ძალისაებრ შევწირავთ მადლობას უფალს და გმადლობთ იმ დიდი შრომისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ეწევით ჩვენი განათლებისთვის.
ეკლესიაში მკვდარი მივედი. არ მჯეროდა ქვეყნად არც ერთი ადამიანის და მადლობა უფალს, ყველა იმ განსაცდელის შემდეგ ხელი მომკიდა, ტაძარში შემიყვანა და საკურთხეველთან მამა გედეონი (შალაშვილი) დამახვედრა. მისმა თბილმა შეკითხვამ - ხომ არაფერი გიჭირთო, ძალიან იმოქმედა და აღმომხდა - დიახ-მეთქი. მოძღვარმა გვერდზე გამიყვანა და მეც დავიწყე... არ ვიცი, რას ვამბობდი, როგორ ვამბობდი... ვხედავდი მხოლოდ ამ ადამიანის თვალებს, რომელიც მე, სწორედ ასეთ საშინელს და უბადრუკს, ყურადღებით მისმენდა... მოვიდა სხვა სამღვდელო პირი, მიესალმა და უთხრა, გელოდებიანო. წადით, მამაო, აღარ დაგაყოვნებთ-მეთქი. მამა გედეონმა შემომხედა ნათელი, სიყვარულით სავსე თვალებით და მე მათში თანაგრძნობა დავინახე. შემდეგ კი მშვიდად მითხრა, - არა უშავს, დამელოდებიანო. ასე მგონია, იმ წუთიდან დავუჯერე ამ საოცარ ადამიანს. კიდევ მგონია, რომ მაშინ ჩემმა მოძღვარმა ძალიან ბევრი ილოცა ჩემთვის და მე, უძღებ შვილს, ასე უაზროდ დაფანტული სიმდიდრის ნაცვლად თავისი გულიდან გაღებული სიმდიდრე მიწილადა. დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ მყიფე და წვრილი ძაფი მაკავებდა ცხოვრებაში. ახლა იმედი მაქვს, ეს ძაფი, ღვთის შეწევნით, იქნებ სიყვარულის ისეთ ჯაჭვად გადაიქცეს, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი გაწყვეტს. მამა გედეონი ორიოდე სიტყვით გვირჩევს იმას, რაც ნამდვილად გვჭირდება. შეუძლია დიდი და ლამაზი შეგონებების ნაცვლად საკუთარი ქცევით და მაგალითით დაგვანახოს, სად ვცდებით, ჩვენი შეცდომები მიიტანოს გულთან და მერე ისეთი სიყვარულით მოგვიტევოს, რომ მართლა შეგრცხვეს. მე მინახავს, ტკივილით გატანჯული როგორ მდგარა და მოთმინებით, ხანდახან ღამის ათ საათამდე, მიუღია აღსარება, როგორ დაუღამებია ნიჩბით ხელში მუშებთან ერთად ტაძრის მშენებლობაზე, დაღლილ-დაქანცულს როგორ გაუღიმია ახალშემოსულისთვის და მოუსმენია მისთვის... ვმადლობ უფალს, რომ ასეთი ადამიანი მოგვმადლა მოძღვრად და ნამდვილ მამად.
შეუძლებელია მადლიერება არ გამოვხატო მამა გედეონის მეუღლის თამარის მიმართ. ხუთი შვილის აღზრდა რომ ძალიან მძიმე ტვირთია, ყველამ ვიცით, მით უმეტეს მაშინ, როცა მეუღლეს ამდენი სულიერი შვილი ჰყავს, მაგრამ თამარს ასევე შეუძლია დედობა გაუწიოს ყველას, ვისაც ეს სჭირდება. როცა ძალიან შეწუხებულს და ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობით შეშფოთებულს ძალიან მიჭირდა, თამარმა ყველა საქმე გადადო და ონკოლოგიურ საავადმყოფოში ჩემს გვერდით დადგა. მარტო მე კი არა, ჩემს მეუღლეს, ნერვიულობით გათანგულს, ისეთი თანადგომა გაუწია, რომ მასაც, არაეკლესიურ ადამიანს, შეერხა სიმები. არასოდეს დამავიწყდება ის სიხარული, რომელიც მან (ერთადერთმა თანამდგომმა იმ წუთებში) გამოხატა დადებითი პასუხის მიღებისას.
თამარ, დიდია შენი ჯვარი და მძიმე. ჩვენც, მამა გედეონის მრევლს, მის სულიერ შვილებს, ბევრი არაფერი შეგვიძლია. მხოლოდ ის, რომ ვილოცოთ და ვევედროთ უფალს თქვენს გაძლიერებას, შეწევნას მძიმე საქმეში, თქვენი ნინოს, მარიამის, ქეთევანის, გიორგის და პატარა იოანეს გაძლიერებას, გამრავლებას უფლის სიყვარულში. ძალიან გვიყვარხართ.
ძვირფასო რედაქციავ! სახელს არ ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი სათქმელი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. მათი სახელით და მათ მაგივრადაც გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ეს წერილი. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას. უფლის მადლი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნა არ მოგკლებოდეთ, ჩვენო ძვირფასებო.
დიდი პატივისცემით - მრევლი გორიდან
მშვიდობა თქვენდა. წრფელი და უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ იმ დიდი საჩუქრისთვის, რასაც ჟურნალი "კარიბჭე" ჰქვია.
ჩემთვის ეკლესია და ღმერთი სანთლის დანთებასა და პირჯვრის გადაწერასთან ასოცირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტების ეპოქაში არ გავზრდილვარ და არც სკოლაში და ოჯახში აუკრძალავთ ჩემთვის ეკლესიაში სიარული და ქრისტიანული წესების დაცვა, გვიან ჩავწვდი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის არსს. ღმერთის არსებობა ყოველთვის მწამდა და შინაგანად ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ უფალი ყოველწუთას ჩემთან იყო.
კვირაობით მე და ჩემი მეგობრები დავდიოდით ეკლესიაში, მაგრამ წირვაზე დასწრებისა და მადლის მიღების ნაცვლად, ეკლესიის ეზოში ხალხის გაჭორვით და უჯერო სიცილით ვირთობდით თავს, წირვაზე დაუსწრებლობის მიზეზად კი ბევრ ხალხს, დახუთულობას, სანთლების სიმხურვალეს და საკმევლის სუნის (ახლა უკვე ჩემთვის ძალიან საყვარელის) აუტანლობას ვასახელებდით.
ალბათ უფლის ნებით მოხდა ისე, რომ წირვას ბოლომდე დავესწარი, მეუფე გრიგოლის ქადაგებაც მოვისმინე და ვიგრძენი, რომ სულ სხვანაირი გრძნობა დამეუფლა. მეორე კვირასაც იგივე განმეორდა...
ახლა მყავს სულიერი მოძღვარი და პირველი აღსარებით გამოწვეული კანკალი, სინანულის ცრემლები მახსენდება. მანამდე მეგონა, მე, 15 წლის გოგოს, რა ცოდვა უნდა მქონოდა, მაგრამ თითოეული ცოდვის არსს ჩავწვდი და მივხვდი, რომ ცოდვილი ვყოფილვარ, რომ ვცოდავდი სიტყვით, საქმით და თვით ფიქრითაც. სწორედ ჩემი მოძღვრისგან გავიგე, რომ კარტის თამაში ცოდვა იყო, რომ ადამიანები არ უნდა განმეკითხა, რომ მორჩილი შვილი ვყოფილიყავი მშობლების, რომ უფალს თითოეული წუთისთვის, მის მსგავსად და ხატად შექმნისთვის უნდა ვმადლობდე და კიდევ ათასი რამ. ძალიან ბევრი გავიგე და ვისწავლე თქვენი ჟურნალის მეშვეობითაც.
ახლა უკვე ხშირად ვაბარებ აღსარებას. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ვესწრები წირვა-ლოცვას და ვცდილობ, უფლისგან დადგენილი კანონები არ დავარღვიო. თუმც, როგორც ყველა მოკვდავს, ყველაფერი არ გამომდის, მაგრამ მთელი გულით ვცდილობ.
P.S. ფოთისა და ხობის ეპისკოპოსის, მეუფე გრიგოლის შრომით, ღვაწლით და მოღვაწეობით, მრევლის გულმხურვალე ლოცვით და, რაღა თქმა უნდა, უფლის ნებით მეტად მადლმოსილი საქმე გაკეთდა ჩვენს ქალაქში. ათეულობით წლების წინ განდევნილი დედა ღვთისმშობელი დაუბრუნდა თავის სავანეს. ფოთის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარს დაუბრუნდა პირვანდელი სახე. დღეს აქ აღევლინება წირვა-ლოცვა და ამისთვის უდიდესი მადლობა პირველ რიგში უფალს, დედა ღვთისმშობელს და შემდეგ ყველას, ვინც თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა მართლაც საშვილიშვილო და მადლმოსილ საქმეში.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ღვთისმშობლის შემწეობა, მეოხება და მადლი არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს და ფოთს.
დიდი სიყვარულით და პატივისცემით
სალომე, 19 წლის, ფოთი
სალომე, 19 წლის, ფოთი
ზამთარია, ცივი, სუსხიანი, შეიძლება დაუნდობელიც. სული გაიყინა... გრძნობა გაცივდა... ღმერთო, როგორ მეშინია ასეთი უგულობის... როგორ გამოვიფიტე. ალბათ ლოცვა შევანელე, ჩემი სიყვარული ხომ ლოცვით მოვიპოვე... როგორ მიყვარს "შენ ხარ ვენახის" დაუჯდომელი, რამხელა წყალობა გამოიმეტა ჩემთვის.
რა გავაკეთო? მინდა გამოსავალი ვიპოვო, რწმენა გავიძლიერო, სრულიად მივენდო უფალს. კვირა დღის იმედი მაქვს. კვირა დღე ჩემთვის დღესასწაულია, მინდა ტაძარში მივიდე და კვლავ შევხვდე ჩემს უსაყვარლეს მამა თეოდორეს. ჩემს პატარა ტაძარში დავდგები უფლის ხატთან, საიდანაც დაუსრულებელი მადლი შემოდის ჩემში. აქ ყველაზე ახლოს ვარ მამა თეოდორესთან. აქ ყველაფერი ძალიან წრფელი, წმინდა, სპეტაკია. ხშირად ვტირი ხოლმე. ეს ცრემლები ჩემგან ღვთისთვის შესაწირია. მაშინ ვგრძნობ, რომ ვარ ბედნიერი, რომ უფალმა უსაყვარლეს მამასთან მიმიყვანა.
იესუ ქრისტე - საოცარი სათნოებით იტყვის ხოლმე მამა თეოდორე. არამიწიერია ამ ქადაგების მოსმენის განცდა, ღვთიური, სანუგეშო, ჭეშმარიტი.
ჩვენი ტაძარი ერთი დიდი სიყვარულია. წარმოუდგენელ სიხარულს, უზადო მადლს წამოიღებ, გიხარია, გინდა ეს შეგრძნება ბოლომდე ატარო, მაგრამ რაღაც არ დაგაცდის, გამოგტაცებს - ხშირად ხელცარიელიც კი აღმოჩნდები. მაგრამ მგონი, გამოვდივარ ქაოსიდან, ისევ მოვა კვირადღე, ისევ წავალ ჯვართამაღლების ტაძარში, ისევ ჩამიკრავს უფალი გულში და სასოებას მიწყალობებს. მაგრამ ვაითუ ვეღარ შევხვდე შემდეგ კვირას? იქნებ უკვე უნდა გარდავიცვალო?
გარდავიცვალო - ეს სიტყვა ხომ ნეტარია ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის, მაგრამ ძალიან მეშინია. ჩემი სულიერი ღვაწლით შეუძლებელიცაა ფიქრი უფალთან სიახლოვეზე. შესაძლოა მას ჩემთვის "სიკვდილიც" კი ჰქვია. აბა, სხვა შემთხვევაში უფალთან ყოფნა ვის არ უოცნებია.
ღმერთო დიდებულო... გევედრები გამიმრავლე წირვის სიყვარული, შემაყვარე, მომანატრე ჭეშმარიტი "გარდაცვალება" და "შეწყვეტილმა" წირვამ გადამიყვანოს ნეტარ მარადისობაში. ჩვენ ხომ უნდა ვიცხოვროთ ცხონებისთვის, უფალთან სიახლოვისთვის.
მადლობა მამა თეოდორეს, რომ ჭეშმარიტი გზა შემაცნობინა. ღმერთო დიდებულო, გაგვიძლიერე ჩვენი ტაძარი ყველა მსახურით, მრევლით, ჩემი მამა თეოდორეთი...
მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
ნათია
ნათია