ჩვენი ეკლესია, მართლმადიდებელი სარწმუნოება მოციქულთა სწავლებაზეა დაფუძნებული, ამიტომაც არის სამოციქულო.
აბა, როგორ ეღალატებოდა ქრისტეს პირველ მოწაფეთა სწავლებას, რომელთაგანაც სამმა საქართველოში იქადაგა ის რჯული, რომელიც შემდეგ ქართველმა სამშობლოსავით შეიყვარა. უფალი, ჯვარზე ნაწამები იესო, ისეთი საყვარელი შეიქნა მისთვის, რომ თვითონაც ჯვარს ეცვა მის დასაცავად.
თეონა (35 წლის): საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიით დაინტერესებამ ერთი მეტად მნიშვნელოვანი აზრი გამოკვეთა ჩემს ცნობიერებაში. თუმცა სხვას, შესაძლოა, არც აინტერესებდეს... ვფიქრობ, ეროვნული თავმოყვარეობა არ უნდა იყოს ცუდი. ღმერთს ყველა უყვარს და ვუყვარვართ ჩვენც, მაპატიოს უფალმა, თუ მგონია, რომ განსაკუთრებით. ხშირად გამჩენია კითხვა: რატომ ერგო ღვთისმშობელს ივერიის მიწა მოსაქცევად? რატომ მოიხმო მაინცდამაინც ანდრია პირველწოდებული - უფლის პირველი მოწაფე და რატომ გამოატანა თავისი ხელთუქმნელი ხატი ცოდვის ბუდედ ქცეულ ჩვენს ქვეყანაში? მაშინ აქ ერთმანეთს ეჯახებოდა ინტერესები, რელიგიები, კულტურები, იყო შფოთი, დავა, ძარცვა-გლეჯა და ტაცება. რატომ სურდა უფალს, ეს ქვეყანა მისი რჯულის მიმდევარი გამხდარიყო? იმიტომ, რომ ჭვრეტდა, რა თავდადებითა და თავგანწირვით შეიყვარებდნენ ქართველები. ცოდვის ერთ-ერთი გამოვლინება ისიც იყო, რომ ქართველები, კერპებისგან რეტდასხმულები, სიძულვილით შეხვდნენ ანდრია პირველწოდებულს, სცემეს, გვემეს და ტანჯეს. უკან არ დაიხია მოციქულმა, წავიდა და კვლავ დაბრუნდა, თან სვიმონ კანანელი და მატათაც მოიყვანა.
გაგა (55 წლის): ახალგაზრდობა დარდიმანდობასა და სიძვა-მრუშობაში გავლიე. ხომ არის მომენტი, რომ ერთ დღეს ყველაფერი გწყინდება კაცს და განვლილ ცხოვრებაზე დაფიქრდები. ამ ფიქრით ჩამოვშორდი თანამეინახეებს... სული მარტოობას ვერ იტანს და სიახლისკენ ვილტვოდი. არ გაგიკვირდეთ - ეს სიახლე ჩემთვის მართლადიდებლობა გამოდგა. მანამდე არასოდეს დავინტერესებულვარ რელიგიით, არც ეკლესიაში სიარული მომნდომებია, პირიქით, დედაჩემის ლოცვითა და წირვა-ლოცვაზე სიარულით ვღიზიანდებოდი კიდეც. მერე ჩემი დებიც აჰყვნენ და კვირაობით ნაქეიფარ-ნაბახუსევს არც ერთი ქალი რომ არ მემსახურებოდა, სიბრაზისგან გულზე ვსკდებოდი. იქიდან მოსულებს რამდენჯერ ღრიალით შევგებებივარ და... გაფიქრებაც არ მინდა! ერთხელ დედაჩემი მწარედ ატირდა და მომახალა, სავლე იქცა პავლედ და შენს გამოსწორებას საშველი არ დაადგა, ამ სახლში არავის გაგვეძლება, ნეტავი მამაშენის ადგილას მე ვიყო, სიკვდილი ჯობია შენთან ცხოვრებასო. ამ სიტყვებს დიდად არ უმოქმედია; როგორც გითხარით, განსჯა გვიან მოვიდა, ალბათ უფლის ნებით და დედაჩემის ლოცვა-კურთხევით.
ცოლიც შევირთე და უმშვენიერესი ქალიშვილები მყავს.
როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, პავლე მოციქულის ცხოვრებით დავინტერესდი. უფრო სწორად, მინდოდა გამეგო, ჩემისთანა გათახსირებული კაცის მოქცევა თუ შეიძლებოდა. განსაკუთრებული განცდა სახარების ამ მონაკვეთის კითხვისას უფლის სიტყვებმა გამოიწვია: "სავლე, სავლე, რაისათვის მდევნი მე?" მეტიც, ცრემლი წამომივიდა. მას შემდეგ პავლე მოციქული ჩემთვის უსაყვარლესი მოციქულია. რასაკვირველია, სხვა მოციქულებსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პავლე განსაკუთრებით ახლოა ჩემთან. მინდა მის საფლავზე მივიდე, მაგრამ ჯერჯერობით ამის საშუალება არ მომეცა.
თამარი (55 წლის): ადამიანს ცხოვრების განმავლობაში ათასჯერ უწევს ღირებულებათა გადაფასება. მე კომუნისტურ-კომკავშირული მორალით ვიზრდებოდი და ღმერთის რწმენა დაუშვებელი მეგონა, მოციქულებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. სტუდენტობის დროს დავიწყე ეკლესიაში სიარული, მაგრამ მხოლოდ მაშინ მივდიოდი, როცა რამე მტკიოდა ან გამოცდაზე მაღალი ნიშნის მიღება მინდოდა. ერთმა შემთხვევამ ღმერთისკენ მიმახედა და წირვა-ლოცვაზე სიარული დავიწყე, თუმცა აღზრდით მიღებული ურწმუნოება მალიმალ შემახსენებდა თავს. ეს მაწუხებდა და აღსარების თქმას მიშლიდა. როგორც იქნა, გავბედე და მივედი აღსარების სათქმელად. გული ამოვარდნაზე მქონდა, მეგონა, მოძღვარი გამკიცხავდა, მაგრამ ამისთვისაც მზად ვიყავი - მოთმინებით და მორჩილებით უნდა შევხვედროდი მის განაჩენს. მისმენდა და ვატყობდი, ფიქრი ეძალებოდა. ვთხოვე, ოლარი არ გადაეფარებინა - მინდოდა მისი რეაქციისთვის მედევნებინა თვალი. თხოვნა შემისრულა. მერე მათე მოციქულის ამბავს მომიყვა დაწვრილებით და დამამშვიდა, თუკი მოციქულს და ქრისტეს უსაყვარლეს მოწაფეს დაემართა ასეთი რამ, ჩვენ მით უფრო არ ვართ დაზღვეული ურწმუნოების მოძალებისგან, მაგრამ ლოცვით გააჯერე შენი ფიქრები და გადაგივლისო. რა მსუბუქი ყოფილა ყველაფერი და მე როგორ ვიტანჯებოდი-მეთქი, ვუთხარი და ცრემლი წამომივიდა.
მოციქულთა სწავლება ჩვენი ეკლესიის საფუძველია. როცა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა ჩამოაბრძანეს საქართველოში, ამიტომაც მიეგება ამდენი ხალხი. ღამეებს ათენებდნენ რიგში, რომ სიწმინდეს შეხებოდნენ. მოციქული შუამავალია ადამიანსა და ღმერთს შორის და არ მესმის, როგორ შეიძლება მათი უდიდესი ღვაწლის უგულებელყოფა. მათ ხომ ადამიანებამდე მიიტანეს ღვთის სიტყვა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი