ჩაფიქრებული მივუყვები აღმართს. ათი წელია, აქ აღარ ვყოფილვარ. ნაცნობია ყველაფერი. ტაძრიდან მომავალი მლოცველები შემომხვდნენ - შაბათის ლოცვაზე დავაგვიანე. გული დამწყდა. გავაგრძელე გზა. ყველაფერს თვალხარბად ვათვალიერებ - ძალიან მიყვარდა აქ ამოსვლა. მივადექი ეკლესიის ჭიშკარს. მოწიწებით შევაღე, შევედი. ეზოში მწვანე მინდორი ხასხასებს. მორჩილი გამომეგება და ეკლესიის კარი გამიღო. ვთხოვე, მოძღვარმა, თუ შეუძლია, ეგებ მნახოს-მეთქი.
შევედი ტაძარში. სანთლები პარპალებს. საყვარელი და ძვირფასია ეს ყველაფერი... რატომღაც დავიბენი. ნეტავ მესანთლე მაინც იყოს, სანთლებს ვიყიდდი, დავანთებდი და ცოტა გონს მოვიდოდი-მეთქი. და წამომივიდა ცრემლები. გულამოსკვნილი ვქვითინებ, თან არ მინდა, მოძღვარმა შემომისწროს. ამასობაში გაიღო კარი და მოძღვარი შემოვიდა. ცისფერი თვალები, ბავშვობის დროინდელი მიამიტი გამოხედვა!.. შენა ხარ? მივვარდი. მინდა გადავეხვიო, მაგრამ... მოწიწებით მეამბორა მხარზე.
"ავთო, როგორა ხარ?"
"ავთო მოკვდა, მე მამა ელიზბარი ვარ".
გავქვავდი, ენა დამება, აზრები ამერია... კიდევ გავიმეორე - "ავთო".
"მოკვდა, დაო, ავთო, მამა ელიზბარი ვარ, მამა ელიზბარი!"
მიხარია სიგიჟემდე. მაგრამ ავთო სად არის? უფრო დავიბენი. წასვლა გადავწყვიტე. ვთხოვე, მესანთლე მოვიდეს-მეთქი. გავიდა საკურთხეველში, სანთლები გამომიტანა - ილოცეო. ფულს გადავიხდი-მეთქი. რაც მოგეცეს - შეირგეო და გავიდა ტაძრიდან.
ყველა სანთელი დავანთე, ყველა ხატთან ვილოცე და გამოვედი. სახელს ვეღარ ვეძახი... დავემშვიდობე და წამოვედი.
გზას ცრემლით ვრწყავ. ხომ ძალიან გაგიხარდა მამა ელიზბარი, რა გატირებს-მეთქი, - ვეკითხები ჩემს თავს...
შუა ხიდზე მოვბრუნდი და ეკლესიას ავხედე. უფლის სიტყვები გამახსენდა - "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". და მართლაც ვერ მოერია XII საუკუნეში აშენებულ ოზურგეთის რაიონის სოფ. შემოქმედის ტაძარს. ათასჯერ გადათელა მტერმა საქართველო, მაგრამ დგას ეს უძველესი უფლის სახლი, რომლის მადლი ეფრქვეოდა ქართველ კაცს.
და ამ ტაძრის მარჯვნივ, დაბლობში, დგას პატარა სენაკი, სადაც დაჩოქილი ბერი ელიზბარი ხელაპყრობილი ევედრება უფალ იესო ქრისტეს, დედა ღვთისმშობელს, წმინდა სამებას და ყველა წმინდანს საქართველოს ძლიერებას და გამთლიანებას, მრევლის სიკეთესა და სიხარულს, სისხლისა და ხორცით ნათესავთა მშვიდობას, მტრისა და მოყვრის ურთიერთსიყვარულს, გარდაცვლილთა სულების ცხონებას, შინაურთა და გარეულთა ცოდვათა მონანიებას...
გზა კვლავ ცრემლთა ფრქვევით გავაგრძელე. ყურში ჩამესმის - "ავთო მოკვდა, მე მამა ელიზბარი ვარ". გამახსენდა 28 წლის წინანდელი ამბავი: 9 წლის იყო მამა ელიზბარი, დედა რომ გარდაეცვალა. გულმდუღარედ დასტიროდა მშობელს, ცისფერი თვალებიდან ღაპაღუპით სცვიოდა ცრემლი... მას შემდეგ ეძებდა მისი სული სიმშვიდეს, სიყვარულს, რომელიც ვერსად იპოვა. და
აჰა, მივიდა ჭეშმარიტებასთან, სიყვარულთან, დედა ღვთისმშობელმა ჩაიკრა გულში და ღვთიური, მადლიანი სიყვარული უბოძა...
წავიდა წარსული, წავიდა ავთო და ახალი სიყვარული აღმოცენდა - მამა ელიზბარი.
უკვე გავაცნობიერე მისი სიტყვები - "წავიდა ავთო და მოვიდა მამა ელიზბარი." ღმერთმა მადლი ნუ მოგაკლოს, დედა ღვთისმშობლისა და წმინდა სამების სიყვარულით გაძლიერდი, მამა ელიზბარ. ამ წერილით მინდა მოგეფერო. შენ ხომ ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ღვიძლი მამიდაშვილი ხარ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. მე ოზურგეთში გავთხოვდი, შენ ქუთაისში ცხოვრობდი. იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს... მამით ობლობა მძიმეა ბავშვისთვის, დედით ობლობა კი ასჯერ მძიმე.
ძალიან მტკიოდა გული ამის გამო.
ახლა კი შენდობას შენი ხელიდან მოველი, ძმაო და მამაო!
ნანა
ჩემს უსაყვარლეს ჟურნალ "კარიბჭეს"
უპირველესად, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით. დღესდღეობით ზნეობრივი თვალსაზრისით ისეთი ვითარებაა შექმნილი ჩვენს ქვეყანაში, რომ არა თქვენნაირი მაღალი დონის სასულიერო ჟურნალ-გაზეთები და საპატრიარქოს რადიო, ძალიან მძიმე სულიერ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა მართლმორწმუნე. როგორც წმინდა წერილში წერია, ეშმაკი მბრდღვინავი ლომივით დაძრწის და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს, ვინ ჩაიგდოს ხელში საუკუნოდ წარსაწყმედად. სწორედ რომ ამის დასტურია ტელევიზია, ამაოებით და სიბილწით აღვსებული ჟურნალ-გაზეთები და რადიოგადაცემები, რასაც არამცთუ მართლმორწმუნე, არამედ ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანი ვერ უყურებს და ვერ წაიკითხავს. უფალი ბრძანებს, საცდური შეიძლება იყოს, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც საცდური მოედინებაო. რატომ არ ეშინიათ ამ ტელევიზიების, ჟურნალ-გაზეთების და რადიოარხების ხელმძღვანელებს თუ თანამშრომლებს, რომლებიც მთელ ერს აცდუნებენ ათასნაირი სიბილწით, ძალადობით, ჯეობარებით და ა.შ. ნუთუ არ იციან, რომ ემსახურებიან ეშმაკს? რატომ სწირავენ გეჰენიის ცეცხლისთვის ათასობით ადამიანს და მათ შორის თავიანთ თავსაც? იქნებ ღირდეს, რომ სერიოზულად დაფიქრდნენ ამაზე. ყველას მოელის უფლის წინაშე პასუხისგება არამცთუ ბილწი გადაცემებისა და სიტყვისთვის, არამედ უქმად ნათქვამი თითოეული სიტყვისთვისაც, რადგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვისი წილხვედრიც არის საქართველო, და ჩვენი უფალი იესო ქრისტე, არავის აპატიებენ თავისი რჩეული ერის ცდუნებას. ძალიან ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ზნეობრივად გამრყვნელი გადაცემებითა და სიტყვით მიაღწევს გამარჯვებას ქართველ, მართლმადიდებელ ერზე და განახორციელებს თავის მზაკვრულ გეგმას. უფალი ბრძანებს, რომ კლდესა ზედა დავაფუძნო ჩემი ეკლესია და ძალნი ჯოჯოხეთისანი მას ვერ ერეოდნენო. ამის დასტურია ქართველი ერის და მართლმადიდებლური სარწმუნოების მთელი ისტორია. არც ერთს და არც მეორეს არასოდეს კლებია თოფოსანი თუ კალმოსანი მტერი, მაგრამ ღმერთმა უწყის, მათი სულები სად იმყოფება. ხოლო ქართველი ერი და მართლმადიდებლობა კვლავ არსებობს და მარად იარსებებს! ამბობენ, ეშმაკი ღმერთის მაიმუნიაო. ამ საცოდავ მაცდურ სულს ყოველთვის უნდა, ღმერთს რაღაცით გაუტოლდეს, მაგრამ ამაოდ. გულისტკივილით მივმართავ ტელევიზიების, რადიოპროგრამების თუ ჟურნალ-გაზეთების უკან მდგომთ, მათ თანამშრომლებს, რომ ნუ იქნებიან მაიმუნის მაიმუნები! ნუ გასწირავენ თავს საუკუნო ტანჯვისთვის, რადგან ამ ქვეყნად არის ჟამი სინანულისა, ცრემლისა და გამოსწორებისა. მერე ყველაფერი ძალიან გვიან იქნება!
ვისაც ყური აქვს, ისმინოს!!!
ნინო მეგრელიშვილი