რედაქციაში შემოსულ გზავნილებს შორის ჩვენი ყურადღება ერთმა უჩვეულო წარწერამ მიიქცია: "საკანი #20" - ასე ეწერა საკმაოდ მოზრდილ კონვერტს, რომელშიც ერთი პატიმრის წერილი-თხოვნა და 20-მდე ლექსი აღმოჩნდა.
ლოცვა და ლექსი უპირველესია ახლა ჩემთვისო, - გვწერს ლევან ფრუიძე და მოკრძალებით გვთხოვს ლექსების გამოქვეყნებას. შევფიქრიანდით, გავესაუბრეთ მოძღვარსაც, რომელსაც არაერთხელ მოუნახულებია ის საკანი. მან მსჯავრდადებულის მონანიე სულზე მიგვანიშნა და ამ ლექსების გამოქვეყნება ნუგეშინისცემად მიიჩნია.
გთავზობთ ლევან ფრუიძის რამდენიმე ლექსს, მით უმეტეს, რომ ჩვენი ჟურნალის ამ ნომრის თემაც სწორედ ეს არის - "ტყვეობაში მყოფნი".
ფრთხილად, ქართველნო!
უფლისციხესთან
ლანდი მაკრთობს წინაპრის სულის,
მბურძგლავს სიმღერა მუმლის და მუხის.
ნარიყალასთან
კვნესა მესმის დაჭრილი მხედრის,
კურთხეულ იყოს აზრი ჩვენი
წარსულის ხედვის.
სვეტიცხოველთან
იფანტება დარდი ყოველი,
ვდგავარ ამაყად,
დავითს და თამარს ისევ მოველი.
ოსტატის ოფლით
გაჟღენთილა ჩუქურთმა ლოდის,
შევყურებ სრულქმნილს
და შთაგონება თავისთვის მოდის.
ქართლის ცხოვრება,
ასე თუ ისე, ვიცი და მესმის,
ქვის თლილ სვეტებში სიწმინდე ჩანს
ქართული ფესვის.
ჩუქურთმის კვეთის დიდოსტატი
ბოლომდე იწვის,
ჭამს ტკივილი კურთხეული ქართული მიწის.
ავაშენებდით ისე, აბა, ოშკსა და ზარზმას?
ავაშენებდით ისე, აბა, გელათს და ყინწვისს?
ვმაღლდები შენს წინ, ხატებავ ჩემო,
ერთი მორწმუნე, კაცი უბრალო,
რით ვერ გაძეხი ქართველის სისხლით,
მტერო შმაგო და მტერო მურდალო?!
რაც დარჩენილა, არ დანგრეულა,
რაც დარდია და დამაქვს გულით,
ჩვენის წვალებით, იმას ქართველნი
ბოლომდე ვუვლით?
შენი გულისთვის, მამულო ჩემო,
ავიტან ლოდინს.
ფრთხილად, ქართველნო,
ახლა სხვა ძალა, სხვა ჯალათი,
სხვა წარღვნა მოდის.
წუხელის
წუხელის თეთრი ღამე ყოფილა,
თბილისს უთვლია ფიფქები თოვლის,
სულში დარდები ჩაბუდებულან
უსაყვარლესი მამულის მოვლის.
წუხელის ღამით ისმოდა ლოცვა,
გულის სითბო და სულის ალერსი,
წმინდა სამების უკვდავ ტაძარში
თურმე გვმოძღვრავდა უნეტარესი.
წუხელის ნათლის ყოფილა ჟამი,
თურმე მოურჩა მამულს წყლულები,
დაბრუნებულან უკან მამლუქნი,
გოგო-ბიჭები გაყიდულები.
წუხელის, ქართველთ მარცხით შთენილი,
გამეხებულა კავკასიონი,
ცისკრის ჟამს უფალს შენდობას სთხოვდა
მეფე პოეტთა, გალაკტიონი.
წუხელის მადლის თოვა ყოფილა,
ეშმა ქვესკნელში ჩაბრუნებულა
აფხაზეთს ტაძართ მოსალოცავად
წმინდა ანდრია დაბრუნებულა.
წუხელის ჯავახეთს ციოდა თურმე,
მე გულს მიკლავდა სევდა და ჯავრი,
თვით წმინდა ნინო დაბრუნებულა
და შეუკრია ხელახლა ჯვარი.
წუხელის მიწას თვით ქრისტე ხნავდა
და ღვთისმშობელი წმინდა ხეს რგავდა,
მთვარე მთის წვერზე პირჯვარს იწერდა
და საქართველო სამოთხეს ჰგავდა.
თურმე უღელში, ღვინიას ნაცვლად,
ნათლისმცემელი წმინდანი მდგარა,
სულთა დიდების, სულის სიმშვიდის
და ნეტარების ჟამი დამდგარა.
ასე ყვაოდა ღამით მამული,
დილაც უმრწმესი გათენებულა,
ყველა ჭრილობა, სულს დაჩნეული,
უფლის წყალობით გამრთელებულა.
მარადიული ღმერთია მხოლოდ!
ირგვლივ უზღვავი არსებობს ხიბლი,
სულში ჩამდნარა გრძნობა მრავალი,
მარადიული ღმერთია მხოლოდ,
სხვა ყველაფერი არს წარმავალი.
ცისკრის ჟამს ლოცვა გამიხსნის ბაგეს,
ჩაიღვენთება ღვთის მადლი გულში,
მერე კი გუთანს მოვეჭიდები,
თუნდაც ერთ მარცვალს ჩავაგდებ ხნულში.
ვიცხოვრებ ასე, ლოცვით და შრომით,
არც არასოდეს არ შევიცვლები,
მოშიში უფლის, მტკიცედ ჭირთმთმენი
და განწმენდილი გარდავიცვლები.
ღმერთმა ამრავლოს სულით ნეტარნი
ჟამი რომ გავა, ვივიწყებთ წარსულს,
ფიქრს გონივრულად ვიწყებთ აწმყოზე,
და უფლის გარდა არავის არ სურს
ზრუნვა ვითომცდა მორჩილ სამწყსოზე.
ვგეგმავთ მომავალს, ვივიწყებთ აწმყოს,
წარსულს საერთოდ მივაყრით მიწას,
ისევ უფალი აპურებს სამწყსოს,
სულს უწმინდავს და ბოლომდის იცავს.
წარსული, აწმყო და მომავალი, -
ესაა დროში ჩვენი ცხოვრება,
გადაგვიხადა იესომ ვალი,
გვსურს კი მოვასწროთ სულის ცხონება?
ზოგს დიდი მადლი მუცლიდან ჰყვება,
სულის განწმენდა ტკივილს გვიამებს,
მიიღებს პატივს, ვინც არ აჰყვება
ამ წუთისოფლის სიტკბო-სიამეს.
დიახ, აწმყოში ვივიწყებთ წარსულს
და მომავალსაც ვგეგმავთ აწმყოში,
ღმერთმა ამრავლოს სულით ნეტარნი
ამ გაშმაგებულ უფლის სამწყსოში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი