სიკეთე ჩუმად და უხმაუროდ უნდა კეთდებოდეს - ეს ვიცით, მაგრამ გვიყვარს საკუთარი "გმირობით" თავმოწონება და გაჩუმებას ვერ ვახერხებთ.
თუმცა არიან ადამიანები, რომელთა ჩათესილი მარცვალი საუკუნეთა განმავლობაში ამოდის და შთამომავლობას გულს უთბობს. თუ არა ისინი, მათზე "გადმოსული მადლი ღვთისა და მირონი", მოვახერხებდით კი არსებობის შენარჩუნებას?
ანი (27 წლის): ჯერ კიდევ არ ვარ იმ ასაკში, ყველაფერს რომ ჩავწვდე და ზოგჯერ ძალიან განმაცვიფრებს ადამიანთა უმადურობა.
სამი შვილი მყავს და ამიტომ ოჯახში ჩავიკეტე, ვაპირებ, ასე ვიცხოვრო, რადგან ეს გარემო ყველაზე საკეთილოა. როცა ღამით დაღლილ-დაქანცული ვწვები, ვფიქრობ, რომ სწორედ შვილების გაჩენა-აღზრდაა თესლი კეთილი. ვერ ვიტყვი, რომ ხანდახან არ შემომაწვება სურვილი, წყნარად და მშვიდად ვუყურო ტელევიზორს, ვიკითხო წიგნი ან ჟურნალი, მაგრამ ასეთი წუთები მალე მიილევა და ჩემი ბედნიერების წინაშე ვრჩები. როგორ ვზრდი შვილებს? - ვცდილობ, ვასწავლო ერთმანეთის დანდობა და სიყვარული. როცა დედმამიშვილებს ერთმანეთი უყვართ, სხვაც ეყვარებათ.
ნათელა (40 წლის): როცა ადამიანი კეთილია, ღმერთიც ეხმარება. ჩვენ ღმერთს ხელგაწვდილი ვევედრებით, სიკეთე და წყალობა არ მოგვაკლოს, გაჭირვებული მოყვასი კი არ გვახსოვს.
ჩემი ქმრის მამიდაშვილი ია ბლიაძე ერთი გაჭირვებული ქალი იყო. ახალგაზრდა გათხოვდა. ქმარი ბევრად ხნიერი ჰყავდა. პატიოსანი, ინტელიგენტი კაცი იყო და დასაგროვებელი ფული და ქონება სად ჰქონდა, ბინის ქირით ძლივს გაჰქონდა თავი. მიუხედავად ამისა, ია სიკეთის განსახიერება იყო. ბაზრობაზე ტანსაცმლით ვაჭრობა დაიწყო და მძიმე და უბედურ წლებში ყველას ხელს უწვდიდა - ზოგს სოფელში ძროხა უყიდა, ზოგს სამოსს უგზავნიდა, ზოგს შინ შეიყვანდა და სადილით გაუმასპინძლდებოდა. მერე ქმარი გარდაეცვალა. შვილებიც არ იყვნენ ისე წამოზრდილნი, რომ რამეში დახმარებოდნენ, თუმცა ბავშვობიდან შრომას აჩვევდა. ეტყობა, გაჭირვებამ შთააგონა და უფალმაც შეიწყალა... დღეს ძალიან მდიდარი ქალბატონია, მაგრამ ზნე და ნირი არ შეუცვლია. არც გადიდკაცებულა - ბაზრიდან დატვირთული სამარშრუტო ტაქსით მოდის. მერე პროდუქტს გადაარჩევს და გაჭირვებულებს ჩამოურიგებს. თითო კაპიკს ზოგავს, მაგრამ მოწყალების გაღებისას ზომა-წონა არ იცის.
ოთარი (67 წლის): ადამიანებს ძალიან გვინდა სიკეთე დაგვიფასდეს, მაგრამ სიკეთის მარცვალი ბოროტ ყვავილებს გამოიტანს. ჩემ მიერ გაკეთებულ სიკეთეზე ლაპარაკი არ მიმაჩნია საჭიროდ, მაგრამ ბევრი მინახავს გაწბილებული. ასეთ შემთხვევაში უფალი მახსენდება და თავს ვიმშვიდებ, თუ ამას დამშვიდება ჰქვია. მაცხოვნებელი, განმკურნავი, ყოველი ჭირის მომხდელი უფალი სასიკვდილოდ გაიმეტეს და ავაზაკი ბარაბა არჩიეს. ხალხი ასე არ უნდა მოჰქცეოდა მაცხოვარს, თორემ თვითონ უფალი ბარაბასაც შეიწყნარებდა...
ჩემს ბიძაშვილ ანდროსაც მიეზღო თავისი სიკეთის სამაგიერო. აგდებით არ ვლაპარაკობ, მაგრამ უმადურობას შეეწირა ეს შესანიშნავი კაცი. კარგ თანამდებობაზე მუშაობდა და ყველას შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. ერთმა მეგობარმა სთხოვა, ჩემი ახლობლის ვაჟი მომიწყვე სამსახურში, გაჭირვებული ოჯახია, იქნებ რაიმეთი დაეხმაროს მშობლებსო. დაფაცურდა, ვინ აღარ შეაწუხა და იმ გემზე მოაწყო, რომლის კაპიტანიც თავისი შვილი იყო. ეს ყმაწვილი დიდი ღვთის პირიდან გადავარდნილი ყოფილა. ერთხელაც ჩხუბი აუტეხია. კაპიტანი შუაში ჩადგა და გამოქანებული დანა შიგ ღვიძლში მოხვდა... ვერაფერი უშველეს. მერე ჩემი ბიძაშვილიც გადაჰყვა ამ ამბავს.
მაგრამ ყველა სიკეთე ასე როდი მთავრდება, ბოლოს და ბოლოს სიკეთის კეთებაა ადამიანის უმთავრესი მოვალეობა, ცხოვრების აზრი, მაგრამ მეტი მადლიერება რომ გვქონდეს, სიკეთის მეტად დაფასება ვიცოდეთ, ხომ აჯობებდა?
თამარი (75 წლის): მე არ ვეთანხმები აზრს, რომ სიკეთე აუცილებლად უნდა გადაგიხადონ; არც უმადურობაა კარგი საქციელი, მაგრამ თუ სამაგიეროს ელოდები, ეს ხომ ანგარებაა?
ერთხელ გულნატკენი დავბრუნდი შინ - მეგობარმა მაწყენინა, არადა სულ მე ვამეცადინებდი და ოროსნობიდან ლამის ხუთოსანი გავხადე. ბებია მყავდა სიკეთითა და გულმოწყალებით სავსე, აცრემლებულმა იმას შევჩივლე ჩემი გასაჭირი. თავზე ხელი გადამისვა და ისეთი ტონით მითხრა, - მაშ, შენ გერჩივნა, ოროსანი ყოფილიყოო, - ახლაც მაჟრიალებს, რომ გამახსენდება. თვითონ სიკეთეს ისე აკეთებდა, ამის შესახებ ალბათ საკუთარ თავსაც არ ეუბნებოდა. მეზობლად ობოლი ბიჭი გვყავდა, მამა დაუპატიმრეს, დედა გათხოვდა, ბებია-ბაბუა ზრდიდა, მაგრამ ბაბუა ლოთი იყო და ქანცგაწყვეტილ ბებიას მისი მოვლის თავი არ ჰქონდა. ყოველ საღამოს გადმოიყვანდა, დაბანდა, აჭმევდა და დააძინებდა, დილით კი თავის სახლში გადაიყვანდა.
კიბოთი გარდაიცვალა, ბევრს წვალობდა და ერთხელ რომ შევახსენე მისი ნაკეთები სიკეთე და საყვედური გამოვთქვი, გამიჯავრდა: ღვთის გმობა გამოგდის. მე უზიარებლობის ცოდვა მაქვს და ღმერთი ამით მწმენდსო. უზიარებელი კი არ იყო, მაგრამ ჩვენს ქალაქში ყველა ეკლესია დაანგრიეს და უკვე მოხუცი ქუთაისში ვერ მიდიოდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი