უფლის ნებით ჩემს ცხოვრებაში მოხდა სასწაული და ამ სასწაულს მეუფე ანტონის სახელი ჰქვია. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
მე და ჩემი და ირმა მამამ ძალიან პატარები მიგვატოვა, გვზრდიდნენ საოცრად კეთილი და შრომისმოყვარე ბებია და ბაბუა. სკოლა რომ დავამთავრეთ, მე ფილოლოგიის, ირმა კი დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტზე ჩავირიცხეთ. ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, მაგრამ გარდაგვეცვალა ბაბუა. დავრჩით ორი სტუდენტი დედის და ბებიის ამარა. იმ პერიოდში ჩემი მეგობარი მისი გარდაცვლილი მამის სულს იძახებდა თეფშით (ე.წ. სპირიტიზმს მისდევდა). ჩვენც დავინტერესდით და დღითი დღე ვეფლობოდით ამ საშინელ ცოდვაში. ღვთის ნებით, ერთ დღეს უნივერსიტეტის ეზოში შემთხვევით შევხვდით ჩვენს თანასოფლელ სტუდენტს (ამჟამად ქ. ფოთში მოღვაწე მამა გრიგოლ დუნდუას). რატომღაც საუბარი სულიერებისკენ წარიმართა, ჩვენც დაუფარავად მოვუყევით ჩვენი "გატაცების" შესახებ. ეს აუცილებლად უნდა მოინანიოთო, - გვითხრა და სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიაში წაგვიყვანა მამა მარკოზთან (ბულუხიასთან). დღეს ის ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსი ანტონი გახლავთ.
ასე გადავდგით პირველი ნაბიჯი ეკლესიისკენ, სადაც ხორციელ მამაზე ტკბილი ჩვენი სულიერი მოძღვარი მსახურობდა, მოძღვარი, რომელიც ირგლივ სიკეთეს, მადლს და სათნოებას თესავდა. ვერ წამოიდგენთ, როგორ გვეხმარებოდა მატერიალურად მრევლის ყველა წევრს, როცა შეიძლება შინ, შვილებისთვის, არაფერი ჰქონოდა. ყოველი მარხვის დაწყების წინა დღეებში შემოივლიდა თითოეული სულიერი შვილის ოჯახს აბაშაში, სუჯუნაში, ტყვირში, მარანში, ქოლობანში. გვიქადაგებდა, დაგვლოცავდა, გვანუგეშებდა...
იმ პერიოდში (1991-97 წლებში) ხალხისთვის უცხო იყო ცნება "მოძღვარი" - რას არ იგონებდნენ ამ კეთილშობილ მოძღვარზე, მტერიც ბევრი ჰყავდა, მაგრამ ბრძენ ვაჟას უთქვამს: "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო". მოგვიხდებოდა რომელიმე ურწმუნოსთან წალაპარაკება - აღსარების თქმისას დაგვიყვავებდა: - დაანებეთ ყველას თავი, მლანძღონ, ვინ ვარ მე ასეთი, ჩემი გულისთვის ვინმეს აწყენინოთო... მის მიერ გაკეთებულ სიკეთეს ვინ ჩამოთვლის, იგი სულიერებით აპურებდა ყველას.
თითქოს მონასტრული ცხოვრებით ცხოვრობდა თვითონაც და ამას მოითხოვდა თითოეული ჩვენგანისგან: ყოველი განვლილი დღე უნდა ჩაგვეწერა, ყოველი ოჯახის წევრები დღეში 20-ვე კანონს ვკითხულობდით დიდმარხვაში, უბანში მიუსაფართა და მარტოხელათათვის უნდა გვეზრუნა.
სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სამღვდელოების სამჭედლოდ იქცა. მეუფე ანტონის გამოზრდილი მოძღვრები დღეს თავიანთი ცხოვრებით ქადაგებენ.
მისი კურთხევით შეიქმნა ჩემი ოჯახიც. ღვთის ნებით, დღეს ჩემი მეუღლე ქუთაის-გაენათის ეპარქიის მთავარანგელოზების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ირაკლი სახოკიაა.
***
ჩემო მამავ და მამაზე ტკბილო, ჩემი ცხოვრების დიდო ლამპარო, ჩემო მოძღვარო და მასწავლებელო, ჩემი ცხოვრების გზის ჩირაღდანო. ისევ ისე მიყვარხართ, როგორც წლების წინ, ეკლესიაში პირველმოსული გულში რომ ჩამიხუტეთ და მამობრივი სითბოთი გამათბეთ, ლოცვა შემაყვარეთ, მარხვა შემასწავლეთ და სინანული მაგრძნობინეთ ურიცხვთა ბრალთა ჩემთა გამო. ქედს ვიხრი, მეუფეო, თქვენს წინაშე და ლოცვა-კურთხევას ისევ გამოვითხოვ.P.S. ჩემო "კარიბჭელებო", თავი ხომ არ შეგაწყინეთ?! მიყვარხართ ყველა ქრისტესმიერი სიყვარულით. უფალმა წლები და მადლი, სითბო და სიყვარული გაგიმრავლოთ. გავკადნიერდები თქვენ წინაშე და ერთ მოკრძალებულ თხოვნასაც შემოგბედავთ: თუ ამ წერილს დამიბეჭდავთ, იქნებ ჩემი უსაყვარლესი ჟურნალის გარეკანზე ჩემი უსაყვარლესი მეუფე ანტონის სურათი დაბეჭდოთ (რა თქმა უნდა, თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ). ეს ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება...
ყველაფრისთვის მადლობა უფალს და მადლობა თქვენ.
მოკრძალებით, პატივისცემით მხევალი უფლისა
ხათუნა (ნინო) ვაშაკიძე-სახოკია
ხათუნა (ნინო) ვაშაკიძე-სახოკია
"რაც "კარიბჭის" ერთ-ერთ ნომერში წავიკითხე სტატია ბეთანიელი მამების შესახებ, სურვილი გამიჩნდა მეც მომეწერა თქვენთვის, თუ როგორი დიდი მადლი ტრიალებს სურამში, წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში.
მონასტერში შესულს თავი ამქვეყნიურ სამოთხეში გეგონება, ხოლო როცა ოთხ მორჩილს დაინახავ, სამუდამოდ მიეჯაჭვები ამ სავანეს და ეცდები, რაც შეიძლება დიდხანს დარჩე. წირვის დროს მორჩილები ისეთი სათნო ხმით გალობენ და ლოცულობენ, რომ სულ გინდა მათი მოსმენა, მათთან საუბარი, რათა უფრო მეტი გაიგო ღვთის შესახებ. სწორედ მათი დამსახურებით დავინახე ის დიდი სიყვარული უფლის მიმართ, რაც ეკლესიური ცხოვრების 4 წლის განმავლობაში არ განმიცდია. იქ ყოფნის დროს გრძნობ, რომ უფალი შენს გვერდითაა, ყველანაირი ამქვეყნიური ხორციელი სიამენი გავიწყდება და მხოლოდ სულიერზე ზრუნავ, უფლისადმი სიყვარული უფრო ძლიერდება და ფიქრობ, თუ როგორი ცოდვილები ვართ. და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს - სულის ცოხნება არც ისე ადვილია, როგორც მანამდე მეგონა, მარტო ეკლესიაში სიარული არაფერს არგებს ადამიანს. 4 წლის განმავლობაში ცრემლი არასდროს მომდენია ჩემი ცოდვების გამო, 13 აგვისტოს კი, როცა მათთან ერთად ლოცვებს ვუსმენდი, მივხვდი, როგორი ბრმები არიან ის ადამიანები, ვისაც ეს სასწაულმოქმედი მონასტერი და იქ მოღვაწე ოთხი მორჩილი არ უნახავს. სწორედ მათ მასწავლეს, როგორ უნდა გიყვარდეს უფალი...
იმ ყველაფერს ვერ გადმოვცემ, რაც იქ ღვთის წყალობით ხდება და ვისურვებდი, ვინც ამ წერილს წაიკითხავს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოელოცოს სურამის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი და დაინახავს იმას, რამაც მე ასე გამაძლიერა რწმენაში. მათი რჩევით გადავწყვიტე, ჩავაბარო სასულიერო აკადემიაში ხატწერის ფაკულტეტზე, თუ, რა თქმა უნდა, ამას უფალი ინებებს. უფალმა დალოცოს და გააძლიეროს მათი საძმო და საქრისტიანო ორსავ სოფელსა შინა.
თეონა ივანიძე