ზედგინიძეებს შორის ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ იოთამის სახელის მქონეს და ჯერ ვერ აღმოვაჩინე. არადა ძალიან მინდა, იოთამი ბევრ ზედგინიძეს ერქვას, რათა სამშობლოს ჩვენსას ბევრი იოთამ ზედგინიძე ჰყავდეს, როგორც ცოცხალი ხსოვნა წმინდა იოთამ ზედგინიძისა. ეს სახელი სამშობლოს სიყვარულზე დაგვაფიქრებს და ამ სიყვარულის სიდიადეს შთაგვაგონებს. სამშობლოს სიყვარული ჩვენთვის თანდაყოლილი გრძნობაა, მაგრამ მას დღენიადაგ სულის ბერვა სჭირდება, რომ არ ჩაქრეს და ჩანაცრდეს ცეცხლი მამულიშვილური გულმხურვალებისა. სამშობლოს მხოლოდ მტკნარი სიყვარული არ კმარა და მას იოთამისებური ცეცხლი სჭირდება გულში. იოთამი შემთხვევის მსხვერპლი არ ყოფილა, მან შეგნებულად გაწირა თავი და სწორედ ამ თავგანწირვით აიკუწა სამშობლოსთვის.
გულგანგმირული იოთამი მთელი ღამე სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ არ დაიცალა, არ დასრულდა და არ დამთავრდა. სამშობლოსთვის დაღვრილი მისი სისხლი იმ მარადიულ მდინარედ იქცა, რომლის წყალიც ყველას სწვდება, ყველას ესხმება და სამშობლოს ნათელს ყველას ანათლებს. იოთამმა მოგვცა მაგალითი სამშობლოს სიყვარულისა და ახლა მთავარი ის არის, რამდენად მივიღებთ იოთამისეულ გულმხურვალებას და რა ფორმით გავითავისებთ მას.
იოთამი არა მარტო წარმომავლობით, არამედ თავისი პიროვნული რაობითაც მესხი გახლდათ. მასში სისხლხორცეულად იყო შერწყმული საღმრთოდ გულანთებული მესხისა და ამ გულანთებულობის გამო უღმერთოდ წამებული საქართველოს ისტორიული სახე. ეს იმდენად ბუნებრივი და თავისთავადი სახე იყო იოთამისა, რომ სამშობლოსთვის სიკვდილის რეალობამ იგი ოდნავაც ვერ შეაკრთო და წუთითაც ვერ დააბრკოლა. იოთამი მესხეთივით შეეგება სამშობლოსთვის სიკვდილს და ასევე მესხეთივით უკვდავი დარჩა, რადგან სიკვდილსაც აქვს თავისი განსაკუთრებული სიმაღლე, რომელსაც თავად უკვდავება ეწოდება. საკუთარ სისხლში განბანილი იოთამი სწორედ ასეთი განსაკუთრებული სიკვდილით აღესრულა და ამით გახდა ერთგული შვილი უკვდავებისა.
გილოცავთ იოთამ ზედგინიძის ხსენების დღეს!
სამშობლოსთვის თავდადებული და საკუთარ სისხლში განბანილი იოთამ ზედგინიძე მფარველგეყოთ თქვენ, მისი გვარის ღირსეულ შვილებს, და შეწევნა მისი არასოდეს მოჰკლებოდეთ სამშობლო ქვეყნის ერთგულებითა და სიყვარულით გულაღძრულ ქართველებს!
მესხეთის გვარიშვილთა კავშირის სახელით
მარად თქვენი გოგიტა მელიქიძე
მარად თქვენი გოგიტა მელიქიძე