ადამიანისა და ღმერთის კავშირი რწმენით იწყება. რწმენა უფლის არსებობაში დარწმუნება და მისი მცნებების გათვალისწინებაა. კავშირი ადამიანსა და უფალს შორის ლოცვით მყარდება, ლოცვა კი გულწრფელი და მხურვალე უნდა იყოს.
უფალსა და ადამიანს ერთმანეთთან მოციქულები, ღვთისმშობელი და წმინდანები აკავშირებენ და ეს ღვთიური კავშირია, მაგრამ ხშირად ჩვენი ნება არ ემთხვევა უფლისას...
ნიკოლოზი (65 წლის): ამას წინათ სახლში ხელოსნები მყავდა. მეუღლეს ვთხოვე, - თუმცა თხოვნა რად უნდა, წესია, რომ ხელოსანი უნდა ასადილო, - მათთვის სადილი მოემზადებინა. ძალიან კეთილი ქალია და უყვარს, როცა სტუმარს პატივს სცემს, გამოკვებავს. ერთმა გვერდით გაიხმო და უთხრა, - ქალბატონო, იქნებ სამარხვო საჭმელები მოამზადოთო. მეუღლე მორწმუნეა და გაუხარდა. დანარჩენებმა შეუტიეს, ნუ მოგვკალი შენი მარხვით, მერე ძლივს დალასლასებ და მუშაობაში ხელი გვეშლებაო. მას არაფერი უპასუხია. ერთი თვე მუშაობდნენ ჩვენთან და ქართველების ამბავი ხომ იცით - ისე დავახლოვდით, თითქოს ერთმანეთს დაბადებიდან ვიცნობდით.
ერთხელაც იასონმა (ასე ერქვა იმ ხელოსანს) თავისი ამბავი გვიამბო: შეძლებული ოჯახის შვილი ვიყავი და მშობლებმა სათანადო განათლებაც მიმაღებინეს. აქ არ იგულისხმება უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება, დიპლომს რომ ჩაიდებენ ჯიბეში და შემდეგ წიგნისკენ აღარც გაიხედავენ. კარგი და პატიოსანი ოჯახი შევქმენი. მეც და ჩემი ცოლიც ვმუშაობდით და შვილებსაც ნამდვილ ქართველებად ვზრდიდით. აზარტული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მერე რაც დამემართა, ეშმაკის ფანდი იყო. ხშირად ვოცნებობდი, ლატარიაში ფული ან სხვა მნიშვნელოვანი ნივთი მომეგო. როცა ეკლესიაში შევდიოდი და სანთელს ვანთებდი, ამ სურვილს ვუთქვამდი. არც ახლობლებისთვის დამიმალავს ეს ნატვრა და რომ მკითხეს, რაში დახარჯავო, არც დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე, - ნაწილს ოჯახს მოვახმარ, ნაწილს კი ქველმოქმედებას-მეთქი. ერთ დღესაც ვიყიდე ლატარიის ბილეთი და... მთელი ოჯახი აღტაცებულ-ატაცებული ვიყავით, მე კანში ვერ ვეტეოდი, არც ის ვიცოდი, სად წამეღო და დამეხარჯა ამდენი ფული და მოვიფიქრე... კაზინოში დავპატიჟე მეგობრები. ნაწილი ხომ წავაგე, მეორე დღესაც ვერ მოვისვენე, სანამ ბოლომდე არ მივაფანტე ის არმად ნაშოვნი "მაყუთი". მას შემდეგ მოგება კი არა, სულ უკან-უკან წავიდა ჩვენი საქმე, ოჯახში ბზარი გაჩნდა, ცოლ-შვილმა არ მაპატია ასეთი საქციელი. რაც მთავარია, გაჭირვებულები არ გამხსენებია.
უფალს ვერავინ მოატყუებს, იმთავითვე იცოდა, რომ ასე მოვიქცეოდი, მაგრამ გამომცადა. რასაკვირველია, ყველა ჩემნაირი არ არის და ფულს ყაირათიანად ხარჯავს, მაგრამ ფულმა მაინც იცის გამედიდურება. აზარტის დაძლევაც ძალიან გამიჭირდა და ეკლესიას მივაშურე. იქ, უფლის წიაღში ვპოვე შვება. ალბათ უფალმა ყველაფერი მაპატია, მაგრამ ადამიანებმა არ მაპატიეს და ოჯახი დამენგრა. ამით იმის თქმა მინდა, რომ უფალმა შეისმინა ჩემი, მომცა საშუალება, ოჯახსაც გამოვდგომოდი და მოყვასსაც, მაგრამ რა გამოვიდა აქედან? ადამიანი ვერ ეთანხმება უფალს, თორემ უფალი ყოველი ჩვენგანის შემწეა.
ნინო (35 წლის): ზოგჯერ კი არა, ადამიანი ვერასოდეს სწვდება უფლის ნებას. დედა რომ გარდამეცვალა, მეგონა, ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა. დედა მორწმუნე ქალი იყო და მთხოვა, ყველაფერი ისე გამიკეთე, როგორც საჭიროაო. ძალა არ დამიშურებია და თუ მანამდე ეკლესიაში ათასში ერთხელ შევიდოდი, ახლა ყოველდღე დავდიოდი სხვადასხვა ტაძარში, კვირაობით კი იქ, სადაც დედა დადიოდა. მომავალი მეუღლე სწორედ ეკლესიაში გავიცანი - მამა ჰყავდა გარდაცვლილი და პანაშვიდებზე ერთად დავდიოდით. მწუხარებამ დაგვაახლოვა და ეს ერთგვარი გამოცდა იყო. დაქორწინების შემდეგაც არ მოგვკლებია ჭირთა თმენა, მაგრამ ყველაფერში უფლის ნებას ვხედავთ და გვიმსუბუქდება გაჭირვება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი