ძალიან ახლობელი და იმედის მომფენი, სულის განმანათლებელი და სწორ გზაზე დამყენებელი, ზოგჯერ სევდიანი და მაინც ნუგეშის მომნიჭებელი ჟურნალია ჩვენი "კარიბჭე".
საბედნიეროდ, სამშობლოდან შორს - ათენში მყოფ ქართველებსაც გვაქვს მისი შეძენის საშუალება.
თითოეული წერილი ძვირფასია, მაგრამ #13-ში დაბეჭდილმა წერილმა "მეუფე კალისტრატეს "იმედი" ეიმედება" სიხარულის და იმედის ცრემლები მაფრქვევინა. მიხარია, რომ გვყავს მამუკა შაუთიძე და დავით კოსტავა! გულზე მალამოდ დამედო მათი ზრუნვა ერის ზნეობაზე. იმედი გამიჩნდა, რომ ასეთები სხვებიც გვეყოლება და ისინი გადაარჩენენ ჩვენს რწმენას და მრავალჭირნახულ სამშობლოს. ძალიან, ძალიან მინდა, რომ დავითს და მამუკას ჩემი ხმა მაინც მივაწვდინო და რადგან მათი გულში ჩახუტების საშუალება არა მაქვს, ისე დავლოცო: თქვენ გაიხარეთ, ჩემო შვილებო, მამუკა და დათო! ყველგან, ყოველთვის, ყველა საქმეში შეგეწიოთ უფალი, ყოველთვის მოგივლინოთ ბატონი ზურაბ თადუმაძისთანა ხელშემწყობი! იქნებ ჩემს ლოცვას დიდი ძალა არ აქვს, მაგრამ წერილის წაკითხვის შემდეგ დედის ლოცვებში ჩემს შვილებთან ერთად თქვენთვისაც ვლოცულობ. რა ტკბილი რძით გაუზრდიხართ თქვენს დედებს, დაილოცოს იმათი ქალობა!
თქვენი გონება და გული ახლავეა ნათლით მოსილი. ახალგაზრდობის მიუხედავად, სწორად გაგიაზრებიათ, რომ ჩვენს სულსა და ზნეობას უამრავი და ძლიერი მტერი ჰყოლია. როგორ და რა საშუალებით არ იბრძვიან ადამიანთა სულების და განსაკუთრებით - ახალგაზრდების გადასაგვარებლად, რა ლამაზი სიტყვებითა და სახელებით არ ნიღბავენ თავიანთ მიზანს, რომ ცოდვაში დააჩიაონ და ჩაახრჩონ ახალგაზრდები. განა შეიძლება კინოხელოვნება და ფილმი უწოდო საშინელი ძალადობის, მკვლელობების და ზღვარგადასული უზნეობის ჩვენებას და რეკლამირებას?! თითქოს საზღვარგარეთიდან გვაკლდეს ამისთანა საშინელებების მოძალება, რომ საქართველოშიც დაიწყეს ამ უმსგავსობების გადაღება. შარშან რომელიღაც ჟურნალში წავიკითხე ინტერვიუ ამისთანა ფილმის "მსახიობთან". ეკითხებოდნენ: თქვენი გოგონა როგორ შეხვდა თქვენს "როლსო". პასუხი დაახლოებით ასეთი იყო: - თავიდან განიცდიდა, ნერვიულობდა და რცხვენოდა, მაგრამ მერე დავსვი და ავუხსენი, რომ ასეთი ფილმები სასირცხვილო კი არა, კულტურის წინსვლააო... ამ "მსახიობმა" თავის გოგონას ხომ წაუბილწა სული და რამდენ მის თანატოლს გაუმრუდა აზრიც, გრძნობაც და დააყენა ჯოჯოხეთის გზაზე. რა გასაჭირი უნდა დაგადგეს ისეთი, რომ შვილი და მისი თანატოლები ზნეობრივად გადააგვარო?! ამიტომ ამაღელვა და სიხარულის ცრემლები მომგვარა ამ წერილმა. ალბათ ჩემნაირად ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ საღად მოაზროვნე ახალგაზრდებიც გვყავს და ღმერთმა გვიმრავლოს. ჩემო დათო, ჩემო მამუკა, დაე, თქვენი თაოსნობა მისაბაძი გახდეს საქართველოს ყველა კუთხეში. ამ ღვთისნიერ საქმეში საკუთარი ფული დაგიხარჯავთ. ღრმად მწამს, რომ "სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა!"
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
ქეთევან კახაშვილი
მშვიდობა!
პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ, პატივცემულებო, ამ ჟურნალის შექმნისათვის, შემდეგ კი მინდა თქვენი ჟურნალის მეშვეობით დიდი მადლობა მოვახსენო ჩემს სულიერ მამას, ჩემს მოძღვარს - მამა ნიკოლოზს და მინდა ორიოდე სიტყვით გადმოგცეთ ჩემი მისვლა ეკლესიაში.
1999 წლის 15 ოქტომბერს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს ჩემს ოჯახს. გარდამეცვალა 22 წლის ცოლშვილიანი ვაჟი. როგორც ყველა მიცვალებულს - ჩემს შვილსაც მოუყვანეს მღვდელი და აუგეს წესი, მღვდელმა ყველა წესი გაგვაცნო, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რომ არ უნდა ჩავვარდნილიყავით სასოწარკვეთილებაში, უნდა შეგვეგნო, რომ შვილი კი არ მოგვიკვდა, არამედ გარდაიცვალა და უფალთან ავიდა, გვირჩია ეკლესიაში სიარული, რათა ეს ტაგედია ჩვენთვისაც და პირველ რიგში მიცვალებულისთვისაც მსუბუქი ყოფილიყო.
რამდენიმე დღის შემდეგ მე და ჩემი რძალი ბავშვით ხელში წავედით წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში. დავესწარით წირვას. იქ გვითხრეს, რომ ეკლესიაში მხოლოდ სიარული მოძღვრის გარეშე ბევრს არაფერს მოგიტანთო. თვითონვე გვირჩიეს, მოძღვრად ვინ უნდა აგვეყვანა. გულის ფანცქალით ველოდი იმ წუთს, როდესაც მითითებული მღვდელი გათავისუფლდებოდა. ამ დროს კარიდან სრულიად მოულოდნელად (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის) წმინდა ნიკოლოზის მსგავსი შეხედულების სულ სხვა მოძღვარი გამოვიდა. უცბად დავიბენი. მეგონა ნიკოლოზის ხატმა ფეხი აიდგა. ჩვენ წინ კი იდგა სუსტი, მაღალი, თეთრი სახის, სიკეთითა და მადლით შემოსილი მამა ნიკოლოზი.
პატივცემულო რედაქციავ, სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, თუ რა პიროვნებაა ჩემი მამა-მოძღვარი - მამა ნიკოლოზი. ნეტა თქვენც გქონდეთ ბედნიერება იმ წმინდა ცრემლების ხილვისა, მამა ნიკოლოზს ჩემი გაჭირვებული ცხოვრების გამო თვალთაგან რომ ჩამოუგორდება ხოლმე. ის რომ არა, ალბათ ამდენ დარდსა და ტკივილს ვერ გავუძლებდი (სიკვდილის გარდა კიდევ მრავალი უბედურება შემემთხვა ოჯახში). თუკი თქვენი ჟურნალის რომელიმე კორესპონდენტი დაინტერესდება ამ დიდებული პიროვნების ნახვით, მე დიდი სიამოვნებით გაგიწევთ მეგზურობას.
ბორჯომი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის
ეკლესიის მრევლი მზია ჭიქავა
ეკლესიის მრევლი მზია ჭიქავა