ქართველი ერის გმირული და სისხლიანი წარსული ყოველთვის მოითხოვდა თავის შვილთაგან განსაკუთრებულ თავგანწირვას.
თავგანწირვა მხოლოდ ბრძოლის ველზე ყიჟინის დაცემა არ ყოფილა, გმირობის ტოლფასი იყო სამშობლოსგან მოშორება და ღვთისთვის თავის შეწირვა. საქართველოს ლოცვა სჭირდებოდა, უფალს უნდა შევვედრებოდით წრფელი გულითა და ზრახვებით, რომ ჩვენი გადარჩენა მოენდომებინა.
მირიანი (40 წლის): ათონის მთა ჩვენი დიდი წინაპრების სამოღვაწეო ადგილი რომ იყო, ყველა ქართველმა იცის. ჩვენი წინაპრები რუდუნებითა და კრძალვით შეუდგებოდნენ ამ მძიმე, მაგრამ სანეტარო გზას. ქართული ტაძრები ამშვენებდა იქაურობას. მე არ მინახავს ათონი, მაგრამ სურათებითა და წარმოდგენით ვიცი, როგორია. "თორნიკე ერისთავშიც" ისე აქვს აღწერილი აკაკის, გეგონება, იქ იყოო. ქართულის მასწავლებელი გვყავდა, დიდებული ადამიანი და ამაღლებული სულის პატრონი, ისე გვიხსნიდა ქართულ ლიტერატურას, ცრემლად ვიღვრებოდით ბავშვები. თორნიკე ერისთავისა და იოანეს შეხვედრაზე ულუმბოს მთაზე ყველანი ვქვითინებდით.
ერთხელ ბელგიიდან მანქანა მომყავდა. სამუშაო მე არ მქონდა და ვიფიქრე, იქნებ რაიმე საშველი ამით მაინც გამომიჩნდეს-მეთქი. საბერძნეთში გემზე სასულიერო პირი ამოვიდა. მაღალი, სიმპათიური ახალგაზრდა იყო. ქართველები ერთმანეთს გამოველაპარაკეთ და ისიც შემოგვიერთდა. გავიგეთ, რომ ათონზე ყოფილა სამი თვით. იმ გემზე ვინც ქართველი ვიყავით, ყველას რაღაც გვიჭირდა. ერთი ქალბატონი იყო, ულამაზესი ქალიშვილი გაუგზავნია ძიძად, მანქანას დაურტყამს და საშინლად დამახინჯებულა. ამას ვინ ჩივის, ცოცხალი რომ გადარჩა, ერთი თვე თურმე უგონოდ იყო საავადმყოფოში. ორიოდე სიტყვა უთხრა და ეს ატირებული ქალი ისე დამშვიდდა, იფიქრებდი, ქორწილიდან მოდისო. მერე ყველამ ერთხმად დავასკვენით, რომ ათონისა და ჩვენი წინაპრების მადლი ტრიალებდა ჩვენ ირგვლივ.
ნათელა (55 წლის): ათონის შესახებ ბევრი რამ ვიცით, მაგრამ ქალებს არ გვაქვს იქაურობის ნახვის უფლება. მხოლოდ ღვთისმშობელი ეახლება ათონს, რადგანაც, როგორც ვიცი, იქაურობაც დედა ღვთისას წილხვედრია. ათონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართველებისთვის. იქ განმარტოებულ ბერებს ალბათ სამშობლოს მონატრება ისევე ტანჯავდათ, როგორც უცხო მიწაზე მცხოვრებ სხვა ქართველებს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ იქ, ქართველთა სავანეში, ღვთისმშობლის კალთას შეფარებულები, პოულობდნენ სულიერ საზრდოს. დიდი საქმე კეთდებოდა - ქართველებს იქიდან ეძლეოდათ სიცოცხლის მატარებელი სახარება. უფლის ნება იყო იქ ქართველთა სავანის დაარსება, რადგან მაშინდელი ქართველები განსაკუთრებული ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ.
ელეონორა (52 წლის): წმინდა პაისი ათონელი განსაკუთრებით მიყვარს. მისი რჩევა-დარიგებანი ბევრჯერ დამხმარებია და შეუცვლია ჩემი ცოდვიანი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. ახლა ბევრს ლაპარაკობენ საკვების არასრულფასოვნებაზე. მე ექიმი ვარ და ეს საკითხი მაწუხებს. მამა პაისი ამაზეც საუბრობს, ამბობს, სუროგატულ საკვებს ავადმყოფობა მოსდევსო. წუხდა იმაზეც, რომ ადამიანები შფოთსა და ხმაურს ეძებენ, მაშინ როცა სიწყნარე და სიმშვიდეა ღვთის სასიქადულო. ასე მგონია, ათონზე დრო გაჩერებულია, იქ ისეთივე სიმშვიდე და ნეტარებაა, როგორიც საუკუნეების წინ იყო. ალბათ აქედან ძალზე ახლოა ცათა სასუფეველი. განსაკუთრებით ივერიის მონასტერი მაინტერესებს, გონებაში წარმომიდგენია კიდეც... იმედი მაქვს, ჩვენი წინაპრები ხედავენ ჩვენს თავს დატეხილ განსაცდელს და ლოცულობენ ჩვენთვის. იქნებ მათი გულწრფელი ცრემლი და მეოხება გახდეს უფალთან ჩვენი შემრიგებელი.
კახა (34 წლის): ათონის მთის მონახულება ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის ოცნებაა, მაგრამ ყოველ სიწმინდეს წმინდად ესაჭიროება მიახლება, ყველა არ ვართ ღირსი იქ მისვლისა და სწორედ ამიტომ არის იგი ღირსეულთა სავანე. ბევრი წამიკითხავს ათონელ მამებზე, იქაური სასწაულებიც ვიცი. ალბათ არ არსებობს ჭკუათამყოფელი, რომელსაც მეორედ მოსვლის არ ეშინოდეს. ეს ჩვენს ცოდვებზე მეტყველებს. ვერ ვცხოვრობთ ისე, რომ ეს შიში არ გვზაფრავდეს. ქრისტიანულ მრწამსში ასეთი სიტყვები წერია: "მოველი აღდგომასა მკვდრეთით". თუ მოელი და გინდა ეს მოხდეს, მაშ რა გაშინებს? მაგრამ ეს, ვიმეორებ, ჩვენი ურჯულოებითაა გამოწვეული. ათონის ივერონის კარიბჭის ღვთისმშობელი საქართველოში რომ ჩამობრძანდება, მაშინ მალე დადგება ქრისტეს მეორედ მოსვლის დროო. ისიც თქვეს, იქაური ბერებიც შიშით შეჰყურებენ ღვთისმშობლის ხატსო. ისინი თავმდაბალნი არიან, ჩვენ - ამპარტავანნი, მაგრამ უფალთან მიახლება ყველასთვის ერთნაირად შეიცავს რიდს, კრძალვას და შიშსაც. ისე, მგონია, უმჯობესია განვიწმინდოთ, რადგან უფლის შიში სიყვარულს "შეიქმს" და თუკი ღვთისმშობელი ჩამობრძანდება, ღირსეულად შევეგებებით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი