"სიღარიბე ცუდია, სიღარიბეს არ უნდა შეეგუოს ადამიანიო", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ერთ-ერთი საკვირაო ქადაგებისას.
ცხადია, ყველა ნორმალური ადამიანი ეცდება, არ აშიმშილოს შვილები, ჰქონდეს თავშესაფარი, მკურნალობისა და წამლის ფული. საკუთარი შრომით თუ მიაღწევ, რა სჯობს, კვანტის დადებითა და სხვათა შევიწროებით ნაშოვნი კი არამი ლუკმაა და საშიში.
ნინო (38 წლის): - წესიერ და შრომისმოყვარე ადამიანს უფალი აუცილებლად შეეწევა. ზოგჯერ უპოვარი და უქონელი მდიდრდება და მერე წარსული ავიწყდება - სხვებს ამრეზით უყურებს. ჩემმა ოჯახმა უმძიმესი განსაცდელი გამოიარა - გაჭირვება და შიმშილი ჩვენი თანამდევი გახდა, არადა მანამდე მამაჩემი მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა და არათუ თავის ოჯახს, სხვასაც ბევრჯერ დახმარებია. როცა გიჭირს, ეს არავის ახსოვს. მეზობელი გვყავდა, რომელიც ფულს გამუდმებით ჩვენგან სესხულობდა და მამაჩემი არც ართმევდა, როცა დაბრუნებას დააპირებდა. ჩვენი სიღატაკის წლებს მისი გამდიდრება დაემთხვა და გული მიკვდებოდა, როცა დილით მანქანებს გამოასრიალებდნენ და ზედაც არ შემოგვხედავდნენ. სიღარიბე ამცირებს ადამიანს, მე ვეთანხმები პატრიარქს, არ უნდა დაემონო სიღარიბეს და იმდენი უნდა იშრომო, სანამ მას არ დაძლევ. ჩვენს ქვეყანაში ამის საშუალება მოგვისპეს და გული მწყდება, მაგრამ სინამდვილეს სად გაექცევი - იძულებული ვართ, უცხო ქვეყნებში მონებივით ვიშრომოთ. ჩვენი ენერგია სხვათა წისქვილებს ატრიალებს და ჩვენი ცინცხალი გონების ქალ-ვაჟების ცოდნა სხვებს ხმარდება. ვერ გამიგია, რატომ არის საჭირო, ჩვენი ქვეყნიდან განგვდევნონ და ვინც აქ დავრჩებით, სიღარიბისთვის გაგვწირონ. ჩემმა მეუღლემ რაღაც რესურსები გამოძებნა, რომ საქმე წამოეწყო, მაგრამ ხომ არიან ადამიანები, რომელთაც საშველი ვერ უპოვიათ.
თამარი (43 წლის): - მე მაინც მგონია, რომ ჩვენი ხალხი ზარმაცი და უქნარა არ არის. მართალია, ამას დიდი ხანია გვინერგავენ და ყველა ქართველი ნაცარქექიასთან გააიგივეს, მაგრამ თუ არა ჩვენი შრომა, რა ქმნიდა იმ დოვლათს, რითაც საქართველო გამორჩეული ქვეყანა იყო? მე და ჩემი მეუღლე ადრე დავქორწინდით, ორივე მხრიდან ღონიერი ოჯახები გვქონდა და გვეხმარებოდნენ. ჩვენ ვსწავლობდით და როცა ჯერ კიდევ სტუდენტებს ორი ვაჟი გვეყოლა, დიდი დისკომფორტი არ გვიგრძნია, ისევ მშობლების იმედით. ყველაფერი იცვლება და ქვეყანაც გადაბრუნდა, დიპლომები და ასპირანტურები, რომ იტყვიან, ოხრად დაგვრჩა და ნამცხვრების ცხობა დავიწყე. თითოზე მხოლოდ 10 თეთრამდე ვიგებდი, მაგრამ უკან არ დავიხიე, ჩავთვალე, რომ ესეც ღვთის წყალობა იყო. ნელ-ნელა განვითარდა ჩემი ბიზნესი და ახლა ნამცხვრების ორი მაღაზია მაქვს. მეუღლეც მხარში მედგა და ასე დავძლიეთ შემომძვრალი სიღარიბე და მშობლებსაც ვეხმარებოდით.
ტატა (30 წლის): - ჩვენს ქვეყანაში უმრავლესობას უჭირს, მაგრამ ერთმანეთის დახმარებას მაინც ვახერხებთ, ასე უფრო თვითონაც შეჭირვებული ადამიანები იქცევიან, თორემ მდიდართა უმეტესობას უჭირს ჯიბისკენ ხელის წაღება. როცა დედა გარდამეცვალა, მამა მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და იქიდან გვეხმარებოდა შვილებს. მერე ძმამ ცოლი შეირთო და შვილები გაუჩნდა. მეც გავთხოვდი, მაგრამ ქმარმა ორსული მიმატოვა... ჩვილი ბავშვით ძმას ვერ მივადგებოდი, თუმცა მას პატივისცემა არ დაუკლია და ბავშვთა სახლს შევაფარე თავი. იქ სამუშაოც მომცეს და ბავშვსაც საკვები და სითბო არ აკლდა. მერე ძმამ ბინა გაყიდა და რუსთავში მიყიდა ერთოთახიანი. პროფესიით ჟურნალისტი ვარ და როცა შვილს წამოვზრდი, აუცილებლად ვიმუშავებ, მართალია, როგორც ვთქვი, ეკლესია, მრევლი და სხვა კეთილი ადამიანები მეხმარებიან, მაგრამ სხვათა იმედზე ვერ ვიქნები, რადგან შვილი რომ ღირსეულ ადამიანად გაზარდო, სიღარიბე-უპოვარებას კარი უნდა დაუგმანო.
გოგი (62 წლის): - უპოვარება სიზარმაცის პირმშოა, სიზარმაცე კი - ცოდვა. ამას წინათ დასავლეთ საქართველოში ვიყავი ნათესავის ქორწილში. სოფლები ისე გავიარე, ერთი ღორი და ქათამი არ დამინახავს. ადრე გზაზე ფრთხილად მივდიოდი, რომ ინდაური, ბატი ან იხვი არ გამეჭყლიტა, მწკრივად რომ გადადიოდნენ გზაზე. გული მომიკვდა. დაიხოცა? - მერე არ შეიძლებოდა მოშენება? ასე ხელის ჩაქნევა შეიძლება? ჩვენს წინაპრებს ომებში შვილები უწყდებოდათ და თუკი ახალგაზრდები იყვნენ, სხვებს აჩენდნენ და ღორი და ქათამი რაღა გახდა, შე კაი კაცო? მე რატომ არ ვარ სოფელში? მამაჩემის პაპა წამოვიდა იქიდან და იქ რა გამაჩნია, რომ დავბრუნდე? იქ ვინც არის, იმათზე ვამბობ, რას ჭამენ, რითი გააქვთ თავი, - ლამის გავგიჟდე ამაზე ფიქრით. ან ეზოები რას ჰგავს, ის ულამაზესი, მოლით გადაბიბინებული იმერული ეზოები, ან ჭიშკარ-ღობე - ლუარსაბის სახლ-კარი გეგონება. გამდიდრებასა და ფუფუნებაზე ვინ ლაპარაკობს, მაგრამ შიმშილის დაძლევა ხომ შეიძლება?
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი