განსაცდელს ძნელად ეგუება მცირედმორწმუნე. მართლაც ძნელია, როცა ახლობელი გამოგეცლება ხელიდან. თუმცა იმ უზარმაზარ სიცარიელეს, რომელიც შენს ირგვლივ რჩება, მხოლოდ უფლის სიყვარული თუ ამოავსებს.
სასოებით თუ მივუახლოვდებით უფალს, თუ გავისიგრძეგანებთ, რომ ყოველივე წარმავალია ამ სოფლად, მივხვდებით, დათმენა უდიდესი საშუალებაა სულის საცხოვნებლად.
მედეა (62 წლის): განსაცდელი თითქოს ჩვენს ოჯახს თან სდევდა. ხორციელი და სულიერი საფრთხე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული - როცა ხორცს უჭირს, სულიც ვერ მშვიდდება და შესაძლოა, ისეთი რამ თქვა და მოიმოქმედო, არც შენთვის იყოს სასიამოვნო და სხვის სიმშვიდესაც საფრთხე შეუქმნას.
ჩვენ ოთხი დანი ვიყავით და ერთი ძმა გვყავდა. მამაჩვენს მთელი თერჯოლა იცნობდა პატიოსნებითა და ოჯახის სიყვარულით. დედა ულამაზესი ქალი იყო და ისიც ოჯახზე გადაგებული. ბავშვობა ხალისიანი და მშვიდი გვქონდა. ჩვენი ოჯახიდან ჩქამი არ გასულა. ხუთივე ისე ვიზრდებოდით, ბავშვებმა კინკლაობა რომ იციან, ისიც კი არ ყოფილა ჩვენ შორის.
ჩემმა ძმამ სკოლა ფრიადებზე დაამთავრა, უმაღლესში შესასვლელად ემზადებოდა. ექიმობაზე გიჟდებოდა, ხალხის გადარჩენასა და სამსახურზე ოცნებობდა. საფრთხე სად არის ჩასაფრებული, არ იცი და არც მან იცოდა, 17 წლის ოცნებებით ანთებულმა ბიჭმა. მეზობელი გვყავდა ქურდი და თახსირი. უთქვამს, შეყვარებულთან გამყევი, გარეთ დადექი, მამამისი არ მოვიდეს, მე შევალ, სალაპარაკო მაქვსო. ამანაც უარი ვერ უთხრა. თურმე ბინის გასაძარცვად შესულა...
ეს ამბავი გასკდა და ჩემს ძმას 9 წელი მიუსაჯეს. ცა ჩამოიქცა ჩემი ოჯახის თავზე. იქიდან სამ წელიწადში გამოიყვანა მამამ, მაგრამ ისე იყო შეცვლილი, ცნობა გამიჭირდა - ძველბიჭურად მეტყველებდა, სამართალსა და პატიოსნებაზე აგდებით ლაპარაკობდა. ყვავილს რომ არ მოწყვეტდა მანამდე, ახლა კაცის კვლაზე ისე ლაპარაკობდა, თითქოს ამისთვის იყო გაჩენილი.
დედ-მამა განადგურებული იყო, არ იცოდნენ, რა ეღონათ და სასწრაფოდ მოუძებნეს საცოლე, სრულიად ნორჩი გოგონა, რომელსაც გაგიჟებით შეჰყვარებოდა ჩემი ძმა. შვილი ეყოლათ თუ არა, ისევ დაიჭრეს და ციხიდან არც გამოსულა - ვიღაცას გამოსარჩლებია და არ აპატიეს. ამ ამბავს გადაჰყვა დედ-მამა. ჩვენ, ოთხივე, გაუთხოვრები დავრჩით და ძმიშვილს ვზრდიდით. მართლა კარგი ბიჭი გამოდგა. რძალიც შესანიშნავი ქალია, ერთგული და ღირსებით შემკული, ნამდვილი თავსაფრიანი დედაკაცი. ბიჭმა სამედიცინო ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა და ცნობილი ექიმია...
ღმერთს მადლობას ვწირავთ, რომ მოწყალე თვალით გადმოგვხედა, მაგრამ რა იყო ყველაფერი ეს, რატომ დატრიალდა ჩვენი ცხოვრების ბორბალი უკუღმა, ვერ აგვიხსნია - საფრთხე მოგვევლინა თუ განსაწმენდელი?
სილოვანი (50 წლის): ცოლის გარდაცვალება ჩემთვის დიდი უბედურება იყო. ისეთი უკუნეთი ჩამოწვა ირგვლივ, ვერაფერს ვხედავდი. შვილებსაც ვერ ვპატრონობდი. ვიწექი ბნელ ოთახში და, წყალს თუ შემომიტანდნენ, ერთ ყლუპს ძლივს მოვსვამდი. ფეხები წამერთვა, ვერ ვდგებოდი. ამის არ მეშინოდა, პირიქით, მიხაროდა კიდეც, რომ ამით დამთავრდებოდა ჩემი ამქვეყნიური ყოფა. მანამდე ეკლესიური ვიყავი, მაგრამ ახლა არც ეკლესიაში შესვლა მინდოდა და არც ლოცვა. ვფიქრობდი, თუკი უფალი თავის მსასოებელს ვერ დაიცავს, რაღა აზრი აქვს ამ ყველაფერს-მეთქი.
ერთხელ, როგორც იქნა, ჩამთვლიმა. სიზმარში ცოლი გამომეცხადა, განათებულ-გაჩახჩახებულ მინდორში იდგა. ულამაზესი ყვავილები ხარობდა და სირინოზთა ხმა ისმოდა. მიმიპატიჟეს, ვისაუბრეთ. არ მახსოვს, რა მითხრა, მაგრამ ის აზრი გამოვიტანე, რომ ძალიან კარგად იყო და არ უნდა მედარდა. იქ დარჩენა ისე მინდოდა და ისეთ ნეტარებას განვიცდიდი, ცხოვრებაში რომ არ განმიცდია. არ მომცა უფლება: იმქვეყნად დიდხანს არ ვრჩებით, მაგრამ მაინც საჭირონი ვართ, შვილები დააკვალიანე, მოემზადე და მოდიო. ჩემი ცოლი მოწმუნე იყო, დედაც მედავითნე ჰყავდა და დარწმუნებული ვარ, არ მომლანდებია, მართლაც იქ იყო, სადაც მეჩვენა. ძალა მომეცა, ღმერთს მადლობა შევწირე და... თავს ვძლიე.
სალომე (30 წლის): ჩემი განსაცდელი და, ვიტყოდი, სულიერი საფრთხე აუწყობელი ოჯახური ცხოვრება იყო. სიყვარულით გავთხოვდი, ყოველ შეთხვევაში, ასე მეგონა, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი.
ორ წელიწადში ორი შვილი გავაჩინე. ჩემს ქმარს დიდ პასუხისმგებლობას იმთავითვე ვერ ვატყობდი, არც ქეიფს იკლებდა და არც დროსტარებას, მაგრამ ღალატი აუტანელი გამოდგა. ვერ ვაპატიე და წამოვედი სამუდამოდ... თქვენ გგონიათ, სინანულით თავი მოიკლა? უფრო გადაეშვა ბოჰემური ცხოვრების სიამტკბილობაში. მისთვის ლოცვა არ შემიწყვეტია და მწამს, ერთ მშვენიერ დღეს უფალი თვალზე სინანულის ცრემლს მოადენს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი