დროის ფორმირების თვალსაზრისით არსებობს ორი ცნება - მარადიული და წარმავალი. ჩვენ, ადამიანები, ამ ქვეყანაზე სტუმრები ვართ და, ამდენად, ჩვენ მიერ შექმნილი წარმავლობის კანონებს ემორჩილება.
არის მარადიული და ამასთანავე კანონზომიერი არსებობა - უფალი და მისი სახელით შექმნილი ისევ ადამიანის ხელით. წარმავლობა მარადიულს ვერაფერს დააკლებს. ამ აქსიომის მიხედვით, სხვა ფასეულობები ჭეშმარიტ რწმენასა და ეკლესიას ვერ ჩაენაცვლება.
ნინო (64 წლის): ჩვენი სოფელი ტაბაკინი განთქმული იყო უძველესი მონასტრით. კომუნისტების ზეობის ხანაში მონასტრის კარი აჭედეს, მაგრამ ხალხი მაინც მიდიოდა და სანთლებს ანთებდა. მერე და მერე ახალმა თაობამ გული აიცრუა რწმენაზე. შესაბამისად, არც არაფერი იცოდნენ ღმერთსა და ქრისტიანობაზე. უვიცობამ ის მოიტანა, რომ როცა იეღოველები შემოგვესივნენ. ხალხს ეს ჭეშმარიტი ქრისტიანობა ეგონა და ბევრი მიეკედლა მათ. ჩვენი ქალაქი, ზესტაფონი, და იმერეთის სხვა ქალაქებიც იეღოველთა თავშესაფრად და თავშესაყრად იქცა. ჩემი მეუღლის ბაბუის ძმა მღვდელი იყო, მისი შვილიშვილი კი თავგადაკლული იეღოველი გახდა და სხვებსაც უქადაგებდა - სანთელი რად გინდათ, ხატი უსულო ფიცარია და მეტი არაფერი, მკვდარი არ იტიროთ, გაცოცხლდებაო. ერთხელ ვკითხე, საკურთხს რომ არ ცნობთ, არც მიცვალებულისთვის ლოცვას, თქვენებურად სული სად მიდის-მეთქი. სული არსადაც არ მიდის, ადამიანი რომ მოკვდება, იმის სულიც კვდებაო. აბა, როგორ აღდგება-მეთქი. შეცბა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და რაღაცები მიკიბ-მოკიბა.
ერთი რამ კია - ქრისტიანობამ ისეთი ტრადიციები დანერგა, ისე გააკეთილშობილა სიცოცხლისა და სიკვდილის არსი, ხალხს ამ ტრადიციებთან გამოთხოვება გაუჭირდა. გაოცებულები იყვნენ, როგორ შეიძლება გიორგობა, მარიამობა არ იზეიმო, სანთელი არ დაანთოო. მერე ეკლესიებიც წამოგვაშველეს ჩვენმა სულიერმა მამებმა, ტაბაკინის მამათა მონასტერიც აღდგა. საღამოობით მრევლი ეკლესიაში ვიყრით თავს, ვილოცებთ და შინ დაწყნარებულ-დამშვიდებულნი ვბრუნდებით.
დროს თუ აქვს მნიშვნელობა? რასაკვირველია, აქვს. ხომ ვთქვი, რა დღეშიც ჩაგვყარა იმ დრომ, როცა ეკლესიური ცხოვრება ჩაკვდა. როგორ არ არსებობენ ისეთი ადამიანები, დროს რომ არ ეპუებიან, მაგრამ ისინი ალბათ უფლის რჩეულები არიან.
დათო (43 წლის): დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა უფლისთვის, არამედ ადამიანისთვის. მე ვიზიარებ ღმერთის, როგორც აბსოლუტური სიკეთის, იდეას და ვთვლი, რომ დედამიწას ბოროტებისკენ ეშმაკს დამონებული ადამიანი მიაქცევს. განა უფალს სურდა, ადამიანებს ეკლესიები დაენგრიათ, სხვათა სულები დაემორჩილებინათ? დრო ვერაფერს შეცვლის, თუ ადამიანი ღრმადმორწმუნეა, მაგრამ უმეტესობა მცირედმორწმუნეა და ამიტომაც ესადაგება არა ჭეშმარიტებას, არამედ დროებითსა და წარმავალს. ჩვენი დრო ფუფუნებაზეა ორიენტირებული და ამიტომაც ვუსადაგებთ ეკლესიას ჩვენს ცხოვრებას და არა პირიქით - პირველ ადგილას პირადი კი არა, უფალი, ქრისტიანული ცხოვრება უნდა დააყენო.
დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. სახარებაში ხშირად შეხვდებით სიტყვებს: "არა მოსრულ იყო ჟამი", "მას ჟამსა შინა"... დროსთან ერთად იცვლება ადამიანიც და ზოგჯერ, ყოვლად უვარგისი და უსჯულო რომ გვგონია, სწორედ ის გამოიჩენს თავდადებას.
ერთი მოსწავლე მყავდა, მანუჩარი. მაზაკვალს რომ იტყვიან, ის იყო. ზოგჯერ ბავშვის ცელქობაც ღიმილს მოგგვრის და გასიამოვნებს, ამისი საქციელი კი ჩვეულ საზღვრებს სცილდებოდა, მავნე ბავშვი იყო. სკოლა რომ დაამთავრა, სული მოვითქვით. შორიდან ვიგებდით მის ამბებს, მაგრამ სანუგეშო არაფერი გვესმოდა...
ერთხელ ქუჩაში ბერის კაბით შემოსილ ახალგაზრდას შევეფეთე. მორწმუნე ვარ და იმ დღეს, როცა ეკლესიაში ვერ მივდივარ, ქუჩაში სასულიერო პირის შეხვედრას ღვთის საჩუქრად მივიჩნევ და დალოცვას ვითხოვ. სანამ მე შევაჩერებდი, თვითონ შეჩერდა, გადამეხვია და მხარზე მეამბორა, მერე პირჯვარი გადამსახა და სწრაფი ნაბიჯით გამშორდა. წვერებში ვერ ვიცანი, დიდხანს ვიფიქრე, ვინ იყო ეს ღვთისკაცი-მეთქი და უცებ თითქოს გონება გამინათდა... უფალს მადლობა ვუთხარი ამ სასწაულისთვის.
ლია (37 წლის): დრო ცვლის ადამიანს და ეკლესიურ ცხოვრებასაც. თვითონ ეკლესია, მართლმადიდებლობას ვგულისხმობ, მარადიულია და მისი დოგმებიც - შეუცვლელი, მაგრამ დღევანდელი ეკლესია რამით ჰგავს იმ ეკლესიას, თუნდაც კომუნისტების დროს რომ იყო? დრომ მოიტანა და ჩვენი პატრიარქი ილია მეორე გახდა. ამით ჩვენი დროის ადამიანები ბედნიერები ვართ. იმას არ ვამბობ, რომ წინა საუკუნეების კათოლიკოს-პატრიარქები ნაკლებად მადლმოსილნი იყვნენ, მაგრამ ბოლშევიკური ცხოვრების შემდეგ ისეთი ადამიანი გამოიმეტა ჩვენთვის უფალმა, რომელიც ეკლესიას გააძლიერებდა და, შესაბამისად, ჩვენს სულიერ ცხოვრებას სიყვარულისა და სასოებისკენ მიაქცევდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი