მართლმადიდებლობა სისადავესა და უბრალოებას ქადაგებს. შესაბამისად, ჩვენ, რომლებსაც წინაპრებმა გვიანდერძეს და შეურყვნელად გადმოგვცეს უფლის სიტყვა, გვმართებს დავითმინოთ ყველაფერი, რაც უფალმა მოგვაგო.
განა ამაზე მეტი სიძნელე, სისასტიკე არ უნახავთ მათ, ვისი მემკვიდრენიც ვართ? ხიბლისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ სასოებით რომ ვთქვათ ღრმააზროვანი სიტყვები - "სიქადულო ჩემო მართლმადიდებლობაო", - ამით რა დაგვიშავდება?
ელენე (60 წლის): ერთ-ერთ ქადაგებაში მამა ზურაბ მჭედლიშვილმა ბრძანა, მართლმადიდებლობა წინაპართაგან გადმოგვეცა, იგი საჩუქარია ღვთისა და მეტი მოფრთხილება და წმინდად დაცვა სჭირდებაო. მეც ბევრი მიფიქრია ამაზე, რადგან დილის ლოცვაში ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი მოიხსენიებს ჭეშმარიტების გზისგან განდრეკილებს, ყოველი წირვისას აღევლინება მათთვის ლოცვა. ეს კი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რაოდენ კაცთმოყვარეა უფალი და როგორ ეცოდება ის შვილები, რომლებიც გარემოებათა გამო შეცდომილნი შეიქნენ.
რამდენიმე წლის წინ გერმანიაში ვიყავი. ახლომახლო ქართული ტაძარი, რასაკვირველია, არ იყო და რუსულ ეკლესიაში დავდიოდით ვაიმარში. სწორედ ამ ეკლესიაშია გოეთესა და შილერის აკლდამები. თავიდან კათოლიკური ტაძარი ყოფილა, მერე კი ნიკოლოზ II-ის მეუღლეს, გერმანელ ქალს, რომელიც მართლმადიდებელი გახდა, მართლმადიდებლურ ეკლესიად უქცევია. აქ თავს იყრიან სერბები, ქართველები, უკრაინელები, რუსები... იქ არავის ახსოვს ეროვნული შუღლი, ერთმანეთს ეფერებიან, მოწიწებითა და სიყვარულით ეპყრობიან.
მედავითნე გერმანელი ჰყავთ, რომელიც მართლმადიდებელი გახდა. სლავურ და ძველგერმანულ ენებზე კითხულობს.
ერთხელ მოძღვარმა უცხო წმინდანები მოიხსენია. წირვა რომ დამთავრდა, გავკადნიერდი და ვკითხე, ვინ მოიხსენიეთ-მეთქი. ესენი პირველქრისტიანები არიან, გერმანელები, ფრანგები, ავსტრიელები და სხვა ევროპელები. ახლა მათ აღარავინ იხსენიებს, ამიტომ გადავწყვიტეთ მათი სახელების დადგენა და მოხსენიებაო. ბუნდოვნად გამახსენდა, რომ მათ საქართველოშიც მოიხსენიებენ. მერე გერმანელმა მედავითნემ მკითხა ვინაობა და რომ ვუთხარი, ქართველი ვარ-მეთქი, გაიხარა. თქვენ ბევრი იბრძოლეთ მართლმადიდებლობის შესანარჩუნებლად, ვაჟკაცი და მორწმუნე ერი ხართ, ვერაფერმა გადაგხარათ ჭეშმარიტებისგან, ჩვენ კი, აი, რა დაგვემართა. თუ შესულხართ ჩვენს ტაძრებში, გინდა ლუთერანულში და გინდა კათოლიკურში, ნახავდით, როგორ არის არეული ყველაფერი. მე კი გადამარჩინა უფალმა, მაგრამ ჩემი ხალხი მეცოდება, ისიც ვერ გაურჩევიათ, ცოდვა რა არისო.
ეს გამახსენდა, როცა მამა ზურაბმა მართლმადიდებლობაზე ილაპარაკა და მართალი გითხრათ, გულწრფელად შემეცოდა ყველა, ვინც ჩვენსავით ვერ მიიღო ის სამარადისო ნათელი, ჭეშმარიტ რწმენას რომ ახლავს.
მალხაზი (43 წლის): პატივმოყვარეობა და ამპარტავნება უფლისგან გაქცევაა და თუ გსურს, უფლის ერთგული მოწაფე იყო, შინაგანი სიმშვიდე და სიმდაბლე უნდა შეიძინო. მართლმადიდებლობა არ არის მხოლოდ რელიგია, იგი ადამიანის სულიერი მდგომარეობა უნდა გახდეს. ამისთვის შემეცნებაა საჭირო. "შეიცან თავი შენი" სხვას კი არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ შეისწავლო და ჩაუღრმავდე საკუთარ მიდრეკილებებს, გაიაზრო, რა არის შენი საკეთებელი, რა იქნება ცოდვა, რა - მადლი... ქრისტიანობის ისტორიას თვალი რომ გადავავლოთ, ვნახავთ, რამდენჯერ დავმდგარვართ უფსკრულის პირას - ერთი ბიძგი და ერესი ჩაგვნთქავდა, მაგრამ უფალი წაგვაშველებდა ხელს და ჩვენც წელში ვსწორდებოდით. რატომ ვუყვარვართ უფალს ასე? არ ვიცი და ვერც ვერასოდეს მივხვდები, რადგან "შეუცნობელია გზანი უფლისანი".
დარეჯანი (58 წლის): ამაოების შეგრძნება ყველა ეროვნებისა და რელიგიის მიმდევარს აქვს. სავსებით გასაგებია, რომ ეს ჟამადმყოფობის სევდაა, მაგრამ თუ ამ სევდამ დაგრია ხელი, ცუდადაა საქმე. არავინ იცის, როდის დავტოვებთ ამ ქვეყანას და საიქიოს გავემგზავრებით. მაგრამ არის ერთი კანონზომიერება - მართლმადიდებლობის წამყვანი იდეაა იმქვეყნიური ცხოვრებისთვის მომზადება. ეს ქვეყანა ისე არ უნდა შეიყვარო, რომ მარადიულობა ვეღარ დაინახო, არც ახლობლების გადამეტებული გლოვაა მიზანშეწონილი. ადამიანს უჭირს იმის დაჯერება, რაც არ უნახავს და ახლობლებთან განშორებაც მეტად უმძიმს, მაგრამ მართლმადიდებლობა გარდასულებზე ზრუნვას გვასწავლის და ამდენად, ცოლმა, მშობელმა თუ შვილმა თავიანთ მიცვალებულებზე ზრუნვა უნდა გააგრძელოს - ილოცოს, მოუმზადოს საკურთხი, შეუკვეთოს პანაშვიდი... ეს მწუხარებისგან ვერ გაგვათავისუფლებს, მაგრამ შვებას მაინც მოგვგვრის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი