არცთუ იშვიათად, თავი რომ ვიმართლოთ, არაფერს ვზოგავთ. უფლის სახელს კრძალვით და რიდით უნდა წარმოვთქვამდეთ, ჩვენ კი ტყუილზე ისე დავიფიცებთ, წარბსაც არ შევიხრით.
სჯობს სიმართლე ჩვენი საქციელით დავამტკიცოთ და მაშინ აღარ დაგვჭრდება ამაო ფიცი და მტკიცი.
ნუნუ (80 წლის): წლები ისე მიდის, თვალის დახამხამებას ვერ ასწრებ. მერე, სიბერეში შესული, შენს ცხოვრებას თვალს გადაავლებ და ხვდები, რამდენი შეცდომა დაგიშვია. ადამიანებს შეიძლება დაუმალო, იცრუო, ითითლიბაზო, მაგრამ უფლის ყოვლისმხედველ თვალს არაფერი გამოეპარება და შენს სიცრუესაც ის მიიტანს ადამიანებამდე. რისთვის? ისევ შენს სასიკეთოდ!
ძალზე ახალგაზრდამ შევქმენი ოჯახი. ერთმანეთი გვიყვარდა და ვენდობოდით. ღალატი გულში არასოდეს გამივლია, მაგრამ ერთი ცუდი ზნე მქონდა - სამსახურიდან რომ გამოვიდოდი, დაქალებში მიყვარდა გასეირნება. შინ თოთო ბავშვები მყავდა. დედასთან ვტოვებდი და არაფრის მეშინოდა, მაგრამ მაინც როგორია, ორ საათზე მოსასვლელი, ექვსზე, შვიდზე რომ მოხვალ. ბავშვები მღლიდნენ და ეტყობა, ქვეშეცნეულად დედობრივ მოვალეობას ვარიდებდი თავს. თავიდან მეუღლე არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ მერე ეჭვიანობა დაიწყო. თავს ვერაფრით ვიმართლებდი, - თავმოყვარე კაცი იყო და ეს აწვალებდა. მეც ისეთი განცდა მქონდა, თითქოს დამნაშავე ვიყავი და უკვე შეშინებულ-დათრგუნვილი თვალს ვარიდებდი. როგორც ჩანს, ამან უფრო განუმტკიცა ეჭვი - თვალს რატომ ვერ მისწორებ, თუ მართალი ხარო... ყველასთან თავს ვიმართლებდი და ვიფიცებდი, მაგრამ ვატყობდი, არავის სჯეროდა ჩემი. მშობლებიც გაბრაზებული იყვნენ, დედაჩემმა ისიც კი მითხრა, - აფსუსია, ჩემი შვილი რომ ხარო. მერე კი მოვრბოდი შინ გულგახეთქილი, მაგრამ ერთხელ გაჩენილი ბზარის გასამრთელებლად დიდი დრო და ძალა დამჭირდა.
ფიცი და მტკიცება, მართალი ვარო, არას გიშველის, თუ საკუთარ სურვილებს ლაგამი არ ამოსდე.
ტახირი (42 წლის): უფლის სახელის დამოწმება შენი ავკაცობის დასაფარავად ვერაფერი ვაჟკაცობაა, მაგრამ განსაცდელში ჩავარდნილნი არასოდეს ვითვალისწინებთ ამას. უფალი არასოდეს დამიფიცებია ტყუილზე, მაგრამ წუწუნი და ღმერთის ხშირად ხსენება კი მიყვარს. ვედრება, დალოცვა სხვა რამეა, მაგრამ ყოველწუთს აღთქმის დადება და მერე დავიწყება "ამაოსა ზედა" უფლის ხსენება და შეწუხებაა, აბა, რა არის!
შვილი მყავდა ავად. ღმერთო, გადამირჩინე და ცხოვრებაში არაყს აღარ მივეკარები-მეთქი. საქმე ის არის, რომ სწორედ ჩემმა სიმთვრალემ და აყალმაყალის ატეხამ დაზაფრა ბავშვი და გული წაუვიდა. ასეთი რამ იშვიათი არ იყო და ეტყობა, ბოლოს ვეღარ გაუძლო... მჯერა, უფალმა ისმინა ჩემი, მაგრამ მე როგორ მოვიქეცი? შვილი გადამირჩა-მეთქი, მოვუხმე ჩემს ლოთბაზარა მეგობრებს და ისე გამოვთვერი, ახლაც მრცხვენია ამის გახსენება. ბავშვმა ასე რომ მნახა, უარესი დაემართა და სიკვდილს ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან.
რწმენა ყველაფერს დაგაძლევინებს და თუმცა დიდი ძალა დამჭირა, ცოდვისთვის რომ დამეღწია თავი, მაინც შევძელი. ახლა მრცხვენია, ჩემს ცხოვრებას რომ ვიხსენებ. გონგადასული როგორ უნდა გნახოს ცოლ-შვილმა?!
სოფიო (59 წლის): ქუთაისელი ბებია მყავდა, ძალიან მორწმუნე და მეტად განათლებული ქალი. ჩემი მიდრეკილება სიცრუისკენ კარგად იცოდა. მაშინ ცოდვა სულ არ მეგონა, სამეცადინოდ მივდივარ-მეთქი, რომ ვეტყოდი და კინოში ამოვყოფდი თავს. მერე გამწარებული ვიფიცებდი - ღმერთს ვფიცავ, თუ გატყუებდე-მეთქი. ერთხელ ამაზე საშინლად გამიბრაზდა, - ღმერთი არ ახსენო, ბაბილინე ხომ არ გგონია, რომ შეჰპირდები და აღარ ასრულებო. მაშინ ამაზე სიცილით ვიხოცებოდით მე და ჩემი თანატოლები, მაგრამ მისი ნათქვამი ახლა რომ მახსენდება, სიმწრის ოფლი მასხამს.
გამოუსწორებელი შეცდომა თითქმის არ არსებობს, უფალი კეთილმოწყალეა და მისგან შენდობისა და მოტევების იმედი არ უნდა დავკარგოთ, მაგრამ უფლის სახელის მოურიდებელი ხსენება მაინც არ არის მართებული.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი