილი ლამაზი თვალები შემოგვცქერიან და სადაც, მისი მადლით, საოცარი სიმშვიდე სუფევს.
ბერი ანდრიას ფონდის
საბანკო კოდი:
TBCBGE22
ანგარიშსწორების ანგარიში:
GE73 TB7171536080100002