მოგესალმებით, ქალბატონო თამარ!
თუ გახსოვართ, მე მარინე გახლავართ, ის გზააბნეული კრავი, რომელიც 3 წლის წინ 35 წლის ასაკში კეთილი ადამიანების დახმარებით უფლის გზას დავადექი და მწყემსი კეთილი ვიპოვე.
დღემდე და სიცოცხლის ბოლომდე ვმადლობ უფალს ჩემს ცხოვრებაში ამ ადამიანების მოვლინებისთვის; ვმადლობ ზურაბ ბოჭორაძეს, იმ პატიმარს (მეგობრის მეგობარს), რომლის ძალისხმევითაც სამების გზას დავადექი და ლოცვებზე დასწრება დავიწყე, მამუკა ლაგვილავას, სოხუმელ ლტოლვილ ექიმს, სტიქაროსანს, რომელმაც მარიამობას წყნეთში წირვაზე ამიყვანა, მამა იოანე ოქროპირიძეს, წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვარს, რომელმაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს მაზიარა...7 თებერვალს მამა იოანეს დაბადების დღეა. სულითა და გულით და დიდი სიყვარულით გილოცავთ, მამაო! დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს, ულევ სიყვარულს, უფლის მადლსა და წყალობას გისურვებთ! თამამად და ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ვინც ერთხელ მაინც დასწრებია თქვენს წირვა-ლოცვას და ქადაგებას, ვინც ერთხელ მაინც გამხდარა თქვენი დალოცვის ღირსი, აღარასოდეს გადაუხვევს უფლის გზიდან. წყნეთელებს ძალიან გაუმართლათ, უფალმა თქვენი სახით ასეთი ძლიერი მოძღვარი, პიროვნება რომ გამოუგზავნა. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირები, მამაო, და დიდხანს მოგცეთ გაძლება და შეძლება თქვენივე მრევლის გასახარად, იმ მრევლისა, რომელსაც ძალიან უყვარხართ და გაფასებთ. ეს ეკლესიის ეზოში შესვლისთანავე იგრძნობა. დედა ევბულიას მადლიანი დალოცვა, მორჩილი შორენას და მესანთლე გოგონების მოკრძალებული სალამი, ოთარის ან ანზორის გულთბილი მოკითხვა - ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა. ეს ერთი დიდი ოჯახია და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახის წევრი გავხდი.
მრავალს დაესწარით, მამა იოანე, გაძლიერდით და გაიხარეთ! გმადლობთ, რომ არსებობთ!
უღრმესი პატივისცემით
მარინე, თბილისი
მარინე, თბილისი