ჩემი უდიდესი ნატვრა გერგეტის სამების ტაძრის ნახვა იყო. მისი არსებობის შესახებ საერთოდაც რამდენიმე თვის წინ გავიგე. ადრე თვალი მქონდა მოკრული ფოტოებისთვის, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. გაზაფხულზე, როცა ჩვენს ამერიკულ ეკლესიაში საქართველოს კულტურის დღისთვის მასალებს ვაგროვებდი, რამდენიმე ისტორიული და გეოგრაფიული წყაროს გადახედვა დამჭირდა. საქართველოს უნიკალურობაზე საუბარს ვარჩიე, სტენდები გამეკეთებინა სხვადასხვა თემაზე, ბევრი სურათით და ძალიან მოკლე, ძირითადი ინფორმაციით. ჩვენი ქვეყნის ისტორიის თავიდან შესწავლის პროცესში ინტერნეტში უამრავი მასალა ვნახე. ფოტოებზე განსაკუთრებულად გერგეტის სამებამ მომხიბლა. გამაოცა ეკლესიის მდებარეობამ. ეს ტაძარი, თბილისიდან სულ რაღაც 2-3 საათის სავალზე, ალპურ ზონაში, მთის წვერზე ლამაზად დგას და თოვლით დაფარული მყინვარწვერი უმშვენებს გვერდს. ძალიან მომინდა, იქ ვმდგარიყავი და იქაური ჰაერი და სივრცე შემეგრძნო. მაშინ გერგეტის სამების ნახვის სურვილმა ისეთი ძლიერი განცდა გამოიწვია ჩემში, რომ გულში ფიზიკური ტკივილიც კი ვიგრძენი. ტკივილი იმისა, რომ ეს ტაძარი საქართველოში მცხოვრებთათვის მისაწვდომი იყო, ჩემთვის კი - მიუწვდომელი. მას მერე ყველა ახლობელს ამ ტაძარზე ველაპარაკებოდი და ვეუბნებოდი, რომ საქართველოში ჩასვლისთანავე მის სანახავად გავემგზავრებოდი. ასეც მოხდა.
ჩემმა მეუღლემაც გულთან მიიტანა ჩემი ოცნება და გაითავისა. საქართველოში მცხოვრებ ჩვენი ოჯახის წევრებს კი ვერ გაეგოთ ჩვენი ახირება. პირველად ჩავედით სამშობლოში 11 წლის შემდეგ, მხოლოდ ერთი თვე გვქონდა და რატომღაც აუცილებლად გერგეტის სამებაზე უნდა ავსულიყავით.
შევუდექით ყაზბეგის გზას. ანანურის ციხეს ჩავუარეთ, ბუნება ნელ-ნელა შეიცვალა. მთიან ზონაში გადავედით. მართლაც რა ლამაზია ბუნება საქართველოში და მრავალწლიანი მონატრების შემდეგ ამას უფრო მძაფრად აღიქვამ. მიწის ყივილი წლების შემდეგ კი არ ნელდება, პირიქით, ძლიერდება და ფიზიკურ ტკივილს გაგრძნობინებს, მონატრების ტკივილს!
დაახლოებით ორსაათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ჩავედით ყაზბეგის ცენტრში - სტეფანწმინდაში. აქედან გერგეტის სამება გარკვევით მოჩანს. ყაზბეგელმა კაცმა გვითხრა, რომ ეკლესიამდე 30 წუთის გზა იყო. როგორც მან აგვიხსნა, გზა სოფელ გერგეტზე გადიოდა და მერე მაღალ გორაზე ადიოდა. რადგან ყველანი მოშიებული ვიყავით, გადავწყვიტეთ, სანამ გზას დავადგებოდით, იქვე წაგვეხემსებინა. სასადილო ვნახეთ და ხაჭაპურები შევუკვეთეთ. სანამ ჩვენთვის ხაჭაპურები ცხვებოდა, იქვე, იმავე შენობაში თონის პურები ვიყიდეთ. მცხობელმა ქალმა პურები რომ მომაწოდა, მომაძახა, მოიცა, შვილო, აი, ყველი მიაყოლეთ, მოუხდებაო და დიდი ნაჭერი გუდის ყველი მომცა. გულში სითბო ჩამეღვარა, მადლობა გადავუხადე და გავიფიქრე, აი, რატომ მიყვარს საქართველო-მეთქი. მომენატრა თბილი ურთიერთობა, გულიდან ამოსული "შვილო"-ს გაგონება, თვალებიდან გადმოფრქვეული სიყვარული და უსიტყვო, მრავლისმთქმელი ღიმილი...
ავიარეთ სოფელი გერგეტი, ზიგზაგივით დახაზულ მთის ვიწრო შარაზეც მივუხვ-მოვუხვიეთ და გაშლილ თვალუწვდენელ გორაზე აღმოვჩნდით. ჩვენ წინ მელოტი მთები გადაიშალა, როგორც მელოტმა იასონმა (ჩემმა მაზლმა) შეარქვა მათ.
გამოჩნდა გერგეტის სამების ტაძარი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. კიდევ არ მჯეროდა, რომ აქ ვიყავი. ჩემს ასეთ არანორმალურ რეაქციას ალბათ ჩემსავით სამშობლოს მონატრებული ემიგრანტი თუ გაიგებს მხოლოდ. ჩვენ ხომ სულ სხვანაირად აღვიქვამთ სამშობლოს - თითოეული ქვა და ორღობე გვენატრება. ემიგრანტობაში ასმაგდება სამშობლოს სიყვარული. თუ არ გამოსცადე, ამას ვერასოდეს გაიგებ.
მივუახლოვდით ეკლესიას. მთის ძირას სულ რამდენიმე მანქანა იყო გაჩერებული. ჩვენც იქვე გავაჩერეთ და ფეხით ნელა ავუყევით გორას. ტაძარი მეთოთხმეტე საუკუნეშია აშენებული, კედლების ქვები სხვადასხვა ფერის და ზომისაა, ზოგი ხავსიანიც. ასეთ მკაცრ და ცვალებად ბუნებაში ამდენი საუკუნე ძლიერად დგომა ადვილი არ არის.
ეზოში ცოტა ხალხი იყო, ძირითადად უცხოელები. ტაძარში შევედი, იატაკზე დავემხე, უძველეს დიდ ცივ ფილაქანს ვაკოცე და მადლობა ვუთხარი უფალს, რომ ამ დღეს მომასწრო. ოცნება ამიხდა. ცრემლები წამომივიდა...
სულ რამდენიმე ადამიანი ლოცულობდა. ორი ქალი ღვთისმშობლის ხატთან ლოცვას კითხულობდა. ერთმა მათგანმა მირჩია, ამ ხატისთვის სპეციალური ლოცვა - სმოლენსკის ღვთისმშობლის ლოცვა წამეკითხა. ხატს მივეახლე, ვეამბორე და სანთლები დავანთე. მერე ავიღე ლოცვების წიგნი და კითხვა დავიწყე. უცებ საგალობლის ხმამ დაიგუგუნა. მოვიხედე, ჩემ უკან რამდენიმე ახალგაზრდა კაცი დამდგარიყო და ღვთისმშობლის საგალობელს მღეროდა. ოდნავ გვერდზე მივიწიე, რომ მგალობლებისთვის ხატი არ დამეფარა. ამ გუნდის ძლიერმა ხმამ თითქოს გერგეტის სამების კედლები შეაზანზარა. ჩემს ისედაც ემოციებისგან გაბერილ გულს კიდევ ეს უნდოდა? ცრემლებმა ამოხეთქა და ნიაღვარივით წამოვიდა. რომ არ მომრიდებოდა, მთელი ხმით ვიღრიალებდი. მთელი ჩემი ცხოვრება, გონება, არსი თავდაყირა დადგა. ერთიანად მომაწვა სამშობლოს მონატრების ტკივილი და თერთმეტწლიან ემიგრანტობაში განვლილი სულიერი სიცარიელე. მაშინ ვიგრძენი, რომ საქართველოში ვიყავი (აეროპორტში არ მიტირია). მაშინ ვიგრძენი ყველა განცდა, რასაც ემიგრანტობა მოიცავს. ყველა დაკარგული სითბო და სიყვარული, რაც ამ ხნის განმავლობაში საქართველოში უნდა მიმეღო. მაშინ ვიგრძენი ჩემი ამერიკული მწვანე ბარათის მნიშვნელობა, რომელსაც ამდენი წელი ველოდი. არ ვიცი, რა დავარქვა იმ გრძნობას, რაც მე გერგეტის ტაძარში იმ რამდენიმე წუთში განვიცადე. რაღაც დამემართა, ჩემი სხეული და სული გაერთიანდა. მინდოდა მთელი ხმით მეყვირა! ამასაც ხომ მხოლოდ ემიგრანტი თუ გაიგებს. ემიგრანტობა სასჯელია - გავრბივართ საკუთარი ქვეყნიდან და საით მივრბივართ, თვითონაც არ ვიცით. ვტოვებთ ყველაფერს ფასეულს და ძვირფასს, ყველას, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ. ვიჭრით ფესვებს საკუთარი ხელით და ვიძენთ უსულოს და უმნიშვნელოს.
ახალგაზრდა მომღერლებმა, რომლებიც საპატრიარქოს მგალობლები აღმოჩნდნენ, "შენ ხარ ვენახიც" იგალობეს და ეკლესია დატოვეს. ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ ჩემთვის იგალობეს. ამის შემდეგ როგორ შეიძლება უფლის მადლი არ ირწმუნო?
ცოტა ხანში დავმშვიდდი. მე და ხვიჩა (ჩემი მეუღლე) ტაძრის მოძღვარს გავესაუბრეთ. ძალიან სათნო მამაო იყო. როცა გაიგო, საიდან ჩამოვედით, საჩუქრად დიდი სანთელი გადმოგვცა და გვირჩია, ყაზბეგის ეპარქიაში, სოფელ სნოში შეგვევლო და ჩვენი პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევა გვეთხოვა. ვერ წარმოგვედგინა, თუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო, მაგრამ მღვდელმა დაგვარწმუნა, რომ მისი უნეტარესობა ყოველდღე დასალოცად უამრავ ხალხს იღებდა. დიდი მადლობა გადავუხადეთ მღვდელს და ტაძრიდან გამოვედით.
ემოციებისგან დაღლილი ვიყავი. მარილიანი ცრემლებისგან სახე წებოვანი მქონდა. წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ ამინდი შეიცვალა, ღრუბლებმა იმატა და ჩამობნელდა. მოვილაპარაკეთ, გზად სოფელ სნოში შეგვევლო და პატრიარქის ნახვა გვეცადა. მთიდან ნელ-ნელა დავეშვით და სოფელ გერგეტში ჩავედით.
გზად სოფელ სნოს ნიშანი მალე შეგვხვდა და გადავუხვიეთ. სულ რამდენიმე კილომეტრში საპატრიარქოს მივაგენით. გარეთ, დიდ ლამაზ კარიბჭესთან, რამდენიმე მანქანა იდგა. ეზოში ახალაგებული პატარა ეკლესია და კიდევ ორი ერთსართულიანი ოდა იდგა. კარიბჭე ღია იყო, ხალხი არ ჩანდა. ეზოში ფეხი შევდგი თუ არა, უცებ ლამაზი ოქროსფერი ლეკვი შემომეხვია ფეხებზე. ვერ მივხვდი, ასე უცებ საიდან აღმოჩნდა ჩემთან. ისეთი დიდი, თბილი რეაქცია მქონდა, რომ ხელში ავიყვანე, გულში ჩავიხუტე და მოსაფერებელი სიტყვები დავაფრქვიე. ამ ეზოში ლეკვმა პირველმა მოგვაგება: მობრძანდითო!
იქვე მონაზონი შეგვხვდა. გვითხრა, ახლა ტრაპეზი დაიწყო, დაელოდეთ დამთავრებას და პატრიარქს მერე დაელაპარაკეთო. კეთილშობილ მონაზონს დავუჯერეთ, გამბედაობა მოვიკრიბეთ და შენობაში შევედით.
მოსაცდელში რამდენიმე სავარძელი და სკამი იდგა. სავარძელში ორი მღვდელ-მსახური თვლემდა, ორი კაცი კი ხმადაბლა საქმეზე საუბრობდა. სკამებზე ჩუმად გავნაწილდით. გვერდზე ოთახში ხალხი პატრიარქთან ერთად ტრაპეზობდა. ჩუმად მიირთმევდნენ სამარხვო სადილს. ამ ოთახის კარები ბოლომდე ღია იყო და ხანდახან ხალხის თავებს შორის პატრიარქის სახეს ვხედავდი. ზოგჯერ თითქოს რაღაც საუბარიც ისმოდა.
საბა (ჩემი შვილი) კალთაში მეჯდა და წრიალებდა. მაგიდაზე ტარხუნის ლიმონათის ბოთლი დაინახა და აიკვიატა: ჩვენც შევიდეთ ოთახში და ლიმონათი დავლიოთო. არ გაჩუმდა, არაფრის გაგონება არ უნდოდა, ძალიან დამღალა. ვუხსნიდი, რომ არ შეიძლებოდა შესვლა და ყველაფერს ვპირდებოდი, ოღონდ გამეჩუმებინა. მაგრამ უშედეგოდ. ტრაპეზი ალბათ 30-40 წუთი გაგრძელდა. მე ეს დრო უფრო ხანგრძლივად მომეჩვენა.
გარეთ ამინდი ირეოდა. ფანჯარაში ვხედავდი, რომ ცა კიდევ უფრო მოიქუფრა. მთებში ვიყავით და ყველანაირი ამინდი იყო შესაძლებელი. ხვიჩას ჩუმად ვანიშნე, ხომ არ წავსულიყავით, გაავდრებას აპირებს-მეთქი. წარბები შეკრა, ამხელა გზაზე ჩამოვედით, ამდენი ველოდეთ და ცოტაც კიდევ მოვიცადოთო. დავეთანხმე. ჩემი მერყეობის მიზეზი ლოდინის და საბას გარდა ისიც იყო, რომ არ ვიცოდი, როგორ მოხდებოდა ჩვენი პატრიარქთან შეხვედრა. აქ რომ მოვდიოდით, ვფიქრობდით, რომ ჩვენნაირად მისულ ხალხში გავერეოდით და პატრიარქი ყველას ერთად დაგვლოცავდა. აქ კი მარტო ჩვენ ვიყავით უცხოები, ყველა სხვა შინაურად გრძნობდა თავს.
როგორც იქნა, დამთავრდა ტრაპეზი, ხალხი წამოდგა და პატრიარქი შუაში გამოატარა. მოსაცდელში ხალხი გამოფხიზლდა და ფეხზე წამოდგა. ჩვენც მოვემზადეთ. გაშლილ კარებში პატრიარქი გამოჩნდა. ჩვენ მოწიწებით შევეგებეთ და ვთხოვეთ: დაგვლოცეთ, უნეტარესოო. უწმინდესმა შემოგვხედა, ნელა მოგვიახლოვდა, ჩემსა და ხვიჩას შორის მოხტუნავე საბაზე შეაჩერა მზერა და გვკითხა: ეს პატარა ბიჭი ვინ არისო? მე ვუპასუხე, რომ იგი ჩვენი შვილი საბაა, ქართველი ამერიკელი. მერე ხვიჩამ დაამატა, პირველად არის საქართველოში, ჩვენც 11 წლის შემდეგ პირველად შევძელით აქ ჩამოსვლაო. ამერიკაში რას აკეთებთო, დაინტერესდა პატრიარქი. ხვიჩამ აუხსნა, რომ იქ ვცხოვრობთ, ამდენი ხანი საბუთებს ველოდებოდით და ვერ ჩამოვდიოდით. ახლა ერთი თვით ვართ ჩამოსულები და გერგეტის სანახავად ავედითო. პატრიარქმა მოგვისმინა, მერე თითოეულ ჩვენგანს თავზე ხელი დაგვადო და დაგვლოცა.
საბა ვერ ისვენებდა და პატრიარქის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ამ პატარა ბიჭს რა უნდაო, იკითხა პატრიარქმა. მე ვუპასუხე, ლიმონათი დაინახა და მაგაზე გიჟდება-მეთქი. მერე, მობრძანდით, დღეს პარასკევია და სამარხვო ტრაპეზი გვაქვსო. ვიუარე, შემრცხვა. მობრძანდით, მობრძანდითო, გაგვიმეორა და ოთახი დატოვა. ჩვენ კიდევ ვუარობდით, მაგრამ მღვდელმსახურებმა სერიოზულად გვითხრეს, როცა პატრიარქი გეუბნებათ, უნდა დაუჯეროთო. ჩვენც დავთანხმდით და სატრაპეზო ოთახში შევყევით. პირველები მე და საბა მივუსხედით მაგიდას. საბამ მაშინვე სტაცა ხელი ლიმონათის ბოთლს და რომ არავინ შესცილებოდა, გულში ჩაიხუტა. მე სკამზე კარგად მოკალათება ვერც კი მოვასწარი, რომ ხვიჩამ მხარზე ხელი შემახო: წამოდი, პატრიარქი გვიბარებს თავის ოთახშიო. უცებ დამცხა, ცოტა წყალი დავისხი და დავლიე.
ერთ-ერთი მღვდელმსახური კორიდორში გაგვიძღვა და დიდ ნათელ ოთახში შეგვიყვანა - აქ დაელოდეთო. თეთრ ლამაზ სავარძელზე დავეშვი და საბაც გვერდზე მოვისვი. ლიმონათი ისევ მაგრად ჰქონდა ჩახუტებული და ცდილობდა სავარძელზე კომფორტულად მოკალათებულიყო. მე კი მის ფეხებს დაბლა ვექაჩებოდი, რომ ფეხსაცმელებით თეთრი სავარძელი არ დაესვარა. ჩემი გულის ფეთქვა მესმოდა. ვხვდებოდი, რომ საოცარი რამ ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში. ამას ხომ მართლა ვერ წარმოვიდგენდით. ჯერ აქ მოსვლისთვის არ ვიყავით მორალურად მზად და ახლა პირადად პატრიარქთან შეხვედრის ამბავი ხომ სიზმარს უფრო ჰგავდა.
რამდენიმე წუთში კარებში პატრიარქი გამოჩნდა. გვერდზე მონაზონი მოჰყვებოდა, რომელსაც ხელში ვერცხლის ნივთებით სავსე ლანგარი ეჭირა. უნეტარესი მოგვიახლოვდა და თავისი თბილი ხმით მოგვმართა, რომ უნდოდა ჩვენთვის სამახსოვრო საჩუქრები გადმოეცა. თეფშიდან ვერცხლის დიდი ბეჭედი აიღო და თითზე გამიკეთა. მერე მაჯაზე სამაჯურიც შემიკრა და მითხრა, ორივეს ჩემი სახელი აწერიაო. ჩემს შემდეგ საბას ჩამოჰკიდა ჯვარი კისერზე, დანარჩენებსაც სამაჯურები გაუკეთა. ყველა დაგვასაჩუქრა. მადლობა გადავუხადეთ. ამის შემდეგ ჩვენი ოჯახით დაინტერესდა. ხვიჩამ აუხსნა, ვინ ვიყავით და უთხრა, რომ 8 წლის ანაც გვყავდა. უცებ პატრიარქმა მონაზონს მიმართა: გოგონას ხომ არ ვაწყენინებთო და ანასთვის ვერცხლის ჯვარი გამოატანინა. მერე გაგვესაუბრა, დაინტერესდა ჩვენი წარმომავლობით, ჩვენი მიზნებით. გვკითხა, საქართველოში დაბრუნებას თუ ვაპირებდით. რა თქმა უნდაო, დავპირდით. საქართველოში გაზრდილი ადამიანი სხვა ქვეყანაში სამუდამოდ საცხოვრებლად ცოდოა-მეთქი, ვუთხარი. ვიცი, ვიციო, სევდიანად დამეთანხმა. მე მოკლედ ვუამბე ჩვენი ამერიკული და ქართული ეკლესიების შესახებ და ისიც დავძინე, რომ ჩვენს ამერიკელ მღვდელმსახურებს სურთ საქართველოში ჩამოსვლა და პატრიარქთან შეხვედრა. აუცილებლადო, დამპირდა პატრიარქი.
ამ პატარა გულთბილი საუბრის შემდეგ დიდი მადლობა გადავუხადეთ და თბილ ფუმფულა თითებზე ვეამბორეთ. ბოლოს მოზღვავებული გრძნობები ვერ დავმალე და გულწრფელად ვუთხარი, რომ დღეს ძალიან ბედნიერები ვიყავით მასთან შეხვედრით და რომ მხოლოდ ამისთვის ღირდა ჩვენი ამხელა გზიდან ჩამოსვლა. აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით და მასაც სახეზე სასიამოვნო ღიმილი ჰქონდა მოფენილი. ალბათ მას ყველაზე კარგად ესმოდა ჩვენი სულიერი მდგომარეობა.
დავემშვიდობეთ, გარეთ გამოვედით, გამოვიარეთ ლამაზი ეზო. მე ჩემი სხეულის წონას ვერ ვგრძნობდი. ყველანი გაოცებული ვიყავით იმით, რაც მოხდა. ჩავსხედით მანქანაში, იასონმა სასწრაფოდ გადარეკა ყველასთან, ვინც იმ დღეს ჩვენთან ერთად წამოსვლა ვერ მოახერხა. ამინდი უკვე არავის აწუხებდა, ჩვენ ხომ ლოცვა-კურთხევა თვით პატრიარქისგან გვქონდა მიღებული და რისი უნდა შეგვშინებოდა. თითქოს მოვფრინავდით. მართლაც ხდება სასწაულები, უბრალოდ უნდა გვჯეროდეს და გვწამდეს!
მალე წვიმა წამოვიდა. გზაზე მჟავე წყალთან გავაჩერეთ. პატარა წყაროს მთელი გორა ჟანგისფრად ჰქონდა შეფერადებული. უღელტეხილი გადმოვიარეთ და მზემაც გამოანათა. ჩვენ წინ, ცაზე ორი ცისარტყელა ერთდროულად გადაიჭიმა! საოცარი სანახავი იყო ფერების თამაში ყაზბეგის მთებზე.
ვნახე გერგეტის სამების ტაძარი. ავიხდინე ჩემი ოცნება, მაგრამ უფალმა უფრო მეტი მომცა, ვიდრე ველოდი: ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, პატრიარქ ილია მეორეს შეგვახვედრა. პატრიარქმა ადვილად ამოიკითხა ჩვენი თვალებიდან ჩვენი გულისთქმა. ახლოს მიიტანა ჩვენი გულისტკივილი და ამხელა სითბო გვაჩუქა.
მე მჯერა, რომ ნამდვილად გერგეტის ტაძრის ძალამ მოახდინა ჩვენი გზის გაკვლევა ამერიკიდან საქართველოსკენ. მიყვარს ჩემი საქართველო და მალე დავუბრუნდები მას. პატრიარქს სიტყვა მივეცი!
ქართველი ემიგრანტი ამერიკაში
ეკა მარგიანი
ეკა მარგიანი