"მძიმე ბედი ხვდათ წილად ქართველებს" - არაერთხელ გვითქვამს ეს სიტყვები და ზოგჯერ ვერც გაგვიცნობიერებია, რომ არა უფლის შემწეობა, არ გვექნებოდა ერისთვის აუცილებელი თვითმყოფადობა.
სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა - ამ სიტყვებით იწყებოდა ყოველი საქმე უძველეს ქრისტიანულ საქართველოში და ამით უფლისმიერ კურთხევას იღებდნენ.
მანუჩარი, 60 წლის: - სამების ერთარსობაა დასაბამი მართლმადიდებლობისა და ამიტომაც იბრძოდა ჩვენი ერი, არავის შეებღალა ის რწმენა, რომელიც გვიფარავდა და გვაძლებინებდა. ამ სამიდან ერთის უარყოფაც კი მომაკვდინებელი ცოდვაა.
სახლში რემონტი მქონდა და ხელოსანი მოვიყვანე. საღამოს სუფრას მივუსხედით. ჩემი კუთხიდან, გურიიდან, აღმოჩნდა, გამიხარდა, რადგან მე ეკლესიურ ცხოვრებას ვესწრაფვი და სიტყვა შემოქმედის, ლიხაურის, ჯუმათის ტაძრებზე ჩამოვუგდე. ცხვირი აიბზუა და ლუკმა კინაღამ გადასცდა. რაღაც კი ვიგუმანე, მაგრამ ბოლომდე არ ჩავძიებივარ. მეორე დღეს არც გამხსენებია ეს ამბავი. როგორც ყველა მართლმადიდებელ ოჯახს, ხატების კუთხე ჩვენც გვაქვს და იმ დროს მომისწრო, დილის ლოცვებს რომ ვკითხულობდი. მაშინ არაფერი უთქვამს, მოგვიანებით მკითხა, ბიბლია თუ გაქვთო. გამიკვირდა, მაგრამ ვუპასუხე, კი-მეთქი. გამომიტანე ბიბლიაც და სახარებაცო. რაღაც ადგილებზე მიმანიშნა, ამას არასწორად იგებთო. მივხვდი, რაშიც იყო საქმე. მერე ახალ აღთქმაზე მკითხა, - აი, თქვენ რომ ამბობთ, სამი არის ერთი და ერთი - სამი, ეგ როგორღააო. ავუხსენი, რომ მართლმადიდებლობის საფუძველი სამების ერთარსობაა და მასზე ასე უდიერად ლაპარაკი არ შეიძლება. თავს აკანტურებდა... რაღა ბევრი გავაგრძელო, თუ გულით ვერ გრძნობ სამების უწმინდეს დანიშნულებას, მართლა შეიძლება მკრეხელურმა აზრმა გაგიაროს, ამას კი უნდა მოერიდოს ჭეშმარიტი ქრისტიანი და არც იმ ხალხთან დაიჭიროს საქმე, ვინც გონებით საზღვრავს, რომ არ შეიძლება სამი ერთი იყოს.
მაყვალა, 54 წლის: - ახალგაზრდობაში მქონდა პერიოდი, როცა ღმერთს ვეძებდი. მაშინ ასე ხელმისაწვდომი არ იყო არც რელიგიური ლიტერატურა და ვერც ეკლესიაში შეხვიდოდი მაინცდამაინც თამამად. ერთი რამეც არის მნიშვნელოვანი, რითაც მაშინ სულიერ სიკვდილს გადავურჩი. ბევრი კი არაფერი მესმოდა, მაგრამ ბებია-ბაბუებისა და მშობლებისგან ვიცოდი სამსახოვანი უფლის შესახებ. მეგობარმა ჩემი სულიერი მისწრაფების შესახებ რომ შეიტყო, ერთ ადგილას მიმიყვანა. ახლა ვხვდები, რომ ეს სექტა იყო, თორემ მაშინ აღტაცებული და აღფრთოვანებული ვიყავი. ისინი ერთმანეთს და-ძმებს ეძახდნენ და გამუდმებით და ჩაჭიჭინებით კითხულობდნენ სახარებას. ჯვარი, ხატი და სანთელი არ ჰქონდათ, მაგრამ ლოცვას რომ დაიწყებდნენ, თითქოს ტრანსში ვარდებოდნენ. ჩემი მეგობარიც დააბნია ამან. ერთხელ ვილაპარაკეთ კიდეც. ორივე ვგრძნობდით, რომ რაღაც უცხო "სამყაროში" მოვხვდით. გულს არ მიეკარა არც მათი ლოცვა და არც უფალთან დამოკიდებულება. უფალს მოკრძალებით კი არ ახსენებდნენ, ჩვენ რომ ამხანაგ-მეგობრებზე ვილაპარაკებთ, დაახლოებით ისე. ეკლესიაში მართლა ვიგრძენით ღვთაებრივი შემონათება, სითბო, სიყვარული. თითქოს წინაპართა ხმამ გაიღვიძა ჩვენში და ჩვენთვის ბუნებრივ, მისაღებ, სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელ ადგილას მიმიყვანა. ისინი სამების ხსენებით არ იწყებდნენ ლოცვას და როცა პირველ წირვაზე მღვდელმა წარმოთქვა: "სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა", - თითქოს ფეხქვეშ საყრდენი ვიგრძენი. არ მინდა ვამტკიცო და ბევრი არც არაფერი მესმის, რაც ნაკლებს ილაპარაკებ ამის შესახებ, ვფიქრობ, უკეთესია. ღმერთს შენს გულში უნდა მიუჩინო ადგილი და ის შეგამეცნებინებს, რა არის შენი დანიშნულება როგორც ქრისტიანისა, რომელსაც თან ახლავს ადამიანურობა და სიკეთე.
გოგი, 43 წლის: - სამება ღმერთია, რომელსაც არ შეიძლება ერთი ნაწილი ჩამოაცილო. ერთმა თავხედურად მითხრა, მრავალღმერთიანობა გწამთ თქვენო. როგორ უნდა გააგებინო ამის მთქმელს, რომ ღმერთი ერთია და მისი არსია სამი. შეიძლება ვცდები რამეში, მაგრამ ამაზე ბევრი არასოდეს მიფიქრია, ეს განცდა და გაგება სისხლხორცეულად შემოვიდა ჩემში. ჩვენი რელიგია ფანატიზმს გამორიცხავს, პირიქით, გვირჩევს, შევიცნოთ საკუთარი თავი. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მახსენდება, შესაძლოა, თემასთან დიდი კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ.
დეიდაშვილი მყავდა, თამარი, - ულამაზესი გოგო. გათხოვდა მშვენიერ ოჯახში, ბედნიერიც იყო, მაგრამ უკურნებელმა სენმა მოცელა მისი ბედნიერება. იმთავითვე გამოგვიცხადა, მე ქრისტიანი ვარ და ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით უნდა შევხვდე. თუ სასიკვდილო ვარ, არ დამიმალოთ, პირიქით, იქნებ მოვასწრო, უფალს წყალობა გამოვთხოვოო. მეტი რა გზა გვქონდა, ვუთხარით. ყოველდღე ეკლესიაში დადიოდა, ყოველკვირა და დღესასწაულებზე ეზიარებოდა. სანამ შეეძლო, ქუჩაში დადიოდა და მათხოვრებს თავის ნივთებსა და ფულს ურიგებდა... ერთხელ შევესწარი, ეკლესიაში როგორ უთხრა თავის ნაცნობს, მინდა, კიდევ ერთი-ორჯერ მოვასწრო ზიარება, თუ უფალმა ინებაო. ჩვენ რომ თვალზე ცრემლი დაგვინახა, აქეთ დაგვამშვიდა, თითქოს შორეულ მოგზაურობაში მიდიოდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი