უვერცხლო მკურნალნი ისინი არიან, ვინც სიკეთეში სამგიეროს არ ითხოვენ. ვერცხლი და მასთან დაკავშირებული ანგარება სულის ცხონებას არ უწყობს ხელს.
დღეს ჩვენ თვალწინ ადამიანები თავს იკლავენ სიმდიდრისთვის, ისეთ ცხოვრებას მიესწრაფვიან, რომელიც არაფერში სჭირდებათ და მადლს კარგავენ.
ფოტინე (63 წლის): როცა ლაპარაკია უვერცხლოდ მკურნალებზე, არა მარტო მადლითშემოსილი ბერ-მონაზვნები, აგერ, ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანები მახსენდებიან. ალბათ იმიტომ, რომ მკურნალთა და მასწავლებელთა საქმიანობა ბევრად დასაფასებელია, ვიდრე სხვა პროფესიის მქონეთა. ბაბუაჩემი ბეგლარი ცნობილი ექიმი იყო. საავადმყოფოდან რომ დაბრუნდებოდა, სახლში იღებდა ავადმყოფებს. ძალიან გვიჭირდა და კარგა მოზრდილი გოგო ვიყავი, ბებიაჩემის საყვედურნარევი სიტყვები რომ მომესმა, კაცო, რომ აკვდები ამ ხალხს, გამოართვი რამე, შარშანწინდელი სატინის კაბით რომ დავდივარო. ბაბუამ სათვალის ზემოდან იცოდა ყურება და "ანგარებით შეპყრობილ" ცოლს უთხრა, რას ამბობ, ქალო, ამ გაჭირვებულებს ფული გამოვართვა და შენ სატინის კაბა გიყიდოო? თითქოს სხვა არაფერი გვაკლდა! ერთხელ ფინგანი მოადგა და ორი კვირა აჩაქჩაქეს რაიაღმასკომში. მერე მოყურადეც (აგენტიც) მოგვიჩინეს, მაგრამ რაც არ იყო, რას დაინახავდნენ და დაანებეს თავი. ბაბუას ჩემი ექიმობაც უნდოდა, მაგრამ მე რატომღაც უცხო ენა ავირჩიე, მაშინაც "მოდაში" იყო ინგლისური და მოწაფეებიც ბლომად მყავდა. ბაბუს ეგონა, უფასოდ ვამეცადინებდი და მაქებდა. ერთხელ იმ დროს შემოიხედა, მოსწავლემ ფული რომ დამიდო მაგიდაზე და ისეთი თვალით შემომხედა, მზერა ავარიდე. საყვედური არასოდეს უთქვამს, მაგრამ მისი ის შემოხედვა დღემდე მახსოვს.
გიორგი (65 წლის): უვერცხლოდ, აბა, ვინ რას აკეთებს, მაგრამ გამორჩეული ადამიანები ღმერთმა ნუ დაგვილიოს. ნამდვილი ჰიპოკრატეს ფიცის მცველები დღეს უსაქმოდ სხედან, ანდა ზოგი რას საქმიანობს და ზოგი - რას. ასეთი სამსახურში სამი გვყავს. ჩვენც გვიჭირს ექიმთან მისვლა - ზოგის პროფესიონალიზმი არ მოგვწონს, ზოგჯერ ფული არ გვაქვს და შეწუხებული გვყავს ის ჩვენი ექიმები. ისინი პროფესიონალებიც არიან და არც ფულს გვთხოვენ, - ამას რასაკვირველია, ხუმრობით ვამბობ, - ენაც და მიდგომაც "ექიმური" აქვთ, ისე დაგამშვიდებენ და მოგეფერებიან, ხანდახან თვალი ცრემლით ამევსება და გავიფიქრებ, ამათ აქ რა უნდათ-მეთქი. დარწმუნებული ვარ, ექიმად რომ ემუშავათ, არც მაშინ გაყვლეფდნენ თვისტომთ. აბა, რას ვიზამთ, პარადოქსების ეპოქასა და ქვეყანაში ვცხოვრობთ. ისე, დედაჩემი ექიმი იყო. კბილს უფასოდ იღებდა, აი, მკურნალობის დროს კი იღებდა მიზერულ თანხას. სამედიცინოზე რომ დავაპირე ჩაბარება, მითხრა, ფიცხი ხარ, დედიკო, ჩვენს პროფესიაში კი აჩქარება და ანგარება არ ვარგაო. მე კი მაშინ ორივე თვისება მქონდა.
მარიამი (33 წლის): ალბათ ეწყინება ჩემს მიტოვებულ მაესტროს, მასზე რომ ვწერ და ვლაპარაკობ, მაგრამ მისთვის რომ დამეჯერებინა, როგორც თვითონ მეუბნებოდა, დღეს შეიძლება დიდი თუ არა, ცნობილი მომღერალი ვყოფილიყავი. ნოდარ ანდღულაძეზე მოგახსენებთ. კონსერვატორიასთან არსებულ ათწლედში ვსწავლობდი ვოკალურ განყოფლებაზე. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასწავლებელი მყავდა ვოკალში, ისეთები, მსოფლიოს სცენებს რომ დაამშვენებდნენ, მაგრამ დიდი მაესტრო დარაჯად ედგა ჩვენგან წამოსულ ყველა ბგერას. ჟურნალისტიკაზე რომ ჩავაბარე, ეწყინა, თუმცა მითხრა - გაისად ჩემთან ივლიო. მერე კონსერვატორიაში ჩააბარებ და იტალიაშიც წახვალო. ვიცოდი, უამრავი მომღერალი ჰყავდა დაფრთიანებული და მიკვირდა კიდეც, ფულს რომ არ იღებდა. ლაპარაკსაც ვინ გაბედავდა ამაზე. ბოლო კონცერტზე, რომლის შემდეგაც სცენაზე არც ვმდგარვარ, მკითხა, რას აპირებ, მომავალო ვარსკვლავოო. თქვენთან უნდა ვიარო-მეთქი. გამიღიმა და თავზე ხელი გადამისვა. ახლა ლეგატოებით არა, სტაკატოებით იმღერეო. ვიმღერე. ჩემი შრომა წყალში არ ჩაიყრებაო. მერე მოულოდნელად გერმანიაში წავედი, შემრცხვა და ვერ დავემშვიდობე. დღეს, როცა შუბლით შევეჯახე ანგარებას, ფარისევლობას, თქვენი უანგარობა და მოყვასის სიყვარული კიდევ უფრო მაოცებს, მაესტრო!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი