ბოროტი ძალა ვერ დათრგუნავს იმ დიდ მადლსა და სასოებას, რომელსაც საიდუმლო სერობიდან აღდგომამდე მივყავართ. უფლის უდიდესი თავმდაბლობისა და მოთმინების შემდეგ რამდენი რამ მოხდა - დაიღვარა უმანკო სისხლი, ჩვეულებრივი, ცოდვით აღვსილი ადამიანის მსგავსად უფალს საფლავი მიუჩინეს და ზედ ლოდიც მიაფარეს.
და მაინც, ვერაფერი შეაჩერებს უფლის ნებას - ბრწყინვალე აღდგომით დაგვიდასტურა, რომ თავმდაბლობითა და სასოებით მცხოვრებნი სამუდამო სიკვდილისათვის არ გავიწირებით.
ირაკლი (63 წლის): - საშინელი ურწმუნოება სუფევდა იმ დროს, როცა მე მოვევლინე ქვეყანას, თუმცა ეს ურწმუნოება არ იყო, ჩემს მეზობლებსაც და ჩემი ოჯახის წევრებსაც ხატებიც ჰქონდათ და ჩუმად ლოცულობდნენ კიდეც. ეს უფრო რწმენასთნ ბრძოლა იყო. აქტიური კომკავშირელი ვიყავი, ხუთოსანი და სანიმუშო მოსწავლე. მაშინ ასეთთა გზა თბილისისკენ, უნივერსიტეტისკენ მოდიოდა. მაშინ უნივერსიტეტი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი გახლდათ. ეკლესიები კი იყო აქ, მაგრამ მე არ მქონდა შიგ შესვლის სურვილი. აღდგომა მოდიოდა და ვემზადებოდით, განა ლოცვითა და მარხვით. აღდგომა ეროვნულ დღესასწაულთან იყო გაიგივებული. ერთმანეთთან მივდიოდით, წითელ კვერცხებს ვუჭახუნებდით და ვხალისობდით. ვნების კვირას რა მნიშვნელობა ჰქონდა, ისიც არ ვიცოდი და კარგად ვიქეიფე დიდ ოთხშაბათს. იმ ღამეს თურმე ვლაპარაკობდი, - უფალო, უფალო, მიშველე-მეთქი. საიდუმლო სერობა მესიზმრა, უფალი იესო ქრისტე ისე, როგორც ხატებზეა, მოციქულთა შუაში იჯდა. მე ვიღაც შავი კაცი სიბნელისკენ მიმათრევდა. ეს ხატი არასოდეს მენახა, მაგრამ ვიცოდი, რომ შუაში მჯდომი უფალი იყო და მას შევღაღადებდი. უფალი წამოდგა, გადმოიხარა და ხელი გამომიწოდა. ის შავი კაცი სადღაც გაქრა. სული მოვითქვი და მაგიდასთან მივფორთხდი... იქ სინათლე და სითბო იყო. დაზაფრულს გამეღვიძა და მეორე დღეს ეკლესიაში გავქანდი. თვალით დავუწყე ძებნა ხატს და საკურთხევლის თავზე შევნიშნე. ისე გამიხარდა, რომ ცრემლი წამსკდა. იმღამინდელი ელდა, შიში და გადარჩენის სიხარული გამოყოლილი მქონდა. არ ვიცი, ვარ თუ არა ღირსი აღდგომისა, მაგრამ მას შემდეგ ვცდილობ, არ ვუღალატო უფალს, არ შევაქციო ზურგი მართლმადიდებლობას.
მარინა (58 წლის): - უფლის ვნების კვირა გვიჩვენებს, რა გზა უნდა გაიაროს ადამიანმა სულიერ მეტამორფოზამდე. უდავოა, ეს გზა, ცოდვით დაცემა, ღალატი, ორპირობა და სხვა, თავმდაბლობასა და სინანულზე გადის. ამ ბოლო დროს პატრიარქიც და ეკლესიაშიც მღვდლები გამუდმებით ლაპარაკობენ თავმდაბლობის მნიშვნელობაზე. კარგად იციან, რომ ჩვენი გადარჩენა თავმდაბლობაშია. როგორც ჩანს, ამპარტავნება მოგვეძალა და ჩვენი უბედურებისა და უიღბლობის მიზეზი ალბათ ესეც არის. უფალმა რომ ფერხნი დაბანა მოციქულებს, იმ დროს სავსებით ჩვეულებრივ ადამიანებს, ეს არ არის საოცრება? ასეთ თავმდაბლობას ჩვენ ვერასოდეს გამოვიჩენთ, მაგრამ თავმდაბლობა მიგვიყვანს აღდგომამდე. რომ ვამბობთ, "მოველი აღდგომასა მკვდრეთით", ამის გარეშე არაფერი გამოვა. ჩემს ამბავს მოგიყვებით და მიხვდებით, რა ძალა აქვს თავის დამდაბლებას. მთელი სიცოცხლე მასწავლებელი ვარ. წამყვან სპეციალისტად ვითვლებოდი და ამან, ცოტა არ იყოს, გამაამაყა, შენიშვნას ვერ ვიტანდი. დირექტორი გვყავდა, ექსტრავაგანტული ქალი, ნაკლებგოროზი არც ის იყო. ხშირი შეხლა-შემოხლა გვქონდა, რაც შემდეგ მტრობაში გადაიზარდა. ერთმანეთთან შესახვედრად მხოლოდ მაშინ მივისწაფოდით, როცა სიბრაზისგან არ ვიცოდით, რა გვექნა. მერე ეკლესიური გავხდი და ვცდილობდი, სიძულვილისგან "თავი შემეკავებინა". ეს ასე უცებ არ ხერხდება, მაგრამ რომ იტყვიან, ცდა ბედის მონახევრეა. ერთხელ გაალმასებული მივედი ეკლესიაში და მოძღვარს ყველაფერი მოვუყევი, თან თავს ვიმართლებდი და იმას უფრო ვამტყუნებდი. მოძღვარმა დამარიგა და თავმდაბლობისკენ მომიწოდა. თან გამაფრთხილა, ზიარების წინ აუცილებელია ყველა მომდურავს შეურიგდე, ნურც მე ჩამაგდებ საფრთხეში და ნურც თავს ჩაიგდებო. გულდამძიმებული წამოვედი, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მეთხოვა პატიება, თან ვშიშობდი, - ვთქვათ, მე ვძლიე სიამაყეს, მივედი და შენდობა ვთხოვე, ხელი რომ მკრას ან უკმეხად მიპასუხოს, როგორ ავიტანო-მეთქი. მორიგი "შეტევისას" ხმა არ გავეცი, მეტიც, ოთახში რომ შემოვარდა, ფეხზე ავდექი და მასწავლებლების თვალწინ პატიება ვთხოვე. გაჩერდა და გაკვირვებული მომაჩერდა. მერე კაბინეტში შევყევი, გავბედე და კიდევ ერთხელ გავუმეორე, - თუ რამე მიწყენინებია, მომიტევე-მეთქი. თვალები ცრემლით აევსო და გადამეხვია. ორივე ავტირდით. ამ ცრემლებთან ერთად თითქოს ის მტრობა გამიქრა. მას შემდეგ დებივით ვართ. მძიმეა მტრობის ტვირთი და მას თავმდაბლობით თუ მოიხსნი.
ნინელი (60 წლის): - საიდუმლო სერობაზე უფალმა თავმდაბლობისა და სიყვარულის ენითუთქმელი მაგალითი გვიჩვენა. დათმობა სიყვარულისგან მოდის, როგორც შვილს ვერ გაიმეტებ, რაც უნდა გაწყენინოს, ისევე უნდა იყოს მოყვასი. ახლობლად და სულის ნაწილად თუ მიიჩნევ ადამიანებს, მათზე ასე იოლად ვერ აიღებ ხელს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი