საბრალოა ხორციელ ვნებებს დამონებული სული. ცოდვა სამსალაა, მაგრამ ზოგჯერ ტკბილი გვეGვენება და თავშეუკავებლობას მივეცემით ხოლმე. მერე კი სიმწრით ივსება ადამიანის სული და იქნებ მაშინ მაინც აღმოხდეს მანუგეშებელი:
"მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე". უფლისათვის ჩვენი შესაწირავი ლოცვაა, მაგრამ იგი მაშინ შეიწირება, თუკი ადამიანი წრფელად შეინანებს.
ლუბა (63 წლის): - ყოველი ბოროტი ზრახვა უკეთურებაა უფლისთვის. ხშირად ვერ ვხვდებით, რომ ვცოდავთ, თუმცა სხვისი ცოდვა ადვილად დასანახია. ზოგი თავს იმით იმართლებს, არ ვიცოდიო. რატომ არ იცოდი, რომ სხვისი შრომის, მისი ნაყოფის მითვისება ცოდვის წუმპეში გაგდებს? უქნარობასა და უდებებას თან ერთვის ამპარტავნება. რატომ არ იცი, იმიტომ, რომ არასოდეს განგიჩხრეკია საკუთარი თავი, შენ ხომ გონი მოგცა უფალმა, რატომ არ იყენებ მას? ამას ჩემს თავზე ვამბობ უპირველესად, რადგან ახლა ვიცი, როგორ ვცოდავდი.
მამაჩემი მდიდარი კაცი იყო, ეს სიმდიდრე ქუჩაში არ უნახავს, ყველაფერი საკუთარი შრომით მოიპოვა. მაშინდელი მდიდარი რასაც ერქვა, ის დღეს ალბათ საშუალო შეძლებისაც არ არის, მაგრამ მე მაშინდელს მოგახსენებთ. სახლ-კარი სუფთა და კოხტა გვქონდა, საჭმელ-სასმელი და ჩასაცმელ-დასახურავი არ გვაკლდა. შავი დღისათვის ცოტაოდენ ფულს ინახავდა დედ-მამა. ფულს ყოველთვის გვაძლევდა შვილებს, მაგრამ არა იმდენს, რამდენიც "გვჭირდებოდა". ჰოდა, ერთხელ გავბრაზდით მე და ჩემი ძმა და მთელი დანაზოგი მოვიპარეთ. მოულოდნელად დედა გახდა ავად, მამამ გადანახულ ფულს მიაკითხა და... ლამის გაგიჟდა კაცი! ფულზე მეტად იმას დარდობდა, ვინ ჩაიდინა ეს უკეთური საქმე, ვის დავადო ხელიო. ხალხურ სიბრძნესაც იმეორებდა გაოგნებული - ქურდმა ერთი ცოდვა ქნა, დამბრალებელმა - ათასიო. ჩუმად ვტიროდით მე და ჩემი ძმა, მაგრამ გამხელას ვერ ვბედავდით. ვიცოდით, დარდს გადაჰყვებოდა კაცი. მონანიება და აღსარების თქმა მაშინ ვინღა იცოდა და დიდხანს მაწვალებდა ეს ცოდვა. მას შემდეგ ბევრი განსაცდელი შემხვდა და ყოველთვის ეს მახსენდებოდა. ეკლესიაში სიარულმა და მონანიებამ მანუგეშა. უფლის წყალობა რომ არა, აბა, როგორი იქნებოდა მამის გამქურდავი შვილების ცხოვრება?
ოთარი (45 წლის): - ჯერ კიდევ ახალგაზრდა მგონია თავი, მაგრამ ცუდი გზა გავიარე. უფლის ღალატზე უარესი ცოდვა არ არსებობს, მე კი მისი ღალატი განვიზრახე. ცხოვრება რომ გაჭირდა, ჰოლანდიაში წავედი. აქ რას ვაკეთებდი, რომ იქ ციდან ვარსკვლავები მომეწყვიტა. უქნარობასა და სხვის კისერზე ჯდომას მიჩვეულმა, იქაც ასე მოვინდომე ცხოვრება. ჯერ იქ დასარჩენად რა არ მოვიგონე, მერე კი ერთ შეძლებულ ოჯახში შევძვერი. ერთ-ერთი ქრისტიანული კონფესიის მიმდევრები იყვნენ. რომ გაიგეს, მართლმადიდებელი ვიყავი, ტყავი გაიძვრეს - ჩვენს რელიგიაზე გადმოდი, ქალიშვილსაც მოგათხოვებთ და არაფერი მოგაკლდება. ეს დიდი ორგანიზაციაა და შენც დაგაფინანსებენო. მართლა მოვაწერე ხელი მათ ქალიშვილთან. ურიგო ქალი არ იყო, მაგრამ დაჟინებით ითხოვდნენ ჩემს "გადანათვლას". უქნარა და ღვთისპირიდან გადავარდნილი კი ვიყავი, მაგრამ ისეთი ფიქრები მომეძალა, ღამეები არ მეძინა. თავიდან კი დავდიოდი იმათ ლოცვაზე, მაგრამ ერთხელ, ლოცვის შემდეგ, კოცნა-პროშნა და ცეკვა-თამაში რომ გამართეს, გულს შემომეყარა. რაღა ბევრი გავაგრძელო, უფალმა არ გამწირა, მამაჩემი გახდა ავად და საქართველოში დავბრუნდი. თითქოს თვალი ამეხილა და მამა რომ გამომჯობინდა, მეზობლად მღვდელი ცხოვრობს და იმასთან მივედი, - ეკლესიაში ვერ მივდიოდი, მრცხვენოდა, - ყველაფერი მოვუყევი და ტაძარში დამიბარა. მას შემდეგ აქ ვარ, ჩემს კურთხეულ ქვეყანაში და უფალს მადლობას ვეუბნები.
დავითი (58 წლის): - ბავშვობაში ბევრი რამ მაკლდა. მამამ ოჯახი მიატოვა. დედას უჭირდა სამი შვილის შენახვა. ყველაფერი გვენატრებოდა და სულ ვოცნებობდი, როგორმე შევშველებოდი დედას. ამას გარდა, სხვისი სიმდიდრეც მეხარბებოდა. ყველაფერი ვიღონე, რომ მეც ვყოფილიყავი მდიდარი. ზოგს ქურდობა არ ჰგონია, ქვეყანას, ადამიანებს რომ ატყუებს და ამით თვითონ გასუქდება ხოლმე. ვერ ვიტყვი, რომ მეც ასე მეგონა, კარგად ვიცოდი, რაზეც მივდიოდი. კარგი კაცი ვიყავი - მოქეიფე, სტუმართმოყვარე, ხელგაშლილი, სხვათა დახმარებაზეც არ ვიხევდი უკან. მოკლედ, ცალი ხელით ვიპარავდი და მეორით გავცემდი. ნაცნობმა ეკლესიაში მიმიყვანა. დავდიოდი, მაგრამ მონანიება არც მიფიქრია, გალობისა და წირვა-ლოცვის მოსმენა მიყვარდა და თან მეგონა, ჩემს საქმეში უფრო შემეწეოდა. უფალი სხვაგვარად სჯის და ერთი გოგონა მომეწონა. სულის სიფაქიზე და პატიოსნება ზედ ეტყობოდა. ბევრი ვუტრიალე და ცოლად შევირთე. მეგონა, ჩემი სიმდიდრით გავაოცებდი, მაგრამ თითქოს დაფრთხა და თუ მანამდე სულსა და გულს მიშლიდა, ახლა რაღაცნაირად გამინაპირდა. ქალებს სიმდიდრე და ფუფუნება თავს აკარგვინებს, მაგრამ ჩემი ცოლი სხვაგვარი გამოდგა, შეშინდა და ლოცვასა და ეკლესიაში სიარულს მოუხშირა. მალე შვილიც გვეყოლა. ერთხელ მთხოვა, ვიცი, რასაც აკეთებ და გთხოვ, ამ ბავშვს მაინც ნუ აჰკიდებ ცოდვასო. გავგიჟდი და გადავირიე, მაგრამ მისმა მოთმინებამ და სიმშვიდემ ჩემ წინ სხვა გზა გამოაჩინა. მას შემდეგ ერთად მოვყარეთ წუთისოფელი, მდიდრები არ ვართ, მაგრამ ღვთის მადლით, შვილები გვყავს მართლა საამაყონი და ოჯახიც პატიოსანი და მშვიდი გვაქვს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი