თრთოლითა და მოკრძალებით უნდა შეუდგე ამ გზას. მხსნელის შობას ტკივილი არ სდევდა თან, მაგრამ მერე, ადამიანთა ამპარტავნებისგან მოვიდა ტკივილი და ეკლის გვირგვინი.
ჩვენც, როცა პირველად შევიცნობთ ქრისტეს, ამ ტკვილის გააზრებით უნდა გავყვეთ ეკლიან გზას და შეუსვენებლად ვიაროთ ბოლომდე.
ოთარი (72 წლის): უფალთან მისვლა ჩვენს თაობას გაუჭირდა. ასე ვიყავი მეც. ასე გვქონდა ჩანერგილი მღვდლების უპატივცემულობა. ეკლესიაში რომ ვინმეს დავინახვდით, სულელი გვეგონა. ისე, აღდგომას, შობას, გიორგობას, მარიამობას (მარიობას ეძახდნენ ჩემს ბავშვობაში) კი ზეიმობდნენ, მაგრამ წირვა-ლოცვა სად იქნებოდა, როცა ეკლესიები დაანგრიეს. ამას მერე ტრადიციის სახე უფრო მიეცა, ვიდრე საეკლესიო დღესასწაულისა. ღმერთთან მე პირადად ღრმა ტკივილმა მიმიყვანა. მაშინ მეათე კლასის მოსწავლე ვიყავი. თანაკლასელი გოგონა შემიყვარდა, იმასაც ვუყვარდი და მშობლებმაც იცოდნენ ეს ამბავი. იმ დროს, მოგეხსენებათ, კოლექტივი იყო და ბავშვები სიმინდის ყანის ასაღებად დავყავდით. გვიხაროდა, თან ვიმუშავებდით და თან ვითამაშებდით. რაც მთავარია, გაკვეთილები გვიცდებოდა. მზიანი ჭახჭახა ამინდი იყო. სიმინდს ვჭრიდით და ერთ ადგილას ვყრიდით. მერე ვთამაშობდით. ვიღაცამ ხელი ჰკრა ჩემს შეყვარებულს, წაიქცა და გადანაჭერზე მუცლით დაეცა. სისხლმა იფეთქა... საავადმყოფოსთან ვათენებდით მთელი კლასი, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ეს იყო ჩვენი პირველი შეჯახება სიკვდილთან, დამთავრდა ბავშვობა... ჩემთვის კი ცა ჩამოიქცა, თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ კლასელებმა მითხრეს, იმ ქვეყანაში ვერ შეხვდებიო. იმ ქვეყნის რწმენა მაინც იყო ჩვენში. სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში წამოვედი, დედაჩემმა ოთახი თავის ნათესავ ქალთან მიქირავა. მორწმუნე ქალბატონი იყო და ჩემი ამბავი რომ მოვუყევი, ეკლესიაში სიარული მირჩია. მოუსვენრად ვიყავი, თითქოს საშველი იყო და მე არ ვცნობდი, ზურგს ვაქცევდი. მივედი სიონში. მერე წირვა-ლოცვასაც დავესწარი. მთელი წირვის მანძილზე ვგრძნობდი, თითქოს ჩემთან იყო, მამხნევებდა, მეუბნებოდა, რომ დედამიწაზე ყოფნა კარგია, მაგრამ ცაში - უკეთესი. ეს უკეთესი უნდა დაიმსახურო, ღვთის მცნებებით იცხოვროო. შვება იმაში გამოიხატა, რომ ნელ-ნელა გადამეხსნა თავზე ბურუსი და დავუბრუნდი ცხოვრებას იმ რწმენით, რომ ორ სამყაროს შორის კავშირი არსებობს და არსებობს იმქვეყნიური ცხოვრება, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. ეკლესია ჩემი სულიერი თავშესაფარია და როცა მიჭირს, სწორედ უფალთან სიახლოვე მიშუშებს ტკივილს.
დარეჯანი (55 წლის): ადამიანს უფალზე ახლობელი არავინ ჰყავს, თუმცა მისი ნების ახსნა გვიჭირს და ხანდახან ვბედავთ და საყვედურს გამოვთქვამთ. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა გავთხოვდი. ორ წელიწადში ორი შვილი გავაჩინე, რადგან მომავლის მეიმედებოდა. მაგრამ მერე დაიწყო იმგვარი პროცესი, რომლის გამოსწორება ჩემს ძალას აღემატებოდა და იძულებული გავხდი, ოჯახიდან წამოვსულიყავი. მორწმუნე ოჯახიდან კი ვიყავი, მაგრამ ჩემმა მდგომარეობამ ისე დამაბნია, ეკლესიას ზურგი ვაქციე, ღმერთს რომ ვუყვარდეთ, ასეთ განსაცდელს არ მომივლენდა-მეთქი.
ჩემს მეზობლად არაჩვეულებრივი ოჯახი ცხოვრობდა. დიდი თუ პატარა ზრდილობით, წესიერებით გამოირჩეოდა. ცოლშვილიანი ვაჟი ჰყავდათ და გათხოვილი ქალიშვილი - ორი შვილის დედა. ბედნიერების მწვერვალზე რომ იყვნენ, მათ ქალიშვილს უკურნებელი სენი შეეყარა და ორ წელიწადში გარდაიცვალა. ლია დეიდა მორწმუნე ქალი იყო. ოთარაანთ ქვრივივით ცრემლს არავის აჩვენებდა. შვილიშვილების აღზრდაც ითავა და მართლა კარგი ვაჟკაცები არიან. იმას რომ ვუყურებდი, ჩემი გაჭირვება თამაშად მეჩვენებოდა. ნელ-ნელა მომეცა ძალა და დავუბრუნდი ეკლესიას. რაც უფრო შეიმეცნებ უფალს, მით უფრო ხვდები, რატომ უშვებს უფალი განსაცდელს. გარდა ამისა, თუ არ იცი, რომ ადამიანი თავისუფალია და ნებაც თავისუფალი აქვს, გაგიჭირდება წვდომა ქრისტიანობის არსისა.
გიორგი (35 წლის): მრისხანე კაცი ცოფიანს ჰგავს, გულისწყრომა კი ყოველი ბოროტების დასაწყისია. ასეთი ვიყავი მე და უფალთან სწორედ ამ მრისხანების შედეგმა მიმიყვანა. ვმრისხანებდი ყველაფერზე, თვითონაც ვერ ვაცნობიერებდი ამას, ისე მომივლიდა სიგიჟესავით. ხმა ისედაც ბოხი მაქვს და დედაჩემის გადაფითრებულ სახეს რომ შევხედავდი, კიდევ უფრო მემატებოდა სიგიჟე. ამის გამო შემომეცალნენ ნაცნობ-მეგობრები, ცოლი წავიდა და ბავშვიც წაიყვანა, რადგან ბავშვსაც არ ვზოგავდი და ვუბღაოდი. დგება ადამიანის ცხოვრებაში დრო, როცა დაფიქრდები და ამ ფიქრმა საყდარში მიმიყვანა. თუმცა ჩემი დანაშაული მთლად გაცნობიერებული არ მქონდა. მერე და მერე, რომ წამომივლიდა, მოძღვრის სიტყვები მახსენდებოდა - გაიხსენე ფსალმუნის სიტყვები: "შეშფოთნა გულისწყრომითა თვალი ჩემი". ცოდვას ასე იოლად ვერ განეშორები, მაგრამ მოახერხებ, თუ მოინდომებ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი