ადამის მოდგმიდან არავინ იცის, სად გადის ზღვარი სიკვდილ-სიცოცხლისა და მაინც ვიღვწით, ვაშენებთ და ვაკეთებთ, თუმცა ჭკუათმყოფელს არასოდეს ტოვებს შეგრძნება, რომ ყოველივე ამაოა.
ადრე თუ გვიან დადგება დრო, როცა მარადიულ სამყაროში გადავალთ და თუკი ეს ზეციური იერუსალიმი იქნება, Gვენი ღვაწლიც არ ყოფილა ამაო და ტყუილად არ გვიცხოვრია.
ნატალია (57 წლის): - ქრისტიანული მოძღვრება ამქვეყნიური ცხოვრების უარყოფა არ არის, აკი უფალი სწორედ ამქვეყნად მოვიდა, რათა ჩვენი სულები განეწმინდა და ზეციური იერუსალიმის დამკვიდრების ღირსნი გავეხადეთ. მაგრამ არის ერთი რამ: დავით გურამიშვილს დავესესხები, რადგან გამიჭირდება მასთან ოდნავ მიახლოებითაც კი ჩამოვაყალიბო აზრი: "სულს მიუძღვის ხორცი ნაქმნარი, ავსა ავი, კარგსა კარგი". სიკეთე არასოდეს რჩება სამაგიერომიუზღველი და თუ სიკეთის გზას შევუდგებით, უფალი არ დაგვტოვებს. "თავსახელაღუპყრობლად", ანუ გაურჯელად იშვიათად მოვიპოვებთ ცხონებას - ეს ვიცით, მაგრამ შესრულება რომ გვიჭირს? ერთი რამაცაა უტყუარი - უფალი არ დაგვაკისრებდა იმას, რაც მას დაგვაშორებდა. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როცა განსაცდელი და გაჭირვება სულს უხუთავს. არც მაშინ გვტოვებს უფალი, მხოლოდ გონების მოკრება და სულიერი თვალის გახელა გვჭირდება, რომ ეს დავინახოთ. მეუღლის გარდაცვალებამ ერთიანად გამომფიტა და დამაუძლურა, მანამდეც ათასგვარი განსაცდელი გაგვევლო მეც და მასაც, მაგრამ ერთმანეთს ვეხიდებოდით და ფეხზე ვდგებოდით. იუმორის გრძნობა არც ერთს არ გვაკლდა და ზოგჯერ, უზომო გაჭირვების ჟამს, სასაცილოდ წარმოვიდგენდით ჩვენს ყოფას. ახლა ერთიანად გავიაზრე, რომ გამიჭირდებოდა მატერიალურადაც, ემოციურადაც, რომ დავრჩი მარტო, რადგან ყველას თავისი გზა აქვს. სრულიად დაუძლურებული ფსალმუნებსაც ვერ ვკითხულობდი, სხვები კითხულობდნენ, თუმცა ვიცოდი, რომ ეს მე უნდა მეკეთებინა. ცრემლის ნიაღვარი მდიოდა და ალბათ ათას სისულელეს ვროშავდი. გულს ისიც მიკლავდა, რომ უზიარებელი იყო და დაძალება არ ჩავთვალე საჭიროდ - ჩემს თავს ვაბრალებდი. ვიცოდი, უფალი არ გაწირავდა, რადგან სიკეთით სავსე კაცი იყო. გონს მალე მოვედი და როგორც ამ დროს უმეტესწილად ხდება ხოლმე, ეკლესია გახდა ჩემი თავშესაფარი. ღმერთის მეტს ვერავის ვხედავდი, რადგან ადამიანურმა სიკეთემ ჩემთვის ფასი დაკარგა. ერთხელაც წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ლოცვას ვკითხულობდი. წამით გამიელვა, ნეტავ სად ხარ ახლა-მეთქი და ლოცვანზე დიდი ასოებით დაიწერა - ზეციური იერუსალიმი, და წამით დავინახე ოქროცურვილი ქალაქის მოოქრული გუმბათები. ისეთი ნეტარება ვიგრძენი, გარეთ არ მინდოდა გამოსვლა. გარემომცველი სამყარო იმდენად უსახური და არაფრისმთქმელი მომეჩვენა, უკვე სიმწრისგან ავტირდი, აქ რა გამაძლებინებს-მეთქი. გვიყვარს სიცოცხლე და გვეშინია სიკვდილის, ალბათ ვერ ვაღწევთ ისეთ სულიერ სიმაღლეს, რომ უფალთან თანამყოფობა გვენატრებოდეს.
მიხეილი (37 წლის): - არც უცოდველი ვარ და არც იდეალური, მაგრამ როცა სიკეთის ქმნის სურვილი მტოვებს, ვგრძნობ, საფრთხეში ვარ. განა ბევრი რამ შეგვიძლია, მაგრამ ერთმანეთს რომ მოვუფონოთ, ეს ძალზე ძნელია? თანაგრძნობა ფულით არ გამოიხატება, მამა რომ გარდამეცვალა, ჩემთვის სამყარო დაცარიელდა, მოდიოდნენ მამაჩემის მეგობრები, ისინი ბლომად ჰყავდა და ფულს გვიკუჭავდნენ მე და დედაჩემს. დასაფლავების შემდეგ თითქოს პირი შეკრესო, ერთსაც არ დაურეკავს. ძნელია მგლოვიარე ოჯახთან ურთიერთობა, მაგრამ ხომ სჭირდებათ? კაცი კაცითაო და ამ დროსაა საჭირო, მოხვიდე, დამელაპარაკო, ჩემს დარდთან მარტო არ დამტოვო. ეკლესიაში ყველანი თავდახრილები ვდგავართ, გამოვალთ და მხოლოდ თითო-ოროლა თუ ასრულებს უფლისადმი მიცემულ სიტყვას. სწორედ ამაზე მიგვითითებენ ჩვენი მოძღვრები, რომელთაც არც განათლება აკლიათ და არც მონდომება, შრომაც უდიდესი აქვთ, მაგრამ მაინც უჭირთ ჩვენისთანების მოთოკვა.
თინათინი (45 წლის): - მე ასე მგონია, ზეციური იერუსალიმი უფალთან ახლოს ყოფნაა. სრულყოფილი მხოლოდ უფალიაო, ვიტყვით და ეს ასეცაა, მაგრამ თავის ხატად რომ შეგვქმნა, ღვთაებრივი სული რომ შთაგვბერა? ყველაფერს დროს დავაბრალებთ, მაგრამ სხვა დროებას არ ჰქონია თავისი ტრაგიკულობა? ასი ათას მოწამეს რომ ეფიქრა, ასეთი დროა და მერე რა უჭირსო... გაფიქრებაც არ მინდა... ამ დროში გავჩნდით და უფალმა სწორედ იმის გამკლავება დაგვიდო ვალად, რაც ამ დროს ახლავს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი