მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია
მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში წირვა-ლოცვებს, ჩვეულებრივ, ორასი-სამასი კაცი ესწრება. დღესასწაულებზე ეკლესიის შენობა ანთებულ ჩირაღდანს ემსგავსება.
მოსკოვში ჩამოსული სანკტ-პეტერბურგის ქართული ეკლესიის მრევლი სიწმინდეების მონახულების შემდეგ ჩვენთან, წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის მრევლის წევრთა ოჯახებში უნდა დანაწილებულიყო. ჩვენმა მოძღვარმა მამა მაქსიმემ (ჭანტურიამ), რომელიც ადრე მათი მოძღვარი გახლდათ, წინა კვირის წირვაზე გაგვაფრთხილა და ჩვენ იმ დღეს სტუმრების "ტაციობის" მოწმენი და მონაწილენი გავხდით, ვინაიდან ჩამოსული დამხვდურზე ნაკლები აღმოჩნდა.
მეორე საღამოს, გამოთხოვებისას, ეკლესიის ეზოში აქოთქოთებული ავტობუსი ვერა და ვერ დაიძრა ადგილიდნ. სადღეგრძელოებმა და საგალობლებმა ვერა და ვერ მოაოხებინეს გული დაცილების არმოსურნე სტუმარსა და მასპინძელს.
კიდევ კვირის თავზე მამა მაქსიმემ ბოდიში მოუხადა საკუთარი მრევლის წევრებს - იმ ღამით უსტუმროდ დარჩენილებსა და გულდაწყვეტილებს.
ვინმე შესწრებიხართ თანაჯგუფელების, თანაკურსელების, თანაპოლკელების და, საერთოდ, ვისიმე თავყრილობას, სადაც ერთმანეთს ბოდიშს უხდიდნენ: სტუმარი ვერ გარგუნეთო? მე არა!
ღმერთო, შენ განგვამტკიცე სულიერ მეგობრობასა და სიყვარულში!
***
კარგა ხნის წინათ ჩამოსული ჩვენი ყოფილი მოძღვარი მამა მიქაელი თავისებური გულმხურვალებით ეხვეოდა და ეფერებოდა წამოჩიტულ გოგო-ბიჭებს. - სულ ჩემი დანათლულები არიანო, - თვალებანთებული გვეუბნებოდა.
დანათვლიდან ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში ის გოგო-ბიჭები ქართულ შეკითხვაზე ქართულადვე გვპასუხობდნენ. ახლა თითქმის ყველა რუსულად ლაპარაკობს. არადა ცოტანი როდი არიან სამშობლოს დაცილებულნი და ჩვენს ეკლესიას შემოხიზნულნი.
ღმერთო, შენ გადამირჩინე ჩემი ქვეყნის მომავალი!
***
ერთ-ერთი ჩვენი თანამემამულე შესაშური რუდუნებითა და სიყვარულით იკვლევს დიდი წმინდანის ალექსანდრე ელჩანინოვის ცხოვრების ყველა წვრილმანს, განსაკუთრებით - თბილისში ყოფნის პერიოდს. ამას წინათ მოსკოვის ერთმა ბიბლიოთეკამ წმინდანისადმი მიღვნილი კონფერენცია მოაწყო და პარიზიდან მისი 80 წლის ქალიშვილი მოიპატიჟა.ამ თავყრილობაზე დასწრების პატივი ბიბლიოთეკის სამ მკითხველს ერგო. ერთი მათგანი იყო ვასილი. როცა ქალბატონმა ელჩანინოვამ მისი გაცნობისას მამისა და ნათესავების ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა, ვასილმა მოკრძალებით, მაგრამ დაბეჯითებით შეუსწორა თარიღები და მამამისისა და სხვა ახლობლების ბიოგრაფიის მსხვილმანი თუ წვრილმანი შემთხვევები. ქალი გაოგნდა: მე ვიცოდი, რომ მამაჩემს საქართველოში პატივს სცემდნენ, მაგრამ ესოდენზე ვერც ვიოცნებებდიო.
შვილმა მამის თაყვანისმცემელი პარიზში მიიპატიჟა და თავადაც საქართველოში ჩამოსვლის დიდი სურვილი გამოთქვა.
ვასილმა ინტერნეტის მეშვეობით იპოვა სახლი თბილისში, სადაც წმინდანი დაიბადა. ხოლო მისი სკოლის, ყოფილი ლივანდოვსკის გიმნაზიის, ადგილსამყოფლის პოვნა აქეთ მომავალს მე დამავალა.
მე იმაშიც უფლის ხელი დავინახე, როცა გიმნაზია სწორედ ის სკოლა აღმოჩნდა პეტრიაშვილის ქუჩაზე, სადაც თავად ვსწავლობდი.
***
ადრე დაობლებულ თამარ მარჯანიშვილს უმცროსი და-ძმის აღზრდა დააკისრა ბედმა, მაგრამ შემდეგ კოტეს ვერც ერთ ანკეტაში თამარის სახელს ვერ შეხვდებოდით. მხოლოდ უმცროს დებს იხსენიებდა.ალბათ ყველასთვის ცნობილ ფაქტს გავიმეორებ, თუ შეგახსენებთ, რომ თამარი ბოდბის წმინდა ნინოს ქალთა მონასტრის იღუმენია გახლდათ. ილიას მკვლელობის შემდეგ გახშირებული ტერაქტების შიშით სინოდმა იგი მოსკოვში გადაიყვანა და მისი სურვილის წინააღმდეგ (მას განყენებული ცხოვრება ეწადა) უკვე ფომად შერაცხულს დომოდედოვოს ქალთა მონასტრის იღუმენიობა დაავალა. მონასტრისა, რომელიც შიშველ ადგილზე, რკინიგზელებისგან გამოსყიდულ მიწაზე უნდა დაეარსებინა.
თამარმა მიწის ზევით სიზმრად ნანახი თეთრი ეკლესია ააშენა, ხოლო ქვევით - წმინდა ნინოსი, რომელიც დღემდე ამ წმინდანის ერთადერთ ეკლესიად ითვლებოდა რუსეთში (ამჟამად კიდევ ორი ტაძარია აშენებული).
ამ მონასტერს საოცარი მრევლი და კიდევ უფრო საოცარი იღუმენია - დედა ინოკენტია ჰყავს. მათი წყალობით აქ ქართული სამყარო სუფევს და ჩვენც ლხინსა თუ ჭირში გული იქით მიგვიწევს. იქ ჩვენთვის ყველა კარი ღიაა. ასე განსაჯეთ, თვით დედა თამარის სენაკისაც კი, სადაც მისეული პიანინო დგას, რომელზე დაკვრისა და დამღერების პატივი მხოლოდ ჩვენს ნინოს და მის ტყუპებს - ეკას და ქეთას აქვთ.
ყოველ წელიწადს, დაბადებისა თუ სახელობის დღეს, გერმანულ სასაფლაოზე, სადაც დედა თამარის წმინდა ნეშტი განისვენებს, ქართული და რუსული საგალობლები თანაბრად გაისმის.
გასულ წელიწადს ჩვენმა მონაზვნებმა ნინოს გზებით წმინდანის ნაფეხურები მოიარეს და ქართული საგალობლებით მოხიბლულებმა ისე ზედმიწევნით შეისწავლეს სიტყვებიცა და მელოდიაც, ჩვენს მიერ გამართულ ყველა საღამოზე მგალობლებად მხოლოდ მათ ვიწვევთ.
ღმერთო, შენ გადმოგვივლინე ჩვენი დიდი წმინდანების მადლი!
***
ქეთევან წამებულისადმი მიძღვნილი საღამოს გამართვა, ჩვეულებისამებრ, ქეთევანს (სურმავას) მიანდეს და ისიც ჩვეული გულისხმიერებით, ორგანიზებულობითა და პასუხისმგებლობით გაუძღვა საქმეს.ძალიან გამიჭირდება იმ დარბაზში გამეფებული განწყობილების გადმოცემა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ნანახ სპექტაკლებსა და ფილმებზე განცდილს და ნაგრძნობს აღემატებოდა.
სამშობლოს დანატრებული ხალხით სავსე დარბაზი ოთხი საუკუნის წინათ მომხდარს დღევანდელივით განიცდიდა და ჩვენი ისტორიის თითქმის ყველაზე ტრაგიკულ პერიოდს შექსპირის ტრაგედიებზე უფრო ტრაგიკულად აღიქვამდა.
მომხდარის ქრონოლოგიური აღწერა არ დამთავრებულიყო და ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა უკვე გულდამთუთქველად ქვითინებდა.
ხოლო სიტყვის დასასრულს, როცა მომხსენებელმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა იმ წამების დიდმნიშვნელოვნება: უმწეო ქალმა უდიდესი რწმენით უძლიერესი შაჰი რომ დაამარცხა, ქრისტიანები გააერთიანა და ქრისტინობა განამტკიცა, - დარბაზმა გულით ინატრა, ის სასწაული დღეს, ჩვენს უმძიმეს ხანაში გამეორებულიყო.
მამა მაქსიმემ ორიოდე სიტყვა ძლივს შეგვაშველა, დაღლილობა მოიმიზეზა და მოგვარიდა ატირებული სახე - დღეს ხუთი ქორწილი და ორი ნათლობა ჩავატარეო.
ღმერთო, გვიმრავლე მექორწინენი და დასანათლები!
***
ტელევიზიით ღვარცოფით დასილული დუშეთის ამბავი გადმოსცეს. ამის შემხედვარე ქეთევანმა აცახცახებულმა თქვა:- გული გამისკდება, თუ ამ უბედურების შორიდან მაყურებლები დავრჩებითო.
რის შემძლენი ვიყავით თანაგრძნობისა და გამხნევების გარდა...
საყდრის კარიბჭესთან მუყაოს "სამათხოვრო ყუთით" კალთაში მე დამსვეს, როგორც თითქმის ყველაზე უხნესი.
არც ერთი კაცისთვის არ მითხოვია შეწევნა!
არც ერთ კაცს არ ჩაუვლია ყუთისთვის გულგრილად!
შეწირული მეუფე ზოსიმეს წილკანში წერილთან ერთად გადავუგზავნეთ.
დედავ ღვთისაო, შენ დაიფარე შენი კალთით ჩემი ქვეყანა!
***
უფალო ჩემო, შენ მართლის მქმნელო,
მართალმსაჯულო:
ვინც რას ვერ დასძლევს,
იმის უმეტესს
არც ვის რას აძლევ!
ჩემო ჭერჩამოქცეულო, კერიაჩანაცრებულო დუშელებო, კახელებო, ზუგდიდელებო, ლამის მთლად დამეწყრილო საქართველოს შვილებო.
რა გითხრათ, რით თანაგიგრძნოთ, როგორ შეგიმშრალოთ ეგ ცხელი ცრემლი, როცა თქვენი სატკივარი თავადა მწვავს თვალსაც და გულსაც!
ჩვენ ხომ იმ ქვეყნის ნაშიერები ვართ, ვისაც თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ლხინი მუდამ ხანმოკლე ჰქონდა, ჭირი - გაუსაძლისად ხანგრძლივი.
და მაინც უძლებდნენ, მაინც ქვითკირობდნენ.
ღმერთს ენებოს და ეს ცოდვის ტირილი, რაც ჩვენს თავზე დატრიალდა, დღემოკლე ყოფილიყოს, უფრო დიდი გულსახეთქი აღარსად ჩაგვსაფრებოდეს.
აბა, ახლა წამოყელყელავდება ყველა მზაკვარი, იეღოველი თუ სხვა ურჯულო და ამ ძალაგამომცლელი ძნელბედობით გაგულდიდებული შეეცდება ჩვენი სულების დაპატრონებას.
ჩემო ღვიძლებო, ჩემო სადარდებლებო, ფიქრადაც ნუ გაივლებთ, რომ ჩვენ, მაგ ჯოჯოხეთს გამორიდებულები, გულარხეინად გმოძღვრავდეთ აქედან. შიმშილისგან ატირებული თქვენი ბალღები ჩვენი სატირალიც არის.
ამჯერად დუშელებს გიგზავნით მცირე შესაწირს, იმდენად მცირეს, თქვენს კალთაჩამოხეულ კაბებს საკერებლად რომ არ ეყოფა, მაგრამ თუ თავად ფაქტი ჩვენი გულშემატკივრობისა ვინმეს იმ მაცდურებისკენ გადადგმულ ნაბიჯს შეაჩერებინებს, თუ უკან შემოაბრუნებს, აფიქრებინებს, რომ ჩვენ აქ ლოცვასა და ვედრებას აღვავლენთ თითოეული თქვენგანის სულის გადასარჩენად, თუ იმ მზაკვრებს ბოროტ განზრახვას ჩააშლევინებს, ნათელი იმედით დავიმედდებით, რომ, ღვთის შეწევნით, თქვენთან ერთად ჩვენი სულებიც ცხონდება.
მოსკოვის გიორგი წმინდის ეკლესიის მრევლის სახელით
მედეა შავლიაშვილი
24.10.2005
მედეა შავლიაშვილი
24.10.2005